საერთაშორისო მიმოხილვა. 9 აპრილი. 2022 წელი
რუსეთის „საგარეომ“ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მისაღებია ე.წ. „ჩინური გეგმა“ უკრაინის კრიზისის დარეგულირებისა, რაკი „ეს გეგმა ითვალისწინებს დიალექტიკურ მიდგომას ზოგადიდან - კონკრეტულისკენ“; და რომ ეს გეგმა ბევრად მისაღებია მოსკოვისთვის, ვიდრე ვლადიმერ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“
ამ საზრისული ევფემიზმების და „დიპლომატიური გაიძვერობის“ მიღმა იმალება მარტივი განზრახვა: პეკინის წინადადებების კომპლექსი, როგორც არ უნდა იყოს „შეფუთული“ მეორეხარისხოვანი საკითხებით, ანუ ტყვეთა გაცვლით, მოლაპარაკებათა დაწყებით, სანქციების გაუქმებით და ა.შ გულისხმობს ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას!
ეს არის იქ მთავარი
და რუსეთის „საგარეომ“ დაადასტურა, რომ პუტინი მზადაა „გაყინოს“ ფრონტის ხაზი იქ, სადაც ამჟამად გადის ანუ „დაიბევოს“ დონბასის უდიდესი ნაწილი, ყირიმი და მარიუპოლი ესე იგი ყირიმისკენ სახმელეთო გასასვლელი.
მოსკოვის თანხმობა ამ გეგმაზე იმასაც ნიშნავს, რომ პუტინი არ არის დარწმუნებული, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მისი დაანონსებული (თითქმის ღიად დაანონსებული) „საზაფხულო შეტევა“ ქალაქ დნეპრის და მდინარე დნეპრის, შემდეგ კი ოდესას მიმართულებით
დარწმუნებული რომ იყოს ამ გეგმის წარმატებაში, პეკინის ინიციატივას „ფრონტის გაყინვაზე“ ასე ღიად არ მოიწონებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
The Washington Post ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვაში უკვე მზადაა მისი სტრატეგია უკრაინის მიმართ და თუ 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, დონალდ ტრამპი კიევს მოსთხოვს „მიაღწიოს მშვიდობას ტერიტორიული დათმობებით“, მაშასადამე კვლავ და კვლავ, ფრონტის ხაზის გაყინვით.
მანამდე ტრამპს არაერთგზის უთქვამს, რომ თუ აირჩევენ „ერთ დღეში უზრუნველვყოფ ომის დასრულებასო“
ალბათ უკრაინაზე ზეწოლა იგულისხმება აბა სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს თუკი ამგვარი სტრატეგია აქვს მის გუნდს გამომუშავებული?!
სწორედ ამიტომ, გუშინ უკრაინის საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ზელენსკის გუნდი აქტიურად „კომუნიცირებს ტრამპის გუნდთან და ცდილობს მასთან დიალოგს“
ეს იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება 5 ნოემბრის არჩევნებზე არის აბსოლუტურად რეალური!
გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ნამდვილად რეალისტურია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვი ცდილობს დასაჯოს ფინეთი იმის გამო, რომ NATO-შე გაწევრიანდა.
«Росатом» მოითხოვს ჰელსინკიმ 3 მილიარდი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს, რაკი უარი თქვა ფინეთში რუსული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.
თავისთავად ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ 10 წლის წინ, ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებამდე (ყირიმში) ფინეთი, თურმე......მოსკოვს სთხოვდა „ატომური ელექტროსადგური ამიშენეო“.
და განა პარიზს ან ვაშინგტონს თუ ლონდონს არ შეეძლოთ მისთვის ატომური ელექტროსადგური აეშენებინათ?
როგორ არ შეეძლოთ, მაგრამ.....ეს ისევ და ისევ იმ „ხაზის“ გაგრძელება იყო, რაც ჰელსინკიმ გაატარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გულისხმობდა „რუსი დათვისთვის კუდის ქიცინს“ სტრატეგიულ საკითხებში.
ატომური ენერგეტიკა კი სწორედაც სტრატეგიული საკითხია.
ხსენებული „კუდის ქიცინი“ დასრულდა ფინეთის (და მისი მეზობელი შვედეთის) NATO-ში შესვლისთანავე.
ახლა „ბუს კვერცხებს“ მიიღებს მოსკოვი და არა 3 მილიარდ ევროს ფინეთისგან.
რაც შეეხება შვედეთს, ისიც დაახლოებით ანალოგიურ პოლიტიკას ატარებდა მოსკოვის მიმართ ოღონდ არა მეორე მსოფლიო ომის ეპოქიდან, არამედ XVIII საუკუნიდან, როცა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველ რომანოვთან ომში დამარცხდა შვედეთი.
მკვლევრები წერდნენ, რომ იმ დამარცხების შემდეგ (პოლტავის ბრძოლა, 1709 წელი, უკრაინის ტერიტორიაზე) „შვედეთმა მსოფლიო პოლიტიკის სცენიდან პარტერში ანუ მაყურებელთა რიგებში გადაინაცვლა“
საოცრად ზუსტი შეფასებაა.
მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ შვედეთი ისევ „სცენაზე“ დააბრუნა.
ფინეთი (და განსაკუთრებით შვედეთი) არც ისე დიდი ქვეყნებია, თუმცა საკმაოდ მძლავრი არმიები და რაც მთავარია უძლიერესი, ძალიან კრეატიული და ტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიები აქვთ. ამიტომ ჩრდილო ატლანტიკური კავშირისთვისაც სერიოზული შენაძენნი არიან უდავოდ.
პუტინი „NATO-ს გაფართოვებას“ ებრძოდა თიტქოს უკრაინაში 2013 წლიდან და ასეთი „გაფართოვება“ მიიღო სანკტ-პეტერბურგის ზღურბლთან.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გუმბათს უპილოტო აპარატმა დაარტყა.
ვისი დრონი იყო, უცნობია.
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტიერეშმა ინციდენტს „შემაშფოთებელი“ უწოდა მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრეზიდენტის, გროსის განცხადება. იგი ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „ბეწვზე გადაურჩა ატომურ აფეთქებას“
არ არის გამორიცხული რუსებს დაერტყათ მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ამ უნიკალურ ატომურ ელექტროსადგურს რუსული ჯარები აკონტროლებენ
პუტინის სტრატეგიაა დასავლური საზოგადოების „ბირთვული შანტაჟი“.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპაში - 3 000 მეგავატი დადგმული სიმძლავრით.
შედარებისთვის: ენგურჰესის საპროექტო სიმძლავრე 900 მეგავატია ხოლო რეალურად 500-600 მეგავატს გამოიმუშავებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინდელი თემის მნიშვნელოვანი გაგრძელება: ჩინეთმა განაცხადა, რომ ძლიერ შეშფოთებულია იაპონიის შესაძლო გაწევრებით AUKUS სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ), რაკი „ეს ზრდის ბირთვული იარაღის გავრცელების რისკს“
რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ პეკინის ეს მკვეთრი განცხადება გამოქვეყნდა ვაშინგტონში აშშ-იაპონიის უმაღლესი დონის სამიტისა და „ტრილატერალური“ შეხვედრის (აშშ-იაპონია-ფილიპინები) მოლაპარაკების პარალელურად.
ჩინეთი ხვდება, რომ AUKUS მომავალი, გარდაუვალი, ამჟამად პროექტირებადი დიდი ალიანსის მხოლოდ „ბირთვია“, რომელიც გაფართოვდება, მოიცავს წყნარი ოკეანის, ინდო-ჩინეთის და აღმოსავლეთ აზიის სხვა სახელმწიფოებსაც და რა თქმა უნდა მიმართულია სწორედ ჩინეთის „შესაკავებლად“.
აქ არის ერთი ძალიან საინტერესო სისტემური საკითხი: რატომ ვერ ახერხებს ჩინეთი, იყოს ისეთივე მიმზიდველი რეგიონის სახელმწიფოებისთვის, როგორიც ამერიკაა? რატომ ვერ „იზიდავს“ ჩინეთი ამ რეგიონის ქვეყნებს ისე, როგორც „იზიდავს“ მათ ამერიკა?
რა არ სცადა პეკინმა, რა კოლოსალური თანხები არ ხარჯა ამ მიზნით, თუმცა ვერ ახერხებს.
რატომ?
ორი სისტემური მიზეზით
ა) რეგიონის სახელმწიფოებს ეშინიათ კულტურულად, ცივილიზაციურად და გეოგრაფიულად ახლობელი ქვეყნის დომინაციისა („გადაგვყლაპავს“) ზუსტად ისევე, როგორც გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან ეშინოდათ და ეწინააღმდგებოდნენ იაპონიის დომინაციას. არადა მაშინ ტოკიო ზუსტად ასეთივე ნარატივს ავითარებდა: „ჩვენ, აზიელებმა უნდა ერთობლივად დავიცვათ თავი ანგლოსაქსთა ექსპანსიისგანო“. ანუ ჩინეთის უფრო ეშინიათ ახლა, ისევე როგორც იაპონიის უფრო ეშინოდათ ოდესღაც (იმავე ჩინეთსაც) ვიდრე პეკინის დომინაციისა მაშინ, როცა ამერიკა და დიდი ბრიტანეთი „შორს არიან, ვერ გადაგვყლაპავენ“
ბ) მეორე სისტემური მიზეზი კი უდავოდ ისაა, რომ ჩინეთის ეკონომიკური მოდელი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გულისხმობს „კონკურენტების“ განვითარებას მაშინ, როცა ამერიკის ეკონომიკური მოდელი გულისხმობდა „კონკურენტი“ იაპონიის განვითარებას.
ჩინეთი არ გაუხსნის თავის ბაზრებს ფილიპინებსა და ინდონეზიას ისე, როგორც ამერიკამ გაუხსნა, მაგალითად, თავისი საავტომობილო ბაზრები იაპონიის საავტომობილოინდუსტრიას მიუხედავად იმისა, რომ ამით ამერიკული მანქანათმშენებელი ინდუსტრია ძალიან დაზარალდა, ხოლო ლეგენდარული დეტროიტი (Ford-ის სამშობლო) დაცარიელდა, ლამის „ჰარლემად“ და მშიერი ვირთხების სივრცედ იქცა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ტრილატერალური სამიტისა“ და პეკინში აშშ ფინანსთა მინისტრის ვიზიტისთანავე (რაზეც გუშინ ვწერდით) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი უმალვე „გავარდა“ პეკინში ვიზიტით, რაკი პუტინს ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები აიძულებენ ჩინეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში ისევე, როგორც საბანკო გადარიცხვები, რაც კვლავინდებურად ხორციელდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა, რომელსაც ჩინეთის კომპარტია, ცნობილი მიზეზების გამო (ტექნოლოგიებს იპარავს მისი მეშვეობით) თავს ევლება, მისივე კუთვნილ X-ზე დაწერა, რომ 8 აგვისტოს Tesla საზოგადოებას წარუდგენს პირველ Robotaxi-ს ესე იგი მთლიანად ავტომატიზებულ მანქანას, რომელიც ტაქსის ფუნქციას შეასრულებს: გამოიძახებთ, მოვა, ჩაჯდებით, მიგიყვანს, გადაიხდით......
ასეთი Robotaxi დაახლოებით $40 000 ეღირება.
უფრო ზუსტად, დაახლოებით $10 000 ეღირება ის მოდული, ტექნოლოგია, რომელიც $30 000დ ღირებულ ელექტროკარს უნდა დაუმატოთ, რათა მთლიანად ავტომატიზებული გახდეს.
Tesla ირწმუნება, რომ ამგვარი Robotaxi მის მფლობელს ყოველწლიურად 30 000 სუფთა მოგებას მოუტანს.
ჯერ ჯერობით უცნობია, სად ამოქმედდება Robotaxiს ქსელი. ბევრ ქვეყანაში „უპილოტო მანქანები“ უბრალოდ აკრძალულია.
არ არის გამორიცხული, ისევ პეკინში დაიწყოს გამოცდა, რადგან ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას ადამიანური მსხვერპლის რისკები დიდად არ ანაღვლებს დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით.
დათო