საერთაშორისო მიმოხილვა. 9 აგვისტო 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 აგვისტო 2022 წელი

რუსეთმა და მისმა შეშლილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს მსოფლიო ბირთვული ომისკენ:

გუშინ, 8 აგვისტოს (!) ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა უარი უთხრა ამერიკელ სპეციალისტებს, მოენახულებინათ რუსეთის ბირთვული ობიექტები ისევე, როგორც რუს სპეციალისტებს აქვთ უფლება წელიწადში რამდენჯერმე მოინახულონ ამერიკის ბირთვული ობიექტები.

ეს უფლებები გამომდინარეობს საკაცობრიო, ისტორიული  მნიშვნელობის ხელშეკრულებიდან `სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ`, რასაც 2009 წელს მოსკოვში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტისას მოეწერა ხელი. რუსეთის მხრიდან ხელმომწერი `პრეზიდენტი` დიმიტრი მედვედევი იყო.

იმ დროს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაიწყეს რუსეთთან ე.წ. Reset – перезагрузка - გადატვირთვის პოლიტიკა. ქალბატონმა კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია ვაშინგტონში და ღილაკიც დაამზადებინა საკუთარ `სტაფს` ამ წარწერით. ოღონდ წარწერა შეეშალათ და перезагрузка-ს ნაცვლად перегрузка წააწერეს, რაც რუსულში სრულებით სხვა შინაარსის ტერმინია.

ლავროვმაც დააჭირა ხელი.

მაშინ კრემლსაც და ამერიკის იმდროინდელ ადმინისტრაციასაც უნდოდათ იმის დემონსტრირება, რომ 2008 წლის ომი მხოლოდ `ეპიზოდი იყო`, რომელსაც ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობათა დაძაბვა არ მოჰყვებოდა.  (ახლა ხომ ხედავენ რა `ეპიზოდიც` იყო -დ) ამიტომ ობამამ სთხოვა მედვედევს, მოემზადებინათ შეთანხმება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ.

`სტრატეგიულ  შემტევ იარაღად` ითვლება ე.წ. `ბირთვული ტრიადა` ანუ რუსეთისა და ამერიკის წყალქვეშა ნავებზე განლაგებული ბირთვული რაკეტები, შახტებში დისლოცირებული ბალისტიკური საკონტინენტთაშორისი რაკეტები და სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც ბირთვული რაკეტებითაა აღჭურვილი.

2009 წლის ხელშეკრულება ამ ობიექტების გეგმაზომიერ პერიოდულ შემოწმებას ითვალისწინებდა.

ახლა რუსებმა ამერიკელები არ შეუშვეს იმ საბაბით რომ.....თურმე ამერიკამ და ევროპამ რომ სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა, ეს უშლით ხელს რუს სპეციალისტებს ჩავიდნენ ამერიკაში და შეამოწმონ ამერიკის `ბირთვული ტრიადა`, რაც რასაკვირველია სრული ტყუილია. ამით მოსკოვი ვაშინგტონს ეუბნება, რომ რაკი ამერიკა უკრაინას ეხმარება, ნუ ელის იმ 2009 წლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას. იმ შეთანხმებას 3 წელიწადში ეწურება ვადა და მერე......

პუტინმა ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე თქვა საზარელი ფრაზა, რომელიც ნამდვილად ადასტურებს მის სიგიჟეს. აი ზუსტი ციტატა: `ატომური ომი თუ დატრიალდება, ჩვენ (ანუ მართლმადიდებელი რუსები) სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი (ამერიკელები და ევროპელები) უბრალოდ ჩაძაღლდებიან!`

აი, ამის მთქმელთან რაზე უნდა მოილაპარაკო?

. . . . . . . . . . . . . .

გუშინ ზელენსკიმ პირდაპირ მოუწოდა ევროპას შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისათვის. ანუ იგულისხმება არა მხოლოდ ოლიგარქები, არამედ ყველა, ვისაც რუსული პასპორტი აქვს. მათ შორის ტურისტები, სტუდენტები და ა.შ.

ზელენსკიმ თქვა, რომ.....დიახ, ყველა რუსი ოკუპანტია! მარტო ისინი არ არიან ოკუპანტები, ვინც იარაღით შევარდა უკრაინაში, არამედ ყველა ოკუპანტია, რადგან პუტინის რუსეთში ცხოვრობენო.

ამ მიმართვასთან დაკავშირებით, ევროპაში დიდი დისკუსია იწყება. ბევრი წინააღმდეგი იქნება რასაკვირველია. უნგრეთი...გერმანია....

არადა, ზელენსკი აბსოლუტურად მართალია იმაში, რომ თუ დასავლეთს უნდა პუტინი თვითონ რუსებმა დაამხონ, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას:

`საშუალო რუსებს` ძალიან უყვართ ევროპაში მოგზაურობა და ძალიან უყვართ, რომ მათი შვილები ევროპულ/ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. თუ ეს წაერთმევათ, ისინი გაბრაზდებიან პუტინზე.

არადა, პუტინის რეჟიმი, ისევე როგორც ამ ტიპის ავტოკრატიული რეჟიმები ზოგადად,  სწორედ `საშუალო კლასზე` დგას და არა იმ ლოთ `ბიდლო`-ზე, რომელსაც სულ არ აინტერესებს ევროპა და არც ერთხელ იქ არ ყოფილა - ლოთობს გარაჟში სადმე პროვინციაში და არის თავისთვის. ხმას მუდამ პუტინს აძლევს.

პუტინს ხმას `საშუალო კლასიც` აძლევს, მაგრამ თუ შეწუხდა და დაიღალა, სწორედ იგი ქმნის შესაბამის `ატმოსფეროს` ქევყანაში, რაც ხელისუფლებისთვის საშიშია თუ მთლად `ჩრდილო კორეა` არ არის.

პუტინის ხელისუფლება  კი `ჰიბრიდული რეჟიმია`.

. . . . . . . . . . . . . .

დასავლეთმა რომ რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა და დასავლეთის კუთვნილი თვითმფრინავების დაბრუნება მოსთხოვა (რაც რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით ჰქონდათ აღებული) მოსკოვმა უპასუხა: `არაფერსაც არ დაგიბრუნებთ -  თქვენი იყო ეს თვითმფრინავები, გახდება ჩვენიო`. ანუ პირდაპირ დააყაჩაღეს რუსებმა.

ახლა ირკვევა, რომ თურმე ამ დაყაჩაღებული თვითმფრინავების ნაწილებად დაშლა და აზია-სამხრეთ ამერიკა-აფრიკაში გაყიდვა დაუწყიათ.

ანუ ყაჩაღი და ქურდი რომ მანქანას მოიპარავს და მერე ნაწილებად დაშლის, გაყიდის - ასე იქცევა ბირთვული ზესახელმწიფო - `რუსეთის ფედერაცია`.

. . . . . . . . . . . . . .

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკა, ევროკავშირი და შვეიცარია (!) ხელს უშლიან ე.წ. `ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას` ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის, ამიტომ ეს დისკუსიები შესაძლოა სხვა ქვეყანაში და სხვა ქალაქში გადავიდესო.

მაგალითად მოსკოვში.

ამას ზახაროვა ამბობს იმის მიუხედავადაც კი, რომ ძალიან კარგად იცის: არც საქართველო, არც ევროკავშირი, არც ამერიკა არანაირ `მოსკოვში` არ წავა მოლაპარაკებების იმავე ფორმატის იქ გასაგრძელებლად.

ანუ.....რუსეთი აშკარად ემზადება ზეწოლისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ დაითანხმოს ახალ ფორმაზტე - ე.წ. `მოსკოვის ფორმატზე`, რომლის ფორმულა იქნება: `რუსეთი+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი` და არ გვინდა არანაირი დასავლეთი, ევროკავშირი და ამერიკა: განზე გავდგეთ და მოვილაპარაკოთ ერთმანეთში.

`ჟენევის ფორმატი`,  ზოგადად,  საქართველოში ბევრ გაუგებრობას იწვევს და აუცილებელია აქვე განვმარტოთ:

2008 წელს, რუსული აგრესიის და ოკუპაციის შემდეგ, ამერიკამ და რუსეთმა მოილაპარაკეს შეექმნათ `ჟენევის ფორმატი` ანუ  გაერო, ევროკავშირი, ეუთო ორგანიზატორები, ამერიკა და რუსეთი შუამავლები, ქართველები, აფხაზები, ოსები კი - მოლაპარაკების მხარეები.

პირველივე რაუნდზე, ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ მოლაპარაკება წარმართულიყო საქართველოსა და რუსეთს შორის, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ ხელისუფლებათა წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შესულიყვნენ.

ეს აბსოლუტურად ლოგიკური მოთხოვნა იყო.

ამაზე რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა რასაკვირველია უარი განაცხადეს და თავის მხრივ მოითხოვეს, რომ `საქართველოს, აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` დელეგაციებს თანაბარი სტატუსი ჰქონოდათ`.

ქართული მხარე ჟენევის დატოვებას აპირებდა პროტესტის ნიშნად, მაგრამ კომპრომისი მოიძებნა: ჩამოყალიბდა ისეთი ფორმატი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს არა `მოლაპარაკება` არამედ არაოფიციალური დისკუსიები სახელად `ჟენევის დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ`. ამ `დისკუსიებში` ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ამერიკელებს, რუსებს თანაბარი `არაოფიციალური` სტატუსი აქვთ.

ასეთი კომპრომისი გამოიძებნა მაშინ.

ამიტომაც, ქართულ მედიაში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს `ჟენევის ფორმატი` არის `მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის ამერიკის და დასავლეთის მონაწილეობით` არის ჩვენთვის სასურველი, თუმცა სამწუხაროდ არარეალური ილუზია. ამ ფორმატში (რუსეთი, საქართველო-ამერიკა-დასავლეთი) ჟენევაში არც ერთი შეხვედრა არ გამართულა. პირველივე შეხვედრა ამ ფორმატში ჩაშალა რუსეთმა ხოლო რეალურად მიმდინარეობს `არაოფიციალური` დისკუსიები, რომლის ყველა მონაწილეს არა `დელეგაციათა` არამედ კერძო პირთა სტატუსი აქვთ.

თუმცა ეს დისკუსიები მაინც მნიშვნელოვანია, რაკი ჯერ ერთი, ისინი `დალინკულია` გარკვეულწილად (პირდაპირ არა, თუმცა პოლიტიკურად) კონფლიქტის ზონაში   ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს `მონიტორინგის  მისიასთან`.

გარდა ამისა, `ჟენევის დისკუსიათა` ფარგლებში 2009 წელს მოხერხდა ე.წ. `ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის` შექმნა მაშინ, როცა რუსი ოკუპანტები და სეპარატისტული ფორმირებები ქართველ პოლიციელებს ხოცავდნენ გამყოფ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ ამ `მექანიზმის` შექმნამდე, სნაიპერებმა გამყოფ ხაზთან ათი ქართველი პოლიციელი მოკლეს.

. . . . . . . . . . . . . .

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთი ე.წ. `რეფერენდუმის` ჩატარებას გეგმავს. თან არა `ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის`, არამედ რუსეთთან შეერთების თემაზე.

არანაკლებ საინტერესოა, რომ თურმე ინტერნეტით აპირებენ ამ რეფერენდუმის გამართვას.

ვინ დაითვლის? რას დაითვლის? ვის რა მოეკითხება?

ანუ, პუტინი უკვე ისე გათავხედდა, იმდენად აღარ ანაღვლებს დასავლეთის და მთელი მსოფლიოს რეაქცია, რომ რაღაც ფორმალური `პოლიტესის` დაცვასაც კი აღარ ცდილობს.  ადრე ხომ რაღაც ე.წ. `რეფერენდუმებს` ატარებდა....მაგალითად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში`, საინფორმაციო `მომზადება-PR-იც ჰქონდა....ახლა ესეც აღარ მიაჩნია საჭიროდ: `ინტერნეტ-რეფერენდუმი` და მორჩა!

ადრე იმავე `პოლიტესის` დასაცავად `დამოუკიდებლობას სცნობდა`, ახლა პირდაპირ იერთებს უკვე.

მალე ალბათ ინტერნეტ-რეფერენდუმებიც აღარ დასჭირდება: უბრალოდ, პუტინი მოაწერს ხელს ბრძანებულებას, ვთქვათ,  ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსეთთან მიერთებაზე და მორჩა - რად უნდა ამას რაიმე `პოლიტესი` და ტექნოლოგიების დაცვა?

. . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში მორიგი სკანდალია ტრამპთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა ფოტოები, რომ ტრამპის ჩანაწერები და რაღაც მის მიერ დაკომენტირებული დოკუმენტები უნიტაზში ყრია.

ხელწერა რომ ტრამპისაა, ეს ჟურნალისტების თხოვნით გრაფოლოგებმა შეამოწმეს. გრაფოლოგია კი არ იტყუება.

ტრამპის მტრები, პირველ რიგში რასაკვირველია დემოკარტები  აღშფოთებულნი არიან: `2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპი ჰილარი კლინტონს ამუნათებდა `ჩვეულებრივი მეილით რატომ სარგებლობდი, ის ხომ დაუცველიაო და თვითონ ჩანაწერებს უნიტაზში ყრიდა, საიდანაც პუტინის სპეცსამსახურები იოლად ამოიღებდნენო!`

ამერიკაში მოქმედებს უმკაცრესი კანონი, რომლითაც პრეზიდენტის ყველა ჩანაწერი, ნებისმიერი ქაღალდი მისი ხელწერით, უნდა იქნეს ამოღებული, დალუქული და საჭიროების შემთხვევაში განადგურებული. თუმცა, როგორც სჩანს, ტრამპი ამ კანონს დიდად არ დაგიდევდათ.

ეს პატარა და ცოტა არ იყოს ამაზრზენი ეპიზოდიც მეტყველებს, რა შინაარსის იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია ამერიკაში.

ალბათ ყველაზე ბინძური ამერიკის მთელს ისტორიაში ანუ.... `დედა შვილს არ აიყვანს ხელში!`