მოსკოვის დიპლომატიური ქარაგმა

მოსკოვის დიპლომატიური ქარაგმა

 

        უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმირ გუდევი «გამოსათხოვარ» ღონისძიებებს ატარებს. იგი ტოვებს საქართველოს და, როგორც ჩანს, სხვა ქვეყანაში გამწესდება ელჩად. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუდევი დიპლომატიური პრაქტიკისათვის საკმაოდ მცირე ხანს ასრულებდა ელჩის მოვალეობას (3 წელი დიპლომატიის დაუწერელი კანონებით მინიმალური ვადაა, თუ სიკვდილს, ავადმყოფობასა და ღიად გამოცხადებულ ომს არ მივიღებთ მხედველობაში(. ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ სმოლენსკის მოედანს ელჩის ჩანაცვლებით მორიგი დიპლომატიური დემარში განახორციელა.
        გუდევის წინამორბედი, ფელიქს სტანევსკი ჩვენი ქვეყნიდან არათუ განაწყენებული, არამედ გაცოფებული წავიდა. დიპლომატის რანგში მწვავე განცხადებებს ვერ გააკეთებდა, რასაკვირველია, მაგრამ თბილისიდან გადახვეწის შემდეგ, ავადსახსენებელ დსთ-ის ინსტიტუტში დანიშნეს კონსტანტინე ზატულინის მოადგილედ. მერე მოყვა და მოყვა – რაც შხამი დაუგროვდა ელჩობის 5 წლის განმალვობაში, მთლიანად «ნეზავისიმაია გაზეტას» ფურცლებზე გადმოანთხია. სტანევსკის თუ დავუჯერებთ, რუსეთს მსოფლიოში საქართველოზე დიდი მტერი არა ჰყავს. საეჭვოა, ამჟამინდელმა ელჩმა, გუდევმა, აგრეთვე, გრაფომანობა დაიწყოს. თუმცა, არც ის მიემგზავრება თბილისიდან. «სიყვარულითა და კმაყოფილებით».
        რაც მთავარია, უკმაყოფილოა რუსეთის ფედერაციაც, რომელიც კვლავინდებურად ეჭვითა და გულისწყრომით აკვირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას. ბოლოს და ბოლოს, საქმე მხოლოდ 9 ჩეჩნის ექსტრადირება როდია. გაცილებით გამაღიზიანებელია კრემლისთვის ამერიკელ ინსტრუქტორთა ყოფნა კრწანისში და ნატოში გაწევრიანების დეკლარირება.
        ამრიგად, ელჩის შეცვლით მოსკოვი ცდილობს კვლავაც გვაგრძნობინოს თავისი უკმაყოფილება. სწორედ ელჩის ფიგურა, უფრო ზუსტად, ამ ფიზურის «ქარაგმა» გამოიყენება.
        შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა კიევში ელჩად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი და «გაზპრომის» ერთ-ერთი მესვეური, ვიქტორ ჩერნომირდინი დანიშნა. ამით კრემლმა უკრაინას ერთდროულად რამდენიმე რეალობაზე მიანიშნა თქვენს ქვეყანას ჩვენთვის უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს (ამდენად, თავს არ დაგანებებთ), განმსაზღვრელი იქნება ჩვენს ურთიერთობებში უკრაინაზე გამავალი კომუნიკაციები (მათ შორის, გაზსადენი) და რუსეთის ტრანსნაციონალური კომპანიების (უპირველესად, «გაზპრომის») ინტერესები «მალოროსიაში».
        საქართველოში კი კრემლმა საგანგებო და სრულუფლებიანგ ელჩად პროფესიონალი დიპლომატი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დანიშნა, რომელსაც ბოლო დრომდე საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ დანიშვნით, რუსეთმა პირდაპირ და დაუფარავად გვითხრა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არასერიოზულად აღიქვამს. ეთნიკური (თუნდაც, ასიმილირებული და ნატურალიზებული) ქართველის დანიშვნა სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა ამისა, რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენთან საქმეს იქონიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ისეთივე ქართველები, როგორი ქართველიც არის ეს ჩხიკვიშვილი – ანუ თხემით-ტერფამდე რუსეთის ერთგული და მისდამი ლოიალური.
        ტყუილად გვაქვს იმედი, რომ საქმეს «ქართულად» ჩავაწყობთ ჩხიკვიშვილთან და სუფრაზე «გავაიმასქნებთ» რამეს.
        ისტორიულად ცნობილი ფაქტია: არავინ ისე ერთგულად არ ემსხაურებოდა ირანის ინტერესებს, რგორც ალავერდი ხან უნდილაძე. არავინ ისე არ მსახურებდა რუსეთს, როგორც სოსო ჯუღაშვილი და სერგო ორჯონიკიძე.
        თვით ჩხიკვიშვილისთვის საქართველოში ელჩობა, რა თქმა უნდა, «ჩამოქვეითებაა», მაშასადამე, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელმძღვანელობას ერთგულება – პროფესიონალიზმი დაუმტკიცოს და კვლავ დაიბრუნოს თბილი კაბინეტი სმპოლენსკის მოედანზე. რასაკვირველია, ამაში ძალზე დაეხმარება ის სოციალური კატეგორია, ვისაც «ქართველი ელჩის დანიშვნა» რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი კეთილგანწყობის გამოვლინება ჰგონია.
        ეს ის სოციალური ფენაა, რომლეიც ბრეჟნევის ეპოქაში «ორი ბოთლი კონიაკის» ფასად გვარიან საქმეებს «აკვარახჭინებდა» მოსკოვში. რა თქმა უნდა, თუ ის ძველი შემართებები იგულისხმება, იცოცხლე, ჩხიკვიშვილი «კაცურად» მოგვეხმარება საქმის კეთებაში, ანუ «საქმეს ჩაგვიწყობს», რათა რუსული კაპიტალი შემოივდეს საქართვლეოში, შესაბამისდა, საქართველოს უმსხვილესი საწარმოები რუსულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს გადაეცეს – სამაგიეროდ, ქარხნები ამუშავდება, ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლოება დასაქმდება და ყოველივე ეს თუ ჩხიკვიშვილს დაუკავშირდა, მაშინ ლოცვა-კურთხევა არც მას მოაკლდება და არც თვით იმ ფენომენს (რუსეთისადმი ლოიალური ქართველისა), რასაც ჩხიკვიშვილი განასახიერებს.

დილის გაზეთი, 31 ოქტომბერი, 2002 წელი