რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი რუსეთს?

რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი რუსეთს?

   

ერთდროულად რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგთა შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, კითხვაზე, «პრეზიდენტის მთავარ შეცდომად და წარუმატებლობად» რას მიიჩნევთო, ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: «რუსეთთან დაპირისპირებას».
    კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ანალოგიურად პასუხობს კითხვას ქართველ ექსპერტთა და პოლიტოლოგთა უმრავლესობაც. თანაც მრავალი მათგანი მხარს უჭერს, მთლიანობაში, პრეზიდენტის საგარეო და საშინაო კურსს, მაგრამ მაინც მიაჩნიათ, რომ «ამ კურსის გატარება რუსეთთან დაპირისპირების გარეშეც შეიძლებოდა».
    ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. პირიქით, არანაკლები დარწმუნებით ვიტყვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთთან მწვავე დაპირისპირება აბსოლუტურად გარდაუვალი იყო სწორედ იმ პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რომელიც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქვეყნის მრავლმხრივ მოდერნიზაციასა და მტკივნეული რეფორმების გატარებას გულისხმობდა.
    თავი რომ დავანებოთ რუსეთის ობიექტურად არსებულ (და არა სააკაშვილის მოგონილ, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ) აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და კრემლის თვისებრივ დაინტერესებას ჩრდილო კავკასიასთან მოსაზღვრე საქართველოს სახელმწიფოს მუდმივი სისუსტით, დავრდომილობით, განუვითარებლობით (რაც რუსეთის გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს) რუსეთთან სააკაშვილის დაპირისპირებას სხვა, შიდაპოლიტიკური ხასიათის წინამძღვრებიც ჰქონდა:
    საქმე ის გახლავთ, რომ ქართული საზოგადოება არსობრივად არ იყო მზად იმ უმძიმესი, უაღრესად მტკივნეული და შემაწუხებელი «ტრანსფორმაციისთვის», რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო «ვარდების რევოლუციის» გამარჯვებისთანავე.
    მრავალი იმათგანი, ვისაც შევარდნაძე ჭირის დღესავით სძულდა და ერთმნიშვნელოვნად მონაწილეობდა «ვარდების რევოლუციაში», მაშინ ვერ მიხვდა (ხოლო როცა მიხვდა, უკვე გვიან იყო), რომ «ჭაობად» წოდებული შევარდნაძის რეჟიმის ალტერნატივა უეჭველად ის მოდერნიზაცია იქნებოდა, რომელიც სააკაშვილმა შეიმუშავა და (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას) არც მალავდა 2003 წლის ნოემბრამდეც. მაგრამ მისი იმდროინდელი მომხრენი და მომავალი თავგადაკლული ოპონენტები მაშინ ამას ვერ ხედავდნენ, ვერ ხვდებოდნენ ან, შევარდნაძისადმი ირაციონალური სიძულვილით დაბრმავებულნი, არც აქცევდნენ ყურადღებას.
    შესაბამისად, როცა მიხვდნენ და დაინახეს, რომ შევარდნაძის რეჟიმისაგან და «ჭაობიდან» (რასაც დღეს უკვე «სიმშვიდედ» და «სტაბილურობად“ იხსენებენ) განთავისუფლება გულისხმობდა არა უბრალოდ ერთი პრეზიდენტის (შევარდნაძის) წასვლას და მეორე პრეზიდენტის (სააკაშვილის) მოსვლას, არამედ «თავის შეწუხებას», მტკივნეულ რეფორმებს, შევარდნაძის დროს ეჭვმიუტანელი ღირებულებების უარყოფას და ახლის დამკვიდრებას, ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლის, სისხლისღვრის, მრავალგვარი პრობლემის მოთმენისა და ატანის აუცილებლობას, ანუ, მთლიანობაში იმ ფასის გადახდას, რასაც შევარდნაძის რეჟიმის თვისებრივი, სისტემური და არა მხოლოდ პერსონალური ტრანსფორმაცია აუცილებლად მოითხოვდა - რეაქცია ძალზე მტკივნეული და აგრესიულიც აღმოჩნდა.
    შესაბამისად, მოდერნიზაციის პროცესში (და ეს უეჭველად მოსალოდნელიც იყო) ხელისუფლებას სჭირდებოდა «სამობილიზაციო რესურსი», რომელიც აიძულებდა საზოგადოებას, მიეღო და ეღიარებინა ამჟამინდელი ხელისუფლების არსებობა-შენარჩუნების მიზანშეწონილება და აუცილებლობა. აქვე დავაზუსტებ: ეს მიზანშეწონილობა უკმაყოფილო სოციუმის დიდ ნაწილს შეიძლება სულაც არ ეპიტნავებოდეს, მაგრამ ამის ღიად თქმა «უხერხულია» - აბა ღიად ვინ გაბედავს და ამოიღებს ხმას ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აუცილებლობის წინააღმდეგ?
    სწორედ ამგვარ «სამობილიზაციო რესურსად» იქცა ყურადღების აქცენტირება იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთმა შეუქმნა საქართველოს. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
    მაშასადამე, მტკივნეული ტრანსფორმაციისა და რეფორმირების პერიოდში რუსეთის აგრესიაზე ყურადღების აქცენტირება იმდენად გარდაუვალი იყო, რომ ეს ობიექტურ მოცემულობად უნდა ჩაითვალოს (რათა საქართველოს ელემენტარული სახელმწიფოებრივი მდგრადობა შეენარჩუნებინა და ტრანსფორმაციით გამწარებულ სოციუმს არ წაელეკა) და არა მიხეილ სააკაშვილის რაღაც პირად ახირებად. მით უმეტეს «შეცდომად» და «წარუმატებლობად».
    საქართველოს მოდერნიზაცია რუსეთთან დაპირისპირების გარეშე შეუძლებელია. ისევე, როგორც რუსეთთან დაპირისპირება – საქართველოს მოდერნიზაციის გარეშე.