საერთაშორისო მიმოხილვა. 6 თებერვალი. 2024 წელი
ბევრმა დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა მიაქცია ყურადღება, რომ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები - დანია და ნორვეგია - საოცრად აქტიურნი არიან უკრაინის დახმარების საქმეში.
საკმარისია ითქვას, რომ დანიამაც და ნორვეგიამაც თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 1,6% დახარჯეს უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც მსოფლიო რეკორდია.
დანია აღმოჩნდა პირველი დასავლური სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას მიაწოდა F-16 ავიაგამანადგურებლები. ნორვეგია უკრაინას აწვდის მისი ძალიან კრეატიული და მსოფლიოში მოწინავე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციას.
ამ მხარდაჭერას დანიისა და ნორვეგიის მხრიდან რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ორივე მცირერიცხოვანი, პატარა ქვეყანაა. რუსეთიდან არც ისე შორს იმყოფებიან და ვერ დაუშვებენ პრეცედენტს, რომ დიდმა სახელმწიფომ წარმატებით დაიპყროს პატარა სახელმწიფო ან მისი ნაწილი. დანია და ნორვეგია დიდი ხანია მშვიდობიანად ცხოვრობენ და ნებისმიერი საომარი ესკალაცია მათთვის ფუნდამენტური გამოწვევაა.
რა თქმა უნდა მუშაობს NATO-ს ფარგლებში მძლავრი სოლიდარობის ფაქტორიც, თუმცა არის კიდევ ერთი მომენტი: ესაა არქტიკაში რუსეთის ამბიციები და მოსკოვის სურვილი, გამოაცხადოს არქტიკა, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე და ჩრდილოეთ პოლუსი რუსეთის „საკუთრებად“.
არადა დანიასაც და ნორვეგიასაც უდიდესი ისტორია აქვთ არქტიკის ათვისების თვალსაზრისით. გარდა ამისა, გრენლანდია, რომელიც დანიის ნაწილად ითვლება, აცხადებს, რომ ჩრდილოეთის პოლუსი გრენლანდიის წყალქვეშა შელფის გაგრძელებაა და ყოვლად მიუღებელია რუსეთის მცდელობა, არქტიკა მისი სამხედრო-პოლიტიკური დომინაციის რეგიონად აქციოს.
ამავდროულად, დანიას აქვს უდიდესი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაზეც ადრე რამდენჯერმე გავამახვილეთ ყურადღება: დანიას შეუძლია „ჩაკეტოს“ ბალტიის ზღვიდან გასასვლელი, რაზეც უკვე გააკეთა მინიშნება და მოსკოვმა განაცხადა, რომ ამას პირდაპირ ომის გამოცხადებად აღიქვამს.
ანალიტიკოსთა აზრით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დანია და ნორვეგია, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ორ ახალ წევრთან, შვედეთთან და ფინეთთან ერთად ქმნიან NATO-ს მძლავრ ჩრდილოურ ფლანგს, რომელიც დიდ როლს შეასრულებს რუსეთის საბოლოო დამარცხებაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტიური წევრი, ივან ჟიხარევი, სინამდვილეში აღმოჩნდა......ГРУ-ს აგენტი ივან ჟიგარევი.
ეს პერსონაჟი წლების განმავლობაში იყო მოსკოვის „დემოკრატიის სკოლის“ (ერთ-ერთი პროდასავლური NGO-ს) ძალიან შესამჩნევი აქტივისტი, „თავდაუზოგავად იბრძოდა“ ვიღაც ყირგიზი უფლებადამცველების გასათავისუფლებლად, აქტიურად მონაწილეობდა პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში, ბევრს მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში, ნამყოფია საქართველოშიც ამ სტატუსით („რუსი ოპოზიციონერისა“) აქ რაღაც სემინარები ჩაუტარებია, როგორ ვებრძოლოთ პუტინის რეჟიმს ერთად ქართველებმა და რუსებმა და ა.შ და ა.შ.
რეალურად იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს მოქმედი ოფიცერი.
ანუ „აგენტი“ კი არა უბრალოდ, არამედ მოქმედი თანამშრომელი.
გასაკვირი არ არის, რაკი რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედი NGO-ების და ე.წ. „დემოკრატიული ძალების“ დიდი ნაწილი რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები „ცივი ომის“ ხასიათს იძენს. უკანასკნელი სიმპტომი აღმოჩნდა ისრაელის ელჩის, სიმონა გალპერინის ინტერვიუ გამოცემას Коммерсант.
ამ ინტერვიუში ისრაელელმა დიპლომატმა რამდენიმე ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ ისრაელისთვის მიუღებელია რუსეთის მცდელობა, გააფართოოს „გენოციდის“ ცნება მეორე მსოფლიო ომის დროს ისე, რომ მან მოიცვას არა მხოლოდ ებრაელები, არამედ რუსები, რაკი მეორე მსოფლიო ომის დროს 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა და მათი დიდი ნაწილი რუსი იყო ნამდვილად.
თუმცა ისინი დაიღუპნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად და ეს სხვაა, ვიდრე ებრაელთა მასობრივი ხოცვა, როდესაც ადამიანებს ხვრეტდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ, აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, იქ „გაზის კამერებში“ ახრჩობდნენ მხუთავი აირით და ა.შ.
გარდა ამისა, გალპერინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის, გამო, რომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე არ არის რუსეთის „ოფიციალურ კალენდარში“, ხოლო მოსკოვს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ არ გამოუცხადებია დამნაშავე ორგანიზაციად. პირიქით, „ვიზიტებით იწვევენ „ჰამასის“ ლიდერებს, წითელ ხალიჩებს უგებენ, ეხვევიან და ასე შემდეგ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
ამ ინტერვიუმ პუტინი და ლავროვი ლამის გააცოფა: დაიბარეს ელჩი „საგარეოში“ და ღიად (არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად) დაადანაშაულეს „რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში“
ისრაელ-რუსეთის ურთიერთობათა ასეთი დაძაბვა უეჭველად გამოიწვევს ისრაელის გააქტიურებას რუსეთისთვის მტკივნეულ ყველა „წერტილში“, მათ შორის უკრაინაში.
დღემდე ისრაელი უკრაინას არ აწვდის დრონებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, თუ მოსკოვმა „კუდი უქიცინა“ „ჰამასს“, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაწვდის.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ზემძლავრი ებრაული ლობის მნიშვნელობა დასავლეთის სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში - უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თვალსაზრისით; ასევე გასათვალისწინებელია ებრაული ლობის გავლენა (საყოველთაოდ ცნობილი) გლობალურ მედიაზეც.
ანუ ისრაელთან ამგვარ „კლინჩში“ შესვლით პუტინი სერიოზულად რისკავს. ანუ ნაწილობრივ სწორედ მისი პრობლემა ხდება, რომ ისრაელი უკვე დიდი ხანია აგრძელებს სპეცოპერაციას ღაზაში, მაგრამ არსებით შედეგს ვერ მიარწია, რაკი მძევლები ვერ გაათავისუფლა.
და რაკი ეს ისრაელისთვის პრობლემაა, იგი აუცილებლად შეეცდება მიიღოს ზომები იმათ წინააღმდეგ (მათ შორის რუსეთისა) ვინც ხელს უშლის გამარჯვების მოპოვებაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ოთხშაბათს აფხაზეთში მორიგი ტრაგი-კომედია იწყება მოსკოვის მოთხოვნათა შესრულების თვალსაზრისით: აფხაზეთის „პარლამენტი“ შეუდგება სამი კანონპროექტის განხილვას, რომლებმაც აფხაზეთი საბოლოოდ უნდა აქციოს „დიდი სოჭის“ გაგრძელებად
ა) კანონი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ, რომელიც გზას გაუხსნის დიდ რუსულ კაპიტალს, „აითვისოს“ აფხაზეთის ეკონომიკა, „შევიდეს“ დიდ პრივატიზებაში, იყიდოს ყველაფერი, რაც ფასეულია აფხაზეთში, სადაც პრივატიზების პროცესი, 1991 წლიდან არც დაწყებულა საერთოდ.
ბუნებრივია, რუსი ინვესტორების გარდა აფხაზეთში ფულს არავინ „ჩაასხამს“, ანუ კანონი პირდაპირ მიმართულია აფხაზეთის ეკონომიკური ანექსიის გასაიოლებლად.
აფხაზეთის ხელისუფლება იძულებულია მიიღოს ეს გადაწყვეტილებები მიუხედავად აფხაზური ოპოზიციის დიდი წინააღმდეგობისა, რაკი რუსეთმა შეუწყვიტა ბენზინის მიწოდება და 1 მარტიდან აფხაზური პასპორტებით საზღვრის კვეთასაც კრძალავს.
ბ) კანონპროექტი „აპარტამენტების“ შესახებ, რაც ფაქტობრივად აფხაზეთის ქალაქებში ბინების (ქართველ ლტოლვილთა ბინების) თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას ნიშნავს.
ეს კანონი რამდენიმე წელიწადში შეცვლის აფხაზეთის დემოგრაფიას. ადრე აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენ პუტინის მრჩევლის, სურკოვის მოთხოვნებს ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის შესახებ მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვთ რესურსი წინააღმდეგობის, რაკი კრემლმა „ქანჩების მოჭერა“ დაიწყო და კიდევ უამრავი ბერკეტი აქვს არანაკლებ მძლავრი, ვიდრე საზღვარი და ბენზინია
გ) ძალიან მნიშვნელოვანი კანონი სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც რუს ინვესტორს შეექმნება პრობლემები აფხაზეთში, მას ექნება საშუალება, იჩივლოს რუსეთის სასამართლოში, მოიგოს იქ საქმე და შემდეგ ეს სასამართლო გადაწყვეტილება ხდება აუცილებელი შესასრულებლად აფხაზეთის ხელისუფლებისთვის.
არ შეასრულებს? „მისი აჯობებს“ ............ როგორც ითქვა, მოსკოვს კიდევ უამრავი ზეწოლის ბერკეტი აქვს.
მაგალითად სატელევიზიო მაუწყებლობა: რუსეთი (ისევე, როგორც საქართველო) დიდი ხანია გადავიდა ციფრული ტელევიზიის ფორმატზე. მაგრამ აფხაზეთი ამ მხრივ ჯერ კიდევ 20-ე საუკუნეში ცხოვრობს და არა 21-ე საუკუნეში. ამიტომ რუსული ტელევიზიის პროგრამებს იქ კვლავაც „იჭერენ“ სახურავზე და სახლის კედელზე დამონტაჟებული ანტენებით. რუსეთმა თუ საბოლოოდ „ჩახსნა“ ამგვარი მაუწყებლობა, სატელევიზიო პროგრამები აღარ ექნებათ.
ამ თემაზე რომ წერენ, აფხაზი ბლოგერები „გულს იმაგრებენ“ – „დიდი ხანია ტელევიზორს აღარ ვუყურებთ - რა საჭიროა როცა ინტერნეტი არსებობს და ყველა გადაცემას იქ ვნახავთო“.~
დიახ, მაგრამ.......ინტერნეტი საიდან აქვთ? განა იმავე რუსული ოპერატორებისგან არა? საკმარისია მოსკოვმა „ჩახსნას“ ეს ოპერატორებიც და აღარც არაფერი ექნებათ „დამოუკიდებელ აფხაზეთში“.
ასლან ბჟანია კვლავ მოსკოვშია დაკარგული: დიდი ხანია გაემგზავრა აფხაზეთიდან და იქ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ჩანს, მიანიშნეს (ჯერ-ჯერობით დახურულ კარს მიღმა), რომ თუ „ჭკვიანად არ მოიქცევა“ და მოსკოვის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ცუდი დღე დაადგება.
გუშინ აფხაზეთის „პარლამენტის“ გარშემო დამცავი ჯებირის გაძლიერება დაიწყეს: არ არის გამორიცხული ამ სამი კანონის მიღებამ დიდი მღელვარება გამოიწვიოს.