რით ვხვდებით სავალუტო ფონდის მისიას

რით ვხვდებით სავალუტო ფონდის მისიას

            უახლოეს მომავალში საქართველოს კიდევ ერთი «საინსპექციო» მისია დაატყდება თავს – ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდის. ბუნებრივია, ეს მისიაც «პოლიტიკური» იქნება, ვინაიდან საარჩევნო წელს ყველაფერი პოლიტიზებულია. მით უმეტეს, ეკონომიკა, ფინანსები და უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. «ფონდი» ტრადიციულად (ამჟამადაც) «პროდასავლურობისა» და ლიბერალურობის» საზომია.
            ამჯერად, ფონდის ამოცანაა «სიღარიბის დაძლევის» პროგრამის შესრულების მონიტორინგი. ინტერესის უპირველესი საგანი საგადასახადო შემოსავლები იქნება.
            ამ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო სივრცეში ისეთი ქაოსია, მონეტარიზმის ფუძემდებელი ფრიდმანიც დაიბნეოდა. მოსახლეობას ყველა «აბოლებს», ვისაც როგორ სჭირდება. სინამდვილეში, როდესაც ლაპარაკობენ, რომ «2002 წლის ბიუჯეტი გაირღვა», მხედველობაში აქვთ მთლიანი შემოსავლები (არასაგადასახადო შემოსავლების ჩათვლით), თუმცა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს სწორედ საგადასახადო შემოსავლების გეგმა «ჩავარდა».
            არადა, 2002 წელი სწორედ იმით იყო ლამის უნიკალური, რომ (აჭარაში აკრეფილი და თბილისში გადმოურიცხავი თანხის ჩათვლით) საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა, თუმცა, ბიუჯეტი მაინც «გაირღვა» არასაგადასახადო შემოსავლების ხარჯზე (პრივატიზების ჩაფლავება, დივიდენდები, მოსაკრებლები და ასე შემდეგ).
            მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ტრადიციულად «გულკეთილი» ხდება, თუ გადასახადების ადმინისტრირებაში პროგრესს ამჩნევს. ასეთ შემთხვევაში, «არასაგადასახადო» გარღვევაზე შეიძლება თვალიც დახუჭოს, მაგრამ წლევანდელ მისიასთან დაკავშირებით, ბევრად რთული პრობლემა იქნება – სტრუქტურული რეფორმების დაგვიანება და მსხვილი პრივატიზების დასრულების შიში, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.
            რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, შარშან მთლიანი შიდა პროდუქტისს (მშპ) ზრდამ 5,4 პროცენტს მიაღწია – ეს ურიგო ციფრი არ არის. თითქმის ნახევარი (40 პროცენტი) ჩრდილოვან ეკონომიკაზე (ანუ კონტრაბანდასა და ფალსიფიკაციაზე) რომ არ მოდიოდეს. სავალუტო ფონდი, პროგრამის გაგრძელების პირობად «ჩრდილის აღრიცხვას» მოგვთხოვს, თუმცა, ეკონომიკის ეს სეგმენტი სწორედ გადასახადების დამალვით სულდგმულობს და «ჩრდილიდან გამოსვლისთანავე» ამოხდება სული, ანუ (ეკონომიკურ ენაზე) 6-7 წლის წინათ ჩადებული პირველადი თუ საწყისი (საბრუნავი) კაპიტალი.
            ნომინალური მოცულობით, მშპ 7 მილიარდ 284 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობაში ზრდა ნულზე გაყინა, მრეწველობა 7 პროცენით გაიზარდა. შარშან გრძელდებოდა ენერგეტიკის ნგრევა არგადამხდელებისთვის (მათი განაწენების შიშით) ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად. მით უმეტეს, საარჩევნო წელს ამ უბედურებას საშველი არ დაადგება, თუ ფონდი მორიგ პროგრესულ ულიმატუმს არ წამოგვიყენებს. ყველა სახის ინვეტირებამ შარშან 423 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, ძირითად კაპიტალში 378 მილიონი ლარი.
            რაც შეეხება საკუთრივ ფინანსურ შემოსავლებს, სამინისტროს ცნობით, 2002 წელს, ნაერთი ბიუჯეტის მთელმა შემოსავალმა (გრანტების ჩათვლით) 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს მიაღწია. რაც 14 პროცენტით მეტია შარშანდელ შემოსავლებზე. სამაგიეროდ, საქართველოს კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავზე სახელმწიფო ვალი – 4 მილიარდ 773 მილიონი ლარი, მათ შორის, საგარეო ვალი – 3 მილიარდ 282 მილიონი ლარი.
            თანდათან მატულობს მიმოქცევაში არსებული ფულის მასა, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა, თუ ინფლაციას არ იწვევს (არადა არ იწვევს). 2002 წლის ბოლოს საქართველო ეკონომიკაში 418 მილიონი «ცოცხალი» ლარი ბრუნავდა. მაგრამ ამ «ცოცხალი ფულიდან» ბანკებში მხოლბდ 28 მილიონი ლარია მოქცეული, ანუ ნდობა ბანკებისადმი კვლავ მინიმალურია.
            2002 წელს ექსპორტი 325 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 720 მილიონი. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 385 მილიონი დოლარია. მაჩვენებელი, ჯერჯერობით, წლიდან წლამდე მატულობს. თუმცა, ეს «ფონდს» დიდად არ აღელვეს. ალბათ, მონეტარიზმის «ეფექტს» ელოდებიან არაპროტესტანტული შრომის ეთიკის ქვეყანაში.
            მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ ამ მონაცემებით საქართველო განსაკუთრებით ჩამორჩენილი მაჩანჩალაა დსთ-ის სხვა მაჩანჩალებს შორის, რომელთაგან რუსეთი ოდნავ წინ მილასლაებს მხოლოდ ნავთობის ზღაპრული ფასების წყალობით. მაგრამ ბალტიის ქვეყნებს ყველანი ჩამოვრჩებით სწორედ იმის გამო, რომ იმ მტკივნეულ რეფორმებს არ ერიდებიან.

დილის გაზეთი, 17 თებერვალი, 2003 წელი