ზატულინ-მიგრანიანის „პოლიტოლოგიური დესანტი„ მოგერიებულია

ზატულინ-მიგრანიანის „პოლიტოლოგიური დესანტი„ მოგერიებულია

        გუშინ თბილისში დასრულდა ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი ღონისძიება, რომელშიც რუსეთის «ექსპერტული თანამეგობრობის» საუკეთესო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ალბათ, სრული სურათისთვის გლებ პავლოვსკი აკლდა, მაგრამ იგი იმდენად ახლოს არის (თანაც ღიად და აშკარად) «კრემლთან», რომ გერმანული ფონდის მესვეურებმა მისი მოწვევა შესაძლებლად არ მიიჩნიეს.

        სტუმართაგან ყველაზე გამოკვეთილი ფიგურები იყვნენ: საერთაშორისო ფონდ «რეფორმის» დირექტორი ანდრანიკ მიგრანიანი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კონსტანტინ ზატულინი, დეპუტატი იური შჩეკოჩიინი და ყოფილი მზვერავი, ახლა «მზვერავთა თანამეგობრობის» კლუბის მეპატრონე, იური კობალაძე. მათ მხარს უმშვენებდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი. ცოტამ თუ იცის, რომ ანდრანიკ მიგრანიანი და კონსტანტინ ზატულინი თავისუფლად კითხულობენ და წერენ კიდეც ქართულად. სხვადასხვა ფსევდონიმებით ისინი აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსადმი მიძღვნილ ინტერნეტ-ფორუმებში, თუმცა, ამის აფიშირება არ უყვართ. იური კობალაძე კი ოცი წლის წინათ საგანგებო დავალებას ასრულებდა დიდ ბრიტანეთში. რუსულ მედიაში იგი საკმოად სერიოზულ ექსპერტად ითვლება სპეცსამსახურთა თემატიკაზე საუბრისას. თუმცა, იმავე დელეგაციაში ბევრად უფრო სერიოზული ფიგურა იყო კონსტანტინ ზატულინი, და განსაკუთრებით, ანდრანიც მიკრანიანი.
        სომეხი პოლიტოლოგის გავლენას განაპირობებს ის გარემოება, რომ მას აქვს რწმუნება სომხეთის ოფიციალური ხელისუფლებისაგან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში «ოსების გარდა) რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა. სატელევიზიო დებატებისას ანდრანიკ მიგრანიანმა სრულიად ურცხვად განაცხადა, რომ არასდროს გამოსულა ანტიქართული მოწოდებებით. არადა, ზატულინთან თანაავოტორობით 1997 წელს გამოქვეყნებულ «ნაშრომში» იგი შავით თეთრზე წერდა, რომ «რუსეთმა უნდა განახორციელოს საქართვლეოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსია, რათა ძალით გაჭრას სომხეთთან დამაკავშირებელი დერეფანი».
        რაც შეეხება ორდღიან დისკუსიებს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რა მიზანს ისახავდნენ ღონისძიების გერმანელი ორგანიზატორები. თუ ამოცანა რუსი პოლიტოლოგების «მოლბობა» და საქართველოს გაცნობა იყო – სრულიად ფუჭად დავშრენ, რადგან ჯერ ერთი, ისინი (პროფესიული მოვალეობის გამო) ისედაც შესანიშნავად იცნობენ საქართველოს და მის პრობლემებს. უფრო მეტიც, თავად აქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ამ პრობლემათა გაღვივებაში. რაც შეეხაბა «გულის მოლბობას» - ესეც ფუჭია, ვინაიდან ეს ხალხი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს – ვისი მოლაქაქეებიც არიან და ვინც უხდით ხელფასებს. აბა, იური კობალაძე თუ ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ოდესმე რუსეთის ინტერესებზე მაღლა «ისტორიული სამშობლოს» ინტერესებს დააყენებენ? ზატულინ-მიგრანიანზე აღარაფერს ვამბობთ. იური შჩეკოჩიხინი კი იმ რუსული ინტელიგენციის «უკანასკნელი მოჰიკანია», რომელიც საბჭოთა პერიოდში აქებდა ყოველივე ქართულს, მაგრამ ეს სოციალური ფენა დღევანდელ რუსეთში აღარაფერს წყვეტს.

დილის გაზეთი, 24 მაისი, 2003 წელი