საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მარტი. 2025 წელი

ბრიტანული The Financial Times იტყობინება, რომ ჩინეთის „თავმჯდომარე“ სი ძინპინი შესაძლოა არ ჩავიდეს ბრიუსელში ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობათა 50 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრებად.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი „მედია-გაჟონვაა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ სი მაინც ჩავა ევროპაში და ეს „გაჟონვა“ აღმოჩნდება დემარში - ევროკავშირის გასაფრთხილებლად, რაკი ბრიუსელში ალაპარაკდნენ ანტიჩინურ სანქციებზე პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდაჭერისთვის.

50 წლის წინ არავითარი „ევროკავშირი“ არ არსებობდა რასაკვირველია. მაშინ იყო ევროპის „საერთო ბაზარი“, თუმცა ურთიერთობებს ევროპელები ჩინეთთან იმ დროსაც ამყარებდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 50 უპილოტო აპარატი გაუშვა.

ესეც მესიჯი ტრამპს: „პუტინი არ თანხმდება შენს გეგმას, ამიტომ ჩვენც ვაგრძელებთ ომსო“.

ტრამპი დუმს.

 ბევრად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოდიფიცირებული ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ გამოსცადა ხ მ ე ლ ე თ ზ ე.

100%-ით მისი წარმოებულია.

რუსული ქალაქი ტუაფსე დაბომბა ამ რაკეტით - ტუაფსეს ნავთობბაზაზე ხანძარი სრულად ახლაც ვერ ჩააქრეს რუსებმა

ესეც მესიჯია ტრამპს: „იარაღი ჩვენ ჩვენი(ც) გვაქვსო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა დაიწყო მიმდებარე საზღვაო წყლებში ბუნებრივი აირის ძიება.

საძიებო სამუშაოები უკვე დაიწყო და კონტრაქტებიც გაფორმდა.

თითქოსდა რა არის ამ ცნობაში განსაკუთრებული? ვინ სად არ ეძიებს ბუნებრივ აირს ან ნავთობს, მათ შორის საზღვაო შელფში, მაგრამ.......ხელშეკრულება.

საძიებო სამუშაოების საწარმოებლად ისრაელის მთავრობამ გააფორმა......აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციასთან SOCAR!

მანამდე ისრაელის მთავრობამ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა წინადადებით, აზერბაიჯანი შეიყვანონ ერთ-ერთ მონაწილედ ე.წ. „აბრაამის ხელშეკრულებათა მომამზადებელ ჯგუფში“ .

ეს „აბრაამის ხელშეკრულება“ არის პროექტი, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი ებრაულ სახელმწიფოსა და არაბულ სამყაროს შორის.

 არაბთა მხრიდან კონტრიბუტორი იყო საუდის არაბეთი - არა ყველაზე დიდი არა ყველაზე ძლიერი, თუმცა ყველაზე გავლენიანი (!) არაბული სახელმწიფო.

ყველაზე დიდი და ძლიერი არაბული სახელმწიფო ეგვიპტეა.

თუმცა ეგვიპტესაც გენერალი ასისი მართავს, მართავს ძალიან ჭკვიანურად და არ არის გამორიცხული, ამ პროექტში ისიც შემოვიდეს ოღონდ ღაზას ომის დასრულების შემდეგ

 

რა აკავშირებს ისრაელს ესოდენ მჭიდროდ აზერბაიჯანთან?

ა) ირანთან აზერბაიჯანის „ცივი“ ურთიერთობა და შესაძლო დახმარება, რაც ბაქომ შეიძლება აღმოუჩინოს ისრაელს, თუკი ისრაელმა მაინც გადაწყვიტა ირანის მასირებული დაბომბვა.

ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი შესაძლოა „აეროდრომად“ იქნეს გამოყენებული

 

ბ) აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარი გადაუხადა ისრაელის სამხედრო ინდუსტრიებს იარაღის შესაძენად.

სომხეთთან ურთიერთობა თუ აზერბაიჯანს საომარი აქვს, ისრაელ-სომხეთის ურთიერთობამ „ცივი ომის“ ხასიათი შეიძინა ხსენებული იარაღის მიწოდების გამო.

ისრაელის დრონებმა, ისრაელის არტილერიამ, ისრაელის რაკეტებმა უდიდესი როლი შეასრულეს 2020 წლის აზერბაიჯან-სომხეთის საომარ გარდატეხაში.

ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი ისრაელ-აზერბაიჯანის ასეთი დაახლოება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს „ტერაქტ-ლაითის“ მზაკვრული ტექნოლოგია და სწორედ ამ ტექნოლოგიის ფარგლებში, ევროპის რამდენიმე სახელმწიფო მოიცვა „უცნაურად“ გამოწვეულმა ხანძრებმა, რომლებიც თითქოსდა განსაკუთრებულ ზიანს არ აყენებდა ობიექტებს, მაგრამ სოციალურ შფოთს ქმნიდნენ.

„მოულოდნელად“ იწვოდა ქარხნები, საწყობები, მაღაზიები.....აბრალებდნენ ე.წ. „პირომანებს“.

ეს ფსიქიკური დაავადების ფორმაა, როდესაც დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია მოითმინოს და თუ ხელში ასანთი ან სანთებელა უკავია, რამეს ცეცხლი არ წაუკიდოს.

იჭერდნენ, ასამართლებდნენ, მცირე ჯარიმით უშვებდნენ.

გუშინ კი, როგორც იქნა..... ლიტვის პროკურატურამ განაცხადა, რომ შარშან, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, IKEA-ს მაღაზიის საწყობს ცეცხლი გაუჩინეს რუსული ГРУ-ს (Главное разведывательное управление Генерального штаба российской армии) აგენტებმა.

ისინი „უკრაინელი ლტოლვილების“ აგენტურული ლეგენდით ჩავიდნენ ლიტვაში და იქ ტერაქტი მოაწყვეს.

როგორც იქნა, ევროკავშირის და NATO-ს წევრმა სახელმწიფომ, ლიტვამ, მომხდარი შეაფასა როგორც ტერაქტი.

მანამდე საფრანგეთში, გერმანიაში, სამართლებრივად უცნაურ შეფასებებს აძლევდნენ.

ზოგჯერ „წვრილმანი ხულიგნობის“ კვალიფიკაციას იმიტომ, რომ („არგუმენტი ასეთი იყო) „ზარალი დიდი არ ყოფილა და......“

ოღონდ როგორც კი მომხდარი დააკვალიფიცირეს ტერაქტად და მოიწვიეს სპეცსამსახურები გამოსაძიებლად (ალბათ პირველ რიგში ამერიკელები) უმალვე დაადგინეს, რომ ეს ორი ტერორისტი, რომელთაგან ერთი, ტერაქტის შემდეგ, პოლონეთში გაიქცა და იქ დააკავეს, არიან ნაწილი საგანგებო ტერორისტული ჯგუფისა, რომელიც პუტინმა და მისი გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა ГРУ-ს ქოლგის ქვეშ შექმნა.

ამ ჯგუფმა 2024 წლის მაისში, ვარშავას უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი დაწვა.

მოსკოვი უტიფრად ყველაფერს უარყოფს რასაკვირველია. „ეგენი ვინ არიან საერთოდ არ ვიცითო“.

ფული „ჩაერიცხათ“ უკვე იმათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სადმე ნოვგოროდში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი ძალიან მკაცრი Wording-ით.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „იემენელი ჰუსიტების მიერ ამერიკული გემებისკენ ყოველ გასროლას ჩვენ ჩავთვლით ირანის გასროლად და ყოველ ჰუსიტურ რაკეტას - ირანულ რაკეტად“.

იემენის მმართველი „ჰუსიტების“ დაჯგუფება მეორე დღეა აკეთებს ხმაურიან განცხადებებს, რომ ამერიკულ ავიამზიდსაც ჩაძირავს წითელ ზღვაში და ყველა სხვა გემს.

ჯერ ჯერობით, როგორც აშშ საავიამზიდო დაჯგუფების სარდლობამ განაცხადა გუშინ: „ყველა რაკეტა და დრონი, რაც ჰუსიტთა რეჟიმმა გამოუშვა ჩვენი მიმართულებით, ჯერ კიდევ მანამ ჩამოვაგდეთ, სანამ რაიმე საფრთხეს შექმნიდაო“.

თუმცა ტრამპმა მაინც მიზანშეწონილად ჩათვალა ასეთი მკაცრი მესიჯი გაეგზავნა აიათოლების რეჟიმისთვის: „არაფერი შეგეშალოთო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმი რომ საზიზღარ კორუფციაში იხრჩობა ეს ბოლო ფაქტიც მეტყველებს: ცხონებული ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ჯგუფმა Фонд Борьбы с коррупцией გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომ რუსმა სენატორმა (ანუ რუსული ე.წ. პარლამენტის ზედა პალატის წევრმა) როსტოვის ოლქიდან ვასილი გოლუბევმა 2022 წლიდან, ანუ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის მომენტიდან დუბაიში იყიდა რამდენიმე ელიტარული აპარტამენტი საერთო ფასით 10 მილიონი დოლარი.

ეს არის მარკერი იმისა, რომ პუტინის გარემოცვა კაპიტალის გატანას ცდილობდა ქვეყნიდან ამ ფორმით - ელიტური უძრავი ქონების ყიდვით საზღვარგარეთ.

რა თქმა უნდა იმ ქვეყნებში, სადაც ამ ქონებას უკვე ვეღარავინ შეეხება.

აბა ევროპაში კი აღარ იყიდდა.

და რაც ყველაზე მთავარია, რაც ნიშანდობლივია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ამის შესახებ ყველაფერი იცის (ეს სენატორი ხომ გამონაკლისი არ არის) „თვალს ხუჭავს“, რაკი ისიც კარგად იცის, რომ თუ დასჯის, მერე საერთოდ ყველა გაექცევა და აღარც დაბრუნდებიან.

როგორც გაექცა მაგალითად მილიარდერი ალიშერ უსმანოვი.

უსმანოვს „ამოუვიდა“ სანქცირებები და მშობლიურ უზბეკეთში გაიქცა.

უზბეკეთიდან უგზავნის „მესიჯებს“ ამერიკას: საუკეთესო რუსული გაზეთი Kommersant-daily მე მეკუთვნის და რამე რომ იყოს პუტინის წინააღმდეგ ავამოქმედებო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

კომიკური ელფერი დაჰკრავს ტრაგიკულ ისტორიას, რაც ბელორუსში მოხდა, სადაც 7 წლით ციხე მიუსაჯეს იაპონური ენის მასწავლებელს ნაკანისი მასატოსის.

ბელორუსის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ეს იაპონელი სინამდვილეში ჯაშუში იყო, - „აგროვებდა ინფორმაციას ბელორუს-ჩინეთის ურთიერთობებზე“ და „ჩინური პროგრამა „ერთი გზა ერთი სარტყელი“ პროგრამის განხორციელებაზე ბელორუსის გავლით.

კომიკური ელფერი კი იმიტომ დაჰკრავს, რომ იაპონელის დაპატიმრებას უპატაკებენ მოსკოვს (აშკარად) არადა მოსკოვს სულაც არ ეპიტნავება სინამდვილეში პეკინის აქტიურობა „მოძმე ბელორუსში“, სადაც ჩინური სახელმწიფო კაპიტალი ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალუმად შევიდა და პუტინის კაპიტალს გაუტოლდეს ლამის.

არ არის გამორიცხული, ჩინეთმა ბელორუსშიც ისევე დაუმოკლოს საცეცები და გავლენები პუტინს, როგორც სწორედ ამგვარი ეკონომიკური და ლოჯისტიკური საფარის ქვეშ დაუმოკლა ყაზახეთში და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებში, სადაც პეკინის გავლენა, როგორც მინიმუმ, უტოლდება ჩინეთის გავლენას.

 

თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა, რომელიც თურქმენეთის მორიგი „ბაშია“ ანუ თავი, გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც ყველა გაუთხოვარი თურქმენი ქალი ამიერიდან ქუჩაში უნდა დადიოდეს მხოლოდ და მხოლოდ ყვითელი თავსარქმელით, რათა მამაკაცებს ამით ანიშნოს „დაუოჯახებელი ვარო“.

ყვითელი ფერი, როგორც დამკვირვებლები ვარაუდობენ, ცოლის ანუ თურქმენეთის „პირველი ლედის“ გემოვნებით შეარჩია.

იმას სულ ყვითლები აცვია და..... იმავე ბრძანებულებით მამაკაცები საჯარო ადგილებზე მხოლოდ სუფთად წვერგაპარსულნი უნდა იყონ.

შეგახსენებთ: თურქმენეთი, კონსტიტუციით, გაეროს მიერ ნეიტრალურად აღიარებული სახელმწიფოა.