ავი კატინი - ლეხ კაჩინსკის დაღუპვა

ავი კატინი - ლეხ კაჩინსკის დაღუპვა

  შაბათს, ავადსახსენებელ რუსულ ქალაქ კატინთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა რუსეთის მთავარი მტერი და საქართველოს მთავარი მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი.
        ლეხ კაჩინსკისთან ერთად დაიღუპენ პოლონელი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლები. მათ შორის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი, გენერალური შტაბის უფროსი, პოლონეთის მთავარეპისკოპოსი, კომუნისტურ პერიოდში «დევნილი მთავრობის» პრეზიდენტი და ასე შემდეგ.
        ლეხ კაჩინკის დაღუპვამ კიდევ უფრო მეტი სიავე შესძინა ამ ბოროტ ქალაქს, რომელიც პოლონელებისათვის რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოა. პრეზიდენტი კაჩინსკი მიემგზავრებოდა კატინში, სადაც 1940 წელს რუსებმა 22 ათასი ტყვე პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს.
        ასეთი ნაძირლობა და გარეწრობა იმ ომის დროს გერმანელ ნაცისტებსაც კი არ ჩაუდენიათ! მიმდინარე წელს ამ საზარელი დანაშაულიდან 70 წელი შესრულდა. რუსები აღარ ტყუიან (რაკი აზრი აღარ აქვს – დანაშაული დამტკიცებულია), რომ თითქოს პოლონელი ოფიცრები გერმანელებმა დახვრიტეს 1944 წელს. სამაგიეროდ, გაიძვერა რუსმა ჟურნალისტებმ,ა და პროპაგანდისტებმა ახალი თაღლითური ხრიკი მოიფიქრეს: ყველაფერს სტალინისა და ბერიას «ქართველობით» ხსნიან. აქაოდა, ქართველმა სტალინმა და ქართველმა ბერიამ დახვრიტეს პოლონელები, ხოლო რუსმა ელცინმა სიმართლეს ფარდა ახადაო.
        გაკვირვებულნიც კი არიან: «პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი ქართველ პრეზიდენტ სააკაშვილთან როგორ მეგობრობს, როცა ეს უკანასკნელი სწორედ იმ ეროვნების წარმომადგენელია, რომელმაც პოლონელი ოფიცრები კატინში დახვრიტაო».
        ესე იგი კრემლის ამ (მისთვის ჩვეულებრივ) დანაშაულში რუსეთის იმპერია კი არ ყოფილა დამნაშავე (პოლონელებისადმი საუკუნოვანი სიძულვილით) არამედ . . . . . ქართველები!
        რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი დიდი პოლონელი რეჟისორის, ანჟეი ვაიდას ფილმზე («კატინი») საუბრისას ამბობს: «ეს კაცი განაწყენებულია და ფილმი სწორედ წყენით გადაიღოო». არადა, ანჟეი ვაიდას მამა, რომელიც «ვოისკო პოლსკოგოს» ოფიცერი იყო, სწორედ კატინში დახვრიტეს რუსებმა და თურმე განაწყენების უფლებაც არ ჰქონია!

მკვლელი-დისპეტჩერი

        ლეხ კაჩინსკი კატინში სამგლოვიარო ღინისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. თანაც ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო, რადგან პრეზიდენტმა მედვედევმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე და მხარეები შეთანხმდნენ, რომ კაჩინსკი სმოლენსკის ტყეში არაოფიციალურად ჩავიდოდა გამოჩენილ პოლონელებთან ერთად, რათა პოლონელი ერის სიამაყის – ათასობით ოფიცრის საფლავზე გვირგვინი მიეტანა და ელოცა.
        შედეგად კი, კატინის ტყემ პოლონური ელიტის ახალი თაობა შეიწირა.
        პრეზიდენტი კაჩინსკი ევროპაში რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე იყო. სწორედ მისი პრინციპული პოზიცია არ აძლევდა საშუალებას, მაგალითად, გერმანელ პოლიტიკოსებს, საბოლოოდ მიეყიდათ აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოური ქვეყნები კრემლისთვის.
        2008 წლის აგვისტოში, ლეხ კაჩინსკი იყო ინიციატორი თბილისში უკრაინის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტების ჩამოსვლისა. Aამან მოსკოვის გაცოფება გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნესტერენკომ თქვა კიდეც: «ძალიან კარგად ვიცით, ვინ იყო ამ ანტირუსული შაბაშის მთავარი ორგანიზატორი და მას თავისას მივუზღავთო».
        როგორც ჩანს, სამაგიერო ასე გადაუხადეს!
        ტრაგედიიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, რუსულმა მხარემ პასუხისმგებლობა პოლონელ მფრინავებს დააკისრა – აქაოდა «ლაინერი წესიერად ვერ მართეს, - ფრთით ხეს წამოედოო».
        არადა, პოლონელი მფრინავების დადანაშაულება სრული აბსურდია და აი, რატომ: შაბათს დილით, 11 საათისთვის, როცა კატასტროფა მოხდა, სმოლენსკის თავზე ნისლი იდგა. ნისლში თვითმფრინავის დასმა, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მფრინავები «ბრმად» ემორჩილებოდნენ რუსი დისპეტჩერის მითითებებს. ეს უკანასკნელი სადისპეტჩეროდან აძლევდა მათ მითითებებს - ერთი «გრადუსით» ზემოთ აეღოთ საჭე თუ ქვემოთ, დასაფრენი ბილიკი ასიოდე მეტრში იყო თუ ხუთას მეტრში და ასე შემდეგ.
        ანუ, საშინელი კატასტროფა მთლიანად რუსი დისპეტჩერის სინდისზეა – პოლონელი მფრინავები (პრეზიდენტის თვითმფრინავს კი უმაღლესი კლასის სპეციალისტები მართავდნენ) მის მითითებებს ემორჩილებოდნენ.

უცნაური დამთხვევები

        მაშასადამე, გასარკვევი ის არის, რატომ გადასცეს თვითმფრინავს სმოლენსკიდან არასწორო მონაცემები. შეცდომა იყო თუ დანაშაული? მეტისმეტად ბევრი დამთხვევა ხომ არ არის?
        რატომ პუტინის რომელიმე ევროპელი მეგობრის თვითმფრინავი არ ჩამოვარდა აეროპორტ ვნუკოვოში ხშირი ნისლის მიუხედავად? რაღა პოლონეთის პრეზიდენტი დაიმსხვრა? რაღა მაინცდამაინც სმოლენსკთან? რატომ მაინცდამაინც სამგლოვიარო ღონისძიებებამდე?
        თანაც, როგორც ირკვევა, 2009 წელს პოლონეთის პრეზიდენტის კუთვნილი «ტუ 154» სამარაში შეუკეთებიათ.
        ლეხ კაჩინსკი 61 წლის იყო. მთელი მისი ცხოვრება პოლონეთის თავისუფელბას მიეძღვნა. განათლებით იურისტი კაჩინსკი 1980 წელს ჩაება პოლონეთის ანტიიმპერიულ და ანტიკომუნისტურ მოძრაობაში, რომელსაც მაშინ პროფკავშირი «სოლიდარობა» უძღვებოდა. იგი «სოლიდარობის» იურიდიული მრჩეველი გახდა, რის გამოც პოლონეთის «სახალხო დემოკარატიული რესპუბლიკის» მარიონეტულმა მთავრობამ, გენერალ იარუზელსკის მეთაურობით, სამხედრო მდგომარეობის შემოღებისთაანვე დააპატიმრა და 11 თვე პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი «არაფრისთვის» ციხეში იჯდა.
        იგი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა პოლონეთში და მისი დაღუპვა (ისევე, როგორც პოლონეთის სხვა ხელმძღვანელებისა) ძალიან დიდი დარტყმაა პოლონეთის სახელმწიფოებრიობაზე. პოლონეთი რა თქმა უნდა ამით არ დაიღუპება, მაგრამ კატინი ამ ქვეყნისთვის ნამდვილ წყევლად იქცა.
        რაც შეეხება «უცნაურ დამთხვევებს» და ბუნებრივად წარმოშობილ კითხვებს. პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი! ზოგიერთი დასავლელი ლიდერის გულარხეინობით მას ბევრი რამ «გაუვიდა»: ლონდონის ცენტრში რადიოაქტიული ნივთიერების გამოყენებიდან – მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნსი 20 პროცენტის დაპყრობამდე.
        ჰოდა თუკი გასდის, კიდევ უარესს იზამს! ახლოვდება 2012 წელი და რუსეთის «გბშ» -ნიკი «საერთონაციონალური ლიდერი» კიდევ მინიმუმ 12 წლით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას.
        დაცინვაა, რომ ტრაგედიეს მთავარ «გამომძიებლად» იგივე პუტინი დაინიშნა!
        ამ დღეებში რომ რუსულ «ბლოგოსფეროს» გადახედოთ, განსაკუთრებით კი ანონიმურ ფორუმებს, შეუძლებელია არ შეგზაროს, როგორ გაუხარდა შოვინიზმით გაჟღენთილ რუსულ მასას ეს ტრაგედია: კბილების ღრჭიალი და ხორხოცია ინტერნეტში. «მოლოდეც ვოლოდია» - ასეთია საერთო აზრი.
        ესე იგი, «ერის ლიდერი» რეიტინგს ნამდვილად აღარ უჩივის. კატინის ტყემ კი ახალი რუსულ-იმპერიული საიდუმლო დაფარა.

2010