ჰიბრიდული დემოკრატია და მისი საყრდენი

„ჰიბრიდული დემოკრატია“, ზოგადად, ძალიან არამდგრადი სისტემაა.
არამდგრადი და, იმავდროულად, ქვეყნისთვის სახიფათო.
შეგახსენებთ, რომ „ჰიბრიდულ დემოკრატიას“ უწოდებენ ელექტორალური დემოკრატიის ტიპს, სახეობას, სადაც არსებობს თავისუფალი მედია, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, მეტ-ნაკლებად თავისუფალი ბიზნესი, ანუ არსებობს დემოკრატიის თითქმის ყველა ინსტიტუტი, გარდა ერთის, უმთავრესის: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ა.
და მმართველი ძალა ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტის მონოპოლიზებისთვის იყენებს ელექტორალური დემოკრატიის ინსტრუმენტებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი თ!
არჩევნები ტარდება და მუდმივად იგებს მმართველი პარტია, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი - Strongman.
მათ შორის, არჩევნების მოსაგებად, მმართველი პარტია იყენებს პროპაგანდას, ადმინისტრაციულ რესურსს, მუნიციპალიტეტებს, საჯარო მოხელეებს, ძალაუფლების ვერტიკალს, „რვეულებიან ციცო დეიდებს“ ...... ოღონდ არა პირდაპირ გაყალბებას!
და რაც მთავარია, მოსახლეობის კონსოლიდირებული უმრავლესობა ნამდვილად აძლევს ხმას, რაკი არ სურს ცვლილებები, ეშინია ცვლილებების და ჩაფრენილია „სტატუს-კვოს“.
დროთა განმავლობაში, ხანგრძლივი მმართველობით ხელისუფლება „იჟანგება“, სოციუმს უჩნდება „ნაწოლები“, პასსიონარული უმცირესობა გამოდის ქუჩაში და ადრე თუ გვიან ხდება ის, რაც ახლა ხდება ჩვენში.
ოპოზიციური კლასტერი ამ დროს იყენებს ყველა იმ დემოკრატიულ ინსტიტუტს, რაც რეალურად არსებობს „ჰიბრიდულ დემოკრატიაში“: თავისუფალ მედიას, NGO-სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივიზმს ზოგადად, მოკავშირე ბიზნესს და ა.შ.
ანუ „ჰიბრიდული დემოკრატია“ საბოლოოდ, მეტაფორულად თუ ვიტყვით, კონუსის ბურთზე წვეროთი დადგმის მცდელობაა.
შესაძლებელია?
კი, შესაძლებელია, თუმცა „სული უნდა უბერო მუდამ“, რომ მაშინვე არ ჩამოვარდეს.
- - - - - - - - - - - - - - - - - -
და კიდევ ერთი განუშორებელი თვისება აქვს ამგვარ „დემოკრატიას“:
რაკი მისი საყრდენი ის კონსოლიდირებული ელექტორალური უმრავლესობაა, რომელიც ხელისუფლებას ხმას აძლევს (მართლა აძლევს ხმას: არ დაიჯეროთ აშკარა ტყუილი, რომ ე.წ. „კარუსელით“ 300 000 ხმის „მოპარვაა“ შესაძლებელი-დ.) არა რაიმე ღირებულებითი ასპირაციით, არამედ უბრალოდ საწყალობელი ფანატიზმითაა ჩაფრენილი სტატუს-კვოს, მაშინ....... როდესაც ბოლოს და ბოლოს ის „ბურთზე წვეროთი დადგმული კონუსი“ ეცემა და კრიზისი იწყება პასსიონარული უმცირესობის ძალისხმევით, ხოლო პროცესები გადადის ქუჩაში, ამ „უმრავლესობის“ დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ მუდამ, გამონაკლისის გარეშე, ყველგან, ყოველთვის არის შემდეგი:
„მე აგირჩიე.... ძალაუფლება შენს ხელშია და...... ახლა თუ თავს დაამხობინებ....მე რა გიყო აბა? - კისერი გიტეხია!“.
დაჯდება სახლში და „მანჩესტერ სიტის“ თამაშს უყურებს.
- - - - - - - - - - - - - - - - - -
ალტერნატივა, სინამდვილეში ერთადერთია:
რაკი ის „კონუსი“ ბურთზე წვეროთი დიდხანს ვერ დაიდგმება და რამდენი სულიც უნდა უბერო, აუცილებლად ჩამოვარდება, მაშინ...... ან ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი მართლა ავტოკრატია და მართლა დიქტატურა უნდა დაამყარო, ტელევიზიები დახურო, პარტიები აკრძალო, NGO რეალურად (!-და არა ქაღალდზე) შებოჭო, ან....შეურიგდე იმას, რომ ხელისუფლებათა დემოკრატიული ცვალებადობა მადლია!
დათო