„რესპუბლიკური პარტია“ და მისი „პროცენტნახევარი“

„რესპუბლიკური პარტია“ და მისი „პროცენტნახევარი“

 

ჩავლილი არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახდა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიული კამარილიის თვითლუსტრაცია.

როგორც ჩანს, ისინი თავად ვერ ხვდებიან, რომ იმით, რაც არჩევნების შემდეგ ჩაიდინეს, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მისცათ  და ამით თავისი ხმა მისცა პროდასავლური „ევროპული საქართველოს“ იდეას, რომლის ადეპტებადაც თავს წარმოაჩენდნენ.

„პარლამენტში (ანუ ხელისუფლებაში) თუ არ ვიქნებით, რაღა გვინდა პოლიტიკაშიო“ - ამაზე მეტი ცინიზმი

და უსინდისობა უბრალოდ წარმოუდგენელია!

გამოდის, იდეას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს. და რაკი ეს ინტერესი ვერ დაიკმაყოფილეს, მზად არიან არა უბრალოდ პარტია დაშალონ („თავისუფალი დემოკრატები“ ფაქტიურად აღარ არსებობენ, რადგან ის გოგო-ბიჭები, ვინც იქ დარჩა, სრულიად უცნობნი არიან), არამედ, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, სამთავრობო პარტიასაც კი „შეეკრან“ რათა სანუკვარი „ოცნება“ აისრულონ და თანამდებობები მიიღონ. სწორედ იმ მთავრობას, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდნენ ლამის „ფაშისტურად“ – „ხუთი უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმის გამო!“.

ამაზე მეტი ცინიზმი, თავსლაფდასხმა და შეურაცხყოფა თვით ქართული პოლიტიკისთვისაც კი წარმოუდგენელია!

ამ ხალხმა არათუ ვერ გაიგო, არამედ, როგორც ჩანს, არც არასდროს ესმოდა, რომ იდეა (ამ შემთხვევაში „პროდასავლური იდეა“) კი არ არსებობს პარტიისთვის, არამედ პირიქით, პარტია არსებობს იდეისთვის!

ამის მკაფიო მაგალითია მეორე პროდასავლური პარტია - „რესპუბლიკელები“, რომლებიც რჩებიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ ის იდეა, რომელსაც ისინი „ქოფაკი ძაღლებივით“ დარაჯობენ უკვე ლამის 40 წელია (ანუ, საქართველოს ქცევა ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად) არსადაც არ გამქრალა, - რჩება და არათუ რჩება, კვლავინდებურად ერთადერთი დომინანტური „საერთოეროვნული პროექტია“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .

„სულ პროცენტნახევარი მიიღეს ამ არჩევნებზეო“ - ხითხითებენ „რესპუბლიკელთა“ მოძულები. კი, ნამდვილად სულ რაღაც 1,5% მიიღეს. მერედა რა ამით? ზემოთხსენებული იდეა, რომელსაც ისინი განასახიერებენ, „პროცენტნახევრიანია“ საქართველოში?!

დავუშვათ „პროცენტნახევრიანია“ და სინამდვილეში, მოსახლეობის დანარჩენ 95% (თუ ყველა „პროდასავლური პარტიის“ ხმებს შევკრებთ) სულ „კიდია“ დასავლეთიც და დასავლური ორიენტაციაც,  ამიტომაც მიიღეს რესპუბლიკელებმა „სულ რაღაც პროცენტნახევარი“.

დავუშვათ ასეა.  მაშინ ვინმემ აგვისხნას ერთი უცნაურობა: როგორ და რატომ ხდება, რომ პარტია, რომლის აბსოლუტურად გულწრფელ და უცვლელ პროდასავლურობაში არავის ეჭვი არ ეპარება, „სულ რაღაც პროცენტნახევარს“ იღებს არჩევნებში ყოველთვის, როცა დამოუკიდელად გამოდის არჩევნებზე, მაგრამ ყველა სახელისუფლებო პარტია „ცუციკებივით დახტის“ ამ პროდასავლური იდეის გარშემო და სულ მუდამ სთავაზობს ალიანსს სწორედ „პროცენტნახევრიან რესპუბლიკელებს“, როდესაც ეს იდეა (და არა სხვა რამ იდეა) უნდა გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსასვლელად ან მის შესანარჩუნებლად?

„მმართველი პარტიის“ ის უბადრუკი ლიდერები, რომლებიც „პროცენტნახევრიან პარტიას“ დასცინიან და, იმავდროულად, მუდმივად იჭაჭებიან „ნატო“-ზე „ევროპულ ორიენტაციაზე“, „პროდასავლურ კურსზე“ და ა.შ (სულაც რომ არ უნდოდეთ სინამდვილეში და არც ესმოდეთ რაზეა ლაპარაკი) უბრალოდ ვერ ხვდებიან, ვერ გრძნობენ, რომ ამით სწორედ იმ „პროცენტნახევრიან პარტიას“ ულოკავენ . . . . . . . .  ხელის გულს!

 „პროცენტნახევრიანი რესპუბლიკელები“ ახლა კი გადგებიან ჩრდილში, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი ხელისუფლების საკითხი ისევ დაისმება დღის წესრიგში, ძალაუფლებისკენ მსწრაფი ჯგუფი ისევ მათ შესთავაზებს ალიანსს, როგორც სთავაზობდათ გამსახურდია 1990 წელს, შევარდნაძე 1992 წელს, სააკაშვილი 2002 წელს, ივანიშვილი 2011 წელს.

 იმიტომ, რომ  იდეა, „პროექტი“, კურსი, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“ (ვიმეორებ) „ქოფაკი ძაღლივით“ დარაჯობს ამ ქვეყანაში, სინამდვილეში „პროცენტნახევრიანი“ კი არა, გამარჯვებული იდეაა! მას ზურგს უმაგრებს დიადი ევროპული ცივილიზაცია მთელი მისი ელვარე ძლევამოსილებით: ბახის ფუგებით, შექსპირის სონეტებით, „დუომოს“ ქიმებით დაწყებული და „ბითლსებით“, მერსედესით, „მაკ-კომპიუტერით“ გაგრძელებული.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .

ამდენად, „რესპუბლიკელებისთვის“ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, „პროცენტნახევარს“ მიიღებენ თუ 57%. ისინი მაინც არიან ხელისუფლებაში! ისინი ისედაც ფლობენ ძალაუფლებას, რადგან ვერც ერთი მთავრობა ვერ ბედავს და ვერც გაბედავს რაიმე იმგვარი გააკეთოს, რაც ეწინააღმდეგება იმ „პროექტს“, იმ იდეას, იმ კურსს, რასაც პირველ რიგში სწორედ „რესპუბლიკელები“ განასახიერებენ.

აბა სხვა რა არის ძალაუფლება? როგორც ჩანს, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს „ძალაუფლება“ და „ხელისუფლება“ ცოტა სხვაგვარად ესმით, ვიდრე ალასანიას და მის (როგორც აღმოჩნდა) მედროვეთა კამარილიას: „რესპუბლიკელებისთვის“ ძალაუფლება მათი „საერთონაციონალური პროექტის“, მათი იდეის, მათი ღირებულებების  ქვეყანაში ზეობაა და არა საკუთარი თავის ხილვა ხელისუფლებში.

ძალაუფლებას „რესპუბლიკელები“ მხოლოდ მაშინ დაკარგავენ რეალურად, თუ ის იდეა, ის პროექტი დამარცხდება ამ ქვეყანაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ ან თავად, ან სხვადასხვა მთავრობათა თუ ხელისუფლებათა მეშვეობით, ვისაც აიძულებენ (ხშირად იმათი სურვილის საწინააღმდეგოდ) სკურპულოზურად დაიცვან კურსი და იოტისოდენად არ გადაუხვიონ ამ კურსიდან.

მეორეს მხრივ, ამით დასტურდება, რომ „რესპუბლიკელთა“ ლიდერები, რომლებიც ამ კურსს ჯერ კიდევ საზიზღარი კომუნისტური ჯურღმულის ციხეებში ერთგულებდნენ (იმ ამაზრზენ, აშმორებულ რეჟიმს კიდევ თავისი ციხეებიც ჰქონდა) მართლა იდეას ემსახურებოდნენ და არა საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე,  არათუ 1,5%, არამედ 0,1%-იც კი რომ მიიღოს „რესპუბლიკურმა პარტიამ“, საერთოდ არც ერთი წარმომადგენელიც რომ არ ჰყავდეთ არსად, - ხელისუფლების არც ერთ რგოლში, - სანამ საქართველოში მეფობს ის იდეა, ის კურსი, რომელის განმასახიერებელნი და მატარებელნიც „რესპუბლიკელები“ არიან, სწორედ „რესპუბლიკური პარტიაა“ ნამდვილი სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში!

„მთავრობები მიდიან და მოდიან - „რესპუბლიკური პარტია“ კი რჩება!