დასავლური ორიენტირი

დასავლური ორიენტირი

        საქართველოს სახელმწიფოებრივი კურსის მკაფიო «სტაბილიზაცია» დასავლური მიმართულებით შესაბამის ვიზიტებშიც გამოიხატება.
        პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში იმოყფება, სადაც მას მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან. სხვათა შორის, ევროპარლამენტს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ორგანოს მხარდაჭერა კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ყველას გვახსოვს, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სავიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო აფხაზეთთან საზღვარი ღიად დატოვა, სწორედ ევროპარლამენტმა დაიკავა განსაკუთრებით პრინციპული პოზიცია და დაგმო რუსეთის მოქმედება.
        ამაევე დროს, საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია თითქმის ორკვირიანი ვიზიტით მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ვალერი ხაბურძანია თავდაპირველად ვაშინგტონს ეწვევა. გათვალისწინებულია მისი შეხვედრები ორივე სპეცსამსახურის, - როგორც გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობასთან. პირველი კონტრდაზვერვის გაფართოებულ ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორე – საგარეო დაზვერვისას და ამერიკის ტერიტორიაზე მუშაობა კანონით აკრძალული აქვს კონგრესის სპეციალური ნებართვის გარეშე.
        ყველაფერთან ერთად, ვალერი ხაბურძანიას ვიზიტის შედეგად შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს საუბრები საქართველოს სპეცსამსახურების რეფორმირებისა და დივერსიფიცირების თოაბაზე. თუმცა, ამჯერად ეს არ არის მთავარი. ამერიკელები მართლაც სერიოზულად დაინტერესდნენ საქართველოთი, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ისინი დაინტერესდნენ კავკასიის რეგიონით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ერაყისა და ირანის წინააღმდეგ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ თურქეთიდან და ისრაელიდან. ორივე მათგანს უძლიერესი დაზვერვა აქვს.
        ჩვენს რეგიონში «თვალისა და ყურის» გამოჩენა (როგორც ცსს-ს უწოდებენ) აუცილებლად გულისხმობს ამერიკული «ხელის» გაძლიერებასაც სამხრეთ კავკასიაში. სპეცსამსახურთა ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. «მეგობარი სპეცსამსახურები» არ არსებობენ. ყველა მათგანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მუშაობს. არათუ თანამედროვე მსოფლიოში, არამედ, ყველა ეპოქასა და ქვეყანაში, დროული და ზუსტი ინფორმაცია ნებისმიერ იარაღზე ძვირად ფასობს.
        ამერიკის სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობის შემთხვევაში, თბილისი მიიღებს მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციებს კავკასიის სცენაზე სხვა მოთამაშეების გეგმათა შესახებ. აღარაფერს ვამბობ სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ამერიკელთა ინტერესი უპირველესად ცენტრალური – აზია – სამხრეთ კავკასია – ევროპის სატრანსპორტო ენერგეტიკული ხაზის უშიშროების უზრუნველყოფაში მდგომარეობს.
        პლანეტაზე თავდება ნავთობის რესურსები. დარჩენილის კონცენტრაცია ხდება ამერიკისადმი არცთუ მეგობრულად განწყობილ რეგიონებში. სწორედ ამიტომ იქმნება ის შანსი, რომელიც საქართველოს ეძლევა. რამდენად გამოვიყენებთ – ძნელი სათქმელია.
        იმავე კონტექსტში, უახლოეს მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი ბრიუსელში – ერთდროულად ნატოსა და ევროკავშირში. პრეზიდენტი ბრიუსელში 17 მარტს ჩავა, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის «კომისიებთან», აგრეთვე, ნატოს გენერალურ მდივანთან. ვიზიტი შარშან ოქტომბერში უნდა შემდგარიყო, მაგრამ დღეს უფრო «დროულიც» კი ჩანს.

დილის გაზეთი, 8 მარტი, 2002 წელი