კვირის მიმოხილვა: «We don’t wanna put in»

კვირის მიმოხილვა: «We don’t wanna put in»

ირაკლი ალასანია: მზა ლიდერი მსურველთათვის

  

         გასულ კვირას «ქორთიარდში» გაიმართა ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის პრეზენტაცია. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს მოვლენა სრულებით ახალი სიტყვაა მრავლისმნახველ ქართულ პოლიტიკაში. განვლილი 20 წლის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, პოლიტიკოსს მხოლოდ საკუთარი თავი და მზა «ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი» წარედგინოს საზოგადოებისათვის, ანუ შემადგენლობა, რომელიც ლიდერის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში უმალვე ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მმართველ გუნდს ხელისუფლების საჭესთან.
    დღემდე პოტენციური ლიდერები ამას ვერ ბედავდნენ და არა საკუთარი თავის, არამედ პარტიის პრეზენტაციას მართავდნენ. გასაგებია რატომ: პარტიის პრეზენტაცია მისი პროგრამისა და იდეოლოგიის პრეზენტაციასაც ნიშნავს; ეს კი ბევრად უფრო «თავდაჭერილად» გამოიყურება, ვიდრე მზა «პრეზიდენტისა» და მზა მთავრობის წარდგენა.
    გასულ კვირას ირაკლი ალასანიამ ეს ტრადიცია თვალისდაუხამხამებლად დაარღვია. თანაც, არა მგონია მიზეზი ის ყოფილიყო, რომ პარტიის ახალი სახელწოდება ვერ მოიფიქრეს. მართალია საქართველო რეგისტრირებულ პარტიათა ოდენობით პლანეტარული ლიდერია და ახალი სახელის მოფიქრება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ «ირაკლი ალსანიას გუნდში» კონცენტრირებულ ინტელექტუალურ რესურსს ამ რთული ამოცანის გადაჭრა მაინც არ გაუჭირდებოდა.
    როგორც ჩანს, ნამდვილი მიზეზი სხვაა: ირაკლი ალასანიას არა უბრალოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ქვეყნის, ერის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და ერთგვარი «ზეპარტიულობის» იმიჯის შექმნას ცდილობს. რაც სრულებით არ გამორიცხავს რომელიმე პარტიასთან ან პარტიათა ალიანსთან თუ კოალიციასთან დაკავშირებას.
    ოღონდ არა იმ აზრით, რომ პარტიამ (მაგალითად ახლები-რესპუბლიკელების ბლოკმა) ალასანია და მისი გუნდი «ორთქმავლად» გამოიყენონ, არამედ პირიქით - «ალსანიამ და კ.» გამოიყენოს პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ინსტრუმენტი ძალაუფლების მოსაპოვებლად.
    ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკურ და ექსპერტულ ბომონდს, რომელიც თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი «ქორთიარდში», ქარაგმულად ეუბნება, რომ არავითარ პასუხისმგებლობას არ იკისრებს არც ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ, - გარდა მთელი ქვეყნისა.
    ამიტომაც შეიძლება მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ალასანია საბოლოოდ სწორედ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელის შენარჩუნებას დაუჭერს მხარს.
    სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული იქნება მისი განაცხადი და სტარტი.
    დღევანდელ ვითარებაში გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსური რესურსები შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო თუ პრეზენტაციის შემდგომ გამართული «ალა ფურშეტის» სიმწ        ირეს გავითვალისწინებთ, შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ ქართული ბიზნესი «მზა ლიდერის» პროექტის მისაღებად და მხარდასაჭერად ჯერ არ მომწიფებულა.

 

«We don’t wanna put in»

    

    რუსულ ინტერნეტ-ფორუმებზე ნამდვილი ისტერია ატყდა დისკო-ჯგუფ «სტეფანე და 3g» სკანდალურ ჰიტთან დაკავშირებით, რომელმაც ევროვიზიის მოსკოვურ ფესტივალზე უნდა გაიჟღეროს. ტექსტი მართლაც ქმნის მრავალგვარი გაგების შესაძლებლობას: "We Don’t Wanna Put In - The negative move - It’s killin’ the groove".
    ცოტა არ იყოს კომიკურია, რომ ამ საკითხზე კომენტარებს ყველაზე სერიოზული რუსი პოლიტოლოგები აკეთებენ და საქართველოს ხელისუფლებას «რუსეთის შეურაცხყოფის მცდელობაში» ადანაშაულებენ.
    არადა, მათთვის ამგვარი ტექნოლოგია გასაკვირი და მოულოდნელი ნადვილად არ უნდა იყოს: პუტინის რუსეთში ბოლო დროს თანამედროვე «ფი-არ» ტექნოლოგიებს დიდი ყურადღება ექცევა და ასეულობით მილიონი დოლარიც იხარჯება.
    ამ მილიონებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი წინა «ევროვიზიაზე» დიმა ბილანის ტრიუმფს მოხმარდა, რაც პუტინის რუსეთის მორიგ გამარჯვებად გაფორმდა. ისევე, როგორც ჰოლანდიელთა დამარცხება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ან «ზენიტის» მიერ ევროპული თასის მოპოვება;
    შესაბამისად, მოსკოვშიც არავის უნდა უკვირდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს იგივე «მოედნები» ანალოგიური მიზნით გამოიყენოს: არავის ეპარება ეჭვი, რომ «სტეფანე და 3g» - ს მიმართ ავლაბრის რეზიდენცია «გულგრილი» არ იყო.
    თუკი რუსეთში ასე «შეფუცხუნდნენ» და არასასურველი ალტერნატივების წინაშე აღმოჩნდნენ (ისევე, როგორც სერჟანტ გლუხოვის შემთხვევაში) ეს უკვე სერიოზული წარმატებაა: მართლაც, აკრძალო ჯგუფის გამოსვლა საერთოევროპულ კონკურსზე – «ვაია», ხოლო დაუშვა სიმღერა და მისი წარმატება მედია-სივრცეში, რომელშიც ასეულობით მილიონი ევროპელი მონაწილეობს - «უი»;
    დიმა ბილანის პროდიუსერმა ქალბატონმა სიმღერას «ამორალური» უწოდა. ბუნებრივია, ინგლისურმა ზმნამ Put In რომელსაც ოცამდე ინტერპრეტაცია და მნიშვნელობა აქვს (მათ შორის სექსუალური), ამ ქალბატონში სავსებით კონკრეტული ასოციაცია აღძრა, რაც, კაცმა რომ თქვას, ასეც იყო ჩაფიქრებული ავტორების მიერ.
    მაგრამ ნუთუ მოსკოვში ელოდნენ, რომ ევროვიზიის ეპატაჟურ კონკურსზე ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის ან ლიზი ბაგრატიონის ტიპის მომღერლები გაემგზავრებოდნენ საქართველოდან – შესაბამისი «სალონურ-ინტელიგენტური» რეპერტუარით? მაგალითად «თბილისოს» და «ყვავილების ქვეყანას» იმღერებდნენ?
    თანამედროვე შოუ ბიზნესს საკუთარი ფორმები და ჟანრული კანონები აქვს, რომელშიც ხსენებული დისკო-ჯგუფის ნომერი სავსებით თავსდება, ხოლო თუ ავტორები მოახერხებენ მის შესაბამისად «შეფუთვას» სტილის, იმიჯის, არანჟირების, გაფორმების, საცეკვაო ნომრის, ვოკალისა და შესრულების თვალსაზრისით, - ეს სერიოზული წარმატება იქნება.
    დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი პოლიტიკაა – ფეხბურთით დაწყებული და რეპით თუ დისკოთი დამთავრებული. გააჩნია ნიჭსა და უნარს.
   
   

გალის მოსახლეობა გაგებას ითხოვს
   

   

    გასულ კვირას აფხაზურმა ადმინისტრაციამ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: სამურზაყანოელმა ქართველებმა მარტის დასაწყისამდე უნდა შეიტანონ განაცხადი აფხაზური პასპორტის ასაღებად; შესაბამისად, აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად, რისი აუცილებელი პირობაცაა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა.
    სეპარატისტული ადმინისტრაცია ქართველებს სხვა გამოსავალს უბრალოდ არ უტოვებს, ვინაიდან ერთადერთი ალტერნატივა გალის დატოვებაა ან არალეგალურად ცხოვრება.
    გალიდან მიღებული ცნობებით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე შეიტანა განაცხადი აფხაზური პასპორტის მისაღებად; შესაბამისად, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მედია ამ თემაზე მორცხვ დუმილს ამჯობინებს.
    არადა, ძალიან ძნელია ადამიანებს უსაყვედურო (მით უმეტეს აგვისტოს კატასტროფის შემდეგ) თუკი მათ საკუთარი კერის შენარჩუნება სურთ და არ უნდათ იქცნენ ბოგანოებად – როგორც ასეულობით ათასი სხვა ლტოლვილი აფხაზეთიდან თუ სამხრეთ ოსეთიდან.
    თემის მიჩუმათება კი ქმნის საშიშროებას, რომ ხელისუფლება არასწორ პოზიციას აირჩევს და იმ ადამიანთა «დასჯას» გადაწყვეტს, რომლებიც იძულებულნი არიან მიიღონ სეპარატისტ მოძალადეთა პირობები, რაკი სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს.
    ამ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეემუშავებინა ოფიციალური, ნახევრადოფიციალური ან არაოფიციალური მექანიზმები, რომლებიც იმ ადამიანებს, ვინც სეპარატისტული ძალმომრეობის ქვეშ იძულებულნი გახდნენ ფორმალურად (!) უარი ეთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე – ყველა უფლებას შეუნარჩუნებს.
    ეს მორალურადაც სწორი, ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა და საქართველოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების შესაბამისიც.
   
   

ბენდუქიძე წავიდა – ბენდონომიკა ცოცხლობს
   

   

        სახელმწიფო კანცელარიიდან და, მთლიანობაში, მთავრობიდან კახა ბენდუქიძის წასვლას რა თქმა უნდა ბევრად უფრო სერიოზული წინაპირობები ჰქონდა, ვიდრე მის მიერ, რამდენიმე წლის წინ, ნიკა გილაურის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ტერმინი.
    ბუნებრივია, კახა ბენდუქიძე ჯერ «ჩამოალაბორანტეს» (ესე იგი სახელმწიფო მინისტრობიდან – კანცელარიის უფროსობამდე დააქვეითეს), ხოლო ამჟამად საერთოდ «გაუშვეს» სწორედ იმ მიზეზით, რომ ეს ფიგურა სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნიდა «ფი-არ» თვალსაზრისით, რაკი თანდათან მკვიდრდებოდა მისი იმიჯი, როგორც «რუხი კარდინალისა», რომელიც რეალურად მართავს მთავრობას – განურჩევლად იმისა, ვის უკავია ეს პოსტი ფორმალურად – გრიგოლ მგალობლიშვილს თუ ნიკა გილაურს.
    გარდა ამისა, ბენდუქიძეს ადანაშაულებდნენ «რუსეთის აგენტობასა» და «ქვეყნის გაყიდვაში». მაგრამ სინამდვილეში, კახა ბენდუქიძეს სრული საფუძველი აქვს თქვას, რომ «იგი წავიდა, მაგრამ საქმე მისი ცოცხლობს».
    რეალურად, კახა ბენდუქიძემ მოასწრო თავისი ოცნების განხორციელება, რომლის არსია «გავყიდოთ ყველაფერი – სინდისის გარდა». ზოგიერთი ცნობით, მიუხედავად ბენდუქიძის გადადგომისა, ხელისუფლება მაინც აპირებს დარჩენილი სახელმწიფო ქონების ყველაზე გემრიელი ნაჭრების (მათ შორის რკინიგზის და ენგურჰესის) განსახელმწიფოებრივებას.
    ამდენად, კახა ბედუქიძის მიერ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სისტემები და მის მიერ შექმნილი «ტრენდი» იმუშავებს იმისდა მიუხედავად, ექნება თუ არა მის ავტორს რაიმე ოფიციალური სტატუსი ხელისუფლებაში.
    ანუ, «საქმე მისი» ცოცხლობს, ხოლო «ბენდონომიკა» - ვითარდება

 

ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის «სატელიტებს» ქარაგმულად ამხელს.

       

        ნინო ბურჯანაძის პარტია «დემოკრატების» ბოლო განცხადებაში ყურადღებას იპყრობს პასაჟი, რომელიც ოპოზიციის რიგებში მოქმედ «ხელისუფლების ფარულ სატელიტებს» ეხება.
    განცხადების კონტექსტში იგულისხმება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციაში ჩამალული «ფარული სატელიტების» მეშვეობით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი საგაზაფხულო კამპანიის დროს.
    ვის გულისხმობდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე? აქვე შევნიშნავთ, რომ აშკარად არ გულისხმობდა საპარლამენტო ოპოზიციას, ვინაიდან ეს კატეგორია მის განცხადებაში მოხსენიებულია როგორც «ფსევდოოპოზიცია» და არა «სააკაშვილის სატელიტები»
    ვარაუდის გამოთქმას ვერავინ დაგვიშლის. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე «სააკაშვილის ფარულ სატელიტებში» გულისხმობდა, პირველ რიგში, «რესპუბლიკელებს», ვინაიდან ეს პარტია არ ეთანხმება მასობრივი აქციების გამართვას ხელისუფლების «გადაგდების» მიზნით (რასაც ბოლო დროს გამწარებით მოითხოვს ექსთავმჯდომარე) და არ გამორიცხავს ხელისუფლებასთან კომპრომისს, ანუ საარჩევნო კოდექსის შეცვლის შემთხვევაში არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობას.
    ნინო ბურჯანაძეს კი სურს პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს და საამისოდ მოკავშირეები სჭირდება. «რესპუბლიკელთა» შეფასებაში იგი იმ დებულებით ხელმძღვანელობს, რომ «რესპუბლიკური პარტია» სინამდვილეში ყველაზე ზომიერი ოპოზიციური ძალა იყო 2007-2008 წლების მოვლენათა დროს და «გაერთიანებულ ოპოზიციაში» საკუთარი გავლენა მაშინ იმისათვის გამოიყენა, რათა ორივე კრიტიკულ მომენტში (2007 წლის 2 ნოემბერს, აგრეთვე 2008 წლის 13 იანვარს) გამძვინვარებული მასა დაეკავებინა და სახელმწიფო კანცელარიის თუ რუსთაველის გამზირის ნაცვლად იპოდრომისკენ დაეძრა.

 

13 თებერვალი – 20 თებერვალი 2008 წელი