საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ოქტომბერი. 2023 წელი

რუსებმა 51 მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს ხარკოვის რაიონის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში. ეს ყველაზე დიდი ერთდროული მსხვერპლია ომის დაწყებიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ე.წ. `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ ოჩამჩირეში რუსული `შავი ზღვის ფლოტის` ერთ-ერთი ბაზა შეიქმნება.

ეს არ ნიშნავს, რასაკვირველია, რომ მთელი შავი ზღვის ფლოტი დატოვებს სევასტოპოლს და აფხაზეთში გადავა, მაგრამ `დამხმარე ბაზა` რუსებს მართლა ესაჭიროებათ მას შემდეგ, რაც უკრაინამ რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა სევასტოპოლზე. ძირითადად ბრიტანული რაკეტით Storm Shadow.

ამის შემდეგ რუსეთმა რამდენიმე უახლესი სარაკეტო კატარღა ნოვოროსიისკში გადაიყვანა, სადაც აგრეთვე აქვს ბაზა. ოღონდ იქ სივრცე არ ჰყოფნით, ამიტომ ახლა ოჩამჩირეს დაადგეს თვალი.

ოჩამჩირეში საბჭოთა დროიდან არსებობდა საზღვაო ბაზა. და მაშინაც იგი სევასტოპოლის ბაზის `დამხმარე ობიექტი` იყო.

აქ აღსანიშნავია რუსეთ-სეპარატისტული აფხაზეთის ურთიერთობის მოდალობა: აფხაზები არ იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც მათგან მოსკოვი მოითხოვს; მაგალითად ბინების რუსებზე ყიდვა-გაყიდვის სფეროში, თუმცა მაშინვე თანხმდებიან სამხედრო ბაზების გამრავლებას.

იმიტომ, რომ ახლოვდება 2024 წელი, როცა იწურება ხელშეკრულება  მოსკოვსა და სოხუმს შორის დაფინანსების შესახებ.

აფხაზი სეპარატისტები არ აპირებენ ამ ხელშეკრულების გაგრძელება `გაცვალონ` ბინების ყიდვა-გაყიდვაში (ქართველი ლტოლვილების ბინებზეა ლაპარაკი, რომლებიც აფხაზებს თურქეთში მცხოვრები თანაეთნოსელებისთვის აქვთ `დარეზერვებული`) ამიტომ სოხუმი ახლა გეგმავს დაფინანსების გაგრძელება `გაცვალოს` ოჩამჩირის ბაზაში.

ანუ მოსკოვს ეს ბაზა იმდენად დასჭირდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს, რომ მზად არის სხვა მოთხოვნები ამ ეტაპზე მოხსნას.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 პუტინმა კვლავ ისაუბრა პრიგოჟინზე და განაცხადა, რომ გამოძიებით (თურმე)  დადგენილია: პრიგოჟინისა და მისი თანმხლები პირების სხეულში ხელყუმბარის ნამსხვრევები აღმოჩნდაო.

გაუგებარია, ამით რისი თქმა უნდოდა - რომ პრიგოჟინი  ვინმემ თვითმფრინავში ააფეთქა და თავიც აიფეთქა? მან სწორედ ხელყუმბარა ახსენა, რომელიც თავისით არ ფეთქდება - ადამიანის ხელი სჭირდება.

თუმცა ესეც არ არის ყველაზე მთავარი და საინტერესო: პუტინმა რუსებს `მოუყვა`, რომ როცა პრიგოჟინის კსკ `ვაგნერის` ამბოხისას მილიარდერის პეტერბურგულ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, იქ არა მხოლოდ 5 მილიარდი რუბლი იპოვეს (არც ისე ბევრია - დაახლოებით 50 მილიონი დოლარი), არამედ ასევე იპოვეს 5 კილოგრამი კოკაინი!

5 კილოგრამი კოკაინი ნამდვილად დიდი ოდენობაა. არა იმდენად, რომ გასაყიდად ჰქონოდა მაინცდამაინც, თუმცა პუტინს აშკარად უნდოდა ამით ეთქვა, რომ პრიგოჟინი ყველაფერთან ერთად ნარკომანიც იყო.

და თუ იყო, აქამდე არ იცოდა? მხოლოდ ამბოხის მერე გაუგია თურმე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

Politico, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული რესურსია დასავლეთში, აანონსებს უკრაინასთან მოლაპარაკებებს გაწევრების თაობაზე უკვე მიმდინარე წლის დეკემბრიდან.

როგორც ჩანს, ბრიუსელში მწიფდება გადაწყვეტილება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატობას, ხოლო უკრაინასთან კონკრეტული მოლაპარაკება დაიწყება წევრობაზე. მოლდოვასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

ევროკავშირში გასაწევრებლად სახელმწიფოებს ამ ორი სტადიის გავლა უწევთ: ჯერ კანდიდატობა, შემდეგ ამ სტატუსის საფუძველზე კონკრეტული მოლაპარაკება წევრობის მოდალობაზე - რა პირობებით, როგორ და ა.შ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

15 ოქტომბერს პოლონეთში ტარდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ძირითადი კონკურენტები იქნებიან მმართველი პარტია `სამართალი და სამართლიანობა`, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი უდგას სათავეში და `სამოქალაქო კოალიცია`. მისი ხელმძღვანელია ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი.

ტუსკმა გუშინ განაცხადა, რომ კაჩინსკის პარტია გეგმავს პოლონეთის გასვლას ევროკავშირიდან. მისი თქმით, პოლონეთისთვის ეს კატასტროფა იქნება ბევრად მეტად, ვიდრე დიდი ბრიტანეთისთვის.

შესაძლოა ტუსკი აჭარბებდეს, არ არის გამორიცხული, ეს წინასაარჩევნო განცხადება იყოს - პოლონელების 80% ძალიან კმაყოფილია ევროკავშირში წევრობის. და რატომღაც არ იყონ კმაყოფილი, როცა ევროკავშირმა (პირველ რიგში, რასაკვირველია გერმანიამ) ათეულობით მილიარდი ევრო `ჩაასხა` პოლონეთის ეკონომიკაში, გაუხსნეს მას საზღვრები, რის შედეგადაც პოლონეთი დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად მზარდი ეკონომიკაა.

შესაძლოა ტუსკი გულისხმობდა იმას, რომ მმართველი პარტიის პოზიცია ევროკავშირისთვის სენსიტიურ საკითხებში (მაგალითად ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებები ლუქსემბურგში) ადრე თუ გვიან გამოიწვევს სანქციებს ევროკავშირის მხრიდან.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა `უღალატა სომეხ ერს და მიატოვა იგი`.

ამ განცხადებას ერთი უცნაური ასპექტი აქვს: რა შემთხვევაში ჩათვლიდა ბატონი მიშელი, რომ რუსეთმა `არ უღალატა სომეხ ერს?`

თუ ბაქოს დაბომბავდა 2020 წელს, როცა აზერბაიჯანმა დაიწყო სპეცოპერაცია მთიან ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად?

  . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის `საგარეომ` გააკრიტიკა გაეროს მისია მთიან ყარაბაღში. საქმე ის გახლავთ, რომ  UN მისიამ, რომელიც სომხებისგან უკვე თითქმის მთლიანად დაცლილ მთიან ყარაბაღში ჩავიდა აზერბაიჯანის მიწვევით, არ დაადგინა ეთნიკური წმენდა. ანუ გაეროს მისია აცხადებს, რომ მართალია სომხებმა დატოვეს მთიანი ყარაბაღი (სულ რამდენიმე ასეული სომეხი დარჩა იქ) მაგრამ ისინი აზერბაიჯანს არ გაუძევებია - ნებაყოფლობით დატოვეს ტერიტორიაო.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ანალოგიურმა მისიამ, რომელიც 1994 წელს ჩავიდა მთიან ყარაბაღში, ზუსტად ასეთივე დასკვნა დადო: ქართველებმა კი დატოვეს ტერიტორია, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი წასვლა იყო - აფხაზურ ფორმირებებს ისინი არ გაუძევებიათო.

ორივე შემთხვევაში იგრძნობოდა რუსეთის ხელი. მოსკოვს ასე სჭირდებოდა და გაეროს მისიამაც დაადგინა. უფრო ზუსტად `არ დაადგინა`.

პუტინის დამოკიდებულება სომხეთისადმი მისი პარანოიის კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბოლოს და ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანს, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობათა ფუნდამენტური საყრდენებისთვის ხელი არ უხლია: არც რუსული ბაზის გაყვანა მოუთხოვია, არც რუსი მესაზღვრეები გაუძევებია, არც რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები წაურთმევია რუსეთისთვის.

როგორც ჩანს პუტინს მართლა იდეოსინკრიზია აქვს რევოლუციური გზით მოსული ფაშინიანის მიმართ, რაკი თვითონაც ეშინია რევოლუციის.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

სერიოზული სამხედრო ინციდენტი მოხდა სირიაში, სადაც ამერიკელებმა ჩამოაგდეს თურქული საბრძოლო უპილოტო  თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც დრონი მიუახლოვდა ამერიკულ სამხედრო ბაზას.

ეს ბაზა მდებარეობს ქურთებით დასახლებულ რაიონში. თურქეთი სირიაშიც ებრძვის ქურთებს, მაგრამ ბოლო დრომდე ამერიკულ ბაზასთან მიახლოებას ვერ ბედავდა.

დრონი ჩამოაგდო ამერიკულმა თვითმფრინავმა F-16.

საინტერესოა საიდან აფრინდა? ნუთუ თურქეთშივე მდებარე `ინჯირლიკის` ბაზიდან?

თუმცა სავარაუდოდ ამერიკელები ამ შემთხვევაში სხვა რომელიმე ბაზას გამოიყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში ან სულაც ავიამზიდიდან აფრინდებოდა - ხმელთაშუა ზღვიდან.

ეს ყველაზე სერიოზული ინციდენტია მისი  პოლიტიკური ჟღერადობითაც მას შემდეგ რაც გასული საუკუნის 1970-იან წლებში NATO-ს წევრი თურქეთი ეომა ასევე ალიანსის წევრ საბერძნეთს კვიპროსის გამო.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვიტა მაინც ააშენოს კედელი მექსიკის საზღვარზე, რისთვისაც ამერიკელი `დემოკრატები` ხშირად აკრიტიკებდნენ დონალდ ტრამპს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს (!) მექსიკიდან ამერიკაში 250 000 ადამიანი გადავიდა არალეგალურად და შემდეგ `ჩაბარდა` ამერიკის პოლიციას ან სულაც გაიპარა სხვადასხვა შტატში ტეხასიდან.

ეს უკვე ძალიან დიდი ციფრია. მით უმეტეს, როცა საუბარია მხოლოდ ერთ წელზე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ლატვიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 3 200 რუსს გააძევებს ქვეყნიდან.

იგულისხმებიან ის რუსები, რომლებიც არ სწავლობენ ლატვიურ ენას და არანაირად არ ინტეგრირდებიან ლატვიურ სოციუმში.

ადრეც ბევრს საუბრობდნენ ამ კატეგორიის რუსების გაძევებაზე ლატვიიდან, თუმცა ბოლო დრომდე ლატვიის ხელისუფლება თავს იკავებდა.

აღარ შეიკავა თავი უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ.

გავიხსენოთ, რომ 1991 წელს, როცა სსრკ დაიშალა, რუსები ლატვიის მოსახლეობის 50%-ს შეადგენდნენ. მაგრამ ბევრმა რუსმა შემდეგ დატოვა ლატვია, რაკი მიიღეს საშუალება ამერიკაში და ევროპაში გამგზავრებულიყვნენ ლატვიური პასპორტით.