საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აპრილი. 2024 წელი

პუტინის უსინდისო და უტიფარი ტყუილები აშკარავდება: „კროკუს ჰოლის“ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ, პუტინი და მისი „ძალოვანები“ აცხადებდნენ, რომ ამერიკული სპეცსამსახურებისგან კი მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, თუმცა „ამერიკელებმა კონკრეტული ადგილი და დრო არ გვითხრესო“.

ახლა კი ირკვევა, რომ ადგილიც უთხრეს (რომ კონკრეტულად ამ დარბაზზე იქნებოდა თავდასხმა) და დროც კი დაუსახელეს.

ამის შესახებ, თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს ამერიკული რესპექტაბელური The Washington post.

6 მარტს, ანუ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა მოწოდება ამერიკელი მოქალაქეების მიმართ: კონცერტებზე (!) თავდასხმებია მოსალოდნელი და საკონცერტო დარბაზებს ერიდეთო.

ბუნებრივია საელჩო ღიად მეტს ვერ იტყოდა, რათა ამერიკულ სპეცსამსახურთა წყაროები არ გაეთქვა, მაგრამ დახურული არხებით რუსული სპეცსამსახურები ხომ გააფრთხილა CIA-მ?

მეტი რა უნდა ექნათ?

არაპროფესიონალი უგერგილო იდიოტები თუ არიან პუტინის ძალოვანები ეს ამერიკის ბრალია?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 საოცარი ინფორმაცია: გერმანიის საბაჟომ, ერთ-ერთ გერმანულ პორტში დააკავა რუსული გემი Атлантик Навигатор 2, რომელსაც, რუსეთიდან......ამერიკაში გადაჰქონდა დიდი რაოდენობით გამდიდრებული (!) ურანი.

როგორც ჩანს ატომურ ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად.

იმდენად მომგებიანია ამ სფეროში რუსებთან თანამშრომლობა, რომ ამერიკამ, ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსული ურანი არ დაასანქცირა!

ჰოდა გერმანიამ დააპატიმრა: გერმანელები ამბობენ, რომ ამ გემს ამერიკაში არ გაუშვებენ.

გემი იძულებით შევიდა გერმანულ პორტში მას შემდეგ, რაც ყინულოვან წყლებში გავლისას ძრავა დაუზიანდა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის „თავმჯდომარე“ სი ძინპინს.

ზოგადად, მაღალ დიპლომატიაში მხარეები არ ამხელენ ხოლმე, ვინ ანუ რომელი მხარე იყო საუბრის ინიციატორი.

ეს დაუწერელი კანონია და განეკუთვნება „დიპლომატიური ეთიკის“ ნორმებს.

თუმცა სხვადასხვა ნიშნით შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატორი სწორედ ამერიკული მხარე გახდა: ჯო ბაიდენი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა პირველად 2022 წლის შემდეგ.

„თეთრმა სახლმა“ კომუნიკაციის მოტივი ახსნა „ინტენსიური დიპლომატიის აუცილებლობით მზარდი კონკურენციის პირობებში“

ძალიან ნიშანდობლივი ფორმულირებაა.

აქედანაც ხდება ნათელი, რომ სწორედ ბაიდენმა გადაწყვიტა დაერეკა სი-სთვის.

„თეთრ სახლს“ არც საუბრის შინაარსი დაუმალავს და ესეც მეორე ნიშანია: „ტაივანი“, „რუსეთის დახმარება“, „კიბერუსაფრთხოება“ „ეკონომიკა და პროტექციონიზმი“.

თავის მხრივ, ჩინურმა ოფიციოზმაც გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სი ძინპინმა „წითელი ხაზი“ უწოდა ტაივანს და გააფრთხილა ამერიკის პრეზიდენტი: ჩინეთი სეპარატიზმის მხარდაჭერას არ შეურიგდება

თუმცა, ობიექტური დამკვირვებლებისთვის გაუგებარია, რაღა „წითელ ხაზებს“ გულისხმობდა ძინპინი?

ამერიკა ღიად აწვდის იარაღს ტაივანს და აცხადებს, რომ პირდაპირ, უშუალოდ დაიცავს მას ჩინური შესაძლო აგრესიისგან......

როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ ჩინეთი პირდაპირ აგრესიას განახორციელებს, თუ ამერიკა ოფიციალურად ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას.

დღეს აშშ ოფიციალური პოზიცია ისაა, რომ ტაივანის დამოუკიდებლობას არ ცნობს, თუმცა იარაღს აწვდის და აგრესიის შემთხვევაში დაიცავს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

The Telegraph, რომელიც ხშირად უთმობს სივრცეს კვალიფიციურ სამხედრო ექსპერტებს, ამჯერად აქვეყნებს Tom Sharpe-ის ტექსტს სათაურით „Putin’s hypersonic ‘Zircon’ super-weapon has now seen combat. As a specialist, I’m not impressed“ („პუტინის ზებგერითი სუპერ-რაკეტა „ცირკონი“ უკვე თვალსაჩინოა ბრძოლაში და არც ისე შთამბეჭდავია ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის“)

ავტორი წერს, რომ 2018 წელს პუტინმა რუსული პარლამენტის წინაშე გამოსავლისას ბევრი იტრაბახა Циркон და Кинжал ვითომდაც ზებგერითი რაკეტების უპრეცედენტულობით და ვითომ უნიკალურობით, თუმცა ეს ყოველივე ჩვეულებრივი რუსული PR აღმოჩნდა, ხოლო რეალურად ორივე მოდიფიკაცია ულტრაზებგერითია (5-8 მახი ანუ ხმის სისწრაფე) მხოლოდ სტრატოსფეროში გადაადგილებისას, - - - - -  როდესაც მიწას უახლოვდებიან, ჩვეულებრივ ფრთოსან რაკეტად იქცევიან, რომლებსაც.....ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot იოლად აგდებს.

ჩამოაგდო უკვე რამდენიმე ეგზემპლარი, რომლებიც პენტაგონშია გადაგზავნილი შესასწავლად.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონში არსებული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ აქვეყნებს უახლეს ცნობებს ავდეევკასთან რუსული შეტევის შესახებ.

როგორც ცნობილია, ავდეევკას დაპყრობა რუსულმა საოკუპაციო არმიამ გასულ თვეში შეძლო მასირებული შეტევის შედეგად.

მას შემდეგ რუსული არმია ცდილობს წინ წაიწიოს დონბასის სიღრმეში და 29 მარტიდან წამოიწყო შეტევა გაძლიერებული ბატალიონ-ტაქტიკური მექანიზებული დაჯგუფების გამოყენებით, თუმცა ეს შეტევა 2 აპრილისთვის სრული კრახით დასრულდა: რუსებმა დაკარგეს 12 ტანკი და 8 ჯავშანმანქანა რაც ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფისთვის დიდი დანაკარგია, როდესაც შეტევაში სულ 40 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს.

„ინსტიტუტის“ სპეციალისტები თვლიან, რომ ეს შეტევა და მისი კრახი სასარგებლოა მოდელირებისათვის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ზაფხულში, როცა პუტინი დონბასზე დიდ შეტევას გეგმავს.

და ისიც ნათელი ხდება, რომ როდესაც უკრაინელები ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს „ბოლომდე იცავენ“, პარალელურად ამზადებენ ახალ  პოზიციებს, რათა უკან დახევის შემთხვევაში ისინი აქტიურად გამოიყენონ - რაც მოხდა ამ  ავდეევაკსთან და შარშან მოხდა ბახმუტთან.

ორივე დაიპყრო პუტინმა, თუმცა შემდეგ, როცა ამ „წარმატების“ განვრცობა სცადა, ორივეგან....„მოხვდა დინგში“ ახალი თავდაცვითი პოზიციებიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ქვეყნიდან გააგდოს ტელეკომპანია Al Jazeera, რომელიც კატარიდან მაუწყებლობს

ნეთანიაჰუს თქმით, ეს რესურსი „ახალისებს ტერორიზმს“ და აგულიანებს ტერორისტებს ისრაელის, ასევე ისრაელის სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

Al Jazeera-ს ქვეყნიდან გაგდებისას (იერუსალიმში, ტელ ავივში და ღაზაში აქვს ოფისები) ისრაელის ხელისუფლებას დაეხმარება კანონი, რომელიც ახლახან მიიღო ისრაელის ქნესეთმა - პარლამენტმა.

აქ უცნაური ის კი არ არის, რომ ნეთანიაჰუს მოთმინების ფიალა აევსო, არამედ ის, რომ მას ასე გვიან აევსო მოთმინების ფიალა....... განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ Al Jazeera-ს მაუწყებლობა დიდი ხნის წინ აკრძალეს „ისლამური საძმოს“ ფუნდამენტალისტური მოძრაობის მხარდაჭერისთვის.

ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ Al Jazeera როგორც ტექნოლოგიური, ასევე სუფთად პროფესიონალური თვალსაზრისით უმაღლესი კლასის მაღალკვალიფიციური რესურსია.

გუშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის სფოუქსპერსონ მეტიუ მილერს ჰკითხეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ, მან სუფთად „ამერიკული“ პასუხი გასცა, რაც გამომდინარეობს სიტყვისა და გამოხატვის ღირებულების მიმართ ამერიკის შეუვალი პატივისცემიდან: „U.S. does not always agree with Al Jazeera's coverage, but respects its work“.

ანუ შემოკლებით თუ ვიტყვით: არ ვეთანხმებით, როგორ აშუქებს  Al Jazeera მოვლენებს, თუმცა პატივს ვცემთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მიაწოდოს ისრაელს 50 ერთეული ავიაგამანადგურებელი F-15 

მთლიანობაში 18 მილიარდი დოლარის ღირებულებისა - აღჭურვილობასთან და მფრინავთა ტრენინგთან ერთად.

ეს ნაბიჯი ადასტურებს, როგორ შეუძლია თეთრ სახლს  დახმარება აღმოუჩინოს სტრატეგიულ მოკავშირეს იმის მიუხედავადაც კი, რომ ისრაელის ფინანსური დახმარება, ისევე როგორც უკრაინის ფინანსური დახმარება კვლავინდებურად „გაჭედილია“ კონგრესში.

F-15  შედარებით ძველი მოდიფიკაციაა, თუმცა მაინც მრისხანე იარაღია, ბომბდამშენადაც გამოიყენება ისევე, როგორც ჰაერი-მიწა ფრთოსანი რაკეტების გამშვებად და რაც მთავარია, ამ ოდენობით (!) მისი მიწოდება ისრაელისთვის ზრდის ისრაელის არმიის, ცახალის შესაძლებლობას, დაბომბოს ირანის ბირთვული ობიექტები.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 ირკვევა, რომ ისრაელის ბოლო წარმატებული სპეცოპერაციისას სირიის ტერიტორიაზე, ირანის საკონსულოში (საელჩოში) მოკლული 7 ირანელი სამხედროდან ერთ-ერთია Mohammad Reza Zahedi - ირანული სპეცდანის მეთაური, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირანელი სამხედრო იყო.

ეს ყველაზე დიდი დანაკარგია ირანული არმიისთვის მას შემდეგ, რაც 2020 წელს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ დრონმა გაანადგურა „ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ მეთაური, ლეგენდარული  გენერალი ყასიმ სულეიმანი.

აქ ერთი ზოგადი დასკვნა გარდაუვალია: დავაკვირდეთ, თუ რამდენად ღრმადაა „ჩართული“ ირანის არმია და მისი სპეცდანი სირიაში (ისრაელის მახლობლად), რომ იქ ამ რანგის ირანელი გენერალი იმყოფებოდა საკონსულოს (საელჩოს) ტერიტორიაზე!!!

ვერავინ გაიგებდა თითქოს, მაგრამ ......მოსადმა ყველაფერი იცის - ვინ, როდის, სად.....

მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურია უდავოდ.