საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ივლისი. 2024 წელი
მერამდენედ გვიხდება აღწერა და თქმა (არადა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია). რომ აფხაზეთში, კონკრეტულად აფხაზურ ელიტებში გრძელდება მაღალტექნოლოგიური სპექტაკლი (შინაარსობრივად კლოუნადა) რუსეთის გაუთავებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით, გადააქციოს აფხაზეთი „დიდი სოჭის გაგრძელებად“ (Продолжение большого Сочи)
ერთ-ერთი ამგვარი მოთხოვნაა ე.წ. „აპარტსასტუმროებზე“ (Aparthotels) კანონის მიღება. მეორე - ინვესტიციებზე კანონის დამტკიცება, რაც რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს საშუალებას მისცემდა, ეყიდა აფხაზეთი ყველა მისი სიმდიდრით თავიდან ბოლომდე.
აფხაზეთი პატარაა: რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს, - რომელიც ახლა დასავლეთიდან დიდწილად გამოაპანღურეს, - აფხაზეთი, მისი „გემრიელი ლუკმებით“, მართლაც ერთ „გადაყლაპვად“ ეყოფა.
აფხაზური ელიტები ამას ჯერჯერობით ეწინააღმდეგებიან, თუმცა რაკი აღმასრულებელი ხელისუფლება პირდაპირ ვერ უბედავს უარს მოსკოვს, დგამენ სპექტაკლებს, თითქოს გაუთავებლად შეაქვთ „პარლამენტში“ მორიგი კანონპროექტი, მერე ისევ გაიწვევენ, „დააზუსტებენ“ ისევ შეიტანენ, დეპუტატები ვითომ აჯანყდებიან, მერე საზაფხულო არდადეგები მოვა......პარლამენტი დასასვენებლად წავა.......და ა.შ.
ახლა „აპარტსასტუმროებთან“ დაკავშირებით მოიფიქრეს ასეთი ეშმაკობა: აღმოსავლეთ აფხაზეთს შეეხოს, დასავლეთ აფხაზეთს არაო.
მაშასადამე, სოხუმის სამხრეთით - საქართველოს საოკუპაციო ხაზამდე, ანუ მდინარე ენგურამდე, გალის რაიონის ჩათვლით, რომელიც აფხაზებს ბოლომდე „ათვისებული“ მაინც ვერ აქვთ და დიდწილად დაცარიელებულია.
აფხაზური ისტორიული ტერმინოლოგიით ეს არის Абжуйская Абхазия, ხოლო სოხუმის ჩრდილოეთით Бзипская Абхазия.
არადა რუს ოლიგარქებს სწორედ დასავლეთ აფხაზეთი აინტერესებს, სწორედ Пицунда და Гагра აინტერესებს.
„აპარტსასტუმროები“ ოჩამჩირისა და მით უმეტეს გალის რაიონში მათთვის ამდენად საინტერესო არ არის, თუმცა აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ახლა ამ სპექტაკლებს მაინც დგამენ.
„აპარტსასტუმროები“ აფხაზებისთვის იმიტომაა მიუღებელი, რომ ნამდვილად გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას: რუსების რაოდენობა გადააჭარბებს აფხაზების რაოდენობას.
თანაც, ეს სულ სხვა კატეგორიის რუსები იქნებიან, ვიდრე ის მოხუცები, პენსიონერები, რომლებიც საბჭოთა დროიდან ცხოვრობდნენ აფხაზეთში....... ეს „ახალი რუსები“ კი ახალგაზრდები და თავხედები არიან.
აფხაზურ სოციუმში ამ თემებზე რეფლექსია ცოტა არ იყოს კომიკურ სახეს იძენს. მაგალითად, ცნობილი ოპოზიციური ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე, ანატოლი ოტირბა წერს: „რა უბედურებაა, რამდენი ხელისუფლება ავირჩიეთ 2004 წლიდან, სულ მოსკოვისკენ იყურებოდა ხოლო ოპოზიცია ამის გამო მას აკრიტიკებდა.....მერე ეს ოპოზიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში, ის იწყებდა მოსკოვისკენ ყურებას და ყოფილი ხელისუფლება კი, ოპოზიციაში გადასული, ამის გამო აკრიტიკებდა.....მერე ისევ შეიცვლიდნენ როლებს და ასე დაუსრულებლადო......“
გამოსავალიც „გენიალური“ მოიფიქრა ოტირბამ: ყველაფერში დამნაშავე ისაა, რომ ეს ხელისუფლებანი არჩეულნი იყვნენ მუდამ. არჩევნები უნდა გავაუქმოთ ხოლო გადაწყვეტილებები არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არა პარლამენტში, არამედ ლიხნის სახალხო ყრილობაზე მივიღოთო.
მოგეხსენებათ, სოფელ ლიხნში, აფხაზური დემოკრატიის ისტორიულ ცენტრში, დიდი ხნის განმავლობაში მიიღებოდა ისტორიული გადაწყვეტილებები.
მათ შორის 1989 წლის გაზაფხულზე, როცა პირველი ანტიქართული შეკრება გაიმართა იქ.
ოღონდ განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ოტირბა და მისთანანი, როდესაც ესოდენ ეგზოტიკური ინიციატივებით გამოდიან, რაღაც უცნაურად ვერ ამჩნევენ (მართლა ვერ ამჩნევენ, ამაში დიდი ხნის დაკვირვების და მათთან FB დისკუსიის შედეგად დავრწმუნდი-დ.), რომ სინამდვილეში არც ერთ აფხაზურ ხელისუფლებას რეალურად, On the ground არაფერი დაუთმია მოსკოვისთვის იმ საკითხებში, რასაც მოსკოვი უკვე 20 წელია უშედეგოდ აყენებს:
ახალი ათონის მონასტერი გადასცა რუსეთის ეკლესიას?
არა!
ენგურჰესი გადასცა რუსულ კონცერნს?
არა!
დიდი პრივატიზება რუსული ოლიგარქიული კაპიტალის მეშვეობით განახორციელა?
არა!
ბინების ყიდვა-გაყიდვა რუსებზე დააკანონა?
არა!
„აპარტსასტუმროებზე“ კანონი რეალურად მიიღო?
არა!
„პიცუნდას აგარაკი“ გადასცა პუტინს რეალურად?
არა!
ან თუნდაც სულაც ისეთი წვრილმანი, როგორიცაა რუსი ექსკურსიამძღოლების შეშვება აფხაზეთში. ამაზე გადაწყვეტილება მიიღო?
არა!
სხვა ყველაფერი კი მხოლოდ პოლიტიკური „ტექნოლოგიაა“.
ბუნებრივია, მოსკოვში მთლად იდიოტები არ სხედან და ამ სპექტაკლებს ამჩნევენ, მაგრამ......პუტინს კატეგორიულად არ აწყობს ახლა, უკრაინის ომის ფონზე, აფხაზებთან ღია, საჯარო დაპირისპირება, რასაც აუცილებლად გამოიწვევს საზღვრის ჩაკეტვა, საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვაზე უარის თქმა, აფხაზურ მანდარინში ჭიების აღმოჩენა საზღვარზე და ა.შ და ა.შ
ასეთ შემთხვევაში მიცვალებული ნავალნის მომხრეები აუცილებლად დაიწყებენ ისედაც ომით გადაღლილ რუსულ სოციუმში იმ სტერეოტიპის კულტივირებას, რომ პუტინი იმდენად იდიოტია, „მოკავშირე მოძმე აფხაზებთანაც“ კი ურთიერთობა გაგვიფუჭაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Bloomberg იტყობინება, რომ საუდის არაბეთი დაემუქრა დასავლეთს ანუ ამერიკას, ევროკავშირს, G7 ქვეყნებს, რომ თუ ისინი განახორციელებენ ევროპაში გაყინული რუსული აქტივების (300 მილიარდ ევროზე მეტი) კონფისკაციას, მაშინ ერ რიადი ფინანსურ ბაზრებზე გამოყრის ევრობონდებს.
მაგალითად, ერთბაშად გაყიდის საფრანგეთის სახელმწიფო ხაზინის ობლიგაციებს ესე იგი ფინანსურ ვალდებულებებს.
ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია: საუდის არაბეთი განსაკუთრებით აქტიური არ არის არც უკრაინის არც რუსეთის მხარდაჭერაში და გარკვეულწილად ნეიტრალური პოზიცია აქვს.
და თუ ასეა რატომ უნდა იმუქრებოდეს ევრობონდების გასხვისებით თუ დასავლეთი რუსულ დაყადაღებულ აქტივებს ჩამოართმევს მოსკოვს?
პასუხი: იმიტომ, რომ ერთბაშად 300 მილიარდი ევროს გამოჩენა ბაზრებზე უეჭველად დააზარალებს საუდის არაბეთის ბიუჯეტს ევრობონდების გაიაფების და იმავე საფრანგეთის სახელმწიფო ხაზინის ვალდებულებათა დევალვაციის გამო.
აი ეს არის მკაფიო ილუსტრაცია იმისა, რამდენად რთულია საერთაშორისო ფინანსური ბაზრის სტრუქტურა და რამდენად „ზიარ-ჭურჭლურია“ იგი, როცა საქმე რადიკალურ გადაწყვეტილებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება გადასცეს უკრაინას მოგება იმ თანხებიდან, რაც ევროპის ბანკებში (ბრიუსელის ერთ-ერთ დეპოზიტარში) ინახება და რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაა.
„ძირი თანხა“ გაყინულია! მის კონფისკაციაზე დასავლეთი უარს აცხადებს (მიუხედავად პრეზიდენტ ზელენსკის მრავალგზის მოთხოვნის) აი ამ და სხვა მსგავსი სისტემური მიზეზის გამო.
სხვათა შორის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 300 მილიარდი ევროს დაბრუნების პერსპექტივა „მცირეა“ ისტორიულადაც, რადგან მას შემდეგ რაც (უკვე) მოხდა უკრაინაში, დასავლეთი აუცილებლად შეეცდება არ დაუბრუნოს ეს თანხები რუსეთს მანამ, სანამ მოსკოვი არ დათანხმდება მათ გადაცემას უკრაინისთვის ზარალის ასანაზღაურებლად.
მოსკოვი რომ ამას ნებით არასდროს არ დათანხმდება (საეჭვოა იქ რევოლუცია მოხდეს და ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია გახდეს პრეზიდენტი) ცხადია.
ამდენად სიტუაცია მართლა ჩიხურია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტი ზელენსკი ამჟამად ვაშინგტონშია, სადაც NATO-ს სამიტი იწყება.
ერთ ერთ Think tank-ში გამოსვლისას მან აღიარა, რომ ამერიკული ტანკები Abrams, რომლებიც უკრაინის არმიამ მიიღო, უძლურნი აღმოჩნდნენ კარდინალურად შეეცვალათ ვითარება „ფრონტზე“, რადგან აღმოჩნდა, რომ ტანკი, ზოგადად როგორც საბრძოლო ერთეული და ფართო გაგებით იარაღი“ ძალზე მოწყვლადია ახალი ეპოქის მთავარ ტექნოლოგიასთან - დრონებთან ბრძოლაში.
„უპილოტოები“ ბევრად იაფია და ბევრად იოლად მართვადი უკვე.
უკრაინის არმიამ, უკრაინული წყაროების ცნობით, ხუთი ამერიკული ტანკი დაკარგა 31 ტანკიდან, რაც პენტაგონისგან მიიღო.
მოდით დავსვათ ამასთან დაკავშირებით კითხვა: სად და როდის იყენებდა პენტაგონი ამ ტანკებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რათა დადასტურებულიყო მათი ქმედუნარიანობა ან პირიქით არაქმედუნარიანობა დრონებთან ბრძოლაში?
1991 წელს ერაყის წინააღმდეგ ომში?
მაგრამ სადდამ ჰუსეინს როდი ჰქონდა დრონები, მით უმეტეს ასეთი მაღალტექნოლოგიური უპილოტოები?
იმავე ერაყის წინააღმდეგ ომში 2003 წელს?
თუმცა ჰუსეინს არც მაშინ ჰქონია დრონები!
1999 წელს სერბეთის წინააღმდეგ არ დასჭირვებია!
ავღანეთში 20 წლიანი ეპოპეის დროს (2001 წლიდან) არ დასჭირვებია და......გამოდის, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ პირველი დიდი ომია, როცა „დრონების“ უპირატესობა ტანკების მიმართ ასე მკაფიოდ გამომჟღავნდა პირველად 1916 წლის ანუ WW1 შემდეგ, როცა ინგლისელებმა გამოიყენეს გერმანიასთან ომში