ნიკო ლეკიშვილის გადადგომა

ნიკო ლეკიშვილის გადადგომა

ყოჩაღ ნიკო!

    გუშინ, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა, ტელევიზიით გამოსვლისას, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გადადგა თანამდებობიდან და მისი განცხადება მთავრობის სხდომაზე ლიტონი სიტყვები არ ყოფილა. ლეკიშვილმა მოუწოდა ყველა თანამდებობის პირს, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, ასევე მოიქცნენ და შეუქმნან ედუარდ შევარდნაძეს «თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება».
    ფაქტობრივად, ეს ერთადერთი გამოსავალია შექმნილი იურიდიული კოლიზიიდან, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმსრულებელ ხელიოსუფლებას. ამიტომ მთავრობის კოლექტიური გადადგომის მექანიზმი გათვალისწინებული არ არის, ანუ მთავრობა შეიძლება გადადგეს მხოლოდ თვით პრეზიდენტთან ერთად, ამასთანავე პრეზიდენტს აქვს უფლება, საკუთარი ბრძანებით გადააყენოს მინისტრები, ოღონდ არა ერთობლივად, არამედ ინდივიდუალურად - ყველანი ცალ-ცალკე. პარლამენტს აქვს უფლება, აამოქმედოს იმპიჩმენტის მექანიზმი ასევე ინდივიდუალურად, ყველა ცალკე აღებულ შემთხვევაში, კონკრეტული მინისტრის მიმართ, მაგრამ ერთობლივად მთავრობას საკანონმდებლო ორგანო უნდობლობას ვერ გამოუცხადებს და ერთობლივად ვერ გადააყენებს - კონსტიტუციით ეს გამორიცხულია - ამრიგად, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სხვა ხერხს მიმართა: მან აგრძნობინა ხელქვეითებს, რომ მოვიდა მთავრობის განახლების დრო. ოპერაცია განხორციელდა ბრწყინვალედ, - ნომენკლატურული ტექნოლოგიის წესთა სრული დაცვით.
    ნიკო ლეკიშვილი ნაწყენი ნამდვილად არ მიდის, ვინაიდან, როგორც ჩანს, მიიღო გარანტია, რომ დარჩება ქართულ ისტებლიშმენტში, როგორც ბიზნესმენი, მეწარმე, რომელსაც ხელისუფლება ყოველნაირად დაეხმარება.
    რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ჯერჯერობით აქ სრული გაურკვევლობაა, ბევრ მათგანს განცხადება წასვლის შესახებ ჯერ არ დაუწერია, თუმცა ამის გამო პრეზიდენტი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაშინ კი შევარდნაძის რისხვას გაჯიუტებული მინისტრის მიმართ საზღვარი აღარ ექნება.
    შევარდნაძემ შეიძლება ზოგიერთი მინისტრი უბრალოდ გაათავისუფლოს თანამდებობიდან, - თანამდევი გარდაუვალი მძიმე შედეგებით.
    პარლამენტში უკვე დაიწყო კონსულტაციები მოქალაქეთა კავშირსა და მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებს შორის. ედპ-მ და სახალხო პარტიამ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ედუარდ შევარდნაძესთან კონსულტაციები გამართეს, თანხმობა განაცხადეს, მონაწილეობა მიიღონ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში და საკუთარი კანდიდატებიც წარმოადგინონ დასანიშნად.
    მემარცხენე პარტიები, რჩეულიშვილის სახით, აგრეთვე «აღორძინება», კონსულტაციებში მონაწილეობაზე ჯერჯერობით, უარს აცხადებენ. ზურაბ ჟვანიას თქმით კი, მოქალაქეთა კავშირს საკუთარი კანდიდატურები არ ეყოლება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი «მოქალაქე-მინისტრები» (პაპავა, ჩხობაძე, ჭკუასელი) თანამდებობებს შეინარჩუნებენ, ისევე, როგორც პოზიციებს შეინარჩუნებს ძალისმიერი სამეული - თევზაძე, გახოკიძე, თარგამაძე,
    დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრეწველობის მინისტრად თამაზ აგლაძე აღარ დაინიშნება. ხანგრძლივი და უნაყოფო ჭაპანწყვეტის შემდეგ იგი მეცნიერებას უბრუნდება.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამგვარი რეორგანიზაცია, «სოციალური ქვაბიდან» ორთქლის გამოშვების გარდა, მიზნად ისახავს პარალმენტის გადარჩენას. იქმნება ახალი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელიც დაუპირისპირდება მემარცხენე-ამღორძინებლებს, აგრეთვე რუსული ორიენტაციის მომხრეებს და შეეცდება თამაშის ახალ წესებზე დაყრდნობით შეინარჩუნოს სტაბიულრობა მომდევნო არჩევნებამდე. სტაბილურობის შემთხვევაში კი იმ არჩევნების ბედი ახლავე გადაწყვეტილია.
    ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გროგორც ჩანს, ხელისუფლება ამგვარ რეორგანიზაციას აპირებს კონსტიტუციის შეუცვლელად, ანუ ხელისუფლების განაწილების «აემერიკული მოდელის» შენარჩუნებით. ქართველები ყველაფერში ნოვატორები უნდა ვიყოთ - ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კოალიციურ მთავრობას ქმნის. ამაზე დიდი აბსურდი წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველო ხომ «აბსურდის ქვეყანაა»

«7 დღე», 27 ივლისი, 1998 წ.