ომი ისრაელში - IV

ომი ისრაელში - IV

ისრაელ-პალესტინის ანუ ებრაულ-არაბული კონფლიქტი მუდამ მაინტერესებდა.

`გრძნეული კონფლიქტია`.

უამრავი წახნაგი აქვს

ერთ-ერთი მათგანი ქართული სოციუმის და სოციოფსიქოლოგიის აღქმებსაც უკავშირდება.

ქართველ ადამიანს, როგორც ჯერ კიდევ `პოსტსოვიეტიკუსს` აშინებს `გადაუწყვეტადი პრობლემების` არსებობის შესაძლებლობა.

ეს კოდი ჩაგვინერგეს, რაკი გვასწავლიდნენ: `ერთადერთი სწორი მოძღვრების` (მარქსიზმ - ლენინიზმის) უძლეველობას.

ანუ, თუ `სწორად` მოიქცევი, ყველა პრობლემაზე პასუხი გექნება და ამ პრობლემებს გადაჭრი კიდეც, ადრე თუ გვიან

ამიტომ იმმანენტურად, სამარადისოდ `გადაუწყვეტადი` პრობლემის არსებობის შესაძლებლობა ქართველ ადამიანს ქვეცნობიერად აშინებს ისე, როგორც სამყაროს უსასრულობა ან სიკვდილის შეუცნობადობა.

ამიტომაც ცდილობს იმგვარ დეტერმინაციას, რაც ერთი შეხედვით ამა თუ იმ მხარის ბრალეულობა-სიმართლეს უკავშირდება, თუმცა საბოლოოდ მაინც `სწორ ქმედებამდე` მიდის, რაც ამ გრძნეულ კონფქლიქტს გადაწყვეტს, დამყარდება მშვიდობა `თხა და მგელი ერთად სძოვდეს`, აშენდება კომუნიზმი და ა.შ და ა.შ.

. . . . . . . . . . . .

განა მე არ მქონდა ასეთი გეგმები ჩემს წარმოსახვაში ახალგაზრდობიდან?

მაგალითად: ღაზას ესტაკადით დაკავშირება `უესთ ბანკთან`, ამ ერთიანი პალესტინური სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოდ (და არა როგორც დღესაა, როცა ღაზა-ეგვიპტის საზღვარს, ისევე როგორც west bank - იორდანიის საზღვარს ისრაელი აკონტროლებს) და.....რაც მთავარია იერუსალიმის `კონდომინიუმი` ანუ ერთობლივი მართვა, ერთობლივი ფლობა საერთაშორისო სუვერენიტეტით - იერუსალიმში გაეროს შტაბ-ბინის გადატანა ნიუ იორკიდან, იქ მულტიეთნიკური, მულტიკონფესიური სამშვიდობო ჯარების შეყვანა და ა.შ და ა.შ

რა ოცნებები არ მქონდა, თუმცა ....მაშინვე ვხვდებოდი, რომ სისულელეა ეს ყოველივე იმდენად, რამდენადაც ოცნება შეიძლება იყოს სისულელე.

იმიტომ, რომ კონდომინიუმი და ერთობლივი ფლობა კომუნალურ ბინაშია შესაძლებელი. ესეც დიდი დაძაბვით;

ხოლო როცა საქმე ეხება მ ი წ ა ს, იერსუალიმის მაგვარ ტრანსცედენტულ წერტილს, ანუ იდენტობის საწყისს, იქ `ერთობლივი ფლობა`, გინა ერთობლივი მართვა ან მესამე მხარისთვის გადაცემა გამორიცხულია!

ებრაელები, სანამ ებრაელები არიან, არასდროს დაეთანხმებიან არათუ იერუსალიმის გაყოფას, არამედ მისი `ფლობის` აღქმის შერყვნას.

ზუსტად ასევე, არაბები არასდროს დაეთანხმებიან, რომ მარტივად თუ ვიტყვით, `ალ აქსას` მეჩეთი და `ტაძრეული მთა` `მათი` არ არის.

უფრო სწორად, `მათია` მხოლოდ ნომინალურად, სანამ იქ მორიგი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი შევა დემონსტრაციულად და საპროტესტო აქციებს კი ისრაელის პოლიცია დაურბევთ წარმატებით.

ეს არის გრძნეულ იდენტობათა ანუ მარადისი კონფლიქტი!

გრძნეული და იდუმალი, როგორც იერუსალიმი.

სანამ ამას ვერ გავიგებთ, ვერაფერს ვერ გავიგებთ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შორეულ 1997 წელს იერუსალიმში მოვხვდი ანუ `ავედი იერუსალიმში`, როგორც მუდამ, გამონაკლისის გარეშე ამბობენ ებრაელები: `იერუსალიმში ამოსული ხარ.....` `იერუსალიმში ამოვიდნენ`.....`იერუსალიმში როდის `ამოხვალ` (და არა `ჩამოხვალ`, როგორც ჩვენ ვამბობთ)

რასაკვირველია ძველი იერუსალიმი, მისი ებრაულ-ლათინურ-არაბულ-სომხური კვარტლები ფეხით მოვიარე.

ყველგან მკაცრი და მშვიდი, დიდებული ებრაელი ჯარისკაცი მხვდებოდა მხარზე და ხელში M-16-ით.

მერე, სასტუმროში რომ დავბრუნდი, ქართველ ებრაელ მწერალს ვუთხარი გულუბრყვილოდ : `რა პატარა ყოფილა ძველი იერუსალიმი (ანუ ნამდვილი იერუსალიმი -დ), ფეხით ორჯერ მოვიარე სულ რამდენიმე საათში` მეთქი.

ღიმილით შემომხედა და მშვიდი ფანატიზმით მითხრა:

``პატარა კი არა...... უ ს ა ს რ უ ლ ო ა``.

დათო