შემოდგომაზე საქართველოს მეორე პრეზიდენტი ეყოლება
შევარდნაძის ტრიუმფი და რესპუბლიკელების კრახი
საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი სრულიად ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ჯერ კიდევ ერთი-ორი თვის წინ მრავალი დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ პარლამენტში არსებული ძალთა განლაგება ყოვლად შეუძლებელს ხდიდა რეფერენდუმის გარეშე კონსტიტუციის იმ პროექტის მიღებას, რომელიც პასუხობდა შევარდნაძისა და მისი გუნდის ინტერესებს.
ეს გუნდი, გარკვეულწილად შეურიგდა კიდეც საერთო-სახალხო კენჭისყრის აუცილებლობას. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: «ჩვენი სულ ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციის მიღებას და გავიტანოთ პროექტი რეფერენდუმზე».
ეს საკითხი გადაწყვეტილიც კი ჩანდა, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საერთოდ არ ექვემდებარება რაიმე პროგნოზს. ედუარდ შევარდნაძემ შეუძლებელი შეძლო, - მან მოაგროვა პარლამენტში ხმათა საჭირო რაოდენობა (149) და კონსტიტუციურად დააკანონა ქვეყანაში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა.
ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, კვალიფიციური უმრავლესობით დაამტკიცა ბაკურ გულუას მიერ «დროულად მოწოდებული» კონცეფცია ე.წ. «ამერიკული მოდელის» თაობაზე. ეს იყო სახელმწიფო მეთაურის უდიდესი პოლიტიკური გამარჯვება საქართველოში მისი დაბრუნების დროიდან - დღემდე.
ამრიგად, შევარდნაძეს უკვე შეუძლია ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსტიტუცია მთლიანობაში არ იქნა მიღებული: მას შეუძლია განაცხადოს, რომ ქვეყანაში არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის კონკრეტულ უფლებამოსილებას მომავალი პარლამენტი განსაზღვრავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მთლიანობაში არ მისცემდა ხმას ძირითად კანონს.
ხელისუფლების ეს გამარჯვება განაპირობა არა მხოლოდ და არა იმდენად მისმა ალიანსმა «ეროვნულ-დემოკრატებთნ» და «ტრადიციონალისტებთან», რამდენადაც უკვე აშკარა განხეთქილებამ «რესპუბლიკურ პარტიაში.
ბოლო დროს «რესპუბლიკელთა» რიგებში უცნაური პროცესები მიმდინარეობს; ვერა და ვერ დასრულდა პარტიის ჩამოყალიბებისა და სტრუქტურიზების პროცესი. ჯერ კიდევ ამორფულ, ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაციის კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო ყრილობაზე მომხდარმა განხეთქილებამ, შიდა პარტიული ფრაქციის შექმნამ და, განსაკუთრებით, შეუთანხმებლობამ ახალი კონსტიტუციის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით.
«ამერიკული მოდელის» თაობაზე პარლამენტში გამართული კენჭისყრისას პარტიის ნაწილმა ხმა მისცა ამ მოდელს, მეორე ნაწილი კი კვლავინდებურად წინააღმდეგი იყო.
იქმნება აბსურდული ვითარება, როდესაც ერთი და იმავე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა კონცეფციას უჭერენ მხარს. თუმცა, ამ განხეთქილების სიმპტომები კარგა ხნის წინ შეინიშნებოდა: «რესპუბლიკელები» ვერ შეთანხმდნენ ისეთ კარდინალურ, ფუნდამენტურ საკითხებზეც, როგორიცაა კერძო საკუთრება მიწაზე, სამხარეო მოწყობა და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეიძლება გამოცხადდეს «შიდა პარტიული დემოკრატიის» გამოვლინებად, მაგრამ თუკი პარტია ამგვარ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში შეთანხმებას ვერ აღწევს და საჯაროდაც კი იმართება დისკუსია პარტიის წევრთა შორის, ეს უმძიმესი კრიზისის მაჩვენებელია! პოლიტიკურ ორგანიზაციას, ისევე როგორც საერთოდ, პარტიულ ცხოვრებას, ძალზე მკაცრი, თუმცა დაუწერელი კანონები აქვს. ეს კანონები განასხვავებენ პოლიტიკურ ორგანიზაციას თანამოაზრეთა კლუბისაგან. «რესპუბლიკელებიც», ბოლო დროს, სწორედ ამგვარ «კლუბს» ემსგავსებიან. ეს მათი უფლებაა. ოღონდ არა მგონია, ამგვარმა ამორფულობამ მათ წარმატება მოუტანოს მომავალ არჩევნებში.
სხვათა შორის, აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ, გიორგი ჭანტურიას მიერ გაკეთებული პროგნოზი «რესპუბლიკელთა» იდეური არაკონსოლიდირებულობის შესახებ, რაც სრულად ახდა როგორც კი პარტია პირველ, სერიოზულ კრიზისს შეეჩეხა.
ჩემი ღრმა რწმენით, «რესპუბლიკელთა» მარცხი ისევ და ისევ იმის შედეგია, რომ საქართველოში ძალზე გამარტივებულად, შეიძლება ითქვას «პროვინციულად» ესმით ცნება «დემოკრატია». მაშინ როდესაც ჭეშმარიტ დემოკრატიას არაფერი აქვს საერთო «უსასრულოდ დანაწევრების» იმ ყოვლისმომცველ პროცესთან, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში და რომელმაც უკვე განაპირობა მრავალი კატაკლიზმი - მათ შორის ხელისუფლების ამჟამინდელი ტრიუმფიც.
«მიმომხილველი», 17 აგვისტო, 1995 წელი.