1983 წელი....პიანისტი ლექსო თორაძე და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკი

1983 წელი....პიანისტი ლექსო თორაძე და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკი

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაცვლილა....

//////////

მე მგონი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და, დიახაც, სახელმწიფოებრივი საკითხია, როგორ მოვახერხოთ ძაააალიან რთული რამ: ახალგაზრდობამ იცოდეს, საიდან მოვდივართ, სად ვცხოვრობდით......მართლა ძალიან ძნელია, რადგან არის რაღაცეები, რასაც უბრალოდ ვერ გაიგებენ, მიუხედავად იმისა, ჩვენზე ბევრად ჭკვიანები, ნიჭიერები და, როგორ არის....`კრეატიულები` არიან.

არადა რომ ვერ აუხსნი, რომ ვერ გაიგებენ, ეს პრობლემაა! `წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს`, ვერ ააშენებ, გამორიცხულია. ფხვიერი საძირკველი ექნება, თუ თაობებმა ერთმანეთის `არ იციან`

. . . . . . . . . . . . . . . . . .

1983 წელი იყო..... ანდროპოვის ეპოქა ..... მამაჩემმა, ცხონებულმა ავთომ მითხრა თსუ-ს III-ე კურსის სტუდენტს, წამომყევი, გასვენებაში მივდივარო.

მივედით მთაწმინდაზე; კონსერვატორიიდან რომ ქუჩა ჩამოდის, უამრავი ხალხი შეკრებილიყო......თბილისური ელიტა! კომპოზიტორ დავით თორაძის გამოსვენება ყოფილა, როგორც გავიგე.

მისმა შვილმა, ახალგაზრდა პიანისტმა ლექსო თორაძემ ერთ-ერთი გასტროლისას საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ოღონდ კი დასავლეთში ეცხოვრა.

არ დაიჯეროთ, რომ მისი მიზანი ფუფუნება ან/და ბევრი ფული და სხვა რამ მატერიალური გამორჩენა ყოფილიყო. არ დაიჯეროთ!

აქაც არაფერი აკლდა ამ მხრივ: არც გასტროლი, არც უზრუნველყოფა....

მაგრამ დასავლეთს იმ დროს სუუუულ სხვა ხიბლი და მიზიდულობა ჰქონდა აშმორებულ საკანში მცხოვრები ადამიანისათვის.

აბა როგორ ავსხნა ეს ფენომენი? აი თუნდაც ის, რომ ახალგაზრდა ლექსოს, რახმანინოვის დიდებული კონცერტის შემდეგ, უნდოდა ის ფრაკი გაეხადა, ბობ მარლეის გამოსახულებიანი მაისური ჩაეცვა და მეგობრებთან ერთად Led Zeppelin-ის კონცერტზე წასულიყო.

გასაგებია? არა.

ჩვენი შვილებისთვის არ არის ეს გასაგები სამწუხაროდ. და ვერც აუხსნი ახლა, - როცა 80 ევროდ შეუძლიათ მილანში გადაფრენ-გადმოფრენა პატარა ზურგჩანთით.

აი იმ ეპოქაში კი...... ეს იყო სამუდამო განშორება, ოჯახის მიტოვება, მშობლების გაწირვა, დედ-მამის უნახავობა, საზარელი ცხოვრებისეული ტრაღედია, `გადაულახავის გადალახვა` და უკან ვეღარასოდეს მობრუნება.....ა

ამიტომაც გარდაიცვალა დავით თორაძე: `გული გაუსკდა` როცა ინაურის ცივსისხლიანმა თანამშრომლებმა უთხრეს: შენი შვილი გაიქცა, სამუდამოდ მიგატოვა, შვილს ვეღარასოდეს ნახავო....იმ დღესვე მოკვდა საწყალი.

სათაყვანებელი შვილის დარდმა და საზარელი, გარდაუვალი ტანჯვის განცდამ მოკლა.

გამოასვენეს დავით თორაძე....კუბოს ლექსო თორაძის დედა და და მოჰყვებიან....

არასდროს დამავიწყდება ეს სცენა:

მდგუმარედ დგას იმდროინდელი `სვეცკი ჯოგი`, ანუ ე.წ. `ელიტარული ინტელიგენცია` ედუარდ შევარდნაძისა და მისი ცკ-ს მდივნების ჩათვლით (ესენი არც ერთ ამგვარ `ელიტურ ღონისძიებას` არ სტოვებდნენ მაშინ)..... უფროსკურსელები დავით თორაძის კუბოს მოასვენებენ რუსთაველისკენ.... კუბოს უკან მოჰყვება ორი შაოსანი ქალი (მეუღლე და ქალიშვილი), ერთმანეთს თავებით მიყრდნობიან და საერთო თავსაბურავში უხმოდ... უხმოდ... სულ უხმოდ ქვითინებენ.....ხმა არ ისმის - მხრების ცახცახზე ხვდები, რომ მწარედ ქვითინებენ......იმიტომ, რომ თბილისელი არისტოკრატები იყვნენ, ხმამაღალი მოთქმა-გოდებით `საზოგადოების შეწუხება` არ უნდოდათ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან განშორებაც უცრემლოდ არ ძალუძდათ.....

არ დაიჯეროთ მტკნარი სისულელე: `ხმამაღლა რომ ეტირათ КГБ დასჯიდათო`. არა, ამისთვის არავინ დასჯიდა. მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ სურათს:

საზეიმოდ მდუმარე `ხალხი` და ორი საბრალო, შავოსანი ქალი, მხრების ცახცახით რომ უხმოდ, მწარედ ქვითინებენ საერთო შავ თავსაბურავში.

ის დამპალი რეჟიმი მათ შორის სოციალურ ეთიკაზე(ც) იდგა!

აქ, ყოველ შემთხვევვაში, ნამდვილად ასე იყო.

აბა მაშინ განა ვინ უწყოდა, სპილბერგის `უკუნის` მსგავსად, რომ გავა სულ რაღაც რამდენიმე წელი.... ის გახრწნილი, რეპრესიული, თვალთმაქცი, ფარისეველი, უსამართლო და სასტიკი სახელმწიფო დაემხობა, უკუნი გაიფანტება, ლექსო სულ თავისუფლად ჩამოვა და მამის საფლავზე ყვავილებს მიიტანს, მერე კი ისევ ამერიკაში გაფრინდება.....

თუმცა ტრაღედია მაინც სრულად შედგა, ისტორიული წერტილი დაესვა იქ და მაშინ: ორი მწარედ, თუმცა უხმოდ მოტირალი მგლოვიარე ქალით სცენაზე.

ტრაღედია აღამაღლებს!

მე რომ სცენარისტი ვიყო, ალბათ შევთავაზებდი რომელიმე რეჟისორს ასეთ სიუჟეტს: ჩრდილო კორეელი მესაზღვრე სამხრეთ კორეაში გაიქცა, რაკი შორიახლოდ მდებარე გაკაშკაშებული სეულის ბრწყინვალე ცდუნებას ვერ გაუძლო; ამის გამო კიმების ბინძურმა რეჟიმმა მისი დედა და და ჩრდილო კორეის საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვა (იქ ასეთი პრაქტიკაა), სადაც ტანჯვით დაიღუპნენ და ამანაც სულ მალე თავი იმ კაშკაშა ქალაქში ჩამოიხრჩო....

არ ვიცი, მგონი არის კიდეც ასეთი ფილმი...

ჩემს მიერ მოგონილი `კორეელისგან` განსხვავებით ლექსო თორაძეს იმის საშუალება მაინც მიეცა სულ მალე, მოკლული მამის საფლავზე სანთელი დაეკავებინა ხელში..... არა მგონია იმ მომენტში Led zeppelin გაჟღერებოდა სმენასა და გონებაში;

თუმცაღა......თუმცაღა........ესეც აუცილებლად სათქმელია: ლექსოს სხვა, უცხო და უდანაშაულო მაინც არავინ მოუკლავს თვითმფრინავის გატაცებისას.

მხოლოდ მამა.

დათო