ქუენტინ ტარანტინო და მისი მეცხრე შედევრი

ქუენტინ ტარანტინო და მისი მეცხრე შედევრი

მხოლოდ მათთვის, ვინც 60 წელს მიაღწია.......ახალგაზრდებს გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით მათ, ვისაც კომუნისტურ ეპოქაში არ გიცხოვრიათ.

ამიტომ ნუ შეწუხდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აღარც ვიცი, მერამდენედ ვნახე ქუენტინ ტარანტინოს ბოლო შედევრი Once upon a time in Hollywood.

არადა, ვერ ვიტან ტარანტინოს. არ არის მის ფილმებში მთავარი, რაც უნდა იყოს მაღალ ხელოვნებაში - სიკეთე და კაცთმოყვარეობა; მაგრამ აი ეს ბოლო, ჰოლივუდის `ოქროს ხანაზე`........ღმერთო ჩემო? რა გენიალური ფილმია.

გ ე ნ ი ა ლ უ რ ი!

როგორ გადამიყვანა შორეულ ბავშვობაში.....

`ნაკლეიკები` რა იყო გახსოვთ?

`ნაკლეიკებს` ბავშვები ვეძახდით დასავლურ ინდუსტრიულ ბრენდთა წებოვან ემბლემებს, რომლებსაც მაშინ, 1970-იან წლებში, მანქანის `კაპოტზე` აწეპებდნენ თბილისელი მძღოლები. უკან - `ჟიგულისა` და `ვოლგას` საბარგულთან.

ჰოდა კლასელები დავძვრებოდით `სტაიანკებზე`, ამ ნაკლეიკებს ვიპარავდით, ვფხეკდით, ვაძრობდით მანქანებს და გავრბოდით.

მერე კოლექციებს ვაგროვედით.

ამხსოვს, როგორ ვათვალიერებდით საბრალო საბჭოთა პიონერები და კომკავშირელები გაბრწყინებული თვალებით ამ პატარა ნამსხვრევებს იმ შორეული, დიდი, მქუხარე და მგრგვინავი ცივილიზაციისა, რომელიც მაინც აღწევდა ჩვენამდე, ამ `ნაკლეიკებით`, ხრიალა მონო-მაგნიტოფონებით, ზოგჯერ `დისკებით`(აი ახლა `ვანილს` რომ ეძახიან)......მაშინ ვიდეო-მაგნიტოფონიც კი არ იყო `შემოსული` ჯერ.

მე თუ მკითხავთ, ამერიკის `ეპოქალური ტეხილი` და `ოქროს ხანა` სწორედ 1960-იანი წლები იყო.

დიახ, 1960-იანები მათი სიცოცხლით სავსე baby boom-თაობით, კენედის მკვლელობით, მერე მეორე კენედის მკვლელობით, მთვარეზე არსმსტრონგის გაფრენით, `ჰიპებით`, ბოროტი ნაძირალა მენსონით და მისი შემაძრწუნებელი მანიაჩკებით, მაგრამ ასევე ჰოლივუდის ოქროს ხანით, ნამდვილი ტელევიზიის დაფუძნებით, ამერიკული მანქანებით, როკ-მუსიკის მწვერვალებითა და ტიტანებით.......

როგორ გაგვახსენა ტარანტინომ ჩვენი ბავშვობის სინგლები. თუნდაც `როლინგების` Out of Time. რამდენ ქართველ მეათეკლასელსა და პირველ კურსელს უცეკვია იმ დროს ამ მუსიკაზე...... ნამდვილად `როლინგური` რომაა, არაფერში რომ არ აგერევა და ჯეგერის პირველ ნოტაზე რომ იცნობ 50 წლის მერეც. (ვდებ ქვემოთ. არ არსებობს არ გაგახსენდეთ)

The Beatles, Deep Purple, Simon & Garfunkel…..

სპილბერგის გარდა (მისი `მიუნჰენის`) მე არ ვიცი სხვა რეჟისორი და სხვა ფილმი, სადაც ტარანტინოს ამ შედევრის დონეზეა გადმოცემული წარსული ეპოქალური გარემო, - 1969 წელი, იმდროინდელი კალიფორნია, ლოს ანჟელესი, ამერიკა.

სულ უმცირესი დეტალებით დაწყებული - Marlboro; უზარმაზარი, ექვს მეტრიანი მანქანები იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი დეტროიტიდან; კომიქსები ანუ ისტორიები ნახატებში; დიდი პოსტერები კედლებზე ამ ნახატებით; `ნამდვილი ამერიკული ჯინსები`, Wrangler, Lee, Super rifle და რა თქმა უნდა `ლევისები`, რომელსაც დღეს ამერიკაში ვერ იყიდი, გამორიცხულია Made in USA ეწეროს.

კარგად არ მესმის რატომ, თუმცა ასეა მერწმუნეთ. მექსიკური და მალაიზიური თუ ინდონეზიური `Levi,s-ები` კი. ამერიკული - გამორიცხულია.

ფერიც სულ სხვაა. ის ლურჯი აღარ არის.

სად გაქრა? წარიღო ქარმა, ანუ ეპოქამ.....Gone with the Wind

რა ნატიფად მოეფერა ქუენთინი მისთვის სათაყვანებელ კინემატოგრაფს:

- `და, რიკ..... ბოლოს გკლავენ ან მაგრად გცემენ ფილმში ხომ?`

- (მხრების აჩეჩვით) `აბა რა, აბა როგორ - მე ხომ ბოროტმოქმედი ვარ ფილმში?!`

ან როგორ დასცინა ხელოვანმა მის თანამედროვე ჰოლივუდსაც და ამერიკასაც.....არაპოლიტკორექტულად.

აი იმ სცენაში, რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) პატარა 9 წლის გოგოს გვერდით რომ დაჯდება და ის ბავშვი რომ ეუბნება: `I am actor, not actress…..` - თანამედროვე, XXI საუკუნის მანიაკალური და ხშირად უბრალოდ ამაზრზენი ფემინიზმის წინასწარმეტყველებად....

(ჰო, ისე კი მიკვირს ამ ფილმს ფემინისტები რატომ არ აპროტესტებენ. მთავარი დადებითი გმირი ვინცაა, კლიფი, ცოლის მკვლელობა ბრალდებოდა და.......რა ვიცი....რა ვიცი.....

თუმცა როგორ არ აპროტესტებენ, ოღონდ ქუენტინის სიმაღლესთან `იმსხვრევიან`..... ტარანტინოს კი სულ კიდია მათი პროტესტი)

ბოლოს იმ ეპოქაში აბსოლუტურად შეუვალი ამერიკული კინემატოგრაფიული Happy end......არადა როგორ მოთხვარა სისხლით დიდი პოლონელი რეჟისორის, რომან პოლანსკის ოჯახში მომხდარმა ენით აღუწერელმა, საზარელმა ტრაგედიამ, როცა მარიხუანით გამოთაყვანებულმა ძუ მანიაკებმა მხეცურად მოკლეს (9 თვის ორსული მუცლის გამოფატვრით), საბრალო გოგო, პოლანსკის მეუღლე, შერონ ტეიტი. 

ხოლო ეს რომ იცი, სულაც არ გეჩვენება მიზოგინურ სცენად, როცა იგივე კლიფი (ბრედ პიტის შესრულებით) დედას უხნავს იმ სისხლიან პირუტყვებს და სწორედ ამით იცავს ამერიკული Happy end-ის დიდ და კეთილშობილ ტრადიციას, რომელიც სინამდვილეში სულ სხვაგვარად დასრულდა. 

მე აბა ვინ მკითხავს, მაგრამ......როგორც ერთი რიგითი კინომანი ვურჩევდი და ვთხოვდი ქუენტინს.....ყველაფერს ვაპატიებ, - მის ბოროტ, მიზანთროპულ და ღვარძლიან (თუმცა მაინც გენიალურ) ფილმოგრაფიას მთლიანად, ოღონდ კი ეს ფილმი იყოს მისი არა ბოლოსწინა (როგორც თვითონ ამბობს) არამედ მართლა სულ ბოლო ფილმი - მეცხრე!

დათო