გალის დაბრუნება აფხაზეთის დაბრუნებას ნიშნავს

გალის დაბრუნება აფხაზეთის დაბრუნებას ნიშნავს

 

    საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში კონფლიქტის «დარეგულირების» პროცესში პრიორიტეტული მნიშვნელობა გალის რაიონს მიანიჭა. ზოგიერთი თვლის, რომ ეს მცდარი არჩევანია, რომ თითქოს «გალი ჩვენთვის ბევრს არაფერს ნიშნავს» და ა.შ. სინამდვილეში ეს რაიონი სტრატეგიული თვალსაზრისით არათუ ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ მას სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია და აფხაზთა ლიდერებმა ეს შესანიშნავად იციან.
    სწორედ ამიტომ, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებისა, ძალზე მომგებიანი დათმობების ფასადაც კი (რკინიგზის ამოქმედება, ბლოკადის მოხსნა) არ თანხმდებიან საქართველოსათვის გალის გადაცემას. თუ «სამურზაყანოში», ანუ ტერიტორიაზე ენგურიდან-ღალიძგამდე, დაბრუნდებიან ქართველი ლტოლვილები და იქ აღდგება საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქცია, სეპარატისტთა პოზიციები როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შესუსტდება. გალის რაიონში (ოჩამჩირის რაიონის იმ ნაწილის ჩათვლით, რომელიც მდინარე ღალიძგას მარცხნივ მდებარეობს) ომამდე 110-120 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ეს რაიონი ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მოსავლიანი მხარეა აფხაზეთში. გალში საქართველოს იურისდიქციის აღდგენისთანავე სერიოზული საფრთხე შეექმნება ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს. აფხაზები იძულებულნი იქნებიან, მუდმივად «დააკავონ» ამ რაიონებში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რითაც «მოაშიშვლონ» კოდორის ხეობა და აფხაზეთის სხვა რეგიონები. გალში დაუყოვნებლივ გადაინაცვლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და «ოფიციალური სოხუმს» თბილისთან მოლაპარაკების ნაცვლად, გალთან მოუწევს დიალოგის წარმართვა. ეს კი მისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე წამგებიანი იქნება.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, არძინბას შესანიშნავად ესმის, რომ გალის დაკარგვა მისთვის აფხაზეთის დაკარგვის ტოლფასია, ამიტომაც არ სურს რეალურ დათმობაზე წასვლა. ხოლო რაკი ბლოკადის შესუსტებაც უნდა და არც რუსეთის გაღიზიანება აწყობს, ცდილობს, ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც სეპარატისტთა პოზიციებს მნიშვნელოვნად ვერ შეასუსტებს. ცხადია, აფხაზური მხარე არანაირ დათმობაზე «გალის საკითხში» არ წავა, ხოლო ერთადერთი კომპრომისი (მისი მხრიდან) ალბათ ეს იქნება: ქართველი ლტოლვილები გალის რაიონში დაბრუნდებიან ეტაპობრივად, თანდათანობით, კვირაში ორასი ადამიანის ოდენობით. იმავდროულად გაიხსნება საზღვარი მდინარე ფსოუზე. აფხაზეთი მიიღებს ეკონომიკურ შეღავათებს და ა.შ. გალის რაიონში კი დემოგრაფიულ პროცესებს მთლიანად გააკონტროლებს აფხაზური ადმინისტრაცია და მილიცა. როდესაც არძინბა ლაპარაკობს «კომპრომისის ზღვარზე», იგი სწორედ ამას გულისხმობს და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს, ვინაიდან ეს ყველაფრის დაკარგვის მომასწავებელი იქნება. გარდა ამისა, ამ რეგიონის დაკარგვა არძინბას არ მისცემს საშუალებას განახორციელოს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია ქართველი ერის მთლიანობის წინააღმდეგ. გალში უკვე გამოდის «მეგრულენოვანი» გაზეთი, იგეგმება სხვა ანალოგიური დივერსიებიც. გალისა და ზუგდიდის გაერთიანება კი მძლავრ ფორპოსტს შექმნის აფხაზეთის შიდა რაიონებისაკენ შემდგომი «შეტევისათვის». გალს უეჭველად მოჰყვება ოჩამჩირე, გულრიფში და ა.შ.
    ამჟამად გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაცია ნომინალურად თუ აკონტროლებს რეგიონს, ანუ აკონტროლებს იმით, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში თავდასხმისა და ეგზეკუციის შიშს აღვივებს. სინამდვილეში კი სეპარატისტებს თვითონ არანაკლებ ეშინიათ, რაკი ესმით, რომ მათი გამარჯვება «პიროსის გამარჯვება» იყო.

მერიდიანი, 29 ოქტომბერი, 1997 წ.