აზერბაიჯანი - ყარაბაღში და საქართველო-აფხაზეთში. სხვაობა

აზერბაიჯანი - ყარაბაღში და საქართველო-აფხაზეთში. სხვაობა

არ მასვენებს „რთულად სააზროვნო“ კითხვა:

რა ცუდად დამთავრდა არა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ის გარემოება, რომ 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს არც ერთი (!) საერთაშორისო, მათ შორის NGO ორგანიზაცია არ შეუშვია მთიან ყარაბაღში და არც ერთხელ 1994 წლის შემდეგ არანაირ ფორმატში, არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია სეპარატისტულ რეჟიმთან, რომელმაც ეთნიკური წმენდა მოაწყო?

რა საშინლად ცუდი შედეგი გამოიღო არა, ამ მრავალწლიანმა სტრატეგიამ საბოლოოდ, - აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის?!

საბრალონი.

ვერ ხვდებოდნენ იმას, რასაც 30 წელია „ხვდებოდნენ“ და ახლაც „ხვდებიან“ გენიალური ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტები, რომ, თურმე „პრობლემის გადასაწყვეტად მუდმივი დიალოგია საჭირო“ - თუნდაც ამ „დიალოგის“ შედეგად ხდებოდეს სეპარატისტული რეჟიმის საერთაშორისო „გაპრავება“ და ეს დიალოგი იმათ (ისევე როგორც იმათ მხარდამჭერ რუსეთს) სწორედ ამ მიზნით სჭირდებოდათ, ანუ საერთაშორისოდ „გასაპრავებლად“.

ამ „ბრძნული“ მრავალწლიანი სტრატეგიის შედეგად „სამხრეთ ოსეთის“ ბოლოსწინა პრეზიდენტს ე.წ. „დემოკრატიულ არჩევნებზე“ გამარჯვებას ულოცავს ევროკავშირის თანათავმჯდომარე „ჟენევის დისკუსიებში“, ხოლო ქართული „დიპლომატიის“ საპროტესტო წამოკნავლების საპასუხოდ („მანდ ხომ ეთნიკური წმენდა იყო და......„) უღრენს: „განა თქვენ თავად არ აწარმოებთ ამათთან „დიალოგს“ და ამით სცნობთ მათ სუბიექტურობას (entity)? ეთნიკურ წმენდაზე ახლაღა გაიგეთ, როცა მე მივულოცე? დამეკარგეთ აქედან თქვენი „პროტესტიანა!“

ასე იყო ზუსტად.

თუმცა ეს ისტორია დაგიმალათ არა მხოლოდ ოფიციოზმა, არამედ ოპოზიციურმა მედიამაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

და მეორე კიდევ:

რა საზარელი შედეგი გამოიღო არა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის იმან, რომ ამ 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში არ არსებობდნენ უპასუხისმგებლო „ალტერნატიული ელიტები“ (აი ჩვენ რომ „ოპოზიციას“ ვეძახით), რომლებიც მუდმივად შექმნიდნენ ყალბ (!) შთაბეჭდილებას, თითქოს პრობლემა არსებული ხელისუფლების უუნარობაშია, - აწარმოოს „დიალოგი“ სეპარატისტულ რეჟიმთან, თორემ აი ისინი რომ იყონ ხელისუფლებაში.......სულ ადვილად.....და ამ ელექტორალური ილუზიის შექმნით აიძულებდნენ ქვეყნის ყველა ხელისუფლებას, დაწყებული 1994 წლიდან, ეწარმოებინა ხსენებული ფუჭი „დიალოგი“ - ამით „გაეპრავებინა“ სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც მოაწყო ეთნიკური წმენდა.

შედეგად, დღეს სეპარატისტული რეჟიმის მამამთავარი, „პრეზიდენტად“ წოდებული, ამბობს ინტერვიუში:

„ხომ შეურიგდნენ ბერძნები, რომ აღარ არის კონსტანტინეპოლი და არის სტამბული? ასევე ურიგდებიან თანდათან ქართველები, რომ აფხაზეთი აღარ არის საქართველო - მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის: ამაზე ვლაპარაკობდით მუდამ, დაწყებული 1994 წლიდან და ამაზე ვლაპარაკობთ ახლაც“.