თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება «ცხელ შემოდგომას» მოასწავებს

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება «ცხელ შემოდგომას» მოასწავებს

  

    15 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოსახლეობა აირჩევს დაბების, სოფლების, თემების და აგრეთვე ქალაქების საკრებულოებს.
    აირჩევა ყველა ქალაქის მერიც; თუმცა «თითქმის» აქ აუცილებელია და ამ «თითქმისში» იგულისხმება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, სოხუმი, რუსთავი.
    მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანში პრეზიდენტის მიერ მერის დანიშვნა ფორმალობაა, ხოლო თბილისი - ნახევარი საქართველოა ყველა თვალსაზრისით, არჩევნები მაინც ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ მოვლენად იქცევა.
    პარტიები ამ არჩევნებისათვის უკვე აქტიურად ემზადებიან, ვინაიდან ეს იქნება პირველი ცდა, ძალთა პირველადი მოსინჯვა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
    15 ნოემბრის არჩევნები საბოლოოდ გვიჩვენებს ძალთა რეალურ განლაგებას, ვინაიდან ნებისმიერი «სოციოლოგიური გამოკითხვა» ამ თვალსაზრისით ბევრის არაფრის მთქმელია.
    ადგილობრივ არევნებში გამარჯვებული პარტია სერიოზულ განაცხადს გააკეთებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის. გამოიკვეთება პოლიტიკური ბლოკებიც, რომელთა გაერთიანება აუცილებელია და გარდაუვალი იქნება წარმატებისათვის, მაგრამ მრავალი თვალსაზრისით, ბევრისათვის ეს მაინც იძულებითი ნაბიჯი გახდება, ვინაიდან აიძულებს პოლიტიკურ ლიდერებს იურიდიულად (ანუ საბოლოოდ) დააფიქსირონ თავიანთი ალიანსები, რასაც მათი მოწინააღმდეგეები უეჭველად კარგად გამოიყენებენ.
    ისინი კი, ვისაც უარს ეტყვიან, ამის გამო განაწყენებულნი, ყოველ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდებიან და წარსულ სიმპათიებსაც დაივიწყებენ.
    15 ნოემბერი ქართველი პოლიტიკოსებისათვის ამ თვალსაზრისით საკრალური ციფრია.: 15 ნოემბერს დაიწყება დიდი საარჩევნო მარათონი, რომელიც 2000 წლის მაისამდე ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გასტანს. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის მეტისმეტი პოლიტიზაცია საკუთრივ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის უეჭველად საზიანოა, რადგან არანაირი კავშირი მას თვითმმართველობასთან (როგორც ასეთთან)! და ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრასთან არ აქვს.
    სწორედ მეტისმეტი პოლიტიზაციის შედეგია ის იდიოტური გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პარტიული სიებით ტარდება. ანუ საქართველო ამაშიც ორიგინალური აღმოჩნდა.

მერიდიანი, 21 აგვისტო, 1998 წ.