საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ნოემბერი. 2024 წელი

დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ჯერ არ მილაპარაკია პუტინთან, თუმცა არ გამოვრიცხავ მალე დაველაპარაკოო“.

ამაში არც არავის ეპარებოდა ეჭვი.

თავად პუტინსაც, რომელმაც ე.წ. „ვალდაის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა: „ვულოცავ ტრამპს გამარჯვებას, თუმცა დარეკვას არ ვაპირებო“.

არ უთქვამს „არ დაველაპარაკებიო“, თუმცა გულისხმობდა (ამას ნიშნავს თუ „დიპლომატიური ენიდან „გადმოვთარგმნით): დაველაპარაკები, თუ....თვითონ დამირეკავსო!

დაურეკავს ტრამპი!

გუშინდელ მიმოხილვაში შეგატყობინეთ, რომ მეინსტრიმული ამერიკული მედიის ვარაუდით, უახლოეს მომავალში ტრამპის „მესენჯერი“ ჩავა კიევშიც და მოსკოვშიც.

არ არის გამორიცხული დონალდმა თუნდაც ამიტომ დაურეკოს.

აქვე: არ დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტრამპი ჯერ არის მხოლოდ და მხოლოდ  President-elect ანუ „არჩეული პრეზიდენტი“.

სრულფასოვანი პრეზიდენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადებს ფიცს აშშ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე და  ბიბლიაზე ხელით!

 ეს მოხდება მხოლოდ 2025 წლის ი ა ნ ვ ა რ შ ი

 მანამდე თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, ძალაუფლებისა და ხელისუფლების საჭესთან, რჩება აშშ სრულუფლებიანი, ლეგიტიმური პრეზიდენტი ჟოზეფ ბაიდენი და......ძალიან ცუდი ტონია ამერიკაში, President-elect ჯერ კიდევ თეთრ სახლში შესვლამდე ახორციელებდეს ესოდენ მნიშვნელოვან აქტივობებს.

თუნდაც არაფორმალურად და არაოფიციალურად.

კი არაფერი უკრძალავს..... ამით კანონს კი არ არღვევს რაიმეს მაგრამ „მოვე ტონია“, როგორც ფრანგები ამბობენ.

თუმცა.....რამდენი დაუწერელი კანონი დაარღვია დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადიდან დაწყებული?

2020 წელს რომ პრეზიდენტ ბაიდენს არჩევა არ მიულოცა და თეთრი სახლის ვერანდაზე ძალაუფლების გადაცემის ცერემონიალში არ მიიღო მონაწილეობა, განა ეს „დაუწერელი კანონის დარღვევა“ და „მოვე-ტონი“ არ იყო?

ამ საარჩევნო კამპანიისას კამალას რომ წამოაძახა: „ბიოლოგიური შვილი რატომ არ გყავსო“, ეს დაუწერელი კანონის დარღვევა არ იყო? - აბსოლუტურად გაუგონარია თვით ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანიების დროსაც კი, რაც ადრე ჩატარებულა ამერიკაში.

ალბათ არ არის დასაჯერებელი, თითქოს პუტინს აქვს რაღაც „კომპრომატი“ დონალდზე......ახსენებენ ხოლმე აქა იქ ბიზნესმენ (!) ტრამპის ვიზიტს მოსკოვში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, როდესაც მოსკოვის პრეზიდენტ-ოტელში გაჩერდა ზუსტად იმ ნომერში, სადაც მანამდე ბარაკ ობამა და მიშელ ობამა გაჩერდნენ და იქ „ესკორტის გოგონები“ გამოიძახა.

შესაძლოა ეს ჭორი იყოს, თუმცა ეს ჭორი რომ ვრცელდება..... თავისთავად ნიშანდობლივია.

არის კატეგორია აშშ პრეზიდენტებისა, ვისზეც ამგვარი ჭორიც კი ვერ გავრცელდებოდა.

 

ერთი დამაიმედებელი ის არის მხოლოდ, რომ ტრამპის გუნდიდან გაიჟღერა ახალმა ოფციამ უკრაინული ომის დამთავრებისა: „უკრაინის ვალდებულება, 20 წლის განმავლობაში არ გაწევრდეს NATO-ში“.

ანუ არა „20 წლით ცეცხლის შეწყვეტა“, რაც ძალიანაც აწყობს პუტინს, რათა მერე განაახლოს ომი და აგრესია, არამედ 20 წლით ალიანსში არშესვლა, რაც შესაძლოა მისაღები აღმოჩნდეს უკრაინისთვის.

თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ამას არ დათანხმდება.

 

აქ საინტერესო ნიუანსი ისაა, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვაში არიან ფიგურები, ვისაც შესანიშნავად ესმის: ამერიკას არ აწყობს NATO-ს დანგრევა, რომელიც თავად შექმნა 1948 წელს, თავად ედგა სათავეში ამდენ ხანს და რომელიც მისი გლობალური ძლევამოსილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი  იყო.

NATO ძალიან დასუსტდება, რენომესა და ავტორიტეტს დაკარგავს, თუკი დაეთანხმება, ფაქტობრივად, პუტინის ულტიმატუმს ევროპულ ქვეყანას (უკრაინას) აეკრძალოს ალიანსში შესვლა ანუ წაერთვას არჩევანის თავისუფლება მეორე მეზობელი აგრესიული სახელმწიფოს ულტიმატუმის დასაკმაყოფილებლად.

აკი NATO-ელები სულ მუდამ ამბობდნენ „არავის აქვს ვეტო-ს უფლება ჩვენი კავშირის გაფართოებაზეო“......„ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება და შანსი გახდეს ჩვენი კავშირის წევრიო......“ „ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს უსაფრთხოების რომელ სისტემაში სურს გაერთიანებაო.....“ იმ ისტორიულ მომენტუმში, როდესაც ამერიკა, მისი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქმნის წყნარი ოკეანის სამხედრო ბლოკს, რომლის ჩანასახია AUKUS, რაც იაპონია-ფილიპინების გაწევრების შემდეგ გარდაიქმნება POTO-დ..... და/ან ამ მომენტუმში, როცა დონალდ ტრამპი თავად აცხადებს, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი იქნება, განა მას ხელს აძლევს NATO-ს რენომეს შერყვნა? პრეცედენტის შექმნა უკან დახევისა?

სწორედ აქ არის ალბათ უკრაინის შანსი, რამდენიც არ უნდა „იხორხოცონ“ ახლა პუტინის გოშია „გეოპოლიტოლოგებმა“, რომ დონალდ ტრამპი პუტინს „ჩააბარებს უკრაინას“.

იმედია არ ჩააბარებს და ვერ ჩააბარებს სწორედაც ამერიკის გლობალური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ამ დისკურსში პუტინმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის კომპრომისის ერთადერთი მისაღები ვარიანტი „უკრაინის ნეიტრალიტეტია“ ანუ Never ever არშესვლა ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა: „ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან თუ (!) ის ამას გადაწყვეტს, მაგრამ......ვერ ვხედავთ მოსკოვის სურვილს, შეწყვიტოს აგრესია“.

ანუ State Department ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მთავარი საკითხი კიევის სამშვიდობო მზადყოფნა კი არ არის, არამედ მოსკოვის მზაობა „შეწყვიტოს აგრესია“ და საომარი მოქმედებები.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ ელიტათა, მათ შორის ფინანსურ ელიტათა მოლოდინების ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომია, რომ გუშინ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (დიდი პირობითობით თუ ვიტყვით, აშშ „ცენტრალურმა ბანკმა“) კვლავ შეამცირა „საპროცენტო განაკვეთი“ 4,75–5% დან - 4,5–4,75%-მდე.

 ეს ძალიან არსებითი სიმპტომია, რომ ფინანსური ელიტები არ ელიან რყევებს მიუხედავად ტრამპის არჩევისა.

 

ამერიკაში (ამერიკაშიც კი!!!0 ცოტაა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ესოდენ შეუვალი, შეურყვნელი, ეჭვმიუტანელი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორიცაა Federal reserve ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემა.

ამ ავტორიტეტულ და ზე-გავლენიან ინსტიტუიციას ბევრჯერ გადაურჩენია ამერიკა უსერიოზულესი რყევებისგან.

საპროცენტო განაკვეთი ამერიკის ბანკებისთვის ის „ინსტრუმენტია“, რომლითაც ფსს ქვეყნის მთელს ეკონომიკას მართავს.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის კრახში ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ა რ ა ს დ რ ო ს რონალდ რეიგანის შემდეგ ამერიკის გრანდიოზული ეკონომიკა ისეთი აყვავებული, ისეთი მზარდი არ ყოფილა, როგორც ახლაა.

ამერიკული GDP წლიური 3%-ით იზრდებოდა, რაც უიშვიათესი წარმატებაა.

ამის მიუხედავად, დონალდმა მაინც მოიგო, კამალამ მაინც წააგო იმიტომ, რომ.....წააგო მედია-საზრისებში, რაც დომინირებდნენ: „ემიგრაცია“, „ფასების ზრდა“, „კრიმინალი“ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთის სარატოვის ოლქის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია ავტომობილის მართვა 135 კილომეტრი სისწრაფით (ანუ სისწრაფის დიდი გადაჭარბებით), თუ.......მძღოლი უკრაინულ დრონს შენიშნავს ცაში და/ან უკრაინული დრონი მოსდევს.

„ამ შემთხვევაში ეს სამოქალაქო კოდექსის და საგზაო მოძრაობის კოდექსის დარღვევად არ ჩაითვლება, რაკი მიიჩნევა „უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ ქმედებადო“ - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ანუ „განცხადება“ კი არ არის უბრალოდ, არამედ გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა ა, რაც სახელმძღვანელოდ უნდა მიიღოს სარატოვის ოლქის საგზაო პოლიციამ.

კორუმპირებულმა და მექრთამეობაში ჩამპალმა საგზაო პოლიციამ. მანამდე გუბერნატორმა Роман Бусаргин-მა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს დრონებით დაბომბოს მისი გუბერნია და მცდელობებიც ჰქონდა უკვეო.

სარატოველ რუსებს უკრაინული დრონების რა თქმა უნდა ეშინიათ..... როგორ არ ეშინიათ..... თუმცა ამ ისტორიამ სოციალურ ქსელებში, რუსულ „ფაბლიკებში“ დიდი ხორხოცი და დაცინვა მაინც გამოიწვია: „ნეტავ საგზაო პოლიცია რომ გამომეკიდება ქრთამის წასაგლეჯად და მე ვიტყვი - უკრაინული დრონი მომეჩვენაო“, ვინ უნდა დაადგინოს ის დრონი მართლა იყო თუ არა? მე ხომ შეიძლება მომეჩვენოს?- საზენიტოში უნდა წავიდეთ საქმის გასარკვევადოოოოოო“?

ან/და

„მაინცდამაინც 135 კილომეტრი რატომ არის ზღვრულ სისწრაფედ დაწესებული? თუკი „ბუგატი“ მყავს და 200 კილომეტრს „ავწევ“, მეტყვიან - უკრაინული დრონი ასე სწრაფად ვერ მოძრაობსოოოოო?“

 

ზოგადად ხელისუფლებისთვის არაფერია იმაზე სახიფათო, როცა ხდება სასაცილო.

„საწყალი“ შეიძლება იყოს, „საბრალოდ“ შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ არა ს ა ს ა ც ი ლ ო დ.

ამას არ აპატიებენ.