Putin – forever?

Putin – forever?

  რუსეთის ცენტრალური საარჩევო კომისიის მონაცემებით, 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმა და ორგზის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების დაახლოებით 64 პროცენტი დააგროვა. კომუნისტ ზიუგანოვის მონაგარი 17 პროცენტია, ხოლო მილიარდერ მიხეილ პროხოროვს თითქმის 8 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ანუ მილიარდერმა და ლიბერალმა (ნამდვილმა ლიბერალმა) პროხოროვმა მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ე.წ. „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ უცვლელმა ლიდერმა და „პოლიტიკურ შოუმენად“ ცნობილმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
  ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის ბევრ ოლქში მიხეილ პროხოროვმა პუტინსაც კი გაუსწრო. მაშასადამე, დედაქალაქები (რუსეთი ტრადიციულად „ორი დედაქალაქის ქვეყნად“ ითვლება), სადაც რუსული ელიტები და ინტელიგენცია ცხოვრობენ, პუტინის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ოღონდ მის ალტერნატივად არც კომუნისტი ზიუგანოვი მიუჩნევიათ და არც ექსცენტრიკოსი ჟირინოვსკი, რომელმაც ქვეყნის მაშტაბით სულ 6 პროცენტი მიიღო.
    ბუნებრივია, დამკვირვებლები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე პუტინის პარტიამ „ედინაია როსსია“ დაახლოებით ხმების ნახევარი თუ მოიპოვა. ამ ფონზე თვით „ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის“ ტრიუმფალური 64 პროცენტი თითქოს უცნაურად გამოიყურება. თუმცა, ვიყოთ ობიექტურნი და ვაღიაროთ, რომ ლიდერი ელექტორატში ყოველთვის უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე მისი პარტია. ანუ, არ არის გასაკვირი, თუკი მმართველი პარტია არჩევნებში ნაკლებ ხმას იღებს, ვიდრე მისი საპრეზიდენტო კანდიდატი. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება. გამონაკლისი საქართველო იყო 2008 წელს. მაშინ მიხეილ საააკშვილმა მიიღო 54 პროცენტი, ხოლო მისმა პარტიამ, მაისის საპარლემენტო არცევნებში - 60 პროცენტი. ოღონდ, თუ ბოლომდე ობიექტურნი ვიქნებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ „პროტესტულ ელექტორატს“, რომელმაც 5 იანვრის არჩევნებში მომდევნო რევოლუციის იმედით იღებდა მონაწილეობას, სულ მალე გული აუცრუვდა და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ წავიდა.
    რუსეთში კი ამ მხრივ ექსტრემალური ვითარება არ ყოფილა: ხელისუფლება მკაცრად მართავდა საპროტესტო ტალღას, ხოლო ოპოზიციურმა ლიდერებმა სიტუაციის იმ დონეზე დესტაბილიზებას ვერ მიაღწიეს, ამას ამომრჩეველთა მასაზე სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა. ანუ, ლიბერალურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ამომრჩევლისთვის თავისი ძალა და უნარი ეჩვენებინა იმდენად მაინც, რომ რუსი ობივატელი პუტინის ყოვლისშემძლეობასა და უძლეველობაში დაეჭვებულიყო. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მასა მუდამ ხმას აძლევს ძლიერსა და წარმატებულს - სუსტისა და დამარცხებულის საწინააღმდეგოდ.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ რუსმა ლიბერალებმა „გაყალბებებზე“, ისინი ვერ უარყოფენ, რომ ჯერ ერთი, პუტინმა ნამდვილად მიიღო ხმების ნახევარზე მეტი (მაინც) და უეჭველად მიიღებდა ნებიმიერ შემთვევაში - სულაც რომ არ გამოეყენებინა ყბადაღებული „კარუსელები“ და „ადმინისტრაციული რესსური“. გარდა ამისა, პუტინის ოპოზიციამ ვერ მოახერხა ძლიერი ალტერნატივის ჩამოყალიბება. ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ თუკი არჩევნები რამდენიმე პროცენტით გაყალბდა, გაყალბდა არა მიხეილ პროხოროვის (ესე იგი ლიბერალური ოპოზიციის კანდიდატის) არამედ სწორედ კომუნისტ ზიუგანოვის საზიანოდ, რადგან მხოლოდ ზიუგანოვს შეეძლო (თეორიულად) პუტინისთვის რეალური მეტოქეობა გაეწია.
    რატომ? აი, ამ კითხვაზე პასუხი კი მართლაც საინეტრესოა: იმიტომ, რომ კომუნისტ ზიუგანოვს ჰქონდა და აქვს ნამდვილად ალტერნატიული პროექტი ქვეყნის განვითარებისა. ეს პროექტი „ცუდია“, „რეაქციულია“ „რეტროგრადულია“, ასეთია თუ ისეთია, მაინც განსხვავებულია, ვიდრე პუტინის პროექტი!
    ზიუგანოვი კომუნისტია. იგი ეკონომიკაში სოციალისტური ელემენტების დაბრუნებას, სახელმწიფო მონოპოლიების აღდგენას და ქონების ნაციონალიზებას უჭერს მხარს. მაგრამ მოსახლეობის პროტესტულად განწყობილი ნაწილისთვის მთავარი პროექტის არსი კი არაა, არამედ ის, რომ ზიუგანოვი კარდინალურად განსხვავდება პუტინისგან. ამიტომაც აძლევენ ხმას.
    რუსი ლიბერალები და პროხოროვი კი რა ალტერნატიულ პროექტს სთავაზობენ ხალხს? განა პუტინი და მისი გარემოცვა პროხოროვზე ნაკლები მილიარდერები და კაპიტალისტები არიან? კი ბატონო, პუტინი „КГБ“ - დან მოვიდა ბიზნესში, პროხოროვი კი, ე.წ. „ძველბიჭური სამყაროდან“. მერედა რა - ამით? რა განსხვავებულ კურსს სთავაზობდნენ ისინი რუსულ მოსახლეობას, რას გააკეთებდნენ სხვაგვარად, ვიდრე პუტინი აკეთებს?
    ზიუგანოვი კი პირდაპირ ამბობს რას გააკეთებს სხვაგვარად: ჩამოართმევს ქონებას იმავე პროხოროვს, აბრამოვიჩს, სხვა მილიარდერებს და ისევ „ხალხს“ (სახელმწიფოს) დაუბრუნებს. მიხეილ პროხოროვი ამას, რა თქმა უნდა არ აპირებს. იგი მასას მხოლოდ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას პირდება, რაც რუსული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცარიელი სიტყვები და ცნებებია - არათუ გაუგებარი, არამედ მიუღებელიც, რადგან 90-იანი წლების ბანდიტურ ანარქიას, ქონების გადანაწილებას, შეკვეთილ მკვლელობებს, კრიმინალურ „ბესპრედელს“, ბერეზოვსკი-გუსინსკის კლანურ-სატელევიზიო ბრძოლებს და მთლიანობაში ელცინის მარაზმს აგონებს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --
    ვლადიმერ პუტინს, განსხვავებით მიხეილ პროხოროვისგან, აქვს მკაფიო და მასისთვის გასაგები პროექტი, რომელსაც უკვე ახორციელებს კიდეც. ეს არ არის ალტერნატიული პროექტი. ეს გახლავთ პუტინის გეგმა პოსტსაბჭოურ სივრცეზე ერთიანი „დერჟავის“ აღგენისა. პუტინის ამომრჩეველი ხედავს, რომ მისი რჩეული გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ყველა რუსი ნაციონალისტის სანუკვარი მიზნის აღსასრულებლად: ქმნის „საბაჟო კავშირს“, ამარცხებს პატარა საქართველოს ხუთდღიან ომში (თითქოსდა, ატომური ზესახელმწიფოსთვის ეს დიდად სასახელო იყოს - გ.ყ.), გამოდის ინიციატივით ევრაზიული კავშირის შესახებ, არ ეპუება დასავლეთს სირიის და ირანის საკითხში, ანუ „დერჟავნიკი“ პუტინი ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ამით უფრო მეტად მისაღები ხდება, ვიდრე რეტროგრადი ზიუგანოვი, რომელსაც ხმას მხოლოდ პროტესტული ელექტორატი თუ აძლევს.
    აქვე შევნიშნოთ (არა მხოლოდ რუსეთის არამედ საქართველოს რეალობის გათვალისწინებით), რომ „პროტესტული ელექტორატი“, რომელიც მუდამ და ყველგან მოქმედებს პრინციპით „ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს ჩამოვაგდოთ და ვინც გინდა მოვიდეს“, არ შეიძლება უმრავლესობას შეადგენდეს. ის რომ უმრავლესობა იყოს, რუსეთშიც და საქართველოშიც უკვე დიდი ხანია სამოქალაქო ომი იქნებოდა გაჩაღებული და ვერანაირი პოლიცია, ვერანაირი სახელისუფლებო ბერკეტები ვერ შეაჩერებდა. სამწუხაროდ, ამის გაგება არაფრით სურთ ქართველ რადიკალ-ოპოზიციონერებს. ისევე, როგორც მათ რუს კოლეგებს.
    რუსული არჩევნების მთავარი შედეგი კი ისაა, რომ როგორც ჩანს, კიდევ 12 წლის განმავლობაში ვალდიმერ პუტინთან გვექნება საქმე. მაგრამ განა ამას რაიმე პრინციპული მნიშვნელობა აქვს? განა რა მნიშვნელობა აქვს გვარად „პუტინი“ იქნება რუსეთის ხელმძღვანელი თუ „მედვედევი?“ მთავარი ისაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს იმპერიის აღდგენის გეგმასთან, რომელიც რუსეთში ობიექტურად არსებობს და თავისთავადად მოქმედებს საზოგადოებრივი მენტალობის და მისწრაფების დონეზე.
    ეს სისტემური პრობლემაა და არა პერსონალური: ვინც არ უნდა მოვიდეს რუსული სახელმწიფოს სათავეში, სანამ არსებობს რუსულ-იმერიული, „დერჟავნიკული“ იდენტობა, იგი აუცილებლად ეცდება იმპერიის აღგენას და საქართველოსაც ასე იოლად არ შეეშვება.
    ბოლოს, პარადოქსულ დასკვნას გავაკეთებ: საქართველოსთვის სწორედ პუტინის გამარჯვება იყო უფრო ხელსაყრელი, ვიდრე იმევე იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი მედვედევის დატოვება მეორე ვადით, რადგან პუტინის „დაბრუნება“ მისი კვლავ დაბრუნება სცენაზე და თავხედურად გულწრფელი ნაციონალისტური განცხადებები, აგრეთვე მრავალწლიანი ავტორიტარიზმი და მის სახელთან ჩეჩნეთის სასაკლაოს, ჟურნალისტ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის, ბიზნესმენ ხოდორკოვსკის დაპატიმრების ასოცირება, აღარ მისცემენ დასავლეთს იმის საშუალებას, რომ მასთან ისეთივე „შეხმატკბილებული“ და „თვალებშემციცინე“ ურთიერთობა შეინარჩუნონ, როგორც მმართველობის პირველ პერიოდში.
    პუტინის იმიჯი დამძიმებულია წარსულით, ხოლო ეს ტვირთი უეჭველად განაპირობებს დასავლეთის მეტ სიფრთილესა და კრიტიკულობას მეზობელი ქვეყნებისადმი მისი პოლიტიკის შეფასებისას. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ისე ვეღარ ჩამოართმევენ ხელს პუტინს, რომ თვალი საკუთარ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებისკენ არ „გააპარონ“: რამდენად ლამაზად გამოიყურებიან, როდესაც კაცობრიობას დემოკრატიულ პრინციპებს უქადაგებენ, ხოლო პუტინის რეჟიმს „ტოლად და სწორად“ მიიჩნევენ „დიდი რვიანის“ ფარგლებში.

2012