საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ივლისი. 2023 წელი

საოცრად საინტერესო და ნიშანდობლივი ციტატა დღევანდელი The New York Times ედითორიალიდან: 

`ნორმალურ პოლიტიკურ სამყაროში, კანდიდატმა, რომელსაც უკვე ორჯერ წაუყენეს ბრალი - და რისკავს სისხლის სამართლის მესამე და შესაძლო მეოთხე ბრალდებით - უნდა დაივიწყოს მაღალი თანამდებობის დაკავება და არჩევნების მოგება.

მაგრამ აშშ-ს პოლიტიკა ნორმალურად აღარაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თავისი ოქროს ესკალატორით ჩამოსრიალდა  ნიუ-იორკის ცათამბჯენში და შევიდა 2016 წლის რბოლაში თეთრი სახლისთვის....... ასევე შეიჭრა თითქმის 350 მილიონი ამერიკელის ფსიქიკაში! `(ციტატის დასასრული)

იგივე წყარო (NYT) იტყობინება, რომ ტრამპის უშუალო გარემოცვაში და მის მხარდამჭერ `რესპუბლიკელებში` მწიფდება იდეა ღრმა საკონსტიტუციო რეფორმისა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე.

ანუ ახალი შესწორებების შეტანის ამერიკის კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გასაფართოებლად და.....`სახელმწიფო ინსტიტუტებზე პრეზიდენტის გავლენის გასაძლიერებლად`.

ეს არის ყველაზე სერიოზული განაცხადი ამერიკაში ბოლო 100 წლის მანძილზე! ტრამპს რომ ეყოფა პოლიტიკური (ასე ვთქვათ) გამბედაობა ასეთი ინიციატივებით გამოვიდეს, ეს გასაგებია, მაგრამ.....ამერიკის მოქმედი კონსტიტუციით, ძირითადი კანონის შესაცვლელად არა მხოლოდ ამერიკის კონგრესის ორივე პალატის უმრავლესობა, არამედ ამერიკულ შტატთა უმრავლესობის თანხმობაა აუცილებელი!

ამერიკა ფედერაციაა. თან ძალიან ძლიერი ფედერაცია. რაც  მუდამ არ ჩანს, თუმცა ამგვარ სიტუაციაში აუცილებლად გამოვლინდება და ამერიკას სერიოზული არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი კრიზისი არ ასცდება.

ამერიკელებისთვის კონსტიტუცია ბიბლიასავითაა. თუმცა ტრამპს ნამდვილად ექნება რესურსი (გამარჯვების შემთხვევაში) ეს თემა გაამწვავოს.

უბრალოდ, აქ ცოტა არ იყოს გაუგებარია, კონკრეტულად რა იგულისხმება `სახელმწიფო ინსტიტუტებზე პრეზიდენტის გავლენის გაძლიერებაში?`

ნუთუ კონგრესის როლის შემცირება?

პრეზიდენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ისედაც აქვს გავლენა იმ აზრით, რომ შეუძლია დანიშნოს და მოხსნას ნებისმიერი ფედერალური (!) თანამდებობის პირი ოღონდ......ტრამპამდე ამას პრეზიდენტები არ აკეთებდნენ ან ერიდებოდნენ, რაკი ამერიკის პოლიტიკური კულტურა მოითხოვდა ყველანაირად იმის დემონსტრირებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელნი არიან და მხოლოდ კანონის საფუძველზე მოქმედებენ; ამის შესამოწმებლად კი არსებობს დამოუკიდებელი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო.

სწორედ ამიტომ გამოიწვია უდიდესი ნეგატიური რეაქცია ამერიკულ ელიტებში და Deep State-ში (ანუ საშუალო და მაღალი რანგის `გადაწყვეტილების მიმღებ ბიუროკრატიაში - decision makers) ტრამპის მიერ FBI დირექტორის გადაყენებამ: `ეს არ არის ამერიკული სტილი! `- ამბობდნენ მაშინ.

ტრამპის უნიკალობა სწორედ ესაა: ახალი `სტილი` შემოაქვს.

აი რამდენად სიკეთის მომტანია ეს `ახალი სტილი` ამერიკული დემოკრატიისათვის - საკამათო თემაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ `ხორბლის გარიგების` ამოწურვის თარიღიდან (ანუ უკვე დღესვე) ნებისმიერი გემი, თუნდაც `მშრალმზიდი` გემები, რომლითაც ხორბალი გადააქვთ, თუკი ისინი გამოჩნდებიან რუსეთის მიერ `აკრძალულ ზონად` გამოცხადებულ რაიონებში......ჩაითვლებიან იარაღის გადამზიდ გემებად.

ანუ მართლა იარაღია ამ გემზე თუ ხორბალი გადააქვთ და მისი გამოსაზიდად მიემართებიან უკრაინის პორტებში, რუსეთს არ აინტერესებს: `ჩაითვლებიან იარაღის გადამზიდ გემებად, ხოლო ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ცურავენ ეს გემები - ომში მონაწილედ უკრაინის მხარეს` - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საოცრად თავხედური განცხადებაა!

თურმე რუსეთს გამოუცხადებია შავი ზღვის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირი `ნაოსნობისთვის სახიფათო ზონად` (ნეიტრალურ წყლებზეა ლაპარაკი - ნ ე ი ტ რ ა ლ უ რ ზ ე!), ამის შესახებ არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არაფერი იცის, არც სხვა შავიზღვისპირა სახელმწიფოებმა არაფერი იციან არ ეთანხმებიან, თუმცა მოსკოვი მზადაა იმოქმედოს ძალისმიერი მეთოდებით, რათა ჩაკეტოს უკრაინული პორტები.

პარალელურად ბომბავს ნიკოლაევს, ოდესას და ანადგურებს არა მხოლოდ ამ პორტების ინფრასტრუქტურას, არამედ ცდილობს დაანგრიოს და ცეცხლი წაუკიდოს ხორბლის საცავებს და იმ უზარმაზარ სათავსოებს, რომლებიც აშენდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში.

აქ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ მართალია მშრალმზიდთა (ხორბლისმზიდი გემების) დიდი ნაწილი რეალურად თურქულია, ანუ თურქეთის ბიზნეს-სუბიექტებს ეკუთვნით, მაგრამ `დროშა` შეიძლება პანამის ჰქონდეს ან სადღაც აფრიკაში მდებარე სახელმწიფოსი, რომელსაც სულ არ აინტერესებს ეს კონფლიქტი.

ამავე დროს, სამწუხაროდ, NATO ჯერ არ აპირებს ხორბლის მზიდი გემების დაცვას.

როგორც ვივარაუდეთ, ამერიკა და ევროპა სხვა გზით წავიდოდნენ: გუშინ `თეთრმა სახლმა` განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს 250 მილიონ დოლარს, რათა ამ თანხით მოხდეს კომპენსირება სხვაობისა ხორბლის ზღვით გადაზიდვასა და მატარებლით გადატანის ღირებულებას შორის რუმინულ პორტ კონსტანცამდე ან ხმელთაშუა ზღვამდე.

ალბათ ევროპაც გამოყოფს დოტაციას იმავე მიზნით.

რუსეთი ვერ გაბედავს რუმინული პორტის ბლოკადას. რუმინეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია!

აქვე შევნიშნავთ, რომ სუფთად სამხედრო-ტექნოლოგიურად ეს ბლოკადა ასე ხორციელდება: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები უკრაინისკენ არ უშვებენ მშრალმზიდ გემებს, რათა ისინი არ დაიტვირთონ იქ. ბოლო ხორბლით დატვირთულმა გემმა უკრაინის პორტი ნიკოლაევი 17 ივლისს დატოვა

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამასობაში, საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ყირიმი  სასმელი წყლის გარეშე დარჩა: კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ კახოვკას წყალსაცავიც დაშრა. ყირიმში სასმელი წყალი აღარ მიდის.

ეს სტრატეგიული მოცემულობაა: 24 თებერვალს პუტინის ანტიუკრაინული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ 2014 წლიდან (ანუ ყირიმის ანექსიისთანავე) უკრაინამ ყირიმს რა თქმა უნდა შეუწყვიტა სასმელი და სარწყავი  წყლის მიწოდება ამ არხით.

ყირიმში იძულებული გახდნენ ეძებათ ალტერნატივა და ვერ იპოვეს ამგვარი ალტერნატივა, რადგან არტეზიული ჭები არ გამოდგა კომპენსირებისთვის საკმარისი.

პუტინი კი იძულებული გახდა კახოვკას წყალსაცავი აეფეთქებინა, რათა არ დაეშვა უკრაინული არმიის შეტევა დნეპრის მარცხენა ნაპირზე.

შესაბამისად ახლა ერთადერთი ალტერნატივაა მილსადენით წყლის მიწოდება ყირიმისთვის, თუმცა ესეც კოლოსალური ხარჯია.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან კარგი ამბავია, რომ ამერიკამ საბოლოოდ დაამტკიცა გერმანიისთვის ჰაერი-ჰაერი კლასის ათასამდე (!) რაკეტის AIM-120C-8 Advanced Medium-Range Air-to-Air Missiles (AMRAAM) გადაცემა.

ეს რაკეტები გამოიყენება F-15 და F-16 თვითმფრინავებზე, რომლებსაც უკრაინა ალბათ მალე მიიღებს. და არ არის გამორიცხული, გერმანიამ ეს რაკეტებიც გადასცეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ბაღდადში ასეულობით ადამიანი შეიჭრა შვედეთის საელჩოში და თითქმის მთლიანად დაწვა იგი.

ერაყელი მუსლიმები (როგორც შიიტები, ასევე სუნიტები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ხოცავენ სხვა თემებზე) განრისხებულნი იყვნენ რაკი შვედეთის მთავრობამ ნება დართო შვედ რადიკალს, საჯაროდ დაეწვა ყურანი.

ამ ინციდენტის გამო, ერდოღანმა რამდენიმე კვირით `დაბლოკა` შვედეთის გაწევრება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში; თუმცა ვილნიუსის სამიტზე მაინც თანხმობა განაცხადა, რითაც ბევრი თურქი გაანაწყენა. ოღონდ უკვე `განაღდებული` საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის შემდეგ შეეძლო ამის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის - მომდევნო არჩევნებამდე კიდევ 5 წელია და.....

თუმცა, ერდოღანის გადაწყვეტილება არა მხოლოდ თურქებისთვის იყო შეურაცხმყოფელი, არამედ მთელი მუსლიმური `უმმასთვის` მთელს მსოფლიოში; მათ შორის არაბებისთვის, რომლებიც ტრადიციულად განიხილავენ თავს თურქების გეოპოლიტიკურ და ზნეობრივ მეტოქედ.

ერდოღანმა ისლამურ სამყაროში ამით ბევრი დაკარგა.

რაც შეეხება შვედეთს, შვედეთი დემოკრატიაა - `სიტყვისა და გამოხატვის` თავისუფლება შვედებისთვის ისეთივე წმიდაა, როგორც ყურანი მუსლიმებისთვის.

ასეთია სტოკჰოლმის პოზიცია.

``მაჰმადიანებს შეუძლიათ საპასუხოდ ბიბლია დაწვანო`` და......მუსლიმები ამას არ გააკეთებენ, რაკი ყურანის თანახმად  ქრისტე (    `ისა`) ერთ-ერთი წმინდანია.

ძალაუნებურად დაეთანხმები ჰანტინგტონს, რომ XXI საუკუნის ომები `ცივილიზაციათა შორის` ომები იქნება.

აქვეა, აგრეთვე პასუხი კითხვაზე, რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის თურქეთის ყოფნა NATO-ში.

მიზეზი მხოლოდ `სამხედრო პლაცდარმობა` როდია! თურქეთი ხომ ერთადერთი დიდი ისლამური სახელმწიფოა ალიანსში - უდიდესი ისტორიული გავლენით ისლამურ სამყაროზე.

დასავლეთში კი სტრატეგიულად სჯერათ, რომ ეს  გარემოება იმ სამყაროსთან წინააღმდეგობებს თუ არ შეამცირებს, შეარბილებს მაინც.

შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტს: იმ 19 ფანატიკოსიდან, რომლებმაც 9/11 ტერაქტისას ამერიკის ცათამბჯენები და პენტაგონი დაანგრია, არც ერთი თურქი არ ყოფილა - ყველა არაბი იყო. თანაც....აბსოლუტური უმეტესობა უმდიდრესი საუდის არაბეთიდან, რომელიც ამერიკის მოკავშირეა თითქოს, მაგრამ.....NATO-ს წევრი არ არის და არც იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ NATO გლობალიზდება და მასში შორეულ იაპონიას ან ავსტრალიას მიიღებენ.

 

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გლობალურ ნიუსად იქცა, რომ სასექსის პრინცი (პრინცესა დიანას მეორე შვილი) ჰარი გაშორდა მეუღლეს, მეგან მარკლს მას შემდეგ, რაც სტრიმინგულმა კომპანიამ Spotify ამ ცოლქმარს გაუწყვიტა 20 მილიონიანი კონტრაქტი აუდიო-კონტენტის (ელიტური ინტერვიუების) მომზადებაზე.

მხოლოდ ერთი ასეთი ინრევიუს მომზადება შეძლეს.

ჰარი და მეგანი კალიფორნიაში ცხოვრობდნენ 15 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაზე; თუმცა ამ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ საოჯახო ხარჯები ვეღარ არეგულირეს და გადაწყვიტეს დაშორებულიყვნენ.

თავის დროზე მათმა შეუღლებამ უდიდესი სკანდალი გამოიწვია მთელს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, რაკი მეგანი, რბილად თუ ვიტყვით, არისტოკრატიული წარმოშობისა და ქცევის არ იყო.

ძალიან სამწუხარო ამბავია ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ბრიტანული მონარქია და ბრიტანული არისტოკრატია საკაცობრიო მარგალიტია.

`კონკია` მხოლოდ კეთილი ზღაპარია.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ სივრცეში წარმოშობილი ზღაპარი.