საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ოქტომბერი. 2024 წელი
დგება საერთაშორისო ინსტიტუტების გამოცდის ჟამი. პუტინმა მოახერხა ძალიან რთული პრობლემის შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინსტიტუტის - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (International criminal court) გარშემო.
იმდენად, რომ თუ ახლა ICC ვერ მოახერხებს თავისი რენომეს დაცვას, იგი მთლიანად ჩამოიშლება და განადგურდება.
საქმე ის გახლავთ, რომ სექტემბერში პუტინი დემონსტრაციულად ჩავიდა მონღოლეთში, რომელიც ამ სასამართლოს სრულუფლებიანი წევრია.
ICC წესდებით, მონღოლეთი ვალდებული იყო დაეპატიმრებინა პუტინი, რაკი ჰააგას სასამართლომ რუსი ავტოკრატის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გასცა მისი დაპატიმრების სანქცია უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ბუნებრივია, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა მონღოლეთის ხელისუფლება, რომ თუ გაბედავდნენ მისთვის „თითის დაკარებას“, შედეგი მონღოლეთისთვის იქნებოდა უმძიმესი.
შესაბამისად წინასწარ მიიღო გარანტიები.
ოღონდ მონღოლეთს ხომ შეეძლო ისევე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა მაგალითად სამხრეთ აფრიკა, სადაც პუტინი არ ჩავიდა G20 სამიტზე?
აფრიკელებმა სთხოვეს:“ „უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაგვაგდებ, დისტანციურად მიიღე მონაწილეობა სამიტშიო“ და....პუტინმაც გადაიფიქრა.
რატომ არ შეიძლებოდა მონღოლეთსაც ეთქვა იგივე?
იმიტომ, რომ აფრიკის ამ უმდიდრეს, უძლიერეს სახელმწიფოს - რუსეთი, მისი საწყალობელი ეკონომიკა და პოლიტიკური მხარდაჭერა დიდად არ სჭირდება. ან შეიძლება ითქვას, საერთოდაც არაფერში სჭირდება.
აი მონღოლეთი კი რუსეთის მეზობელია და......ჩინეთის მეზობელიცაა!
მონღოლეთის ელიტები ძალიან ფრთხილ და რთულ თამაშს აწარმოებენ ორივე სახელმწიფოსთან, ცდილობენ ბალანსი დაიცვან და არ გადადგან ნაბიჯები, რაც ამ ბალანსს დაარღვევს დასავლეთთან მიმართებაში: ICC დასავლურ ინსტიტუტად ითვლება და სამართლიანადაც ითვლება.
დასავლეთი შორსაა მონღოლეთიდან. ჩინეთი და რუსეთი კი იქვეა.
შესაბამისად, მონღოლეთს არ შეეძლო ამ პროვოკაციულ ვიზიტზე უარი ეთქვა პუტინისთვის. მით უმეტეს იგი დაეპატიმრებინა.
მაგრამ ახლა უკვე ICC მოითხოვს მონღოლეთის საკითხი განიხილოს „რომის სტატუტის“ (1998წ - ამ დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა ეს სასამართლო) ხელმომწერ სახელმწიფოთა ასსამბლეამ.
და მონღოლეთი შეიძლება კიდეც გარიცხონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან, რაც მისთვის დიდი უბედურება იქნება.
მონღოლებს რუსეთის (მით უმეტეს ჩინეთის) უფრო ეშინიათ, ვიდრე ევროპის!
ICC ევროპული ინსტიტუტია უფრორე, თუმცაღა გლობალური იურისდიქცია აქვს.
ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად, „რომის სტატუტს“ არ შეერთებიან. საერთოდ არ მოუწერიათ ხელი და ამას ორი სისტემური მიზეზი ჰქონდა:
ა) ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ავრცელებს თავის პოლიტიკას და ვერ დაუშვებს, რომ მისი სახელმწიფო მოღვაწეები, მისი სამხედროები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები აღმოჩნდნენ დაპატიმრების საფრთხის ქვეშ ან თავად გახდეს იძულებული, დააპატიმროს ნებისმიერი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელი თავის ტერიტორიაზე.
რომან პოლანსკის ფილმში „ჩრდილოვანი მწერალი“ (The ghost writer) დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტონი ბლეერის პროტოტიპი სწორედ ამერიკას აფარებს თავს, რაკი დიდი ბრიტანეთი არის ICC რომის სტატუტის წევრი, ხოლო ამერიკა - არა
ბ) ICC განსაკუთრებით ებრძვის ისრაელს, რომელიც ამერიკის სტრატეგიული, აბსოლუტურად შეუდარებელი მოკავშირეა.
რუსეთმა „რომის სტატუტს“ ხელი მოაწერა 2000 წელს, თუმცა რატიფიცირება არ განუხორციელებია და მოგვიანებით პუტინმა ეს ხელმოწერა საერთოდაც გაიწვია.
რატომ შეუერთდა სტატუტს მონღოლეთი?
ჯერ ერთი იმიტომ, რომ პრესტიჟულია ამ კლუბში ყოფნა ანუ პრესტიჟი კი უნდათ, პასუხისმგებლობა და პრობლემები - არა!
მეორეც, 1998 წელს ვინ იფიქრებდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებდა?
ახლა თუ ICC ასამბლეამ ვერანაირი ზომა ვერ მიიღო მონღოლეთის წინააღმდეგ, ეს მის არათუ პრესტიჟს არამედ სტატუსს (რაც ბევრად მნიშვნელოვანია სინამდვილეში) ძალიან ძლიერად დაარტყამს.
თუ გარიცხავენ მონღოლეთს, ამითაც შეიქმნება არასასურველი პრეცედენტი.
შემდეგ, შესაძლოა მსგავსი პრეცედენტები სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებზეც გავრცელდეს.
პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან რომის სტატუტს შეუერთდნენ ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველო, ტაჯიკეთი, სომხეთი (!) და უკრაინა.
მოაწერეს სტატუტს ხელი, მაგრამ რატიფიცირება არ მოახდინეს უზბეკეთმა და ყირგიზეთმა.
არ მოაწერეს ბელორუსიამ, აზერბაიჯანმა (! - იმიტომ, რომ ყარაბაღი ჰქონდა დასაბრუნებელი), ყაზახეთმა და თურქმენეთმა (ამ უკანასკნელმა: „მე ნეიტრალური სახელმწიფო ვარო და....-დ)
რუსეთმა, როგორც მოგახსენეთ, მოაწერა, მაგრამ რატიფიცირება გადადო და მერე საერთოდ გაიწვია ხელმოწერა. დიპლომატიის ენაზე „ხელმოწერის დეზავუაცია განახორციელა“.
საერთოდ რომ შეუერთდა 2000 წელს რუსეთი ICC-ს ესეც ნიშანდობლივია სხვათა შორის:
2 000 წელს პუტინი ჩუმ-ჩუმად დასავლეთს (პრეზიდენტ ბილ კლინტონს, მერე ჯორჯ ბუშს) NATO-ში მიღებასაც კი სთხოვდა!!!
ეს არ არის მითი - ისტორიული რეალობაა.
ოღონდ.....„ვეტო“-ს უფლება უნდა ჰქონოდა უკრაინის და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მიღებაზე.
„ნურას უკაცრავად“ - უთხრეს ამაზე პუტინს დასავლელმა ლიდერებმა.
არც ამერიკას აწყობდა მისი ატომური არსენალის ტოლფასი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს მიღება ალიანსში, სადაც ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი 80%-ია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკომ ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა მოსკოვურ გაზეთ Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ბელორუსი არ აპირებს და არც შევა რუსეთის შემადგენლობაში!“ - მკვახედ მოუჭრა ლუკაშენკომ გაზეთის კორესპონდენტს.
მაშასადამე, ასეთი „სიგნალები“ მოსკოვიდან არსებობს ხომ?
არის და იყო კიდეც!
„ეს ომს გამოიწვევს, ხოლო ბელორუსებს პარტიზანული ომების დიდი გამოცდილება აქვთო“ - განაგრძო ლუკაშენკომ ისე, თითქოს ტავად გარეშე დამკვირვებელია.
სხვათა შორის ამას პირველად არ ამბობს: პუტინთან მისი „ბალანსირების“ და „ქვემძრომ-გამოძრომების“ პოლიტიკის ჩარჩოში ლუკაშენკოს ადრეც ბევრჯერ უთქვამს, რომ ბელორუსმა მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანობის დიდი გამოცდილება მოიპოვა და თუ ვინმე გაბედავს სცადოს მისი დაპყრობა.......
ანუ, ერთის მხრივ რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღი განალაგა ბელორუსიაში, რუსეთს ეკონომიკურად „წველის“, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: 1990 იან წლებში რუსი რეფორმატორები (ჩუბაისი და კომპანია) წინააღმდეგნი იყვნენ რუსეთი ბელორუსს ისე დახმარებოდა, როგორც ახლა ეხმარება: „შევქმნათ ახალი საბჭოთა კავშირი და მაშინ სხვა იქნებაო“.
ოღონდ იმ დროს (ელცინის ეპოქაში) ამაზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალმა რესპუბლიკებმა (უპირველესად თათრეთმა-თათარსტანმა) იყვირეს: „თუ რუსეთ-ბელორუსის ახალი „საბჭოთა კავშირი“ შეიქმნება, მაშინ ჩვენც მოვინდომებთ ამ ახალ კავშირში შესვლას პირდაპირ, უშუალოდ (!) და არა როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებიო“, რაც რუსეთს დაშლას უქადდა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ბელორუსებმა ლაპარაკი „თანასწორუფლებიან კავშირზე რუსეთსა და ბელორუსს შორის“ ანუ Союзное государство, რომელშიც ლუკაშენკოს და პუტინს თანაბარი ხმის უფლება აქვთ.
სწორედ ესაა ლუკაშენკოსთვის ხელსაყრელი მოდუს ვივენდი: ბელორუსი „წველის“ რუსეთს, ოღონდ სუვერენიტეტს არ თმობს და საწარმოთა პრივატიზების საშუალებასაც არ აძლევს რუსულ კაპიტალს.
რაღაცით ჰგავს აფხაზური ელიტების დამოკიდებულებას: აფხაზეთის სეპარატისტული ელიტებიც თანხმდებიან რუსული სამხედრო ბაზების არსებობას მათ ტერიტორიაზე, მაგრამ რუსულ კაპიტალს არ უშვებენ და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასაც არ ყაბულდებიან.
ტექნოლოგია იგივეა.
თუმცაღა ბელორუსისა და აფხაზეთის სტატუსი - განსხვავებული რასაკვირველია.
დაახლოებით 20 წლის წინ პუტინს ეს თამაში მოსწყინდა და ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე (ლუკაშენკოსთან) განაცხადა: „რა გაგვიჭირეთ საქმე ამ „სამოკავშირეო სახელმწიფოთი? თუ სსრკ გენატრებათ ბელორუსებს, სსრკ-ში არ ყოფილა ორი არმია, ორი ვალუტა, ორი სასაზღვრო.....მაშინ დაიშალოს ბელორუსი ოთხ ისტორიულ ოლქად და ცალ -ცალკე შემოვიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშიო“.
სიტყვა-სიტყვით ასე თქვა. ეს ინტერპრეტაცია არ არის.
ლუკაშენკოს იმ პრეს-კონფერენციაზე ხმა არ მოუღია, თუმცა მერე კი იყვირა: „ეს რა გავიგონე, ნეტავ არ გამეგო, ბელორუსია დამოუკიდებლობას არ დათმობსო“.
ბოლო ინტერვიუში, რასაც განვიხილავთ, ლუკაშენკომ ისიც განაცხადა, რომ უკრაინის დაპყრობა რუსეთს ბევრს არაფერს მისცემს.
„კარგით, დაიპყარით. მერე რას აკეთებთ? როდემდე? იქ ხომ პარტიზანული ომი იქნება?“ - კითხულობს ლუკაშენკო ისე, თითქოს ტავად არაფერ შუაშია, თიტქოს რუსეთს ბელორუსიის ტერიტორიიდან არ შეუყვანია უკრაინაში ჯარი კიევის დასაპყრობად, თიტქოს ბელორუსსი აეროდრომებიდან არ ბომბავს რუსუილი არმია უკრაინას, ვითომდაც ბელორუსიიდან არ ესვრიან „ისკანდერის„ რაკეტებს უკრაინის ქალაქებს და ა.შ და ა.შ
თუ ლუკაშენკოს „ყნოსვის უნარს“ გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს ჯერ ერთი ეჭვი შეეპარა პუტინის ძლევამოსილებასა და უკრაინის დაპყრობის შესაძლებლობაში...... გარდა ამისა, იმასაც ხვდება, რომ არც თავად დაადგება კარგი დღე, თუ პუტინმა უკრაინის დაპყრობა შეძლო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
Politico იტყობინება, რომ აშშ, გერმანია, ბელგია, სლოვენია, ესპანეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში მიწვევის წინააღმდეგნი არიან, რაზეც წინა მიმოხილვაში ვწერდით.
„მიწვევა“ არის ბოლოსწინა ნაბიჯი სრულუფლებიან წევრობამდე (დიდწილად ფორმალური, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში) MAP-ის შესრულების შემდეგ.
უკრაინას Membership Acting Plan არ შეუსრულებია ჯერ.
არ შეუსრულებია იმიტომ, რომ არ მიუციათ.
გუშინ გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ გამორიცხულია NATO-ში იმ ქვეყნის მიღება, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება.
ეს ყოველივე ცარიელი რიტორიკაა და მეტი არაფერი.
უკრაინის ხელისუფლება ამბობს: მოგვეცით ჩვენ ისეთი რაკეტები, რუსეთი დავბომბოთ და ამ ომს სულ მალე მოვიგებთ. მაშინ იქით შეგვეხვეწებით ალიანსში შემოსვლასო.
სრული სიმართლეა!