რუსეთი ულტიმატუმს იაროვის პირით გვიყენებს

რუსეთი ულტიმატუმს იაროვის პირით გვიყენებს

        გუშინ თბილისში იმყოფებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელიო მდივანი იური იაროვი, რომელმაც საგანგებო მოლაპარაკება გამართა საქართველოს პრეზიდენტთან. რაკი დსთ-ის მეთაურთა სამიტი ახლახან შედგა მოსკოვში, ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ იაროვის სტუმრობა მომავალ (ალბათ, საზაფხულო) სამიტს არ ეძღვნება და მის მომზადებას არ ისახავს მიზნად.
        ასეთ შემთხვევაში, რა გახდა მისი ჩამოსვლის ერთადერთი თემა? - რასაკვირველია, აფხაზეთში «დსთ» -ის სამშვიდობო ოპერაციის გაგრძელების პრობლემა.
        როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს, რუსეთის (ფორმით «დსთ» - ს) სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში მანდატის ვადა ამოეწურათ. დსთ-ის წესდებისა და თვით სამშვიდობო ოპერაციის მანდატის შესაბამისად, მანდატის ძალმოსილებისას, სამშვიდობო ოპერაცია წყდება უმალვე, როგორც კი ამას კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე მოითხოვს, ხოლო მანდატის ძალმოსილების ამოწურვის შემდეგ, ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით.
        აფხაზური მხარე, რა თქმა უნდა, მუდმივად «თანახმა» იყო, მაგრამ კატერგორიულად ეწინააღმდეგებოდა მანდატის შინაარსობრივ შეცვლას ანუ სამშვიდობო ძალებისათვის მოსახლეობის დაცვის ფუნქციის დაკისრებას.
        ოფიციალური თბილისი კი ყოველთვის ცდილობდა გამოეყენებინა თავისი უფლება მანდატთან დაკავშირებით, როგორც სოხუმსა და კრემლზე ზემოქმედების ბერკეტი (თუ არ შეიცვლება მანდატი შინაარსობრივად, სამშვიდობო ძალები მანდატის გარეშე დარჩებიან), მაგრამ ამ საქმიდან, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა, ვინაიდან მოსკოვმა აქტიურად გამოიყენა უმთავრესი არგუმენტი: თუ არ გააგრძელებთ მანდატს, გავიყვანთ ჩვენს «ცისფერჩაფხუტიანებს».
        ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება იძულებული ხდებოდა ვადა კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა, ვინაიდან ენგურის აუზიდან «გამშველებელთა» გაყვანა უეჭველად ნიშნავს ახალ ომს აფხაზეთში (რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის) იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალური სტრუქტურები შეეცდებიან ომის თავიდან აცილებას.
        სიტუაცია, რომელიც შეიქმნება სამურზაყანოში ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალთა» გაყვანის შემდეგ, თავად გადაიზრდება ფართომაშსტაბიან საბრძოლო მოქმედებაში - დაახლოებით, 1998 წლის მაისის სცენარით.
        ამჟამად საქართველოს ხელისუფლება კვლავ აღმოჩნდა იმავე ალტერნატივის წინაშე პარლამენტის დადგენილება აღმასრულებელიო ხელისუფლებისათვის სავალდებულო არ არის. მეორე მხრივ, სამშვიდობო ძალთა მანდატის ოფიციალურად გაგრძელებამაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური პრობლემები შექმნას, ამიტომ თითქოს საუკეთესო ვარიანტია «ცისფერჩაფხუტიანებს» ვადა არ გაუგრძელდეს, ხოლო საქართველომ არ მოითხოვოს მათი გაყვანა, ანუ შენარჩუნდეს «სტატუს კვო» - ახალი შინაარსით.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მოსკოვში ამგვარი ვარიანტი სულაც არ ეპიტნავებათ. კრემლისთვის აუცილებელია რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს მყარი იურიდიული ბაზა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთდროულად რამდენიმე რთული პრობლემა შეექმნება როგორც გეოპოლიტიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მანდატის «გაუგრძელებლობის» შემთხვევაში რუსული კონტინგენტი აფხაზეთში რჩება დსთ-ის «სახურავის» გარეშე, ვინაიდან დსთ-ის სხვა სახელმწიფოებს სულაც არ ეპიტნავებათ თავად იკისრონ პასუხისმგებლობა, ხოლო რუსეთმა მათი ხელით «გლიჯოს ნარი».
        ისინი უეჭველად განაცხადებენ: დარჩება თუ არა რუსეთის ჯარი ენგურის აუზში - საქართველოსა და რუსეთის «საშინაო საქმეა», მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იგი მანდატის გარეშე მოქმედებდეს დსთ-ის დროშითო. სწორედ ამ საკითხების განსახილველად ჩამოვიდა იური იაროვი თბილისში. მას მოსკოვიდან უეჭველად დააბარეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება მანდატის გაგრძელებას, - მოსკოვი სამშვიდობო ჯარებს გაიყვანს ენგურიდან (რაც რასაკვირველია, არ ნიშნავს, თითქოს, ის დაუშვებს აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას, მაგრამ მაშინ უკვე სხვა ტექნოლოგია იქნება გამოყენებული და საქართველოში ახალი დიდი ომი დაიწყება.
        აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ეგრეთ წოდებული «გამოკითხვის მეთოდით» დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურები გააგრძელებენ მანდატს და საქართველოს თანხმობასაც მიიღებენ. ვადის გასაგრძელებლად ახალი სამიტი აუცილებელი არ არის.

დილის გაზეთი, 5 იანვარი, 2002 წელი