საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ივლისი. 2024 წელი

ამერიკის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ განაცხადა, რომ ამერიკის ანტირუსული სანქციების მიზანი არ არის „ცხოვრება გაურთულონ უბრალო რუსებს“, არამედ ეს სანქციები მიზნად ისახავს მუშაობა გაურთულოს მხოლოდ სახელმწიფო აპარატსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. (ციტატის დასასრული)

 აი, სწორედ  ასეთი მიდგომის გამოა, პუტინი რომ აგრძელებს ომს უკვე მესამე წელია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ფინეთის პრეზიდენტმა, Alexander Stubb-მა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს „ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია დაასრულოს პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“

ამაში არც არავის ეპარება ეჭვი, რადგან სწორედ ჩინეთი უზრუნველყოფს პუტინის „სტამინას“ მიმდინარე აგრესიის დროს: ანუ იმას, რომ „უბრალო რუსები“ არანაირ დისკომფორტს არ განიცდიან, როცა მათი სახელმწიფო აგრესიულ ომს აწარმოებს და ცხოვრობენ, „ვითომც აქ არაფერი“.

ოღონდ.....აქ თუ ბოლომდე ობიექტურნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთმაც რაღაც უნდა შესთავაზოს სი-ს ისეთი, რაც მეტი იქნება ვიდრე ეკონომიკური სანქციების მუქარა, რასაც დასავლეთი მაინც ვერ ახერხებს, რაკი მეტისმეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე თვითონაც ბოლო 25 წლის პოლიტიკის შედეგად.

რა უნდა შესთავაზოს?

ალბათ არა იმდენად გეოპოლიტიკური დივიდენდები, რამდენადაც ეკონომიკური ბენეფიტები.

ჩინელებს უყვართ ფული და ფულის თვლა გერმანელებზე ნაკლებ როდი ისწავლეს ამ მეოთხედი საუკუნის მანძილზე!

 

ჯერ-ჯერობით კი, დასავლური მედიის ცნობით, რუსეთი და ჩინეთი იწყებენ ირანული „შაჰიდ“-ის ტიპის დრონების გამოშვებას.

ათი ათასობით ასეთი უპილოტო აპარატი უნდათ გამოუშვან და აქ სტრატეგიული მიდგომა ჩანს: „შაჰიდ“ - ის კლასის დრონები ნაკლებ ეფექტურია, მათ იოლად იგერიებს უმრავლეს შემთხვევაში უკრაინული „საზენიტო“; სამაგიეროდ ბევრია და რაც მთავარია იაფია. შესაბამისად უკრაინის და მის მოკავშირეთა „რესურსხარჯვითი“ თვალსაზრისით არის „გამოყენებადი“ აგრესორის მხრიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „სფოუქსპერსონმა“ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი „უპასუხებს“ ფინეთის გადაწყვეტილებას, დაუთმოს ამერიკას და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებს თავისი სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ობიექტები.

სულ იგულისხმება 15 სხვადასხვა ობიექტი ფინეთის სუევრენულ ტერიტორიაზე,  რასაც ძირითადად ამერიკელები გამოიყენებენ.

და რა შეიძლება ამას რუსებმა დაუპირისპირონ? სამხედრო-საზღვაო ბლოკადას უბრალოდ ვერ გაბედავენ.

 ერთადერთი...... „ისკანდერის“ რაკეტები დაუმიზნონ ფინეთს, თითქოსდა აქამდე არ ჰქონოდათ დამიზნებული.

ეს, ზოგადად, რუსული PR-სტრატეგიაა ევროპაში ბრეჟნევის ეპოქიდან მოყოლებული - „სასარგებლო იდიოტებზე“ გათვლით; „არა, ადრე არ გვქონდა დამიზნებული და ახლა, თუ ამერიკულ რაკეტებს Pershing-2 განალაგებთ, აუცილებლად დაგიმიზნებთ ჩვენს რაკეტებსო“.

ჯერ ერთი (ვიმეორებ) „სასარგებლო იდიოტებზეა“ გათვლილი და მეორე კიდევ დასავლურ ელიტათა იმ ნაწილზე, მეტისმეტად ხშირად რომ თამაშობენ ხოლმე „დებილობანას“.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა წყალქვეშა ნავებმა ტორპედოს სროლები მოაწყვეს ბალტიის ზღვაში.

წყალქვეშა ნავებიდან Новороссийск და Дмитров.

ორივე სერიოზული ხომალდია და სარაკეტო შეიარაღებაც აქვთ; ოღონდ რუსეთი ჯერ-ჯერობით ვერ ბედავს ბალისტიკური რაკეტების სროლას ბალტიის ზღვაში - მისი ძალიან ინტენსიური საჰაერო და საზღვაო ნავიგაციით.

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრების შემდეგ ბალტიის ზღვა აღარ არის „რუსეთის შიდა ზღვა“, როგორც სსრკ-ს ანუ ცივი ომის ეპოქაში უწოდებდნენ მას.

ახლა ფინეთი და შვედეთი უკვე მთლიანად „ხურავენ“ ამ ზღვას: საკმარისია დანიამ და შვედეთმა (უკვე ორივე ალიანსის წევრია) დაკეტონ ვიწრო სრუტე ბალტიის ზღვიდან მსოფლიო ოკეანისკენ, რომ ეს ზღვა რუსული ფლოტისთვის „ტომარად“ იქცევა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა „პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლავროვის უწყების ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მისი ფოტოს გამოქვეყნებას.

ლე პენმა განაცხადა, რომ სულაც არ უჭერს მხარს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუშვებს ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გავლენიანი და ინფორმირებული ბრიტანული (ლონდონური) The telegraph წერს, რომ NATO-ში მზადაა „მესიჯ-ბოქსი“, რითაც აპირებენ მომავალ საიუბილეო სამიტზე (75 წელი) უპასუხონ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნას მისი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესახებ: „კორუფციის წინააღმდეგ მეტ ძალისხმევას მოვითხოვთ თქვენგანო“.

ეს აბსოლუტურად არაგულწრფელი და პირდაპირ თუ ვიტყვით, უპატიოსნო არგუმენტია: NATO-ს ზოგიერთ ახალ წევრ სახელმწიფოში კორუფციის პრობლემა არანაკლებ მწვავეა, ვიდრე უკრაინაში, მაგრამ....

ნამდვილი მიზეზი რაც არის, რის გამოც თავს იკავებს ალიანსი უკრაინის წევრობისგან, „არაკომფორტულია“  გასაჟღერებლად NATO-ს პრესტიჟიდან გამომდინარე“: პუტინის შიში და სამართლიან ომში არჩაბმის დაუოკებელი სურვილი.

არადა, გარდა სრულუფლებიანი წევრობისა, ძლიერი Message იქნებოდა ამ საიუბილეო სამიტზე უკრაინისთვის მიენიჭებინათ MAP (Membership acting plane) რაც NATO-ს წესდების არც ერთ პუნქტს არ დაარღვევდა.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ „ბლოკგარეშე მოკავშირის“ ინსტიტუტი.

ეს სტატუსი ჰქონდა თავის დროზე ავღანეთის პროდასავლურ ხელისუფლებას, სანამ თალიბები დაამხობდნენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში გავრცელებული არაკომპეტენტური აზრის მიუხედავად, სინამდვილეში NATO-ს წესდების არც ერთი პუნქტი პირდაპირ არ კრძალავს ალიანსში იმ ქვეყნის მიღებას, რომლის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული.

ერთ-ერთ პუნქტში სხვა ჩანაწერია (შინაარსით იგივე, თუმცა მაინც სხვა): „NATO-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლის წევრობამ შესაძლოა რაიმე მოუტანოს ალიანსის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას“.

ეს არის და ეს.

ოღონდ ამ ჩანაწერის ფართო ინტერპრეტაცია ხდება..... ანუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა შეამცირებს და არ გაზრდის NATO-ს უსაფრთხოებას.

ყველაზე ცინიკურად ეს გარემოება  2009 წელს გამოხატა საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

როდესაც ჰკითხეს ალიანსში საქართველოს შესაძლო წევრობის შესახებ, მან სიტყვა-სიტყვით განაცხადა: „ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემების იმპორტს“.

და NATO-ში, სამწუხაროდ, დღემდე არიან ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინის გაწევრებაც „პრობლემათა იმპორტია“.

როგორც ჩანს ისინი თვლიან, რომ „ნაკლები პრობლემაა“ პუტინის ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 Business insider წერს ნიდერლანდური De Telegraaf-ის დამოწმებით, რომ უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს ნიდერლანდისგან 24 ამერიკული წარმოების თვითმფრინავ F-16s.

ნიდერლანდმა უკვე გასცა საექსპორტო ლიცენზია - ამერიკელი მწარმოებლის თანხმობით. მის გარეშე გამორიცხული იქნებოდა. აქ მსოფლიო იარაღის ბრუნვა ძალიან მკაცრი წესებით რეგულირდება: „მეორადი ექსპორტი“ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებლის თანხმობით.

მწარმოებელი კი ამერიკაა.

იმავე წყაროთა ცნობით, სულ უკრაინა 85 F-16s-ს მიიღებს ნიდერლანდისგან, დანიისგან, ბელგიისგან.

სამხედრო ექსპერტები წერენ, რომ ეს თვითმფრინავები გარდატეხას ვერ შეიტანენ ომის მიმდინარეობაში, რაკი ავიაციას სჭირდება უდიდესი დამხმარე „ინფრასტრუქტურა“ მიწაზე რადარებისა და სარემონტო ბაზების სახით;

 თუმცა......ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ რუსული შეტევის შეფერხება დონბასზე. უპირველეს ყოვლისა რუსული თვითმფრინავების მიერ „პლანირებადი/მოფარფატე“ 3 ტონიანი ბომბების ვერგამოყენების თვალსაზრისით;

 გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო თანხმობა, ეს თვითმფრინავები აამოქმედოს  სამხედრო ობიექტების (!) წინააღმდეგ რუსეთის მიმდებარე რაიონებში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

Reuters აქვეყნებს სენსაციურ ინფორმაციას, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, აპრილში, კალინინგრადის რუსულ სამხედრო -საზღვაო ბაზაზე ანუ ბალტიის ზღვაზე ჩაატარა უნიკალური ოპერაცია და რუსული სარაკეტო ხომალდი ააფეთქა!

პირველი ამგვარი ოპერაციაა უკრაინული სპეცსამსახურებისა არა შავ ზღვაზე, არამედ.....ბალტიის ზღვაზე!

ამ დივერსიისთვის გამოიყენეს რუსული სარაკეტო ხომალდის („Серпухов“) ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ჯერ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში გაიქცა.

„მანდაც  მოგწვდებით“ - ეს არის უკრაინული სამხედრო დაზვერვის Message რუსებს.