საერთაშორისო მიმოხილვა. 1 აპრილი. 2024 წელი
წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ დონალდ ტრამპმა დაიწყო რელიგიური თემის აქტიურად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში. ბიბლიისა მაგალითად.
გაჩნდა ახალი სლოგანი: Let’s Make America Pray Again ანუ „კვლავ ილოცოს ამერიკამ“, რაც მისი ძირეული სლოგანის Make America great again მოდიფიკაციაა.
და....... აღიქმება, როგორც აქედან, ანუ ძირითადი სლოგანიდან გამომდინარე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერდოღანმა წააგო მუნიციპალური არჩევნები სტამბულსა და ანკარაში - ორ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრში
ამ ქალაქებს ისედაც ოპოზიციონერი მერები მართავდნენ, თუმცა ერდოღანს იმედი ჰქონდა, მისი პარტიის („სამართლიანობა და განვითარება“) წარმომადგენლები ამჯერად დაამარცხებდნენ ოპონენტებს
არ გამოვიდა.
ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერდოღანის მიერ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არამედ მისი პოლიტიკური ხაზის გასაგრძელებლად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც შესაძლოა ერდოღანმა ასაკის გამო ვეღარ შეძლოს კენჭისყრა.
დამკვირვებლები აღნიშნავენ და განსაკუთრებით გამოყოფენ სტამბულის მერის, ეკრემ იმამოღლუს მორიგ წარმატებას, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
თურქულმა ოპოზიციამ მოიგო არჩევნები არა მხოლოდ ანკარაში და სტამბულში, არამედ იზმირსა და ანტალიაშიც. ანუ ყველა „ევროპულ“ ცენტრში
აქ არის ერთი ძალიან საინტერესო თემა, რომელსაც ემპირიული და განზოგადებადი მნიშვნელობა აქვს: ამომრჩევლები ბოლო დროს ქალაქ სტამბულის ეკონომიკურ წარმატებას და აყვავებას უკავშირებენ არა პრეზიდენტ ერდოღანის 10-15 წლიან ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ რეფორმებს ზოგადად ქვეყანაში, არამედ სწორედ მერ იმამოღლუს საქმიანობას კონკრეტულად სტამბულში.
არადა, დამკვირვებელთა აზრით, ეკონომიკა და სოციალური სფერო ამ არჩევნების „გულანი“ გახდა.
აქ გავითვალისწინოთ ზოგადად ოპოზიციის აღქმადობა სოციუმის მიერ ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტიის კონტრავერსიით: თურქული ოპოზიცია „პროდასავლურია“, ლიბერალურია, დემოკრატიულია, ხოლო ერდოღანი......რამდენჯერაც არ უნდა გადააკეთოს გრძნეული ქრისტიანული ტაძარი „აია სოფია“ მეჩეთად, მაინც (აღქმით) ისლამისტია და წარსულია(!)...... ამდენად არა „პროვესტერნულია“, რაც სტამბულელებს და ანკარელებს, იზმირელებს და ანტალიელებს არ მოსწონთ.
არ მოსწონთ იმის მიუხედავადაც კი, რომ ბევრი მათგანი ლამის შეაკვდა არმიას, რომელმაც ანტიისლამისტური მორიგი სამხედრო გადატრიალება სცადა რამდენიმე წლის წინ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბუენოს აირესში (!) ყოფნისას განაცხადა, რომ სომხეთი ძირითად პარტნიორებად თვლის ამერიკას და ევროპას, მაგრამ...„ეს არ ნიშნავსო შემობრუნებას სომხეთის საგარეო პოლიტიკაში“
ამგვარი განცხადება ალბათ სწორედ ისეთი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელს თუ შეეძლო გაეკეთებინა, როგორიც სომხური დიპლომატიაა.
ანუ, თუ სომხეთი „ძირითად პარტნიორებს“ შორის ასახელებს ევროპას და ამერიკას, ხოლო რუსეთს არ ასახელებს ეს საგარეო პოლიტიკური „შემობრუნება“ არ არის?
აბა რა არის?!
დიახაც, გამოდის, არ არის, თუ ამ დიპლომატიურ განცხადებას მეორე საზრისით წავიკითხავთ: „არა, არ არის შემობრუნება, რაკი სომხეთი რუსეთს ისედაც არასდროს ენდობოდა და ძირითად პარტნიორებად სწორედ ევროპა-ამერიკა მიაჩნდა ბოლო წლების განმავლობაში“.
თუკი მირზოიანი ამას გულისხმობს (არადა, როგორც სჩანს, სწორედ ამას გულისხმობს) მაშინ არ არის მართლაც!
სულ მალე გაიმართება (უკვე დაგეგმილია) სომხეთ-აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის სამიტი, რაც აშკარად აცოფებს მოსკოვს და რუსული საგარეოს სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ განაცხადა კიდეც ბრიფინგზე: „შეშფოთებული ვართ ამ სამიტითო“.
სომეხი კოლეგების ყველა პრეტენზიაზე ყარაბაღის დაკარგვის და რუსეთის „არდახმარების“ გამო მოსკოვი პასუხობს, რომ რუსეთი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ცნობდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და „აბა რა გვექნა, რანაირად უნდა ჩავრეულიყავითო“
არადა....ასე რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებდა 2008 წლამდე თუმცა ამას არ შეუშლია ხელი აგრესია განეხორციელებინა.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ყარაბაღისგან განსხვავებით „ცხინვალში ე.წ. „რუსი მშვიდობისმყოფელები იდგნენო“....ასე ყარაბაღშიც იდგნენ რუსი ე.წ. „სამშვიდობოები“ 2020 წლის შემდეგ და რამდენიმე მათგანი დახოცეს კიდეც აზერბაიჯანელებმა 2023 წლის „ერთდღიანი ომის“ დროს, თუმცა ამანაც ვერ აიძულა მოსკოვი ისე ჩარეულიყო, როგორც 2008 წელს „ჩაერია“.
რატომ? იმიტომ, რომ....სამწუხაროდ საქართველოს არ ჰყავდა ისეთი მოკავშირე, როგორიც აღმოჩნდა თურქეთი - აზერბაიჯანისთვის და რომელიც ყველაფერზე იყო მზად აზერბაიჯანის დასაცავად.
ანუ აზერბაიჯანთან და მით უმეტეს თურქეთთან მოსკოვს Кишка тонка.
არის ასეთი რუსული გამოთქმა.
სომხეთის „შემოტრიალება“ კი დასავლეთისკენ ისტორიულად უკვე გარდაუვალია. საკითხავია, როდის და როგორ.
სომხებს ლენინისთვის დღემდე არ უპატიებიათ: ყარაბაღი აზერებს გადასცაო და....პუტინს აპატიებენ ამ ახალ მსოფლიოში?
. . . . . . . . . . . . . . . . .
აპრილში აშშ კონგრესი კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს ფინანსური დახმარება უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობით. გარანტირებული არ არის შედეგი, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ირკვევა, რომ ამერიკამ, რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის დასახმარებლად კოლოსალური თანხა - 113 მილიარდი დოლარი დახარჯა უკვე.
ნამდვილად დიდი თანხაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად პენტაგონის ბიუჯეტი 800 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტია.
ანუ ეს თანხები შედარებადია.
არადა ამერიკას მთელს მსოფლიოში აქვს კოლოსალური ვალდებულებები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე ბოლო მიმოხილვაში ვწერდი, რომ ამერიკა ცდილობს იაპონიის ინტეგრაციას უსაფრთხოებისა და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის იმ სისტემებში, რასაც ქმნის ჩინეთის წინააღმდეგ წყნარი ოკეანის აუზში.
ესაა AUKUS, ასევე NATO-ს გააქტიურება წყნარი ოკეანის აუზში ალიანსის მორიგ სამიტზე წესდების კორექტირების შედეგად (ჰავაის კაზუსი, რაზეც გუშინ გატყობინებდით-დ) და ა.შ. მაგრამ....ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იაპონია დარჩეს რეგიონში წამყვან ეკონომიკად!!!
ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის!
ანუ ამერიკას სურს არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ საპირწონეზე „დაუდოს“ ჩინეთს იაპონია, არამედ ფინანსურ-ეკონომიკურ-ინდუსტრიულ-სამრეწველო-სავაჭრო-ლოგისტიკურ საპირწონეზეც დარჩეს იაპონია ჩინეთის მეტოქედ.
ამ მხრივ იაპონია, რომელმაც 1970 იან წლებში ეკონომიკური სასწაული შექმნა (ამერიკის წყალობით, რომელმაც მას თავისი ბაზრები გაუხსნა იმ დროს) ბოლო წლებია ჩინეთს ჩამორჩებოდა!
ჩამორჩებოდა, რასაკვირველია არა ერთ სულზე მშპ-ს დონით (GDP Per capita)არამედ ზრდის ტემპით და მსოფლიო ბაზრებზე შეღწევადობით.
ამ ჩამორჩენის სისტემური მიზეზი გახდა იაპონიის უძრავი ქონების ბაზარზე ღრმა კრიზისი 1994 წლიდან.
მაგრამ ბოლო დროს, ისევ და ისევ ამერიკის მხარდაჭერით, იაპონიამ ძველებური ენერგია და ტემპი აჩვენა ეკონომიკაში. ამდენად, 2007 წლის შემდეგ პირველად იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთიც კი გაზარდა.
იაპონიის ძალიან ინოვაციური, კრეატიული ეკონომიკა ისევ იზრდება და ჯაბნის ჩინურს, რომელიც მას ინოვაციურობით და ტექნოლოგიურებით კვლავინდებურად ვერ შეედრება.
მით უმეტეს სოციალური განზომილებით
ხოლო ისტორიცისტული თვალთახედვით თუ შევხედავთ ამ პროცესს, ამერიკასთან „მეტოქეობა“ იმდენადვე ხდება ჩინეთის შემაფერხებელი, რამდენადაც ამერიკასთან სტრატეგიული მეგობრობა და მოკავშირეობა იქცა ლოკომოტივად იაპონიის უსწრაფესი განვითარებისთვის 1970 იანი წლების დასაწყისიდან
და იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩინეთი დღეს ზუსტად იმ კრიზისს განიცდის, რამაც იაპონიის ეკონომიკა შეაფერხა 1990 იანი წლებიდან: გრანდიოზული „ტოქსიკური ვალების პორტფოლიო“ უძრავი ქონების ბაზარზე!
ოღონდ იაპონიამ გაუძლო ამ კრიზისს ამერიკის დახმარებით (ვიმეორებ) და....... ჩინეთი გაუძლებს კი მას ამერიკასთან მეტოქეობის (არა მტრობის ჯერ, თუმცა სტრატეგიული მეტოქეობის) პირობებში?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა Sébastien Lecornu კვირას განაცხადა, რომ საფრანგეთის არმიამ დაასრულა სახმელეთო ჯარების გადაიარაღება ახალი ჯავშანმანქანებით და მზად არის გამოთავისუფლებული ჯავშანმანქანები მთლიანად გადასცეს უკრაინას მიმდინარე წელს - მომავალი წლის დასაწყისამდე.
ზოგადად, ჯავშანმანქანა, როგორც სახეობა, შეტევითი იარაღია უფრო, ვიდრე თავდაცვითი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის სარდლობამ (ბრიტანეთს უნიკალური საფლოტო ისტორიული გამოცდილება აქვს როგორც ცნობილია) განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი Functionally inactive ანუ აღარ არის ქმედუნარიანი, რაკი..... სულ ერთი სარაკეტო ხომალდი დარჩა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე შავ ზღვაში.
დანარჩენები უკრაინელებმა ჩაძირეს საჰაერო და საზღვაო დრონების, ასევე ბრიტანული Storm shadow რაკეტების გამოყენებით.
ფლოტის დიდი ნაწილი (თითქმის მთლიანად) რუსეთმა გაიყვანა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში და არ გამორიცხავს ოჩამჩირეშიც დამალოს ნაწილი.
~. . . . . . . . . . . . . . . . .
„ჰავანას სინდრომი“ - ასე უწოდებენ მეინსტრიმულ დასავლურ მედიაში უცნაურ კანონზომიერებას, რომ მაღალი დონის სამიტებზე, განსაკუთრებით NATO-ს ფარგლებში, სხვადასხვა დონის წარმომადგენლები მოულოდნელად ხდებიან ავად, ეწყებათ თავბრუსხვევა, ხელების კანკალი, სიცხე და ა.შ
სრულიად აუხსნელად კლინიკური თვალსაზრისით.
ბოლო ასეთი ინციდენტი ვილნიუსის სამიტზე იყო.
მიზეზი ვერ დაადგინეს.
დასავლელი არაოფიციალური და ნაწილობრივ „ოფიციოზთან“ ახლოს მყოფი ექსპერტები ამ სინდრომს უკავშირებენ რუსულ ГРУ-ს ანუ სამხედრო დაზვერვას.