წითელი ტრიო    

წითელი ტრიო    

    გოგუაძე-მარგიან-კვარაცხელიას სამეული ზოგჯერ სიბრალულსაც კი იწვევს თავისი გულუბრყვილობით. თუმცა, ეს სამეული თავის წარმოჩინებას ახლა დუეტად ცდილობს - ავთანდილ მარგიანი რაღაც აღარ ჩანს.
    შესაძლოა, ბიზნესმა იმდენად გაიტაცა, რომ «საქვეყნო საქმეებისათვის» აღარ სცალია. თუმცა, უფრო სავარაუდოა, საქართველოს დაუვიწყარი ექსვიცეპრემიერი დროებით ჩრდილში გადასვლას ამჯობინებდეს. მაგრამ მხოლოდ დროებით.
    ამჟამად სიტყვა პუბლიცისტებს ეკუთვნით. გოგუაძე და კვარაცხელია კი სწორედ «იდეური მიზანსწრაფულობით» გამოირჩევიან, თუმცა, საბოლოოდ რას მოითხოვენ, მაინც გაუგებარი რჩება. რუსეთთან დამოკიდებულება მათ ვერ გააერთიანებს, ვინაიდან ამ საკითხში ვალერი კვარაცხელია ნაკლები რადიკალია. ვახტანგ გოგუაძესავით იგი არ მოთქვამს იერემიას მოთქმით და არ მისტირის «ხახვისთავა ეკლესიებს». ექსსპიკერისათვის კი რუსეთთან «მეგობრობა» ჭეშმარიტი «ზეიდეაა».
    როდესაც ერთხელ მან ეს «ზეიდეა» აშკარად გამოთქვა იმავე კვარაცხელიასთან საუბარში (გაზეთის ფურცლებზე) ჟურნალისტმა სამართლიანად შეუსწორა: ამ საკითხში ჩვენ შესაძლოა განსხვავებული აზრი გვქონდეს, - ზოგი მომხრეა რუსეთთან კავშირის, ზოგი კი წინააღმდეგიო; ეს ჟურნალისტი თავად ვალერი კვარაცხელია იყო.
    მიუხედავად ამისა, დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ზოგიერთი სიმპტომით, კვარაცხელია გოგუაძის დუეტს აზრთა სხვადასხვაობა არ აქვს.
    განცვიფრებას იწვევს მხოლოდ მათი კანდიდატურა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, - იგორ გიორგაძე!
    ამაზე უარეს გადაწყვეტილებას «პრორუსული» იდეის დისკრედიტაციისათვის ისინი ვერ მიიღებდნენ. ამით დასტურდება, რომ სინამდვილეში «წითელ ტრიოს» იდეური თვალსაზრისით არანაირი ორიენტაცია აღარ შერჩა და რეალურ პოლიტიკას ისინი «ჯინაზე მოქმედებას» ამჯობინებენ, თორემ აუცილებლად გაითვალისწინებდნენ ელემენტარულ რეალობას: იგორ გიორგაძე საქართველოში აბსოლუტურად უპერსპექტივო ფიგურაა. მის გარშემო ატეხილი ხმაურის მიუხედავად, მას არა აქვს არანაირი შანსი დაუკავშირდეს რომელიმე მეტ-ნაკლებად გავლენიან ძალას და თუნდაც თანასწორუფლებიანად «ითამაშოს» ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე.
    სხვა საქმეა რუსული ხიშტი. ეს ხიშტი, რა თქმა უნდა, სერიოზული ფაქტორია, მაგრამ «რუსული ხიშტით» ან «რუსულ ტანკზე» იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას გოგუაძ-ეკვარაცხელია-მარგიანის ტრიადა არ ინატრებს. მათ (სხვებთან ერთად) მწარე გაკვეთილი მიიღეს 6 წლის წინ და ანალოგიურის განმეორებაზე აღარც იოცნებებენ.
    მაშასადამე, მათი მიზანი ის არის, როგორმე ამჟამინდელ ხელისუფლებაზე მოახდინონ ზეგავლენა, რათა მან შეცვალოს პოლიტიკური კურსი, რაც აგრეთვე უტოპიაა.
    ეს ტრიო მართლაც განსაკუთრებულ ფენომენს ქმნის ქართულ პოლიტიკაში. იგი არც ერთ სხვა ძალას არა ჰგავს, მაგრამ ექსტრავაგანტურობასაც საზღვარი აქვს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფენომენი თვით პოლიტიკური თამაშის წესებიდან ამოვარდება და თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება - ე.წ. «მიუკარებლად» იქცევა.

მერიდიანი, 5 ოქტომბერი, 1998 წ.