წყლის ნაყვა გაეროს ეგიდით - სტამბულში

წყლის ნაყვა გაეროს ეგიდით - სტამბულში

         სტამბულში სკანდალურად, ურთიერთბრალდებებითა და სიტყვიერი შეხლა-შემოხლით დასრულდა ქართულ-აფხაზური «სამშვიდობო დიალოგის» მორიგი რაუნდი გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და დასავლეთის სახელმწიფოთა მონაწილეობით.
        უკვე აღარავის ეეჭვება (ალბათ თვით ამ დიალოგის ინიციატორებსაც), რომ მოლაპარაკების არსებულმა ფორმატმა, ისევე, როგორც არსებულმა სამშვიდობო სქემამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა.
        ძალიან მოკლედ, რას ნიშნვს ეს სქემა:
        მდინარე ენგურის გასწვრივ მხარეთა დაშორიშორების ხაზს აკონტროლებს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც, იმავდროულად, არ ერევა გალის აფხაზური ადმინისტრაციის საქმიანობაში. ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს მთლიანად აკონტროლებს სეპარატისტული ადმინისტრაცია. მხარეთა ინტერესებისა და მათთან თავისი პოლიტიკური მიმართების «დასაბალანსებლად» რუსეთი ახორციელებს ნაწილობრივ ბლოკადას რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე. ეს საკმარისია, რათა ქართულმა მხარემ არ დააჩქაროს პროცესი და არც დღეს მოინდომოს ფორმატის შეცვლა, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სეპარატისტული ხელისუფლება იძულებული გახადოს დათმობაზე წავიდეს ისეთ ორ უმთავრეს, ფუნდამენტურ საკითხში, როგორიცაა ლტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა.
        რაც შეეხება თვით მოლაპარაკების პროცესს, მას სეპარატისტები იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სამართალსუბიექტურობის, მათ შორის საერთაშორისო სამართალსუბიექუტრობისა და საქართველოსთან «თანაბარუფლებრივობის», ანუ ისევ და ისევ თანასწორსუბიექტურობის დასაფიქრებლად.

        ამ მხრივ, განვლილ ოთხი წლის განმავლობაში მათ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიეს - მართალია, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი თაობა ამასაც მოესწრება.
        რაც მთავარია, არ არსებობს არავითარი პერსპექტივა, რომ არსებული ფორმატის პირობებში, უახლოეს ან შორეულ მომავალში რაიმე შეიცვლება. თუ შეიცვლება - უარესობისკენ, ვინაიდან პოლიტიკაში არსებობს «შეუქცევადის» ცნება. რეალობა, რომელიც 1993 წელს ჩამოყალიბდა, თანდათანობით «მდგრადი» ხდება, საერთაშორისო სამართალი ამ რეალობას ეჩვევა, ხოლო ეს სამართალი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, სხვა არაფერია, თუ არა არსებული რეალობის აღიარება და ლეგიტიმაცია.
        ყოველივე ამას სეპარატისტთა ლიდერები შესანიშნავად აცნობიერებენ. ალბათ აცნობიერებს საქართველოს ხელისუფლებაც და, რაკი ასეა, მით უმეტეს გაუგებარია, რატომ აგრძელებს იგი წყლის «კოლექტიურ ნაყვას» მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ;
        ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ამ ენით, ამ საშუალებით, ასეთი მეთოდოლოგიით არაფერი გამოვა. პირიქით, სეპარატისტებს ვუადვილებთ ამოცანას, ანუ მათ საქმეს ვაკეთებთ.
        მეორეს მხრივ, ძალისმიერი მეთოდიც სრულიად ფუჭი და არაფრის მომცემია. კოსოვოს მოვლენებმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე არათუ გმობს, არამედ აქტიურად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას ეთნიკურ უმცირესობათა წინააღმდეგ.
        თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ამართლებს სეპარატიზმს - როგორც ჩანს, მთავარი, რაც ბალკანეთის პრეცედენტმა უნდა გვასწავლოს, ის არის, რომ აუცილებელია გარკვეული ბალანსის დაცვა ერთი მხრივ, «ერთა თვითგამორკვევის პრინციპსა» და, მეორე მხრივ, «სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების» აუცილებლობას შორის.
        ამ ორი პრინციპის დაპირისპირება ხელოვნურია. სინამდვილეში ისინი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდნენ ერთმანეთს, ვინაიდან «თვითგამორკვევა» არ ნიშნავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. ისევე, როგორც «მთლიანობის შენარჩუნება» სრულიადაც არ გამორიცხავს ეროვნული უმცირესობის უფლებას, - მოახდინოს თვითორგანიზება.
        სხვათა შორის, ინგლისური სიტყვა-ცნება «სელფ დეტერმინეიშნ» არასწორად ითარგმნა, როგორც «თვითგამორკვევა» (რუსულიდან ქართულად), მაშინ, როდესაც გაცილებით ზუსტი თარგმანი ამ ცნებისა იქნებოდა «თვითგანსაზღვრა».
        ამრიგად, უახლოეს მომავალში სამშვიდობო სქემისა და ფორმატის შეცვლა გარდაუვალია. უნდა მოიძებნოს ახალი ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ კომპრომისს მხარეთა შორის.
        ბალკანეთზე ნატოს გამარჯვების შემდეგ ამგვარი ახალი ფორმატი «ხელისგულზე დევს»: საქართველომ უნდა მოითხოვოს აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა კოსოვოს შესახებ გამართული რამბუიეს კონფერენციის მსგავსად, რომელიც უშუალოდ გაეროს ეგიდით აღარ ჩატარდება.
        ეს აშკარად მომაკვდავი ორგანიზაციაა, ვინაიდან მხოლოდ ადრინდელ მსოფლიო წესრიგს შეესაბამებოდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: აფხაზი სეპარატისტები ასეთ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებენ; რუსეთიც სიხარულით დაუჭერს მხარს მათ ბოიკოტს, თუ მყარი გარანტია არ ექნათ, რომ კონფერენციაზე მხოლოდ გაფორმდება ადრე მიღწეული ორმხრივი კომპრომისი.
         კომპრომისი კი სწორედ ორმხრივი უნდა იყოს, ანუ ორივე მხარის პოზიციას ითვალისწინებდეს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - ყველა სხვა ალტერნატივას მივყავართ ახალი მაშსტაბური, შესაძლოა, კიდევ უფრო მაშსტაბური ომისა და სისხლისღვრისაკენ, რისთვისაც საქართველო არც ერთი თვალსაზრისით (პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო მომზადების მხრივ, ბოლოს და ბოლოს, ფსიქოლოგიურად) მზად არ არის.
        იმავდროულად, პრობლემის ადგილიდან «დაძვრა» ძალზე საჩქაროა - ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თუნდაც ნაწილობრივ დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ.
        სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: აფხაზეთის «დაბრუნება» იმ აზრითა და ფორმით, როგორც ეს საქართველოში ესმით, მხოლოდ ომის გზით შეიძლება თეორიულად, მაგრამ არა პრაქტიკულად;
        კომპრომისი კი გულისხმობს რაღაცის (თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანის) დათმობას. აქ უმთავრესი პრობლემაა პრიორიტეტების გარკვევა: გვირჩევნია, არ დავთმოთ არაფერი - მომავალში ყველაფრის დაბრუნების იმედით თუ დავთმოთ ნაწილი - ნაწილის დასაბრუნებლად.
        ეს კონცეპტუალური საკითხი რეალობაში ასეთ ფორმას იღებს: თუ, მაგალითად, აფხაზური მხარე დაეთანხმება მდინარე ენგურიდან ღალიძგამდე ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას, მზად არის თუ არა საქართველო სანაცვლოდ დაშალოს აფხაზეთის ავტონომიური სტრუქტურები? ბოლოს და ბოლოს, რა სტატუსს ვთავაზობთ აფხაზეთს? და, თუ ჩვენი გადაწყვეტილება სტატუსის თაობაზე საბოლოოა, მაშინ რატომ არ ვაფორმებთ მას შესაბამისი კონსტიტუციური გადაწყვეტილებით? რატომ არ ვიღებთ სათანადო კანონს პარლამენტში?
        ამ საკითხებზე ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი. არსებობის უფლება ნამდვილად აქვს იმ შეხედულებასაც, რომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მოლაპარაკება ე.წ. «საკოორდინაციო საბჭოს» ფარგლებში (რითაც მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვუწყობთ ხელს) და დაუყოვნებლივ შესთავაზოს აფხაზურ მხარეს ფუნდამენტური პრინციპი მომავალი, ახალი სამშვიდობო პროცესისა: ლტოლვილები ბრუნდებიან აფხაზეთში, როგორც საქართველოს მოქალაქეები; იმავდროულად, საქართველო ცნობს «აფხაზეთის მოქალაქის» ინსტიტუტს და თანხმდება ყოველგვარი ბლოკადის გაუქმებაზე - თუ შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროკავშირის ეგიდით.
        იმავდროულად, რუსეთის სამშვიდობო ძალები ტოვებენ კონფლიქტის ზონას, რჩებიან მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები, მხარეები კი აფორმებენ ხელშეკრულებას ყველა პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ.
        დარწმუნებული ვარ, ამ პრინციპებს აფხაზური მხარე დაეთანხმება, ვინაიდან მისთვის პრობლემა აფხაზეთში ქართველების დაბრუნება არ არის. თუ, რასაკვირველია, ეს დაბრუნება არ იქცევა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის საშუალებად.

        ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც იძულებული ვიქნებით ასეთი ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ, მიზეზთა გამო, საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისა და ნატოს შუამავლობით უფრო გაუადვილდება ეს, ვიდრე არსებული ფორმატის შენარჩუნებით, რომელიც მხოლოდ რუსეთის პრიორიტეტს ადასტურებს სამხრეთ კავკასიაში, საქართველო კი სანაცვლოდ არაფერს იღებს.
        «ძველმა ფორმულამ» თავისი თავი ამოწურა, - აუცილებელია ახალი გზებისა და ფორმების ძიება, ვინაიდან, ყველაფერთან ერთად, თვით ლტოლვილებშიც გროვდება ნიჰილიზმის კრიტიკული მასა.

დრონი, 12 ივნისი, 1999 წელი