წინასაარჩევნო დისპოზიცია

წინასაარჩევნო დისპოზიცია

 

    არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია (ამის თაობაზე თითქმის არავინ დავობს), საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება მოულოდნელობა მოხდეს.
    სინამდვილეში კი, სიტუაცია აქაც საკმაოდ პროგნოზირებადია - იგი მთლიანად ექვემდებარება დღევანდელი მმართველი დაჯგუფების კონტროლს. რაიმე თვისებრივი ცვლილება ძალთა ამჟამინდელ განლაგებაში მოსალოდნელი არ არის. ამიტომ, მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან მომავალ პარლამენტში და პირიქით, ვინ აღმოჩნდება სამუდამოდ «თამაშგარე მდგომარეობაში».
    ყველაზე დიდი შანსი გამარჯვებისა, რა თქმა უნდა, აქვს «მოქალაქეთა კავშირს». რომელმაც შეძლო თავის თავში საბჭოური პერიოდის ელიტის აკუმულირება. ბოლო წლების მოვლენებმა კი საბოლოოდ დაარწმუნა ამომრჩეველი: პოსტკომუნისტურ სივრცეში მხოლოდ ის საზოგადოებები ინარჩუნებენ სტაბილურობასა და განვითარების პერსპექტივას, რომლებიც არ ცდილობენ ელიტის მყისიერ შეცვლას და, ამ თვალსაზრისით, ფორმალური ცვლილებების გზით წავიდნენ.
    მთლიანობაში «მოქალაქეთა კავშირმა» საქართველოშიც ოსტატურად შეძლო «პოსტსაბჭოური ნოსტალგიის» ფსიქოლოგიური სინდრომის გამოყენება.
    ამიტომ ელექტორატი, რომელმაც 1990 წლის 28 აგვისტოს ხმა მისცა თვისებრივ, კატეგორიულ ცვლილებებს, 5 ნოემბერს ხმას მისცემს წარსული სტაბილურობის ფანტომს.
    თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ იმუშავებს აგრეთვე მისი ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები კრიმინალურ ხროვათა გასანადგურებლად, სტაბილური ფინანსური სისტემის შესაქმნელად და ა.შ.
    «მოქალაქეთა კავშირის» პოზიციები ძალზე ძლიერია იქ, სადაც ფაქტობრივად წყდება არჩევნების ბედი. ანუ რეგიონებში.
    საერთოდ, უნდა ითქვას: ოპოზიციურმა მოძრაობამ 1988 წლიდან - დღემდე ვერა და ვერ შეძლო რეგიონულ ელიტებში შეღწევა. «ადგილებზე» მდგომარეობა ამ მხრივ უცვლელი დარჩა. თვით ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ პარტიათა რეგიონული წარმომადგენლები ან ჩვეულებრივი ლუმპენები არიან, ან ხელმოცარული და უპერსპექტივო ფუნქციონერები, რომელთაც ბოღმისა და წარსული პრივილეგიების დაბრუნების გარდა სხვა არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ.
    ამავე დროს, უკვე მიღებული საარჩევნო კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისი თავის თანახმად, მომავალ პარლამენტში ხმათა ერთ მესამედზე მეტი ე.წ. «მაჟორიტარებს» ექნებათ. ანუ, თუ რეალურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, უნდა დავასკვნათ, რომ «მოქალაქეთა კავშირს» მომავალ პარლამენტში ხმათა მესამედი უკვე გარანტირებული აქვს - რომც ვერ მიიღოს ვერც ერთი ხმა პროპორციულ არჩევნებში. თუმცა, მისი შანსები აქაც ძალზე სერიოზულია: არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედს არაქართველები შეადგენენ, რომლებიც უეჭველად მისცემენ ხმას «შევარდნაძის პარტიას»; ამ პოლიტიკურ ძალას სერიოზული შანსები აქვს აჭარაშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
    რაც შეეხება სოციალურ ასპექტს: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მხრივ საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა, არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელი სოციალური ფენა - «მოქალაქეთა» ელექტორატმა ფაქტობრივად. მოსახლეობის მთელი სპექტრი შეიძლება მოიცვას.
    სხვა პოლიტიკურ ძალთა შანსები გაცილებით მოკრძალებულია. «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია ამ მხრივ ოდნავ უკეთესად გამოიყურება ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ ადგილებზე (რეგიონებში) ასე თუ ისე შეძლო «ფეხის მოკიდება»; თუმცა მისი რეიტინგი მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება, ვინაიდან სოციოლოგიური გამოკითხვები ტარდება მხოლოდ თბილისში და არა მთელი ქვეყნის მაშტაბით.
    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის სამოქალაქო ომმა, ომმა აფხაზეთში, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობამ, მაინც დაამჩნია გარკვეული დაღი საზოგადოებრივ ცნობიერებას. ამ მოვლენათა ერთგვარი ანარეკლი მომავალ არჩევნებში შეიძლება გახდეს «ტრადიციონალისტთა» კავშირის წარმატება. კაკო ასათიანის პარტიამ თავისი ლიდერის უდავო ნიჭისა და მოქნილობის წყალობით შეძლო ურთულეს პირობებში «ბეწვის ხიდზე» გავლა და «ცენტრისტული» იმიჯის შენარჩუნება.
    «რესპუბლიკელებმა» კი ვერა და ვერ გაართვეს თავი შინაგან წინააღმდეგობებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა (უფრო ზუსტად - შექმნის დღიდანვე) ღრნიან ამ პარტიას და მას მომავალი წარმატების თითქმის ყოველგვარ შანსს უსპობენ.
    რაც შეეხებათ «კომუნისტებს» - მათი შესაძლებლობები ძლიერ გადაჭარბებულია: «პოსტკომუნისტური ნოსტალგიით» შეპყრობილი ამომრჩეველი ხმას მაინც უფრო შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირს» და რჩეულიშვილის «სოციალისტურ პარტიას» მისცემს, ვიდრე პანტელეიმონ გიორგაძის «კომპარტიას».
    ჩემი ღრმა რწმენით, მომავალ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლა სწორედ ამ პარტიათა შორის გაიმართება. ყველა დანარჩენი კი სტატისტის როლს შეასრულებს და სამუდამოდ შთაინთქმება ისტორიის უსასრულობაში.

«მსგეფსი», 28 სექტემბერი, 1995 წელი.