ხელისუფლება, მისი „ნაწოლები“ და მანიაკალური კლასტერი.
„ვინ მოუსმინა ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს?“
და „ვინ გამოუქვეყნა სატელეფონო საუბარი?“
გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ამბავი მაინტერესებს მხოლოდ როგორც ისტორიით გატაცებულ ადამიანს, ვისაც მკაფიოდ მახსოვს, რა ხდებოდა ამ აშკარად ავადმყოფ საზოგადოებაში უახლესი ისტორიის სხვადასხვა „ცნობიერ ხლეჩათა“ დროს.
ასეთი კი ბევრი ყოფილა 35 წლის მანძილზე!
ანუ, (მაგალითად) დავაკვირდეთ სოციალურ რეაქციასა და რეფლექსიას ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ.
ორი ძირითადი პოსტულატია:
ა) უსმენდა საქართველოს „სუს“ი. შესაბამისად გამოუქვეყნა „სუს“-მა....... ხელისუფლებაში განხეთქილებაა!
ბ) უსმენდა რუსული სპეცსამსახური და მანვე გამოუქვეყნა, რაკი არეულობა და საქართველოში „მართვადი ქაოსი“ აწყობს
რომელია სიმართლე, ახლა არ მაინტერესებს.
აქ საინტერესო იმის დადასტურებაა (სწორედაც ისტორიცისტული თვალსაზრისით), რომ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში (ჩვენ სულაც არა ვართ გამონაკლისი-დ.) „ცნობიერი ხლეჩის“ დროს სოციუმის სტრატებს და დაპირისპირებულ მხარეებს ბუნებრივად წარმოეშობათ „კოგნტიური ფილტრები“, რომლებიც ნ ე ბ ი ს მ ი ე რ იმ არგუმენტს აგრესიულად უკუაგდებენ, რომლებიც მათში „კოგნიტიურ დისონანსს“ იწვევს.
ეს სოციოფსიქოლოგიის ურყევი კანონია.
კარგად შესწავლილი ევროპულ „სოციო-ფსიქოლოგიაში“ (არსებობს ასეთი დისციპლინა)
ამიტომ, ვისაც სჯერა „ა“ პოსტულატის, ვერანაირად..... ვერაფრის დიდებით ვერ დაარწმუნებ, რომ საფუძველს მოკლებული არ არის „ბ“;
და/ან პირიქით.
- - - - - - - - - - - - - - - -
ჰო.....და ბევრი ღიზიანდება როცა ვამბობ, ცნობიერი ხლეჩა დღეს(აც) ნამდვილად არსებობს მეთქი, რაკი იმავე „კოგნიტიური ფილტრებიდან“ გამომდინარე, ბევრისთვის ფსიქოლოგიურად „კომფორტულია“ სჯეროდეს, რომ „იქ(ი)თა მხარეს“ მხოლოდ „უცხოელი დაქირავებული აგენტი გეი გრანტიჭამიები“ დგანან და „ხალხი“ სინამდვილეში მხარს არ უჭერს, რაკი ეს „ხალხი“...... „მამული ენა სარწმუნოების“ მხარესაა
ისევე, როგორც საპირისპირო „იქ(ე)თა“ მხარეს გულწრფელად სწამს, რომ „იმათ“ „ხალხი“ მხარს არ უჭერს და „იმათ“ მიტინგებზე....... მხოლოდ მუნიციპალიტეტთა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები დგანან (ხოლმე)- ადმინისტრაციის მირეკილნი „პირუტყვ ჯოგად“ რუსთაველზე.
ამ სოციო-ფსოქოლოგიური კორელანტების წინააღმდეგ ბრძოლა და ვინმეს გადარწმუნება-გადმორწმუნების მცდელობა აბსოლუტურად ფუჭია. უფრო მეტიც: კონტრპროდუქტიული.
ვამბობ საკუთარი გამოცდილებით 1991 წლის შემოდგომიდან.
- - - - - - - - - - - - - - - -
კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ „სოციუმის კარდინალური ცნობიერი ხლეჩის“ სინდრომს აქვს ერთადერთი (დიახ, ე რ თ ა დ ე რ თ ი!) წამალი.
მეასედ ვიმეორებ, მეათასედაც გავიმეორებ, მემილიონეჯერაც ვიტყვი თუ დამცალდა: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!
ოღონდ „ცვლილება“ არა - „ცვალებადობა“ (ეს სხვაა), რაც სოციუმს (ამერიკაშიც, საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა სოციუმშიც) აძლევს საშუალებას „მხარი იცვალოს“ (!) და „ნაწოლები“(!) არ გაუჩნდეს, რაკი ეს სოციალური „ნაწოლები“ თანდათან ივსება შხამით, შემდეგ ანთხევს ამ შხამს, წამლავს ორგანიზმს და........ამ შხამით იკვებება ერთი განსაკუთრებული სოციალური კატეგორია, ანუ მთელი კლასტერი, მთელი სოციალური სტრატი რომელიც, ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებ(ისთვის) კი არ იბრძვის, არამედ ხელისუფლებ(ას) ებრძვის მუდამ, - „ნაწოლებით წარმოშობილი“ შხამით კვება აქვს ცხოვრების წესად ქცეული და მისით საზრდოობს ყოველთვის.
ამ შხამის გარეშე ჩაძაღლდება.
ასე იყო საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს: ედუარდის.... მიშას..... ბიძინას.
და სანამ დემოკრატია არ დამყარდება ამ ქვეყანაში, როდესაც/ანუ შესაძლებელია თუნდაც ყველაზე იდეალური ხელისუფლება შეიცვალოს თუნდაც მასზე ცუდი ხელისუფლებით და მერე ისევ და მერე კვლავ და მერე პირიქით.... ჩვენ ამ მარადიული „შხამთა ნთხევისა“ და მარაზმიდან ვერ გამოვალთ!
- - - - - - - - - - - - - - - -
„სოციალური ცნობიერების ნაწოლებით“ გამოწვეული შხამით ვინც იკვებებოდა და იკვებება ყველა ხელისუფლების დროს, ხოლო თავად ოფიციალური ხელისუფლების მოპოვება სულაც არ აინტერესებს (ვიმეორებ: ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიციისგან განსხვავებით) ზუსტად ის მენტალური სოციალური კატეგორიაა, რომელიც ხსენებული ინსტიტუტის (ხელისუფლებათა ცვალებადობის) არარსებობის გამო იქცა საქართველოში მყარად ჩამოყალიბებულ, ფენომენალურად სტრუქტურირებულ, ღრმად სტრატიფიცირებულ სოციალურ კლასტერად: „ოპოზიციონერი“ სოც-აქტივისტის, „ოპოზიციონერი“ სკანდალისტი ჟურნალისტის, „ოპოზიციონერი“ მედიამფლობელის, „ოპოზიციონერი“ მედიამენეჯერის, „ოპოზიციონერი“ ბიზნესმენის, „ოპოზიციონერი“ ექსპერტის, ქრონიკულად „ოპოზიციონერი“, რეალურად „კიტრი“ ფსევდოინტელექტუალის, „ოპოზიციონერი“ ენჯეოშნიკის“, „ოპოზიციონერი“ 1%-იანი მარგინალი პოლიტიკანის, მარად ოპოზიციონერი „გიჟპოეტას“ და ანარქო-სინდიკალისტური მენტალობის მატარებელი, მუდამ სადღაც „შევარდნისთვის“ და მუდამ დამხობა/გადატრიალებისთვის“, მუდამ ქუჩაში „გამოვარდნისთვის“ მზადმყოფი გამოთაყვანებული იდიოტის სახით:
შევარდნაძის დროს...... მიშას დროს...... ბიძინას დროს.......
საქმეც ისაა და პრობლემაც ისაა (უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო), რომ ამ სოციალური სტრატისა და კლასტერისთვის ეს „ცხოვრების წესია“ და ხელისუფლებაში მოსვლა არც აინტერესებთ სინამდვილეში:
ხელისუფლებ(ასთან) ბრძოლა და არა ხელისუფლებ(ისთვის) ბრძოლაა მათი ამპლუა, მათი ცხოვრების წესი, მათი მკვებავი
წყარო, რითაც მუდამ კომფორტულად, თანაც მსუყედ, ლაღად და ბედნიერად გრძნობენ თავს.
რა თავში იხლიან ხელისუფლებას და იმ აუტკივარი თავის ატკივებას ხელისუფლებაში მოსვლით ან თუნდაც ხელისუფლების მართლა შეცვლით, თუკი ამ ცვლილების შედეგად იძულებულნი იქნებიან შეიცვალონ ცხოვრების წესი (ხელისუფლებ(ასთან) მუდმივი ბრძოლა და არა ხელისუფლებ(ისთვის) ბრძოლა), როცა ხანგრძლივი უალტერნატივო მმართველობის „სოციალური ნაწოლებით“ განპირობებული მათი „მკვებავი შხამი“ აღარ იარსებებს და ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია დამყარდება?!
- - - - - - - - - - - - - - - -
არ ვეთანხმებით ამ ორჯერ-ორს? მაშინ ვიცხოვროთ მარად ამ მარაზმში!
ქვეყანაც ჰგიეს უკუნისამდე, სანამ....... ერთხელაც, რომელიმე მორიგი„ რევოლუციის“ ანუ სახელმწიფო გადატრიალების პროცესში მართლა არ „მოეხვნება“ ამ ქვეყანას საბოლოოდ ხსენებულ „შხამით კვებულთა“ გამოისობით - დემოკრატიის „ღერძულა ინსტიტუტის“ ჩლუნგი უარყოფის შედეგად.
გამოსავალი არის ერთი: დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა!
და მისი „მზიდი კონსტრუქცია“ - ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა, რომელიც სოციალურ ორგანიზმს „მხარის შეცვლის“ და „ნაწოლების არგაჩენის“ იმ „ნაწოლებში“ სოციალური შხამის არდაგროვების საშუალებას აძლევს, რათა ავადმყოფური ნაჟურით „მღურძლავებმა“ არ ისაზრდოონ ამ შხამით.
საქართველოში (მით უმეტეს ამ მენტალობის სოციუმში - `ჩვენ არა ვართ გერმანელების დარი ერი`, როგორც ცხონებული ზვიად გამსახურდია ამბობდა)....... ორი სახელისუფლებო ვადა უნდა იყოს მაქსიმუმი!
ამის უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ინსტიტუციებისა და მექანიზმების მოფიქრება სულ ადვილად შეიძლება.
მაგალითად დღესვე იმ კონსტიტუციური კანონის მიღება მესამე მოსმენით, რომელიც უკვე მიღებულია ორი მოსმენით და „საარჩევნო ბარიერის“ 2%-მდე შემცირებას გულისხმობს.
ეს ათასპროცენტიანი ალბათობით გამოიწვევს ხელისუფლებათა ცვალებადობის კეთილშობილი, მაცოცხლებელი, ჯანსაღი ინსტიტუტის დამკვიდრებას.
ბიძინა არსად არ წავა ამით და მას ქართული პოლიტიკიდან ვეღარავინ გააგდებს.
ზუსტად (დიახაც) ისევე, როგორც მიშას
და მე ვიცი ერთადერთი, ვისაც შეუძლია (!) ამ თუნდაც დიდად სარისკო, ისტორიული, პატრიოტული გადაწყვეტილების მიღება სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც (დარწმუნებული ვარ) მას ნამდვილად უყვარს ისევე, როგორც მის პერსონალურ ალტერნატივას!
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი
26 მაისი 2024 წელი.