საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივლისი. 2024 წელი
ჯო ბაიდენთან ინტერვიუ გამოაქვეყნა ამერიკულმა ტელეარხმა ABC, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტულია ამერიკის გრანდიოზულ ტელე-სივრცეში.
კორესპონდენტი იყო George Stephanopoulos -ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის ინტერვიუერი.
რაც მთავარია, ბაიდენმა აბსოლუტურად გამორიცხა საარჩევნო რბოლიდან „ჩახსნა“.
ყოველ შემთხვევაში თავად, ნებით რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამს ეს სრულიად ცხადია მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მატულობს იმ „დემოკრატი“ გავლენიანი ფიგურების რიცხვი, ვინც ეჭვს გამოთქვამს არა მხოლოდ ბაიდენის უნარში, დაამარცხოს დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს, არამედ, რაც არანაკლებ ან ბევრად უფრო არსებითია, იმაშიც ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა ეს პიროვნება, ვინც ახლა 81 წლისაა, გამარჯვების შემთხვევაში მართოს ქვეყანა კიდევ 4 წელი - 85 წლის ასაკამდე.
სხვათა შორის ეს დაეჭვება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ამერიკულ ელიტებს „სისხლში აქვთ“ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და პატრიოტული სულისკვეთება.
ამდენად, ბევრი მათგანი ახლა მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობს „ტრამპი არ დაბრუნდეს თეთრ სახლში“, არამედ იმაზეც, რა უფრო დიდი უბედურება იქნება სწორედაც ქვეყნის უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით: „გიჟი“ და „პოპულისტი“, აბსოლუტურად „უმართავი“ და „არაპროგნოზირებადი“ დონალდ ტრამპი თუ უუნარო, „მძინარე“, „მოშვებული“, ფიზიკურად და მენტალურად დასუსტებული ჯო ბაიდენი .
ეს ამდენად ცხადი და ერთმნიშვნელოვანი არ არის ჯერ, თუმცა ნამდვილად ფაქტორია და ნამდვილად განიხილება.
ხსენებულ ინტერვიუშიც იგრძნობოდა.
ბაიდენმა აღიარა საუბრისას, რომ ტრამპთან დებატებისას „ფორმაში არ იყო“, თუმცა, მისი თქმით „ეს უბრალოდ ცუდი ღამე გამოდგა და მეტი არაფერიო“.
ჟურნალისტი ძალიან მძიმე კითხვებს უსვამდა რესპონდენტს.
ბაიდენმა თქვა, რომ მისგან არავის მოუთხოვია „ნევროლოგიური და მენტალური კვლევის“ ჩატარება. „მე ამ კვლევას ყოველ დღე ვიტარებ რაკი ვმუშაობო“ - აღნიშნა.
ეს საინტერესო მომენტია, რადგან ამერიკული კანონმდებლობა იმპერატიულად მოითხოვს საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ე.წ. „ჯანმრთელობის ცნობას“ (უხეშად თუ ვიტყვით), ოღონდ აქ არ იგულისხმება მისი მენტალური და ფსიქოლოგიური მდგრადობის კვლევა.
ოფიციალურ სტრუქტურებს არ მოუთხოვიათ ამგვარი კვლევა, თორემ პარასკევს CNN წამყვანმა სამედიცინო ექსპერტებმა პირდაპირ მოუწოდეს პრეზიდენტ ბაიდენს ჩაიტაროს კოგნიტიური და ნევროლოგიური გამოკვლევა ტესტების სახით.
„ტესტებში“ იგულისხმება მათ შორის ის ტესტები, რასაც ავსებენ ხოლმე ალცჰაიმერის. დემენციის ან სხვა ამგვარ დაავადებათა დასადგენად.
ამ ყოველივეს მიუხედავად ბაიდენი დარწმუნებულია, რომ (მისი შეფასებით) „პოლიტიკურ ცრუპენტელა ტრამპს“ იოლად დაამარცხებს 5 ნოემბერს.
„მარტო მამა-ღმერთს დავუჯერებ თუ მეტყვის: „ჯო, გადი რბოლიდანო“ - თქვა ჯომ.
„მამა-ღმერთი“ რომ ამას არ ეტყვის - ცხადია.
და სხვა ვინც არ უნდა უთხრას, როგორც ჩანს, არ დაუჯერებს.
თუმცა....... „არ დაუჯერებს“ ერთია და „დემოკრატიული პარტიის კონვენტის“, ამ პარტიის ისტებლიშმენტის გადაწყვეტილება - მეორე.
ჯერ-ჯერობით კონსოლიდირებული პოზიცია ამ ისტებლიშმენტს არა აქვს.
ამდენადაც......„ჰო მაგრამ აი ამ დემოკრატმა ლიდერშიპმა თუ მოგთხოვაო“ - ჩაეძია მაინც სტეფანოპოლუსი.
„არა, არ მომთხოვსო“ - უპასუხა ჯომ.
და მართლა რომ მოსთხოვოს?
შემდეგ პრეზიდენტმა მოიყვანა არგუმენტები, რაც ადასტურებს მის უნარიანობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით: „განა ვინ უზრუნველყოფდა NATO-ეს ესოდენ კონსოლიდირებულობას ჩემს გარდა და ვინ შეინარჩუნებდა წონასწორობას წყნარი ოკეანის აუზშიო“ - კითხულობს ბაიდენი და ამით ორი მიმართულებით აგზავნის მესიჯს:
ა) ჯო ბაიდენი, 1970-იანი წლებიდან დაწყებული, ამერიკულ ისტებლიშმენტში „საგარეო პოლიტიკის სპეციალისტად“ ითვლება. ეს სრულიად ობიექტური შეფასებაა. ამ მხრივ მართლაც მაღალი კლასის სპეციალისტია
ბ) დონალდ ტრამპს, როგორც ჯო მიანიშნებს, არანაირი პოზიტიური და კვალიფიციური გამოცდილება არა აქვს საგარეო პოლიტიკაში. და წარმოდგენა არ გააჩნია რა ხდება საერთოდ მსოფლიოში, ევროპაში ან წყნარ ოკეანეში.
ოთხმა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანმა კონგრესმენმა და სენატორმა მოუწოდა ბაიდენს მოხსნას კანდიდატურა.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს: „ასეთივე მოწოდებით თუ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგალითად სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, ექს-სპიკერი ნენსი პელოსი და „ქვედა პალატის“ დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი გამოვლენ მაშინ როგორ მოიქცევიო“......... პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ისინი არ აპირებენ ასე მოიქცნენო“.
ანუ გამორიცხა ამგვარი შესაძლებლობა!
თუმცა არ თქვა როგორ მოიქცევა, თუკი ეს ალბათობა განხორციელდება და ეს გავლენიანი ფიგურები(ც) მოუწოდებენ არჩევნებიდან „ჩაიხსნას“.
ამასობაში, საოცარ ციფრებს აქვეყნებს CNN: „შავკანიან ამერიკელებს“ შორის დონალდ ტრამპის მომხრეთა რიცხვი 12%-დან (2020წ) ამჟამად 20%-მდე გაიზარდა.
ეს კატეგორია იმდენად ტრამპით არ არის აღფრთოვანებული, რამდენადაც ბაიდენზეა გაბრაზებული წინასაარჩევნო დაპირებათა შეუსრულებლობის გამო.
გუშინ ღონისძიებაზე Essence Festival in New Orleans, კამალა ჰარისმა, რომელიც თავადაც ფერადკანიანია და ამ მხრივ „დემოკრატთა“ მთავარი რესურსია შავკანიანთა მობილიზების თვალსაზრისით, 5 ნოემბრის არჩევნებს უწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენს ცხოვრებაში“.
მე მგონი, პირადად ჩემი აზრით, არათუ გადააჭარბა, არამედ გარკვეულწილად დაამცირა კიდეც:
რეალურად ჰარისის ცხოვრებაში კი არა, შესაძლოა ამერიკის ისტორიაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი და საბედისწერო არჩევნები გამოდგეს 5 ნოემბრის კენჭისყრა.
ოღონდ აქვე ერთი რამ შევნიშნოთ: ამერიკა იმიტომაცაა გლობალური ზესახელმწიფო, რომ წლიდან-წლამდე, ეპოქიდან-ეპოქამდე ლამის მთელი პლანეტა ხშირად ცხოვრობს ამერიკული არჩევნებით: 2008 წელს, როცა ამერიკა, პირველად ისტორიაში აფროამერიკელს ირჩევდა ან ვერ ირჩევდა პრეზიდენტად, მთელი პლანეტა უდიდესი მღელვარებით აკვირდებოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ამერიკელი ხალხი;
2016 წელს, როცა დონალდ ტრამპი უპირისპირდებოდა პირველ ქალ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს ასევე მთელი მსოფლიო უდიდესი მღელვარებით ელოდა შედეგს;
ახლაც მთელი პლანეტა ელის რა გადაწყვეტილებას მიღებს ამერიკული The Nation 5 ნოემბერს.
ეს გლობალური ზესახელმწიფოებრიობის უპირველესი ნიშანია, როცა შენი შიდა-სახელმწიფოებრივი ამბებით მთელს მსოფლიოს (არა მხოლოდ ელიტებს არამედ უბრალო ადამიანებს) ასე აინტერესებ, თორემ აბა რუსეთში ან თუნდაც საფრანგეთში ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, აფრიკაში, აზიაში, წყნარ ოკეანეთში, ლათინურ ამერიკაში.....ბევრს აინტერესებს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან სერიოზული ინციდენტი სამხრეთ-ჩინურ ზღვაში.
ჩინეთმა სანაპირო დაცვის დიდი საბრძოლო ხომალდი გააგზავნა იმ წყლებში, რომლებიც ფილიპინებს (აშშ მოკავშირეს რეგიონში) საკუთარ სასაზღვრო წყლებად მიაჩნია!
იგულისხმება სანაპირო დაცვის ხომალდი CCG-5901, რომელიც ამ კლასის ხომალდებს შორის უდიდესია. – 160 მეტრი სიგრძისა.
ვაზუსტებ: უდიდესი სამხედრო ხომალდი კი არ არის ზოგადად, არამედ ყველაზე დიდი სანაპირო დაცვის ხომალდია:
ამით პეკინი „ტექნოლოგიას“ იცავს: ბევრად დიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები აქვს რასაკვირველია, თუმცა აგზავნის სანაპირო დაცვის გემს, რომელიც ამასთან ნამდვილი „მონსტრია“ სიდიდით ამ კლასის ხომალდებს შორის და პეკინი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ბოლომდე იბრძოლებს (მერე უკვე სხვა კლასის გემებსაც გააგზავნის) რათა შეინარჩუნოს პრეროგატივები ნაოსნობისა ჩინეთ-ფილიპინებს შორის წყლებში, სადაც გადის ამჟამად გლობალური საზღვაო-სავაჭრო ნაოსნობის უდიდესი ნაწილი - 3 ტრილიონი დოლარის ღირებულებისა.
აქ ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით ისაა, რომ ჩინური სახმელეთო Belt and road (გზა/სარტყელის) კონცეპტი სწორედაც ამ საზღვაო მარშრუტის ალტერნატივაა- გარკვეულწილად „სათადარიგოა“ თუ „წყალზე“ მოვლენათა განვითარება შეაფერხებს ნაოსნობას და აიძულებს ჩინეთს, ეს ალტერნატივები გამოიყენოს.
ჩინეთისთვის მთავარი კვლავინდებურად მაინც საზღვაო მარშრუტებია.
ამიტომაც არის მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტეებით, რომელსაც დიდწილად აშშ ზემძლავრი წყნარი ოკეანის ფლოტი აკონტროლებს და ზუსტადაც ამ მიზეზით ცდილობენ უკვე 10 წელია ამერიკელები ამ რეგიონში „აშშ-იაპონია-სამხრეთ-კორეა-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის“ ალიანსის შეკვრას, რომლის ბირთვი უკვე არსებობს AUKUS სახით (ავსტრალია, ამერიკა, ბრიტანეთი)
. . . . . . . . . . . . . . . ..
BBC წერს ამერიკისა და ბრიტანეთის, ასევე ისრაელის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, რომ დიდი ომი ისრაელსა და ლიბანის პროირანულ დაჯგუფება „ჰესბოლლას“ შორის უკვე არათუ მოსალოდნელია, არამედ გარდაუვალია.
პარასკევს ისრაელის არმიამ „ჰესბოლლას“ მესამე მნიშვნელოვანი ლიდერი, ნიმაჰ ნასერი მოკლა.
პასუხად „ჰესბოლლამ“ 200 დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით
100 000 ებრაელი ევაკუირებულია ისრაელის ჩრდილო რაიონებიდან..........
და იმ ფონზე, როცა ჯერაც არ დასრულებულა ოპერაცია ღაზაში, ლტოლვილთა ესოდენ დიდი რაოდენობა ქვეყანაში საერთო წარუმატებლობის განცდას ქმნის, რაც არ შეიძლება არ მოქმედებდეს პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებზე!
დღემდე იგი ცდილობდა სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით „გადაეწია“ ტერორისტული დაჯგუფება „ჰესბოლლა“ ისრაელის ჩრდილო საზღვრიდან - ლიბანის ჩრდილოეთში, მაგრამ არ გამოდის, რადგან 10-15 წლის მანძილზე ეს დაჯგუფება მყარად არსი „ჩაბეტონებულ-ჩაბუნკერებული“, ამიტომ ერთადერთი ოფცია, რაც „ცახალს“ გააჩნია პრობლემის გადასაჭრელად, არის სახმელეთო ოპერაცია, როგორც რაზაში, ოღონდ.......ღაზაში სპეცოპერაცია ჯერაც არ დასრულებულა, ხოლო „ჰესბოლლა“ – „ჰამასზე“ ათჯერ ძლიერია და უკეთ შეიარაღებული!
ირანი რას როგორ „მოიმოქმედებს“ კიდევ ცალკე თემაა.