1 ოქტომბერს ამომრჩეველმა აბსურდულ ალიანსებს მხარი არ დაუჭირა

1 ოქტომბერს ამომრჩეველმა აბსურდულ ალიანსებს მხარი არ დაუჭირა

 

        უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი ცნობილია. მართალია, ოფიციალური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ წინასწარი მაჩვენებლები შეიძლება მხოლოდ პროცენტის მეათედებით (უფრო მეასედებით) შეიცვალოს.
        ამრიგად (თუ «დავამრგვალებთ»), საპარლამენტო არჩევნების შედეგად «მოქალაქეთა კავშირმა» და «საქართველოს აღორძინებამ» მიიღეს შესაბამისად 42 და 27 პროცენტი, რაც (მაჟორიტარებთან ერთად) უზრუნველყოფს «მოქალაქეთა» აბსოლუტურ უმრავლესობას (მინიმუმ 118 ხმას) პარლამენტში.
        არ გამართლდა «ოპოზიციის» პროგნოზი, რომ გაერთიანების შემდეგ იგი ხმათა უმრავლესობას მოიპოვებდა. ასეთი მაშტაბის «გაყალბების» კი თავად არ სჯერათ – ამით, უბრალოდ, საკუთარ მარცხს ამართლებენ.
        მარცხი კი მართლაც ძალზე სერიოზულია. თავად განსაჯეთ: საარჩევნო პერიოდში «ოპოზიცია» აცხადებდა, რომ მისი რესურსები უზრუნველყოფდა მომხრეთა ხმების ფოკუსირებას» ერთიანი ბლოკის სასარგებლოდ.
        ოპოზიციონერებს იმედი ჰქონდათ, რომ ჯამში მიიღებდნენ იმავე რაოდენობის ხმებს, რასაც ცალ-ცალკე იღებდნენ. სწორედ ეს აღმოჩნდა საბედისწერო შეცდომა; «გაერთიანებამ» უზრუნველყო 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ბევრი მათგანისათვის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში ვერ მოიპოვა.
        ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა «აღორძინების» ხმათა სტრუქტურის ანალიზი. «კოალიციამ» მიიღო (დამრგვალებით) 27 პროცენტი; თუ გავითვალისწინებთ აჭარაში ელექტორატის გაცილებით მაღალ აქტივობას, ვიდრე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე;
        უეჭველია, რომ 27 პროცენტიდან დაახლოებით 15 პროცენტი ეკუთვნის მხოლოდ «აღორძინებას», ანუ საკუთრივ ასლან აბაშიძის პარტიას.
        განურჩევლად იმისა, შეიქმნებოდა «ალიანსი» თუ არა, აჭარის ელექტორატი მაინც მხოლოდ «აღორძინებას» მისცემდა ხმას. დავუმატოთ ამ 15 პროცენტს დაახლოებით 2 პროცენტი ამომრჩევლისა საქართველოს სხვა რეგიონებში (განსაკუთრებით სამეგრელოში და, უპირველესად, ლტოლვილთა კატეგორია), რომელიც აგრეთვე ყველა შემთხვევაში ასლან აბაშიძესა და «აღორძინებას» მისცემდა ხმას - აგრეთვე განურჩევლად იმისა, შეიქმნებოდა თუ არა ალიანსი და შევიდოდნენ თუ არა მასში სხვა სუბიექტები.
        ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ «ბათუმური კოალიციის» 27 პროცენტიდან მინიმუმ 17 პროცენტი ეკუთვნის საკუთრივ «აღორძინებასა» და ასლან აბაშიძეს. ამ 17 პროცენტიდან 13-15 პროცენტი აჭარაზე მოდის. მაშასადამე, ალიანსის დანარჩენმა სუბიექტებმა («სოციალისტებმა», «ტრადიციონალისტებმა», «ზვიადისტებმა», ჯუმბერ პატიაშვილმა და მუხრან მაჭავარიანმა) ერთად დააგროვეს, დიდი - დიდი 10 პროცენტი. არადა, თუ გავიხსენებთ მათ წინასაარჩევნო რიტორიკას, ოპოზიციონერებს იმედი ჰქონდათ, რომ მექანიკურად «შეიკრიბებოდა» ის ხმები, რასაც იღებდნენ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობისას.
        მაგრამ ასე არ მოხდა და ვერც მოხდებოდა.
        ხმათა «მექანიკური შეკრების» შემთხვევაში ბლოკი «საქართველოს აღორძინება» მართლაც მიიღებდა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, რეალურად კი ზემოჩამოთვლილმა სუბიექტებმა ხმების (ანუ მომხრე ელექტორატის) 70-80 პროცენტი დაკარგეს.
        ესეც პროგნოზირებადი იყო: მათ არაფრის დიდებით არ სურდათ გაეგოთ, რომ თუ ამომრჩეველს არ შესთავაზებდნენ ნათელ და მკაფიო პროგრამულ ალტერნატივას (არა მხოლოდ პიროვნულ ალტერნატივას), ადრინდელი მომხრეები მხარს აღარ დაუჭერდნენ.
        საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ასეთ ალტერნატივას «საქართველოს აღორძინება» მოსახლეობას ვერ შესთავაზებდა. რა ერთიანი პროგრამა შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ელექტორატისათვის მემარცხენე «სოციალისტებს» და მემარჯვენე «ტრადიციონალისტებს»? პოეტ მუხრან მაჭავარიანს და ცეკას ყოფილ პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს? ზვიად გამსახურდიას თავგადაკლულ მომხრეებს და იმ ხალხს, ვისაც ისინი ებრძოდნენ ან ვინც მათ ებრძოდა, შვიდი წლის წინ?
        ბუნებრივია, ამომრჩეველმა შენიშნა, რომ არავითარი პროგრამა (ხელისუფლების «ჩანაცვლების» გარდა) ამ ბლოკს არ გააჩნდა, ამიტომ მისმა მხარდაჭერამ ელემენტარულად აზრი დაკარგა და მხოლოდ «ვიღაცის ამბიციის დასაკმაყოფილებლად» იქნა აღქმული.
        ელექტორატის ეს ნაწილი გადაწყვეტილებას ანალიზისა და განსჯის საფუძველზე იღებს. ამიტომ მისი ხმები გადანაწილდა სხვა (ამომრჩევლის აზრით არაეკლექტურ), პოლიტიკურ სუბიექტებზე: «ლეიბორისტებზე», «მრეწველებზე», «მრგვალ მაგიდაზე» და ასე შემდეგ.
        არის ამომრჩევლის მეორე კატეგორია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს არა რაციონალური განსჯის, არამედ უფრო ემოციის საფუძველზე. ელექტორატის ეს კატეგორია განწყობითა და წარსული მოგონებებით ცხოვრობს.

        აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ 1988-1993 წლების მოვლენებმა საქართველოს მოსახლეობაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მას არ ავიწყდება (ამ თაობას ალბათ არც დაავიწყდება), ვინ რას ამბობდა, ვინ როგორ მოქმედებდა იმ «დაუვიწყარი» მოვლენების დროს; ვინ ვის მხარეს იდგა და ა.შ.
        სწორედ ამიტომ, ელექტორატის ეს ნაწილი არათუ ხმას არ მისცემდა აბსურდულ და (მისი აზრით) უპრინციპო ალიანსს, არამედ (დაუჯერებლად არ მოგეჩვენოთ) უფრო «მოქალაქეთა კავშირს» დაუჭერდა მხარს, ვინაიდან «აღორძინებაში» მოხდა იმ «ფანტომების» აკუმულირება, რაც ათი წლის წინანდელ მოვლენებთან ასოცირდებოდა.
        მაშინ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანები არ შერიგებულან. ამდენად, მათ კვლავ ერთმანეთის წინააღმდეგ მისცეს ხმა ანუ ხმა მისცეს «აღორძინების» წინააღმდეგ.

დრონი, 4 ნოემბერი, 1999 წელი