„სისხლიანი სეპარატიზმი“ და „ინტეგრალური სეპარატიზმი“

„სისხლიანი სეპარატიზმი“ და „ინტეგრალური სეპარატიზმი“

არსებობს ორი სახის სეპარატიზმი.

ერთია ჩვენთვის კარგად ნაცნობი, სისსხლიანი სეპარატიზმი - დაუფარავი სიძულვილით, ომით, ეთნოწმენდებით და ა.შ.

ოღონდ არის კიდევ მეორე სახის (ან „ტექნოლოგიის“) სეპარატიზმი, რომელსაც მე ვუწოდებდი „ინტეგრალურ სეპარატიზმს“

ავღწერ:

ზოგადად ძალიან საინტერესოა სეპარატისტთა სოციალური ქსელების თვალის დევნება. უამრავი ნარატივი, რაც სხვაგან არ ექსპლიცირდება, იქ ჩანს დაუფარავად.

ირკვევა, რომ რუსი მესაზღვრეები (როგორც ბევრჯერ მითქვამს უკვე) სულ უფრო ხშირად აჩერებენ ფსოუზე და გამოკითხვებს უტარებენ - რატომ არიან რუსეთის მოწინააღდმეგენი ბევრ საკითხში და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ დააკავეს ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ქალი, ბლოგერი, რომელიც რამდენიმე საათში გაატარეს (ჯერ მაინც ყველას ატარებენ) და აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ წერდა: „მე აუცილებლად ვუჩივლებ, როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსეთის სასაზღვრო სამსახურს; რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ადიღე და ჩერქეზი დეპუტატები მხარს დამიჭერენ, - რა უფლება ჰქონდათ მე, რუსეთის მოქალაქე შევეჩერებინე? ადვოკატებიც მეყოლება........ისე კი მიუხედავად იმისა, შენგენის ვიზა არა მაქვს, ევროპაც მოვიარე და რუსეთი რა პრობლემაა....ბევრი რამ ვნახე დაუბრკოლებლად ევროპაში, უამრავი ვიმოგზაურე...სულაც არ არის ცუდი“.

ახლა დავსვათ კითხვა: თუ რუსულ პასპორტში შენგენის ვიზა არა აქვს და ვერც ექნება (რუსები უპირატესად შიდა მოხმარების პასპორტებს აძლევენ და შენგენი კი მათთვისაც საოცნებოა უკვე) ევროპაში რანაირად „დასეირნობს“ ასე?

ირკვევა, რომ საქართველოს პასპორტიც ჰქონია!

გადადის ადლერში (ანუ სოჭის აეროპორტში) რუსული პასპორტით, იმავე რუსული პასპორტით მიფრინავს სტამბულში, სტამბულიდან მიფრინავს ევროპაში და იქ უკვე საქართველოს პასპორტს „დაუძრობს“ ევროპელ მესაზღვრეს.

ჩვენი პასპორტი ხომ „უვიზოა“.

აქვე შევნიშნავ, რომ ეს ქალი საქართველოსა და ქართველებისადმი მძვინვარე სიძულვილითა და შეურიგებლობითაა გამორჩეული.

საქართველოს პასპორტის აღება როგორ შეძლო არ ვიცი: ან აქ ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით, ან მესამე ქვეყნიდანაც შეიძლება მგონი პასპორტის გამოწერა. ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

მთავარი სხვაა: იმ უბადრუკ ქართველ ჩინოსანს, ვისაც ეს ქართველთმოძულე სეპარატისტი საქართველოს პასპორტს მოსთხოვდა, რა თქმა უნდა „გაუხარდებოდა“ - აფხაზი საქართველოს პასპორტს ითხოვსო.

ამ დებილს ის სეპარატისტი უეჭველად ასე ეტყოდა: „ოღონდ არ გავახმაუროთ რა......თქვენ არსად თქვათ - ხომ იცით რუსები გაიგებენ და......

სინამდვილეში მისთვის არსებითი ის კი არ არის, რომ „რუსები გაიგებენ“, როგორც ამ დებილ ქართველ ჩინოსანს ატყუებს, არამედ ის, რომ მსოფლიოს წინაშე არ დაფიქსირდეს ღიად, ექსპლიციტურად მნიშვნელოვანი ფაქტი: აფხაზები იღებენ საქართველოს პასპორტებს!

ეს შელახავს და დააკნინებს აფხაზური „სეპარატიზმის პროექტს“. აქედან მოდის „თხოვნა“: „......არ თქვათ ღიად, დავმალოთ, თორემ რუსები გაიგებენ და....“

რუსების სულაც არ ეშინია მეთქი სინამდვილეში. უბრალოდ იცის, რომ ქართულ ელიტებს და ჩინოსნებს „რთულად აზროვნების“ უნარი არ გააჩნიათ და პრიმიტიულები არიან.

არადა, საქართველოს ინტერესებში დიახაც სწორედ ამ ფაქტის ღიად დაფიქსირება შედის და არა მიჩქმალვა.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იმ სეპარატისტმა ჯერ რაღაცით ხომ უნდა დაადასტუროს ლოიალობა ქართული სახელმწიფოს მიმართ? თუნდაც სოციალურ ქსელში ბლოგით?! სანამ მიიღებს იმას, რაც სწადია?!

მაგრამ არა - ნაგულისხმევი სეპარატისტი, იმავე „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ფარგლებში უჩივლებს კიდეც იმ ქართველ ჩინოსანს: „მე ხომ საქართველოს სახელმწიფო მთვლის მოქალაქედ დაბადების ფაქტით.....ყველა საბუთი მქონდა და საქართველოს პასპორტი მაინც არ მომცეს - ეთნიკური ნიშნით მჩაგრავენ“;

ბრიუსელში და სტრასბურგში გააგზავნის საჩივარს.

სისხლიანი სეპარატიზმით ყველაფერს მიაღწიეს საქართველოსთან. ახლა გადავიდნენ „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგიაზე, რაკი იმავე რუსეთმა „ინტეგრალური სეპარატიზმის“ მიუხედავად დაიწყო ბერკეტების ამოქმედება.

სწორედ ამიტომ, ალტერნატივა - საქართველოსთან „ინტეგრალური სეპარატიზმის“ სახით - მათ საკუთარი ინტერესების განხორციელებაში ეხმარებათ. ესე იგი „საპირწონეებს“ უქმნით.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

XIX საუკუნეში აფხაზები აგრესიულ სეპარატიზმს ახორციელებდნენ რუსეთის მიმართაც, მაგრამ ამას მოჰყვა მაჰაჯირობა ანუ გასახლება.

დაბრუნდნენ იმის წყალობით, რომ ბევრმა ქართველად (მეგრელად და ქრისტიანად) მოაჩვენა თავი იმპერიულ ადმინისტრაციას;

ამის შემდეგ რუსეთის მიმართ დაიწყეს „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგის განხორციელება, ანუ აღიარეს რუსული „პირველ ენად“ აფხაზური ენის დაქვეითებით, რაც სახელმწიფოებრი ლოიალობის ისეთივე ფაქტორად აქციეს, როგორც XVI საუკუნიდან ისლამი - მეორე დიდი იმპერიის, ოსმალთა იმპერიის მიმართ.

უპირველესად ამის წყალობით (Мы - русскоязычные......)„მოირთეს“ მოსკოვის მხარდაჭერა „ქართული სეპარატიზმის“ მიმართ (რუსული აღქმით ეს „ქართული სეპარატიზმი“ იყო სსრკ-ში), განახორციელეს ქართველთა ეთნიკური წმენდა და ახლა როგორც ჩანს მზად არიან საქართველოს მიმართაც გამოიყენონ „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგიები ისე, რომ არც ერთ (არც ერთ!) არსებით საკითხში არაფერი დათმონ.

უდიდესი ოსტატობით თამაშობდნენ და თამაშობენ რუსეთ-საქართველოს იმმანენტურ წინააღმდეგობებზეც.

სამწუხაროდ, ქართული ელიტები ტრადიციულად უუნარონი და უნდილნი არიან ამ ტექნოლოგიებს რაიმე ასევე ტექნოლოგიური დაუპირისპირონ.

უნდა ვაღიაროთ: არც ერთ პოსტსაბჭოურ ერს ასეთი უნიჭო, არაკვალიფიციური, რეგვენი ელიტები არ აღმოაჩნდა 1988 წლიდან, რომელთა ერთადერთი „ტექნოლოგიაა“ პრიმიტივიზმი, ანუ პირუტყვული „კიტოვანიზმი“ ესე იგი ჯარების შეყვანა, ძალის გამოყენება, ომი და ა.შ.

არადა....„ხერხი სჯობია ღონესა“; ოღონდ...„თუ კაცი მოიგონებსა“.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგიებს ასლან აბაშიძეც იყენებდა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

გახსოვთ? - „მე საქართველოს ნაწილი ვარ, მე ქართველი ვარ, მე ქართველი პოლიტიკოსი ვარ....“და ამ დროს აჭარა განუხრელად გამოჰყავდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან.

ბოლოს ჩოლოქზე ლამის საზღვარი გახსნა, აჭარის კონსტიტუცია დაწერა და საკუთარ სეიფში დამალა, რათა თბილისელი „სასარგებლო იდიოტებისთვის“ არ ეჩვენებინა - ნერწყვმორეულნი რომ ელოდნენ ადგილს „აღორძინების“ საარჩევნო სიაში.

ესეც „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგია იყო.

ოღონდ, საბედნიეროდ, კლასიკური სეპარატიზმით აჭარის მოსახლეობა არ აღმოჩნდა მოწამლული, როგორც აფხაზეთის მოსახლეობაა.

რა შეიძლება ამ სეპარატისტულ ტექნოლოგიას დავუპირისპიროთ? პროფესიონალიზმი, მხოოოოოოოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმი და ასეთივე ტექნოლოგიურობა.

არა ომი და პირუტყვული „კიტოვანიზმი“ .

დათო

ფოტოზე: აფხაზი გოგონა, რომელიც მე გადავიღე 1997 წელს, ახალ ათონში დელეგაციის ვიზიტისას