ავღანეთი რუსეთს ბუმერანგივით მიუბრუნდა

ავღანეთი რუსეთს ბუმერანგივით მიუბრუნდა

 

    უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიო ყურადღება ავღანეთისკენ არის მიპყრობილი, ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში გრძელდება სისხლიანი კონფლიქტი, ფაქტობრივად სამოქალაქო ომი, ეთნოკონფლიქტი, რომელიც ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო სპეცსამსახურების ჩარევით და სულ მალე გადაიზარდა სამხედრო ინტერვენციაში.
    საბჭოთა აგრესიის შედეგად მილიონი ავღანელი დაიღუპა, ასეულობით ათასი ლტოლვილად იქცა. დამკვირვებელთა აზრით, საბჭოთა ხელისუფლების მიზანი იყო, არ დაეშვათ ისლამური სახელმწიფოს დაფუძნება შუა აზიის საზღვრებთან. ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის კგბ-ს მიერ ამერიკისათვის დაგებულ მახეში თავად გაება: ისლამურ რევოლუციას ირანში იგი ყოველნაირად (ოღონდ ფარულად) ეხმარებოდა, რათა ამერიკა გაეძევებინა რეგიონიდან, მაგრამ აიათოლა ჰომეინის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ისლამისტებმა ავღანეთის ხელში ჩაგდება მოინდომეს, რამაც რეალური საფრთხე შეუქმნა საბჭოთა შუა აზიას, ამიტომ პოლიტბიურო იძულებული გახდა «შეზღუდული სამხედრო კონტინგენტი» შეეყვანა ავღანეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარმალის «პრომოსკოვური» მთავრობა სულ რამდენიმე დღეში დაემხობოდა.
    ათწლიანი «ჯიჰადი» მოჯაჰედთა გამარჯვებით დასრულდა, საბჭოთა არმია იძულებული გახდა კუდამოძუებული გამოსულიყო ავღანეთიდან 1988 წელს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ომი ამ ქვეყანაში მხოლოდ იწყებოდა. რათა გავერკვეთ, თუ რა ხდება ბოლოს და ბოლოს ავღანეთში, უნდა გავითვალისწინოთ ამ ქვეყნის ეთნიკური სიჭრელე.
    ტრადიციულად, ავღანეთში ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები და სხვა რამდენიმე ხალხის წარმომადგენლები. პუშტუნებს ავღანეთის გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნიათ, მაშინ როცა ტაჯიკები, უზბეკები და შიიტები გარეშე ძალებს ეყრდნობიან.
    როგორც ჩანს, პუშტუნებმა გადაწყვიტეს სამშობლოში თავიანთი მმართველობა დაამყარონ. საამისოდ მათ სჭირდებოდათ სამი რამ: მძლავრი იდეოლოგია, მტკიცე ორგანიზაცია და გარეგანი მხარდაჭერა. სწორედ ასე წარმოიშვა ისლამურ «მედრესეებში» თალიბთა იდეოლოგია, რაც სხვა არაფერია, თუ არა ისლამური ფუნდამენტალიზმი.
    თალიბთა (ისლამისტ სტუდენტთა) მოძრაობა, როგორც ხშირად მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, შინაარსით ეროვნული მოძრაობა იყო, მაგრამ ფორმით ისლამური ფუნდამენტალიზმის სახე მიიღო. თალიბებმა შექმნეს ერთთმართველობას სასტიკად დაქვემდებარებული სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც იდეოლოგიურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც მოლები უდგანან სათავეში; ზოგიერთი მათგანი სამხედრო გენიად არის აღიარებული.
    რაც შეეხება გარეშე ძალის მხარდაჭერას, თალიბებს აქტიურად ეხმარება პაკისტანი, რომელიც ცდილობს (ახერხებს კიდეც) რეგიონულ ზესახელმწიფოდ იქცეს. პაკისტანში ჯერ კიდევ «საბჭოთა აგრესიის» პერიოდში შეიქმნა ლტოლვილთა ბანაკები, ამდენად ავღანეთის საქმეებში ჩარევის ტაქტიკა და ტექნოლოგია იქ კარგად არის შემუშავებული.
    ჩემი ღრმა რწმენით, პირველადი სწორედ პაკისტანის დაინტერესებაა, ხოლო საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობას მხოლოდ მეორადი ხასიათი აქვს, თუმცა, ესეც, რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
    უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თალიბებს «მცოცავი ომის» კლასიკური მაგალითი შექმნეს. ისინი ნელ-ნელა, ჯიუტად, უმოწყალოდ, მიზანსწრაფულად და მტკიცედ ისწრაფოდნენ საბოლოო გამარჯვებისაკენ. თანდათნაობით იკავებდნენ ავღანეთის პროვინციებს. ერთი წლის წინ აიღეს ქაბული და საჯაროდ ჩამოახრჩვეს ავღანეთის ყოფილი საბჭოთა მარიონეტი ნადჯიბი (ნადჯიბულა), რომელიც 1998 წლამდე (!) გაეროს მისიის შენობაში ემალებოდა მოჯაჰედდინთა რისხვას. «არათალიბებმა», მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გააფთრებით იბრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ფანატიკოსებად ითვლებოდნენ, გაეროს მისიის შეურაცხყოფა ვერ გაბედეს, თალიბებმა კი ეს აინუშშიც არ ჩააგდეს – ნადჯიბი მისიის შენობიდან გამოათრიეს და იქვე საჯაროდ ჩამოახრჩვეს.
    ქაბულის დაპყრობა მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება იყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ომის მოგებას. შეიქმნა მძლავრი ანტითალიბური კოალიცია არაპუშტუნი ერების წარმომადგენელთაგან. კოალიციას სათავეში ჩაუდგნენ ოდესღაც სახელგანთქმული მოჯაჰედდინები, რომლებიც ათი წლის განმავლობაში სისხლს უშრობდნენ საბჭოთა არმიას: გულდებედინ ჰექმატიარი, აჰმად შაჰ-მასუდი, აგრეთვე მათ მიერ «ავღანეთის პრეზიდენტად» შერაცხული ბერჰუნუდინ რაბბანი და უზბეკი გენერალი დუსტუმი.
    ამ კოალიციაში ყველაზე საინტერესო ფიგურა სწორედ გენერალი დუსტუმია, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებს აკონტროლებდა. მისდამი ინტერესი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დუსტუმი უეჭველად უზბეკეთიდან იმართება. ისლამ ქარიმოვი (უზბეკეთის პრეზიდენტი) მისი მეშვეობით ცდილობს მძლავრი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და მსოფლიო პოლიტიკაზეც კი იქონიოს ზეგავლენა, ვინაიდან ავღანეთი უეჭველად ერთ-ერთი კვანძია თანამედროვე მსოფლიო გეოპოლიტიკისა.
    ამ გარემოებას კი შემდეგი მომენტები განაპირობებს: ამერიკელებმა დაასრულეს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ევრაზიაში წარმოშობილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზი და გააკეთეს უცდომელი დასკვნა: უმოკლესი და ყველაზე იაფი გზა მსოფლიოს ბაზრებზე ცენტრალური აზიის ბუნებრივ სიმდიდრეთა ტრანსპორტირებისათვის არის კასპიის აუზიდან, - სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით ევროპაში; ან ავღანეთიდან – ინდოეთის ოკეანემდე, აგრეთვე სპარსეთის ყურემდე. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ავღანეთის გავლით გრანდიოზული ნავთობსადენის მშენებლობა (ისევე, როგორც გაზსადენისა, რაშიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული თურქმენეთი) მხოლოდ დროის საკითხია, ოღონდ იმ პირობით, თუ ავღანეთში ჩამოყალიბდება მყარი მთავრობა და შეწყდება სამოქალაქო ომი; რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, თალიბთა წარმატებები ძალიან ხელსაყრელია რუსეთისთვისაც.
    საქმე ის გახლავთ, რომ «თალიბანი» თავისი არსით აგრესიული მოძრაობაა. თუ მან შეძლო ანტითალიბური მოძრაობის განადგურება და ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, იგი უშუალოდ გაუმეზობლდება ცენტრალური აზიის ქვეყნებს, - ტაჯიკეთს, თურქმენეთს და, რაც მთავარია, ყოფილ საბჭოთა შუა აზიის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს – უზბეკეთს. დესტაბილიზაცია უზბეკეთში მთელი ცენტრალური აზიის არევას ნიშნავს, რუსეთის სპეცსამსხურები ყველაფერს გააკეთებენ (აკეთებენ კიდეც) იმისთვის, რათა ისლამ ქარიმოვი «თალიბანის საფრთხით» დააშინონ, აიძულონ უფრო მჭიდროდ ითანამშრმოლოს რუსეთთან, წავიდეს გეოპოლიტიკურ დათმობებზე და ა.შ.
    ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ისლამურ რელიგიას ღირსეულ პატივს მიაგებს, მაინც საერო ყაიდაზე მოწყობილი ქვეყნები არიან, ამიტომ თალიბანის წარმატებები მართლა სერიოზულად აშფოთებთ ამ ქვეყანათა მმართველ ელიტებს.
    თალიბანმა და ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა შეიძლება სტაბილური აყვავების გზაზე დამდგარი უზბეკეთი ტაჯიკეთად აქციოს ანუ სამოქალაქო ომის და სისხლიანი ანარქიის ჭაობში შთანთქას. თუმცა, რუსეთი ამ შემთხვევაში მაინც სერიოზულ რისკზე მიდის. რატომ ჰგონიათ მოსკოვში, რომ უზბეკეთი თალიბთა შიშით მაინცდამაინც «ჩრდილოურ ორიენტაციას» ირჩევს? განა არ შეიძლება მყარი პოლიტიკური გარანტიების მიღება თუნდაც იმავე ამერიკის შეერთებული შტატებისაგან?
    ამრიგად, თალიბთა გაძლიერებამ შეიძლება რუსეთის პოზიციები კი არ განამტკიცოს ცენტრალურ აზიაში, არამედ ამერიკის შემოსვლა დააჩქაროს ამ რეგიონში.
    მაგრამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია განსხვავება რუსულ და ამერიკულ საზოგადოებას შორის. თუ უზბეკეთისთვის სამხედრო დახმარება გახდება აუცილებელი, ამერიკის პრეზიდენტი ვერაფრით ვერ დაარწმუნებს ამ ნაბიჯის აუცილებლობაში თავის ქვეყანას, რომელიც თითოეული ჯარისკაცის დაღუპვას ძალზე მტკივნეულად განიცდის.
    რუსეთი განუწყვეტლივ ომს აწარმოებდა ტაჯიკეთთან და მისთვის კიდევ რამდენიმე «მეომარი დივიზიის» გაგზავნა რეგიონში პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარია შინაგანად ისლამ ქარიმოვის რეჟიმი. აქ დემოკრატიულობაზე ლაპარაკი სასაცილოა - რა დროს დემოკრატიაა, როდესაც ცენტრალურ აზიას მძვინვარე ისლამური ფანატიზმის აბობოქრებული მდინარე უახლოვდება?
    «დემოკრატიის პრინციპებსა» და ადამიანის უფლებებს ასეთ შემთხვევაში ამერიკელებიც ივიწყებენ ხოლმე.

7 დღე, 17 აგვისტო, 1998 წ.