ლიხნის თავყრილობა

ლიხნის თავყრილობა - ეროვნული მოძრაობა

ლიხნის თავყრილობა

მარტის ბოლოს თბილისში გავრცელდა ხმა 18 მარტს, აფხაზეთში, სოფელ ლიხნში ჩატარებული თავყრილობის შესახებ. ინფორმაციის დაგვიანება იმ დროს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვისაც კომუნისტურ ეპოქაში უცხოვრია, არ გაუკვირდება, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ცნობა მხოლოდ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.
    ჰყვებოდნენ, რომ ლიხნში შეიკრიბა მთელი სრულწლოვანი აფხაზობა (დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი), შეადგინეს პეტიცია სკკპ ცენტრალური კომიტეტის სახელზე, რომელშიც მოითხოვდნენ რუსეთის ფედერაციასთან (სეპარატისტები გულისხმობდნენ ჩრდილოეთ კავკასიას) შეერთებას. პეტიციას თან დაურთეს სწორედ ის «აფხაზური წერილი», რომლის თაობაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ადლეიბამ თითქოს პეტიციას ხელი არ მოაწერა, რის გამო მას მიუახლოვდა მოხუცი (ასი წლის) აფხაზი და სახეში შეაფურთხა.
    ლიხნი აფსუათა სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ლიხნის შეკრება (ერთგვარი «ვეჩე») გაფორმდა, როგორც მიტინგი. თანაც «სანქციონირებული» მიტინგი - საბჭოთა კონსტიტუციის მოთხოვნათა სრული დაცვით. ყოველთვის ფრთხილმა და წინდახედულმა აფხაზურმა ელიტამ (მხოლოდ პარტიულ ელიტას არ ვგულისხმობ) ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რაკი დარწმუნებული იყო, რომ მოსკოვი ძალზე გააღიზიანა თბილისის ნოემბრის აქციამ.
    სხვათა შორის, ჩვენში დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ყოველ გამოვლინებას კრემლი პასუხობდა აფხაზური სეპარატიზმის გააქტიურებით. სინამდვილეში, საქმე უფრო რთულად იყო: მოსკოვი კი არ «დაამთხვევდა» ხოლმე სეპარატისტთა აქციებს «ქართული ეროვნული მოძრაობის» გამოღვიძებას, არამედ პირიქით, - აფხაზები, რომლებიც უდიდესი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოში, - აქციებს მართავდნენ უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქართველები გააღიზიანებდნენ მოსკოვს თავიანთი გამოსვლებით.
    ასე იყო 1956 წლის 9 მარტის მოვლენათა შემდეგ; 1979 წელს, - 14 აპრილის მოვლენათა კვალდაკვალ; 1989 წელს - ნოემბრის შიმშილობის «პასუხად». აფხაზებმა იცოდნენ, რომ საქართველოს თავხედობით განრისხებული რუსეთი მათ აქტიურობას ყოველმხრივ მხარს დაუჭერდა.
    ზოგიერთმა შეიძლება თქვას: ეს ერთი და იგივეა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შინაარსი ამით არ ირღვევაო.
    არ არის ერთი და იგივე! ეს რომ «ერთი და იგივე» გვეგონა (და დღემდე გვგონია), სწორედ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის ასეთი თავისებურება იწვევს ქართული პოლიტიკის პერმანენტულ დამარცხებას.
    ამრიგად, ლიხნის შეკრება ერთგვარი «დროის ხელთება» იყო ანუ აფსუა სეპარატისტთა პასუხი თბილისის ნოემბრის აქციაზე. რომ არა ნოემბრის შიმშილობა თბილისში, სეპარატისტები ლიხნის პეტიციას (ანტიქართული მოთხოვნებით) ჯერ არ შეადგენდნენ. დაელოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას, რათა სხვა დრო ეხელთათ.
    ქართული მხარის პრეტენზიები გორბაჩოვის მიმართ: „ლიხნის შეკრება რატომ არ აღკვეთაო”, - სრულიად უსაფუძვლოა. დავუშვათ, გორბაჩოვს სდომოდა არ დაეშვა ლიხნის შეკრების ჩატარება (არადა რატომ უნდა სდომოდა?). რა შეეძლო მას მოემოქმედა რეალურად? დაერბია მიტინგი, რომელიც აფხაზეთის ასსრ გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს მიერ იყო სანქცირებული (საბჭოთა კონსტიტუციის და კანონმდებლობის სრული დაცვით) და რომელზეც აფხაზები მოვიდნენ ლენინის სურათებითა და წითელი დროშებით? ეს ხომ თვითმკვლელობა იქნებოდა გორბაჩოვისათვის? კი მაგრამ, არ არბევ ნოემბრის აქციას თბილისში, ანტისაბჭოთა და ანტირუსული ლოზუნგებით და არბევ ლიხნის თავყრილობას, - ლენინის სურათებითა და წითელი დროშებით?!
    აფხაზთა ლიდერებმა: კონსტანტინე ოზგანმა, სერგეი შამბამ და ვლადისლავ არძინბამ ყოველივე მართლაც ძალიან ზუსტად გათვალეს. მათ ხომ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ლიხნის მიტინგი თბილისში სწორედ ანტირუსულ აფეთქებას გამოიწვევდა, რადგან ყველა მას «მოსკოვის პროვოკაციად» ჩათვლიდა.
    ქართველებში ანტირუსული განწყობის გაღვივება და გაძლიერება კი აფხაზური სეპარატიზმის უცთომელი სტრატეგია იყო.
    ვიმეორებ: მოსკოვს შესაძლოა კიდეც მოეწონა აფსუათა ინიციატივა, მაგრამ ლიხნის მოვლენის სუბიექტი მაინც აფხაზური სეპარატიზმი იყო და არა «კრემლი». სეპარატისტთა გათვლა, როგორც ყოველთვის, უაღრესად ზუსტი აღმოჩნდა. მათ ისიც ძალიან სწორედ განსაზღვრეს, რომ ქართველთა რისხვა კრემლისაკენ იქნებოდა მიმართული და არა თვით სეპარატისტების, რომელთაც ქართული ეთნოფსიქოლოგია მხოლოდ მარიონეტებად აღიქვავდა და აღიქვავს, რაც უმძიმესი შეცდომაა.
    გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 3 აპრილიდან - 9 აპრილამდე. აქცია დაიწყო «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ» არა ანტირუსული ლოზუნგებით, არამედ მოთხოვნებით აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მაგრამ 5-6 აპრილიდან ინიციატივა ხელთ იგდეს იმ ძალებმა, რომლებმაც «აფხაზური საკითხი» საერთოდ მოხსნეს და მთელი ყურადღება გადაიტანეს «კრემლზე». აგრეთვე «საქართველოს სრულ დამოუკიდებლობაზე».
    აფსუათა ლიდერები შესანიშნავად იცნობდნენ ქართულ ფსიქოლოგიას: აფხაზთა წინააღმდეგ აქციის მოწყობა მაშინ, როდესაც ამქვეყნად არსებობდა ყველა უბედურებისა და ბოროტების სათავე - «კრემლი», - ქართველებს არავაჟკაცურად, არაკეთილშობილურად, უკადრისად მიაჩნდათ. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ მოახდინეს აპრილის ტრაგედიის პროვოცირება, ხოლო შემდეგ (ვლადისლავ არძინბას პირით) სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე განაცხადეს: «ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია აზრი, თითქოს ლიხნის შეკრებამ რაიმე როლი შეასრულა 9 აპრილის მოვლენებში. ეს მოვლენები სულ სხვა შინაარსისა იყო, სხვა მეთოდებით ხორციელდებოდა და სხვა მიზნებს ისახავდა.»
    გულუბრყვილო ქართველებს კი გვეგონა, რაკი არ ვიკადრეთ აპრილის აქციის დროს ყურადღება «მცირერიცხოვან ხალხთან დაპირისპირებაზე» გადაგვეტანა, რაკი «არავაჟკაცურად» მივიჩნიეთ აფხაზ ხალხთან დაპირისპირება და მთელი ყურადღება კრემლისაკენ მივმართეთ, აფსუები ამას დაგვიფასებდნენ და ვაჟკაცური მადლიერების გრძნობით აღივსებოდნენ ჩვენს მიმართ, - აკი (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს ძალზე მომგებიანი იქნებოდა) «ანტიაფხაზური ლოზუნგები» მოვხსენით, მთავარ თემად «რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა» ვაქციეთ და რუსის ჯარს შევაკალით თავი.
    პოლიტიკაში გულუბრყვილობა და რომანტიზმი დამღუპველია. მეტიც, სისულელის ტოლფასია. პოლიტიკა არ სცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა «კეთილშობილება», «სამართლიანობა», «სიყვარული», «სიძულვილი», «სიკეთე», «ბოროტება» და ა.შ. უფრო სწორად, სცნობს, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი არსებობა პოლიტიკურად მიზანშეწონილია. ეს შესანიშნავად იცოდნენ აფსუებმა, მაგრამ არ ვიცოდით (არც ახლა ვიცით) ქართველებმა. ამიტომაც გვაჯობეს ჭკუით.

    ლიხნის შეკრების შემდეგ ქართველები რომ რაციონალურად მოქცეულიყვნენ და იგივე ტექნოლოგია გამოეყენებინათ, მოსკოვი აქციის დარბევას ვერ გაბედავდა. ოღონდ, რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აქციაც გორბაჩოვის სურათებით წარიმართებოდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, აფსუები უეჭველად წააგებდნენ და იძულებული გახდებოდნენ, დროებით უკან დაეხიათ, მაგრამ ქართველებისათვის ასეთი რამ ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.
    აფსუანური პოლიტიკის მთავარი თვისება პრაგმატიზმია. ქართული პოლიტიკა კი, სამწუხაროდ, «რომანტიული» იყო. პრაგმატული პოლიტიკა ყოველთვის დაამარცხებს რომანტიულ პოლიტიკას. არადა, საბოლოოდ სწორედ პრაგმატული პოლიტიკა აღწევს რომანტიულ მიზანს: აფხაზები პრაგმატულ პოლიტიკას ატარებდნენ, სამაგიეროდ დღეს თავისუფალნი, ამაყნი და გამარჯვებულნი არიან. ჩვენ რომანტიულ, «კეთილშობილურ» პოლიტიკას ვატარებდით, ყველაფერს არ ვკადრულობდით, ამიტომ დამარცხებულნი და დამცირებულნი ვართ.

    დაახლოებით 2 აპრილს, ჯუმბერ პატიაშვილმა ცენტრალურ კომიტეტში დაიბარა «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები და სთხოვა, მოეწყოთ ზომიერი საპროტესტო აქციები ლიხნის შეკრების დაგმობით.
    ქარაგმულად პატიაშვილი ინტელიგენციას იმასაც სთავაზობდა, რომ ამ მიტინგებზე ფრთხილად, მოზომილად «ანტირუსულ ნოტასაც» გაეჟღერა, რათა ხელისუფლებას საშუალება ჰქონოდა, მოსკოვი დაეშინებინა საქართველოში ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციით, - აფხაზ სეპარიტისტთა მოქმედების შედეგად. თუმცა, მოსკოვში უკვე შესანიშნავად უწყოდნენ, რომ 5 აპრილის შემდეგ «მთავრობის სასახლესთან» აფხაზეთი აღარავის ახსოვდა. «კეთილშობილმა რაინდებმა» აქციის შინაარსი მთლიანად შეცვალეს და, ამ დღიდან - 9 აპრილამდე ერთადერთი ლოზუნგი იყო: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია».
    სხვათა შორის, აქვე ამ რაინდების მოტივაციაზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა: იმდროინდელი რადიკალებისათვის აფხაზეთი, რასაკვირველია, მხოლოდ საბაბი იყო. უკვე ყალიბდებოდა მათი მთავარი იდეაფიქსი - «საბჭოთა არჩევნების» მიუღებლობა. ისინი გრძნობდნენ, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდებოდა, თუ სისხლი არ დაიღვრებოდა, - საქართველოში შეიძლება გაემარჯვა «არჩევნების» იდეას და არ იყო გამორიცხული, ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებში, საქართველოშიც 1989 წლის შემოდგომაზე ჩატარებულიყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები. ეს გზა რასაკვირველია, მათთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან ამ გზით ისინი ვერაფერს მიაღწევდნენ. გავიხსენოთ, - ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია ფანატიკური მიზანსწრაფულობით ეწინააღმდეგებოდნენ დევიზს: «მოვითხოვთ დემოკრატიულ არჩევნებს», რაკი «საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე» ნებისმიერ არჩევნებს უაზრობად და ფიქციად აცხადებდნენ.

    აპრილის საბედისწერო მიტინგის მთავარი ორგანიზატორი გახდა „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია“. ირაკლი წერეთელს უეჭველად ჰქონდა სურვილი, გია ჭანტურიას «ნოემბრის შიმშილობაზე» უფრო რადიკალური და მასშტაბური აქცია მოეწყო. თუმცა, ყველაფერს მხოლოდ ორგანიზატორებსა და ლიდერებს ნუ დავაბრალებთ. აპრილის მოვლენებში ერთად იფეთქა სოციალურმა უკმაყოფილებამ, კომუნისტური რეჟიმის სიძულვილმა, თავისუფლებისა და სიმართლისადმი ბუნებრივმა სწრაფვამ, ქართული ეთნოფსიქოლოგიისათვის დამახასიათებელმა მაქსიმალიზმმა, თავშეუკავებლობამ და ნევროზულობამ. სხვა საქმეა, რომ ამ ენერგიას სათანადო კალაპოტი უნდა მისცემოდა, თუმცა ამაზე ქვემოთ.
    დაახლოებით 6-7 აპრილს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღეკვეთა აქცია და სიტუაცია საქართველოში კონტროლს დაექვემდებარებინა. მიხეილ გორბაჩოვი ამ დროს ლონდონში იმყოფებოდა. ეს მას ლამის «ალიბი»-დ ჩაუთვალეს. თითქოს საბჭოთა კავშირის საელჩოში ტელეფონი არ მოიძევებოდა და გენერალური მდივანი იქედან ვერ გასცემდა შესაბამის ბრძანებას. როგორც სჩანს, სწორედ ლონდონიდან დაურეკა გორბაჩოვმა პატიაშვილს და მკვახე ტონით ამცნო: «თქვენთან ჩამოვა გენერალი კოჩეტოვი (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი, რომელიც იმ დროს უკვე საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო – ავტ.). იგი იმოქმედებს ჩემი ინსტრუქციებით».
    კოჩეტოვი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ჩამოფრინდა და პატიაშვილს განუცხადა: «ქვეყნის ხელისუფლებას აინტერესებს, რა ზომების მიღებას აპირებთ რესპუბლიკაში ვითარების ნორმალიზებისათვის?» კითხვა ბრძანების ტონით იყო დასმული. პატიაშვილი ყველაფერს მიხვდა და სწორედ მაშინ დაუშვა უმძიმესი, საბედისწერო შეცდომა. მას ჰქონდა შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. როგორც კი იგი მიხვდა, რომ თბილისში სისხლი დაიღვრებოდა, დაუყოვნებლივ უნდა შეეკრიბა «აქტივი», ებრძანებინა ტელევიზიისათვის ჩაერთო პირდაპირი ეთერი, გამოსულიყო სიტყვით და გადამდგარიყო თანამდებობიდან ასეთი ფორმულირებით: «მე დარწმუნებული ვარ, «არაფორმალებს» ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავთ, მაგრამ საზოგადოებამ მხარი არ დამიჭირა. ამდენად, რაკი არ მსურს ხელი გავისვარო ჩემი ხალხის სისხლით, ვიხსნი პასუხისმგებლობას და ვტოვებ თანამდებობას».
    პატიაშვილი ასე რომ მოქცეულიყო, მოვლენები შეიძლება სხვაგვარადაც წარმართულიყო. მაგრამ ჯუმბერ პატიაშვილს არც ჭკუა ეყო, არც გამბედაობა, ეს გაეკეთებინა. იქნებ იმიტომაც, რომ დღენიადაგ არ ასვენებდა ნაწამები და ციხეში გამომწყვდეული სოლიკო ხაბეიშვილის ლანდი. პატიაშვილს ნამდვილად არ სურდა სისხლისღვრა, მაგრამ არც თანამდებობა ეთმობოდა. თუნდაც მოსისხლე მტრების ჯინაზე, რომლებიც მის «სისხლს დალევდნენ».
    მთავრობის სახლის წინ კი ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელი მხატვრის სახლში შეხვდა ირაკლი წერეთელს.
    «ჩვენ გვეუბნებიან, ხართ ძალიან მაგრები, გვთავაზობენ ტელევიზიისა და პრესის გათავისუფლებას აქციის შეწყვეტის სანაცვლოდ. თქვენ იღებთ ამ წინადადებას?» - პათეტიკურად ჰკითხა ირაკლი წერეთელმა მოშიმშილე სტუდენტებს მიტინგზე დაბრუნებისთანავე. «ვიღებთ, ვიღებთ», - ერთდროულად შესძახა ათეულობით ადამიანმა. ამას წერეთელი არ მოელოდა. ოდნავ შეცბა, მაგრამ უმალვე შესძახა: «თქვენ თუ იღებთ, მაშინ მე გეტყვით, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია თავისუფალ პრესასა და ტელევიზიაზე საქართველოს დამოუკიდებლობას არ გაცვლის!» ამ განცხადებასაც მქუხარე ოვაცია მოჰყვა.
    მიტინგზე გამოვიდა გია ჭანტურია, რომელიც იმ დროს უკვე იწყებდა ცალკე აქციას (რაც ძალზე ნიშანდობლივია) ტელევიზიის შენობასთან: «ზოგიერთები აცხადებენ, რომ იქმნება საგაფიცვო კომიტეტი და რომ ეს თითქოს არის დროებითი მთავრობა. ხაზს ვუსვავ, - ეს არ არის დროებითი მთავრობა».
    შიმშილობაში კვლავ ჩაერთო ასეულობით ადამიანი. ვითარება ქალაქში უმართავი გახდა. პატიაშვილის ბრძანებით შეიკრიბა კომუნისტურ-ნომენკლატურული აქტივი (ამით ცკ-ს პირველი მდივანი ცდილობდა პასუხისმგებლობა გადაენაწილებინა, რაც სრულიად ფუჭი მცდელობა იყო), რომელზეც მთავარი სიტყვა თქვა ნუგზარ ფოფხაძემ: «только словом бороться с врагами советской власти нельзя!»
    (მოვა დრო და «დიდი გაერთიანების» ფარგლებში იმდროინდელი რადიკალები ნუგზარ ფოფხაძესთან ერთობლივ საარჩევნო ბლოკს შექმნიან, რაც მაშინ თითქოს შეუძლებელი ჩანდა. რას იზავ, - «დრონი მეფობენ»).
    ზოგიერთმა ცნობილმა ინტელიგენტმა «აქტივის» კრებაზე საბოლოო დოკუმენტის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ეს უფრო ჩასაძირად განწირული ხომალდიდან გაქცევა იყო, ვიდრე გულწრფელი პროტესტი.
    8 აპრილს, გამთენიისას, მთავრობის სასახლესთან სულ ორასიოდე კაცი შემორჩა. ისინიც თანდათან იშლებოდნენ. ამიტომ გია ჭანტურიამ განაცხადა: «გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მივიღეთ ცნობა, - მოდიან.» ხალხი შეჩოჩქოლდა და ერთ გუნდად შეიკრა. მაგრამ იმ ღამეს მიტინგი არ დაურბევიათ.
    შუადღისას, რუსთაველზე ჩაიარეს სამხედრო მანქანებმა ჯარისკაცებით და რამდენიმე ჯავშნოსანმა. ამან უკურეაქცია გამოიწვია: საღამოს ექვსი საათისათვის რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი. თბილისის აეროდრომებზე ზედიზედ ჯდებოდნენ სამხედრო თვითმფრინავები, რომელთაც ჩამოჰყავდათ ძერჟინსკის სახელობის დივიზიის ქვედანაყოფები. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის, იგორ როდიონოვის ბრძანებით, კიროვობადიდან გადმოისროლეს 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკი. ეს პოლკი 3 წლის შემდეგ გუდაუთაში აღმოჩნდება, შემდგომ კი «სამშვიდობო მისიას» შეასრულებს ენგურთან. პოლკს მეთაურობდა გენერალი ალექსანდრე ლებედი.
    საღამოს 8-9 საათისათვის რუსთაველის გამზირზე ტევა აღარ იყო. ირაკლი წერეთელთან მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ჩასჩურჩულა: «დღეს დაგარბევენ, თავს უშველეთ». წერეთელმა ყურადღება არ მიაქცია.
    ერთი საათის შემდეგ წერეთელს საქართველოს «სუკ»-ს თანამშრომელმა გადასცა წერილი: «სპორტის სასახლე რუსის ჯარით არის სავსე. ამაღამ მოვლენ, ხალხს ამოჟლეტენ!». არავითარი რეაქცია.
    პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენდა. ტრაგედია გარდაუვალი ხდებოდა. ახლოვდებოდა საბედისწერო წამი

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა