უკანასკნელი შანსი

უკანასკნელი შანსი - ეროვნული მოძრაობა

უკანასკნელი შანსი

ნოემბრის აქციამ ქართული საზოგადოება შესამჩნევად დამუხტა და მნიშვნელოვანი მოვლენების მოლოდინით აღავსო. ყველა გრძნობდა, რომ «რაღაც ახლოვდებოდა და მწიფდებოდა». კომუნისტურ ხელისუფლებას ბზარი დაეტყო. უამრავი ნიშანი არსებობს იმისა, რომ ჯუმბერ პატიაშვილი რაღაცას ცდილობდა (რაკი გრძნობდა, სიტუაცია უმართავი ხდებოდა), აქეთ-იქით აწყდებოდა, რეპრესიებსაც კი აპირებდა, მაგრამ სწორედ აქ შეეჯახა მისთვის მოულოდნელ და ძალზე უცნაურ, სრულიად გაუგებარ მოვლენას:
    საბჭოთა კომუნისტური სუბორდინაციითა და ძალაუფლების განხორციელების დამკვიდრებული ტექნოლოგიით, ნებისმიერი რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა მოსკოვში, - პარტიულ ხელმძღვანელობასთან. ნოემბრის შიმშილობის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა შეტევა «არაფორმალთა» წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ცდილობდა შესაძლო რეპრესიული ზომები შეეთანხმებინა «მოსკოვთან», მოულოდნელ და საეჭვო წინააღმდეგობას აწყდებოდა: სსრკ დედაქალაქიდან იღებდა უცნაურ პასუხებს: «თავი შეიკავეთ»; «გააძლიერეთ აღმზრდელობითი მუშაობა»; «მოგვაწოდეთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია»; «ვერ ვხედავთ საფუძველს დასახელებულ პირთა დაპატიმრებისათვის» და ა.შ.
    პატიაშვილისათვის ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. იგი აშკარად დაიბნა (კიდევ უფრო): გამოდიოდა, რომ მას სურდა დაეცვა საქართველოში «საბჭოთა ხელისუფლება», ხოლო მოსკოვი ამის საშუალებას არ აძლევდა. არადა პატიაშვილი ღრმად იყო დარწმუნებული: არაფორმალებს ქვეყანა უფსკრულისაკენ მიჰყავდათ - ეს რამდენჯერმე თქვა კიდეც სხვადასხვა აუდიტორიაში, მაგრამ რა თქმა უნდა არავინ უსმინა.
    ამის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილმა გადაწყვიტა მოსკოვისაგან დამოუკიდებლად მიეღო რადიკალური ზომები. აქ კიდევ უფრო უცნაურ წინააღმდეგობას წააწყდა. იგი დაჟინებით მოითხოვდა სათანადო ორგანოებისაგან «გადამჭრელი ზომების» გატარებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვით მისი ხელქვეითნი, ვისაც მიმართავდა, «ვერ ხედავდნენ საფუძველს» არაფორმალთა წინააღმდეგ რაიმე რეპრესიული ზომების გამოსაყენებლად - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მრისხანე მუხლით: «მასობრივი არეულობის ორგანიზება».
    ეს უცნაურობა იმით აიხსნება, რომ როდესაც პატიაშვილი, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა გორგოძისაგან მოითხოვდა არასანქცირებული მიტინგების ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, - მინისტრი საკითხს ათანხმებდა თავის უშუალო ხელმძღვანელთან მოსკოვში ანუ სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრთან. ეს უკანასკნელი კი მას «ურჩევდა», არ აჩქარებულიყო, ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა და ა.შ.
    მოვიყვან ასეთ მაგალითს: ერთ-ერთ თბილისურ გაზეთში რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა პატიაშვილის დროინდელი „ცკ“-ს იდეოლოგის, ნუგზარ ფოფხაძის ინტერვიუ, რომელშიც რესპონდენტი, სხვათა შორის, ასეთ ეპიზოდს იხსენებს: იგი პატიაშვილის კაბინეტში იჯდა, როდესაც პირველი მდივანი ტელეფონით დაუკავშირდა გივი გუმბარიძეს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს) და «რაღაც დავალების შესრულების აუცილებლობა შეახსენა». გუმბარიძემ კი ჩვეულებრივი პირმოთნე ტონი მოულოდნელად გაამკაცრა და ჭირვეული ბავშვივით დაიწუწუნა: «მე ამ დავალებას არ შევასრულებ, - იგი უკანონოა».
    ნუგზარ ფოფხაძე გულისხმობს, რომ მან არ იცის, რა ბრძანებაზეა ლაპარაკი. ეშმაკობს ბატონი ნუგზარი. იგი ჭკვიანი კაცია და შესანიშნავად ხვდება, რა «დავალება» იგულისხმება: პატიაშვილი გუმბარიძისაგან არაფორმალთა დაპატიმრებას მოითხოვდა, ქართული «უშიშროების» თავკაცი კი არ თანხმდებოდა, ჭირვეულობდა და ბრძანებას არ ასრულებდა. არც შეასრულებდა, ვინაიდან მოსკოვში უშუალო ხელმძღვანელისაგან არ ჰქონდა ნებართვა. მისი ნებართვის გარეშე კი აბა რის გაკეთებას გაბედავდა?
    ჯუმბერ პატიაშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ საბოტაჟს მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე უწყობდა. მაგრამ ეს ილუზიაა. სინამდვილეში, საბოტაჟის ავტორი თვით გორბაჩოვი იყო, რომელსაც არ სურდა თავისი «დემოკრატიული იმიჯი» შეერყვნა დასავლეთში. გარდა ამისა, მოსკოვის სტრატეგია «მოკავშირე რესპუბლიკების» შიგნიდან აფეთქებას გულისხმობდა (ამის თაობაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ), რათა «მართვადი ქაოსის» დოქტრინა აემოქმედებინა.
    რა თქმა უნდა, პატიაშვილს მაინც შეეძლო ზოგი რამ გაეკეთებინა იმ ბერკეტების მეშვეობით, რომელთაც თვითონ ფლობდა. ოღონდ (ვიმეორებ) მას არც ნება აღმოაჩნდა, რათა მტკიცედ და გაბედულად ემოქმედა - არ დაეშვა მოვლენათა უმართავი განვითარება იმ მიმართულებით, რაც თავად დამღუპველად მიაჩნდა.
    მიუხედავად იმისა, რომ «მურტალო» შეარქვეს, პატიაშვილს სისხლი ნამდვილად არ სწყუროდა. მაგრამ რაკიღა საბედისწერო ჟამს დაიბნა და ნება ვერ გამოამჟღავნა, - შემდგომ ნურავის ნუღარაფერს აბრალებს და სასაცილო მითებს ნუ ქმნის: «ვინ იჯდა თვითმფრინავში?» და ა.შ.
    სამაგიეროდ, ჯუმბერ პატიაშვილმა «პროპაგანდისტული შეტევა» წამოიწყო და ესეც საკმაოდ უსუსურად. ტელევიზიით გამოიყვანეს ქალი, რომელიც ამტკიცებდა: როცა ჩემი შვილი ნოემბერში, მთავრობის სასახლესთან შიმშილობდა, - არაფორმალთა ლიდერები მანქანებში ჩუმ-ჩუმად შოკოლადს ჭამდნენ და წვენებს მიირთმევდნენო.
    რაც მთავარია, პატიაშვილმა ვერაფრით დაარწმუნა «ელიტარული ინტელიგენცია», რომ პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენდა და ქვეყანას დიდი განსაცდელი ელოდა. ეს სოციალური ფენა, როგორც ყოველთვის საქართველოში, გულმოდგინედ ელოდა, ვისკენ და როგორ გადაიხრებოდა სასწორი - ხელისუფლებასთანაც ინარჩუნებდა კავშირს და არაფორმალებსაც თვალებში შესციცინებდა. ოთხი წლის შემდეგ სწორედ ეს ხალხი გაიძახოდა: «ეროვნულ - გამანადგურებელმა» მოძრაობამ დაგვღუპაო და მხარს უჭერდა ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტას თამარ მეფის ხიდზე. არადა გამსახურდია და მისი უნიათო გუნდი სწორედ მათი უპასუხისმგებლობის წყალობით მოხვდა ხელისუფლებაში.
    მაშინ (1988 - 1989 წლებში) არავის სურდა პასუხისმგებლობის თავზე აღება, რაკი იცოდნენ, ყველაფერი მაინც «პირველ პირს» დაბრალდებოდა. პატიაშვილი კი კვლავინდებურად უმწეოდ შესცქეროდა მოვლენათა განვითარებას.
   

    საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება (საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ცვლილებათა უარყოფის შესახებ), ჯუმბერ პატიაშვილის «გმირობად» აღიქვეს. აჭარაში, პარტიულ კონფერენციაზე, „ცკ“-ს პირველ მდივანს ოვაცია მოუწყვეს. პრესა აივსო მეორე-მესამე რიგის («არაელიტარული») ინტელიგენციის სამადლობელი წერილებითა და დითირამბებით პატიაშვილის მიმართ, რომელმაც «ქვეყანა სისხლისღვრას გადაარჩინა» და ა.შ. ახალი სახელიც კი შეარქვეს: «სიმპატიაშვილი».
    მაგრამ «ელიტარული ინტელიგენცია», მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, კვლავინდებურად დუმდა. არა «მრავალმნიშვნელოვნად», არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ პოზიცია არ გააჩნდა და ტრადიციული წამხედურობით მოქმედებდა.
    ნოემბრის აქციით პატიაშვილის ხელისუფლების და მთლიანად, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დასასრული დაიწყო. საკავშირო ტელევიზიამ უჩვენა სსრკ უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი გამოვიდა სიტყვით და შეეცადა აეხსნა, რა მოხდა ნოემბრის ბოლოს თბილისში. მსხვილი პლანით გამოჩნდა «მკაცრად შუბლშეკრული» გორბაჩოვი. იგი აშკარა გაღიზიანებით უსმენდა «მეგობარს».

    საქართველოში კი პროცესი შეუქცევადი ხდებოდა. ახალი, 1989 წლის თებერვალში (ორთვიანი, მცირე, მაგრამ ნიშანდობლივი დეპრესიის შემდეგ) აქციებმა ახალი ძალით იფეთქეს. დავით აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს მიტინგი უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. მასში დაახლოებით 5000 ადამიანი მონაწილეობდა. მერაბ კოსტავა და ირაკლი წერეთელი დიდხანს ამოწმებდნენ მიკროფონს: «ისმის?!» - გრგვინავდა კოსტავას ხმა. «ისმის, ისმის» - პასუხობდნენ უკანა რიგებიდან. «ახლა ისმის?» - «ისმის, კარგად ისმის!».
   

    საქართველოს ეწვია პოლიტბიუროს წევრი ალექსანდრე იაკოვლევი. ჯუმბერ პატიაშვილმა სასწრაფოდ შეკრიბა «ელიტარული ინტელიგენცია». შემდგომი დიალოგის ყველაზე დამამახსოვრებელი ეპიზოდი იყო სცენა, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბმა ჩიბუხი გააბოლა პოლიტბიუროს წევრის თანდასწრებით. გაიმართა აგრეთვე მსჯელობა იმის თაობაზე, არის თუ არა სტალინი ქართული მოვლენა. იაკოვლევმა, რა თქმა უნდა, უარყო ეს აზრი და მას «სისულელე» უწოდა.
    იაკოვლევის ჩამოსვლა პატიაშვილისათვის ცუდი ნიშანი იყო: ამით გორბაჩოვი ცდილობდა მისთვის მიენიშნებინა, რომ საქართველოს ხელისუფალი პროცესების თვითდინებაზე მიშვებით მთელს პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. იაკოვლევმა კი ქარაგმულად თქვა, რომ რესპუბლიკაში გარდაქმნა არ მიმდინარეობს.
    პასუხად, პატიაშვილმა უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლებს მოუხშირა. თუმცა საუბარი ძირითადად იმართებოდა მეორე და მესამე ხარისხოვან საკითხებზე. არავის მოსდიოდა აზრად საქართველოს ხელმძღვანელისათვის ეკითხა, საერთოდ რას აპირებდა და საით მიჰყავდა ქვეყანა - როგორ უნდა აეწყო ფეხი საქართველოს იმ გრანდიოზული ცვლილებებისათვის, რომელთაც მოიცვეს საბჭოთა კავშირი. არადა ხელისუფლება კვლავ უმწეოდ ცდილობდა ზვავის შეჩერებას. «ქართული ენის განვითარების პროგრამა» და სხვა ასეთი ღონისძიებები საქმეს ვერ შველოდნენ.
    თებერვლის შუა რიცხვებში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან («გეპეისთან») კომკავშირელმა აქტივისტებმა და მილიციის  გადაცმულმა თანამშრომლებმა «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» აქცია დაარბიეს, რომელიც აფხაზეთის პრობლემას ეძღვნებოდა. ინსტიტუტის რექტორმა, გოჩა ჩოგოვაძემ (შემდგომში საქართველოს ელჩმა საფრანგეთში) დარბევა გაამართლა და განაცხადა, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში უმაღლეს სკოლა დეპოლიტიზირებულია: «პრივატ, ფრაივ, ფრივეა..» - ჩოგოვაძე ევროპული ენების ცოდნას ამჟღავნებდა.
   

    ოცდახუთი თებერვლის მოახლოება საქართველოში (უფრო ზუსტად თბილისში) ისტერიულ ატმოსფეროს ქმნიდა. პატიაშვილმა განიზრახა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ჩაეშალა ამ დღეს ოპოზიციური მანიფესტაცია. «არაფორმალებმა», პირიქით, გადაწყვიტეს, რადაც უნდა დასჯდომოდათ, აუცილებლად გაემართათ «მრისხანე მსვლელობა» საქართველოს გასაბჭოების დაგმობით. ოფიციოზის პროპაგანდა შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა გორგოძის გამოსვლებით შემოიფარგლა: «დემოკრატია გინდებლარიენ? - პაჟალსტა!».
    25 თებერვალს, პატიაშვილის ბრძანებით, თბილისში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოიყვანეს მილიციის დამატებითი რაზმები. ქალაქი აივსო მილიციით.
    არაფორმალთა გეგმით, დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი უნდა დაძრულიყო მეტრო «დელისიდან», მეორე კი - ქაშუეთიდან. მაგრამ ზვიად გამსახურდია ეკლესიის ეზოდან გამოსვლისთანავე «აიყვანეს». დელისთან შეკრებილი არაფორმალები („ედპ“, ირაკლი შენგელაია და სხვები) დაარბიეს და დააპატიმრეს. აქცია თითქოს ჩაიშალა. სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ქაშუეთიდან რუსთაველის თეატრისაკენ დაიძრა. მოულოდნელად გაჩერდა მანქანა, საიდანაც ირაკლი წერეთელი გადმოხტა მეგაფონით ხელში. ასიოდე კაცი მის გარშემო დაირაზმა. ოპერის თეატრთან ეს უკვე ხალხის სერიოზული მასა იყო. სასტუმრო «საქართველოსთან» კი ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტა. მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები ხალხით იყო სავსე. «მერვე პოლკმა» დემონსტრანტებს გზა გადაუღობა. მაგრამ ბოლოს მაინც გაატარეს მრავალათასიანი კოლონა უნივერსიტეტის ბაღისაკენ. ბაღში გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა დაგმეს «საქართველოს გასაბჭოება» და მოითხოვეს დელისის მეტროსთან დაპატიმრებულთა გათავისუფლება.
    იმავდროულად, «ელიტარული ინტელიგენციის» თვალსაჩინო წარმომადგენლებმა შეადგინეს წერილი პატიაშვილისა და შოთა გორგოძის სახელზე - დაკავებულთა დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნით. შემდგომში შოთა გორგოძე სწორედ მათი მიმართვით ხსნიდა (!) თავის გადაწყვეტილებას «რადიკალთა» გათავისუფლების თაობაზე.
    ეს წერილი გორგოძეს უეჭველად შენახული ექნება და ადრე თუ გვიან გამოაქვეყნებს, რათა ხელმომწერთა, ანუ ჩვენი ბრძენი და შორსმჭვრეტელი «ელიტარული ინტელიგენციის» უბრწყინვალეს წარმომადგენელთა კეთილშობილური ძალისხმევა სათანადოდ დაფასდეს და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში.
    მიტინგი უნივერსიტეტთან მშვიდობიანად დასრულდა. შოთა გორგოძემ განაცხადა, რომ აქცია შინაგანმა ჯარმა არ დაარბია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა უნივერსიტეტის ბაღი შეტაკების ასპარეზად ქცეულიყო.
    25 თებერვლის მოვლენები პატიაშვილის კიდევ ერთი დამარცხება და მისი ხელისუფლების აღსასრულისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახდა. მაგრამ პატიაშვილმა მაინც სცადა საპასუხო დარტყმის განხორციელება.
    26 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ტელევიზიამ უჩვენა «სინდისის სასამართლოს» ვიდეოჩანაწერი. ამ სასამართლოს გამართვა ზურაბ ჭავჭავაძემ მოითხოვა - ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
    „სინდისის სასამართლო“ გაიმართა იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიამ («ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» ლიდერთა მტკიცებით) «სუკის აგენტი» უწოდა საფრანგეთში ემიგრირებულ დისიდენტს, ჯონი-ზაქარია ლაშქარაშვილს. ამ პიროვნებამ ლამის მითიური იმიჯი შეიძინა. შემდგომში იგი თბილისში ცხოვრობდა და განსაკუთრებულით არაფრით გამოირჩეოდა.
    ზვიად გამსახურდია ყოველივეს კატეგორიულად უარყოფდა. თუმცა მისთვის ასეთი ბრალდებები საერთოდ დამახასიათებელი იყო. მას მხარი აქტიურად დაუჭირეს გია ჭანტურიამ, მამუკა გიორგაძემ, ირინა სარიშვილმა და ირაკლი წერეთელმა.
    ირინა სარიშვილი - ზურაბ ჭავჭავაძეს: «მე მგონია. . . . არა კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ხარ კგბ-ს აგენტი!».
    გია ჭანტურია: «მე შენს კაცობაში ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება არა ფიზიოლოგიური არამედ მორალური თვალსაზრისით. და მე შენ გაგიხვრიტავ შუბლს!» თან თითი შუბლთან მიუტანა. ბოლო ეპიზოდი საქართველოს ტლევიზიამ სამჯერ გაიმეორა.
    ერთი სიტყვით, ნამდვილი «ქართული სინდისის სასამართლო» იყო, რომელიც დამთავრდა იმით, რითაც უნდა დამთავრებულიყო დისიდენტური «სინდისის სასამართლო» საქართველოში - დედის გინებითა და გაწევ-გამოწევით.
    (მოვა დრო და ამ სასამართლოს ერთ-ერთი მონაწილე, «დისიდენტი» ბორია კაკუბავა იტყვის: „საქართველო 1921 წელს გასაბჭოებამ გადაარჩინა, თორემ იქნებოდა «ონი-ხონი-ზესტაფონი..)
    გადაცემა მეორე დღეს კვლავ უჩვენეს. ოღონდ «შუბლის გახვრეტის» ეპიზოდის სამჯერ განმეორების გარეშე. ანუ ეს გულისამრევი სანახაობა მთელმა ქვეყანამ ორჯერ იხილა. ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილმა საზოგადოებამ ამ მარაზმს იდიოტური გამართლება მოუძებნა: «რომ განახათ პოლიტბიუროს სხდომები, იქ უარესი ხდებაო».
    ერთი სიტყვით, არც პროპაგანდამ გაჭრა, არც უნიათოდ გამოყენებულმა ძალისმიერმა მეთოდებმა. არაფორმალები ზედიზედ იმარჯვებდნენ.
    მარტის დასაწყისიდან კი პატიაშვილს ახალი პრობლემა გაუჩნდა: ახლოვდებოდა სსრკ სახალხო დეპუტატთა არჩევნები. თითოეული კანდიდატურა „ცკ“-ში უნდა დამტკიცებულიყო. საბურთალოზე აკაკი ბაქრაძემ «დიმიტროვის ქარხნის» დირექტორს, პანტიკო თოდრიას აჯობა. პარმენ მარგველაშვილმა დასჯაბნა გიგა ლორთქიფანიძე. დღევანდელ «ჩუღურეთის რაიონში» კი, მიუხედავად ბობოქარი მიტინგისა, რომელმაც სულ «მონებო» ეძახა წინასაარჩევნო კრების მონაწილეებს, - ვალერიან ადვაძე ამჯობინეს ნოდარ ნათაძეს. ნათაძის მომხრეები მთავრობის სახლისაკენ დაიძრენ. რუსთაველზე მათ გზა გადაუკეტა მერვე პოლკმა. იქვე იყო გია ჭანტურია. თუმცა მან განაცხადა, რომ ამ აქციაში არ იღებდა მონაწილეობას, ვინაიდან საბჭოთა არჩევნები «კლოუნადად» მიაჩნდა.
    თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსმა, იმ დროს უკვე ლეგენდარულმა რომან გვენცაძემ ნოდარ ნათაძე დაარწმუნა, რომ მეორე დღეს «მთავრობის ტელეფონით» დააკავშირებდა მოსკოვში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალენ.
    მარტის არჩევნები საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების უკანასკნელი «წარმატებული» ღონისძიება გახდა. დგებოდა აპრილი, რომელსაც ბედისწერამ ახალი ეპოქის დაწყება არგუნა.

    დღევანდელი გადასახედიდან თვალნათელია, რომ პერიოდი 1988 წლის ნოემბრიდან - 1989 წლის აპრილამდე იყო გადამწყვეტი, კრიტიკული არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ეს იყო «უკანასკნელი შანსი», რათა პატიაშვილს რაიმე ეღონა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. იმდროინდელი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებული იყო, გადაედგა რადიკალური ნაბიჯები, რათა ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვისაგან ეხსნა. რადიკალთა დაპატიმრებას არ ვგულისხმობ რასაკვირველია. მხოლოდ ეს ზომა შედეგს არ გამოიღებდა.
    იმდროინდელი ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ ჯუმბერ პატიაშვილს გულწრფელად სურდა ქვეყნის გადარჩენა (და არა საკუთარი სკამისა), - ერთადერთი გამოსავალი იყო, მას თავად შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის (დაახლოებით 1989 წლის იანვარ - თებერვალში) დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების იდეა. როგორც ეს გააკეთა ბალტიის ქვეყნების კომუნისტურმა ხელისუფლებამ - საზოგადოების (ისტებლიშმენტის) მოთხოვნით.
    პატიაშვილს უნდა მოეწვია საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესია და დაენიშნა მრავალპარტიული არჩევნები 1989 წლის შემოდგომაზე - ისევე, როგორც ბალტიის რესპუბლიკებში. შეგახსენებთ, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში პირველი არჩევნები სწორედ 1989 წლის შემოდგომაზე გაიმართა.
    რასაკვირველია, იმ «რადიკალებს» რომელთაც საერთოდ დაუშვებლად მიაჩნდათ ყოველგვარი არჩევნები ოკუპაციის პირობებში (ლიტვის ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე უფრო „ჭკვიანები“ იყვნენ), - საქართველოში არჩევნების ჩატარება სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, მაგრამ ურყევად ვარ დარწმუნებული, რომ «9 აპრილამდელ» ქართულ საზოგადოებაში არჩევნების იდეას მთელი მოსახლეობა აიტაცებდა, ხოლო რადიკალები (თუნდაც აფხაზეთის საბაბით) ვეღარ შეძლებდნენ 9 აპრილის სასაკლაოს პროვოცირებას.
    1989 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვებდა ზომიერად განწყობილი ინტელიგენცია, ლიტვური «სოიუდისის» მსგავსი ორგანიზაცია, შესაძლოა იგივე «რუსთაველის საზოგადოება» - ერთი სიტყვით «ისტებლიშმენტი». ეს არ გამორიცხავდა შემდგომ გართულებებს, პრობლემებს, მაგრამ არა ისეთ უბედურებას, რაც 9 აპრილის შედეგად საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაციასა და არჩევნებში ე.წ. «მრგვალი მაგიდის» გამარჯვებას მოჰყვა.
    საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა შესაძლებლობა არ გამოიყენა, ვინაიდან ხელისუფლება არ ეთმობოდა! ამ თვალსაზრისით, მისი განწყობა დაემთხვა რადიკალთა განწყობას - არჩევნების იდეის საწინააღმდეგოდ.
    პატიაშვილმა იცოდა: არჩევნების შედეგად ძალაუფლებას უეჭველად დაკარგავდა - ინტელიგენცია მას მხარს არ დაუჭერდა. საქართველოს ხელმძღვანელი გახდებოდა რომელიმე ცნობილი «ელიტარული ინტელიგენტი». ვთქვათ, რეზო თაბუკაშვილი, როინ მეტრეველი ან რეზო ჩხეიძე - შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს აქტიურად ასახელებდნენ პატიაშვილს მემკვიდრედ 9 აპრილის შემდეგ, მაგრამ მაშინ უკვე გვიან იყო.
    ამიტომ მან უარი თქვა უკანასკნელი შანსის გამოყენებაზე ქვეყნის გადასარჩენად. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არც ინტელიგენციას აღმოაჩნდა ელემენტარული გონიერება, რათა ეს შესაძლებლობა დაენახა და «არჩევნების» იდეა 9 აპრილამდე თავად წამოეყენებინა - თავად მოეთხოვა პატიაშვილისაგან არჩევნების დანიშვნა 1989 წლის შემოდგომაზე - ლიტვის და სხვა რესპუბლიკების მსგავსად.
    ამ შესაძლებლობის დაუნახავობა და მისი გამოუყენებლობა იყო ქართული «ელიტარული ინტელიგენციის» საბედიწერო შეცდომა, - დანაშაულებრივი უნიათობა, რასაც მას ისტორია არ აპატიებს

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა