საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მარტი. 2025 წელი
ძალიან ცუდად ვითარდება, სამწუხაროდ, მოვლენები კურსკში მას შემდეგ, რაც რუსებმა შეტევა განაახლეს უკრაინული არმიის პოზიციებზე.
გამორიცხულია უბრალო დამთხვევა იყოს, რომ ეს მოხდა ზუსტად (უმალვე, მყისიერად) მას შემდეგ რაც ტრამპმა შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინული გენერალიტეტისთვის და შტაბებისთვის.
იგულისხმებოდა არა მხოლოდ კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაცია, არამედ სხვა სადაზვერვო არხებით მაგალითად რუსულ შტაბებში მზვერავებით და აგენტების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციაც!!.
რუსმა სამხედროებმა ცარიელი მილსადენით მოახერხეს უკრაინული არმიის ზურგში შეღწევა. განავითარეს შეტევა, აიღეს სამი დასახლებული პუნქტი და რაც მთავარია, ალყა ვერ შემოარტყეს, თუმცა ორად გაჰყვეს უკრაინული კონტინგენტი, ხოლო უკრაინიდან ამ კონტინგენტის მომარაგების კომუნიკაცია „საცეცხლე ზემოქმედების წვდომის არეალში“ მოახვედრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად იბომბება.
ეს ართულებს ლოგისტიკას, ხოლო მანევრული ბრძოლების დროს ლოგისტიკა გადამწყვეტია სინამდვილეში.
ეს მძიმე სამხედრო რეალობაა კურსკში.
თუმცა არანაკლებ მძიმეა ამ სამხედრო რეალობით განპირობებული დიპლომატიური რეალობაც.
საუდის სამეფოში ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკების წინ უკრაინას ერთმევა ისეთი „კოზირი“, როგორიცაა არმიის დისლოცირება უშუალოდ რუსეთის „უდავო“ ტერიტორიაზე - კურსკში.
მანამდე ამ ტერიტორიის „გაცვლის“ იმედი მართლაც არსებობდა დონბასის რაღაც მონაკვეთებში, რათა ცეცხლის შეწყვეტის ხაზის კონფიგურაცია უფრო მომგებიანი ყოფილიყო უკრაინისთვის.
ახლა რა რეზონი ექნება პუტინს ამგვარ „გეშეფტს“ დასთანხმდეს, როდესაც მისი არმია, ჩრდილო კორეელებთან ერთად, წინ მიიწევს კურსკში?
კურსკში უკრაინისთვის ყველაფერი არ არის დაკარგული, თუმცა მდგომარეობა ნამდვილად რთული და სახიფათოა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლატვიის პრეზიდენტმა, Edgars Rinkēvičs განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა უნდა აღადგინონ საყოველთაო სამხედრო ვალდებულება (Conscription) და სამხედრო გაწვევა (compulsory military service) ისევე, როგორც ეს გააკეთა 2 წლის წინ თვით ლატვიამ.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამხედრო გარანტიების 80 წლიანი ეპოქა, ამერიკის პოზიციის გამო, დასასრულს უახლოვდება.
როგორც იქნა ევროპაში გაიჟღერა არსებითმა წინადადებამ, რა უნდა გაკეთდეს კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ა დ (ნაცვლად ფუჭი ლაპარაკისა) ანუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას On The Ground იმისთვის, რომ ევროპის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს ვითარებაში, როცა ამერიკის პოზიცია მართლა გაურკვეველი ხდება როგორც NATO-ს, ასევე ევროპის უსაფრთხოების მიმართ და მოსკოვთანაც კი თანამშრომლობს ტრამპი როგორც ვხედავთ.
ფაქტობრივად „მოსკოვთან თანამშრომლობაა“ აბა რა არის, როცა სადაზვერვო მონაცემებს და იარაღს აღარ აწვდის უკრაინას, რომელიც ევროპას იცავს რუსული აგრესიისგან.
ნამდვილად ასე „კითხულობენ“ ამ აგრესიას ევროპული სახელმწიფოები, მით უმეტეს რუსეთის მეზობლები.
უნდა ითქვას, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ანუ 1990 -იანი წლების დასაწყისიდან, ევროპის ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საყოველთაო სამხედრო ვალდებულება გააუქმა.
მოსკოვის საფრთხე მოიხსნაო და...„შვებით ამოისუნთქეს“.
აღარ მღეროდნენ ჯგუფ Status Quo-ს ოდესღაც ზეპოპულარულ სინგლს You are in army now (1986 წელი - „შენ ახლა ჯარში ხარ“).
გერმანიამაც კი compulsory military service გააუქმა 2011 წელს, როდესაც „თაფლობის თვე“ ჰქონდა ანგელა მერკელს მოსკოვთან - პუტინთან და მედვედევთან.
მივაქციოთ ყურადღება, რომ გერმანიაში ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსული აგრესიიდან სულ მალე ანუ დამოკიდებულება იყო ასეთი: „ეს საქართველო იყო რუსების სამიზნე, თორემ ჩვენთან მეგობრობა და ვაჭრობა სურს პუტინს...აი ჩრდილო ნაკადებსაც აშენებს ბალტიის ზღვაში......“
ახლა ვითარება შეიცვალა.
დანიაში, მაგალითად, ქალების გაწვევაზეც კი ალაპარაკდნენ. ისევე, როგორც ზოგ სხვა ევროპულ ქვეყანაში.
მთავარი მიზეზი მაინც ის პროცესია, რასაც უწოდებენ „ამერიკა გვშორდება“.
თუმცა აქაც წარმოიშობა კითხვები:
გუშინდელ მიმოხილვაში მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა ევროპაში სულ 80 000-ია.
დღესაც, ევროპულ სახელმწიფოთა არმიები ჯამში ბევრად მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს კონტინგენტი.
ასევე ავიაცია, ფლოტი, რაც ევროპაშია (!) დისლოცირებული.
მაგრამ ამერიკელების უდიდესი უპირატესობაა კოლოსალური შესაძლებლობები ლოგისტიკაში.
მაგალითად სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია.
ასევე კოსმოსური კომუნიკაციები.
თუმცა ამ სექტორების განვითარება ევროპასაც შეუძლია
ძალაუნებურად იძულებული ვხვდებით იმაში დავეთანხმოთ ტრამპს, რომ ევროპელები ცივი ომის შემდეგ „განაზდნენ“, „განცხრომას მიეცენ“, სამხედრო საქმისთვის არც ფულის ხარჯვა, არც თავის შეწუხება არ სურდათ და ახლა ევროპის მასშტაბით compulsory military service შემოღება კატასტროფულ სოციალურ შედეგებს გამოიღებს - ახალგაზრდობა, რომელსაც უნივერსიტეტებში სწავლა უნდა, უზრუნველი, უსტრესო ცხოვრება უნდა, გართობა უნდა, სილაღე უნდა..... თუ იმღერებს You are in army now, იმღერებს სასტიკი პროტესტის ნიშნად.
გადაწვავენ ქალაქებს!!!
კარგ ცხოვრებაზე, კომფორტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.
მით უმეტეს, მაშინვე ამუშავდება რუსული „გველი-პროპაგანდა და იმ საზრისს გააძლიერებს, რომ „უკრაინა და მისი პრობლემები ევროპის თავის ტკივილი არ არის“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კანადის პრემიერმა მინისტრმა ჟასტინ ტრიუდომ „ლიბერალური პარტიის“ ყრილობაზე (კანადის პრემიერი ამ პარტიის ყოფილი, ახლახან გადარჩეული და პოსტიდან გადამდგარი ლიდერია) გამაოგნებელი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, კანადას გაუჩნდა „ეგზისტენციალური გამოწვევა ამერიკის მხრიდან“ “existential challenge” .
სხვაგვარად და ასევე საზრისულად ზუსტად თუ ვიტყვით „ეგზისტენციალური საფრთხეო“.
კანადას აქვს „ეგზისტენციალური საფრთხე“ ამერიკისგან?!!!
გამოდის აქვს.
კანადის პრემიერი ასე ამბობს.
ტრამპმა 25%-იანი საბაჟო ტარიფები შემოიღო კანადურ პროდუქციაზე ენერგომატარებლების და ელექტროენერგიის გარდა. თუმცა მერე 1 თვით გადადო აღსრულება.
კანადამაც 25%-იანი საბაჟო გადასახადი შემოიღო, მაგრამ ასევე გადადო.
ეკონომიკური ომის ახლოვდება ორ მართლა „მოძმე ქვეყანას“ შორის..
ჟასტინ ტრიუდო მალე გადადგება პრემიერობიდანაც.
მას შეცვლის Mark Carney, როგორც ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერი. Bank of England კანადის განყოფილების ყოფილი მრავალწლიანი CEO და ბოლოს გენ-მენეჯერი. ამ განყოფილებას მერე დაერქვა Bank of Canada.
ახლა მთავარი ინტრიგაა, კანადელი ლიბერალები მოითხოვენ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს როდესაც რიგითი არჩევნები მხოლოდ ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
თუ კანადაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, ეს „ამერიკულ კონტექსტში მოხდება“.
სხვათა შორის, იმავე ყრილობაზე Mark Carney-მ გულის მომკვლელი განცხადება გააკეთა: „ადრე ამერიკა კანადის ბაზრის დაპყრობას ცდილობდა და ახლა, ტრამპის დროს, ამერიკა კანადის, როგორც ქვეყნის (!) დაპყრობას ცდილობსო“.
„ტრამპი უტევს კანადაში ოჯახებს, ბიზნესებს, მუშებს“ - ამბობს კანადას მომავალი პრემიერი.
ამაზეა ქართული ფოლკლორული ნარატივი ქრისტიანული კონოტაციით; „ეს რას მოვესწარით“!!
კანადაში იზრდება კრიტიციზმი ლეგენდარული სპორტსმენის, კანადელთა სიამაყის და Icon იუაენ გრეცკის მიმართ, რომელიც მკვეთრად მაინც არ ემიჯნება ტრამპს.
ეს დაახლოებით იგივეა, ბრაზილიაში პელეს და არგენტინაში მარადონას „ხატი“ რომ დაირღვეს.
გუშინ FoxNews-თან ინტერვიუში (ინტერვიუ ხუთშაბათს იყო ჩაწერილი) ტრამპმა, ჟურნალისტის კითხვაზე, მის მიერ დაწყებული ეს ტარიფების ომი ხომ არ გამოიწვევს რეცესიას ამერიკის ეკონომიკაშიო, ნიშანდობლივი პასუხი გასცა.
დავაკვირდეთ: „მე მძულს ამგვარი რაღაცების წინასწარმეტყველება. არსებობს გარდამავალი პერიოდი, რაკი ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან დიდი საქმეა. ჩვენ ვუბრუნებთ ამერიკას ჯანმრთელობას, სიჯანსაღეს. ეს დიდი საქმეა და....დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ დიადი საქმე იქნება ჩვენთვის“.
კომენტარი: ეს განცხადება ადასტურებს, რომ ტრამპს შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული, რას აკეთებს და რამოდენა რისკზე მიდის. მას რომ ეთქვა: „რას ამბობთ, რა რეცესია, გამორიცხულიაო“- სხვა საქმე იქნებოდა, თუმცა მან იცის, რომ დროებითი (მას იმედი აქვს დროებითი-დ) ეკონომიკური სტაგნაცია ამ პროცესში მართლაც მოსალოდნელია.
და....თუკი ეს სტაგნაცია რეალობად იქცა, რას მოიმოქმედებს ტრამპი, რათა „გადაფაროს“ კრიტიკა და გარდაუვალი წინააღმდეგობა არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის არამედ საკუთარი ყოფილი მომხრეების მხრიდან?
რა თქმა უნდა შეეცდება რიტორიკა გააძლიეროს და მორიგი მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ნებისმიერი, საგარეო თუ საშინაო მიმართულებით.
ამასობაში კი, როგორც ძალიან ხშირად ხდება ამ ყაიდის რადიკალური მმართველობისას, ტრამპის გუნდშიც მზარდი, აშკარად შესამჩნევი განხეთქილებაა.
მარკო რუბიომ და ელონ მასკმა მწვავედ იკამათეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით.
USAID-ს გამო.
რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის სტაფერებმა უთხრეს, რომ USAID -ის განადგურება ასუსტებს ამერიკის პოზიციებს მსოფლიოში. კი არ აძლიერებს.
გუშინ კი, კონსერვატიული ბლოგერი და MAGA-ს რეალური „არქიტექტორი“ სტივ ბანონი (Stephen K. Bannon), ვისაც ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა ტრამპის პირველი საპრეზიდენტო კადენციის დროს 2016 წლიდან, გამოვიდა ელონ მასკის გამანადგურებელი კრიტიკით, უწოდა მას „პარაზიტირებადი ემიგრანტი“ და „ძალიან ბოროტი ფიგურა“, რომელიც აზიანებს ტრამპს და მთელს მოძრაობას.
აქ ამ ფაქტზე ბევრად მნიშვნელოვანია მისი ინტერპრეტაცია:
ბანონს არ უყვარს მდიდრები! ანუ „ანტიკორპორატიული ამერიკის“ „ანტიისტებლიშმენტურ“ ინტენციებს გამოხატავს, როდესაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს უპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ელონ მასკი დაბადებთ ამერიკელი არ არის - სამხრეთ აფრიკიდან გადაცხოვრდა იქ თავის დროზე.