საერთაშორისო მიმოხილვა. 7 მაისი. 2024 წელი
გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ლატვიაში შეხვდა სამივე ბალტიკური ქვეყნის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ლიდერებს და განუცხადა, რომ ბერლინი მზად არის სპეციალურად მოამზადოს 35 ათასი გერმანელი მეომარი და სწრაფად გადაისროლოს ეს ძალა ბალტიისპირეთში, თუ NATO- ს წევრებს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ: „ჩვენ ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ“ - გაიმეორა შოლცმა 2022 წელს პრეზიდენტ ბაიდენის ცნობილი განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
შოლცის თქმით 5-6 ათასი გერმანელი სამხედრო უკვე წელს განთავსდება ბალტიის სახელმწიფოებში.
ერთი შეხედვით, არ არის დიდი ციფრები არც 35 ათასი, მით უმეტეს 5 ათასი...... თანამედროვე ომში სახმელეთო ჯარებს მხოლოდ „დამხმარე“ ფუნქცია აქვთ. მთავარ როლს კი ასრულებს ავიაცია, ასევე დრონები. თუმცა „სამხედრო ყოფნის“ (Military presence) დემონსტრირებისთვის გერმანული კორპუსი ბალტიის ზღვის პირას - ნამდვილად მნიშვნელოვანია.
აქვე: შოლცმა ისიც აღნიშნა, რომ NATO-ს ფარგლებში სწორედ გერმანიას დაევალა ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთია, როგორც ჩანს „ფუნქციათა დაყოფის სპეციალიზაცია“ ალიანსის გლობალური და ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის დღევანდელი საინაუგურაციო ცერემონიისთვის რუსებმა თავიანთ იმპერატორს დაუმზადეს ახალი მანქანა: მოდერნიზებული Aurus Senat. „იმავე მანქანაზე ხომ არ დავსვამთ რაც 2018 წლის ინაუგურაციაზეო“ - აცხადებენ კრემლში.
ამაყობენ, რომ Aurus მთლიანად რუსულია და 100%-ით რუსული დეტალებისგან არის დამზადებულიო. ეს რამდენად მართალია, კიდევ საკითხავია.
წლების განმავლობაში ბევრს უკვირდა: როგორ ხდება, რომ რუსები მსოფლიოში საუკეთესო ტანკს ამზადებენ (1972 წელს Т-72 ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო ტანკი იყო. Abrams და Merkava მოგვიანებით გაჩნდა), მაგრამ ავტომობილის დამზადება კი არ შეუძლიათ - Жигули და Волга ხომ ნაგავიაო.
რა თქმა უნდა ნაგავი იყო.
თუმცა ეს უცნაურობა იოლი ასახსნელია: ტანკი ათეულობით ათასი დაამზადეს, ხოლო ავტომობილი ათეულობით მილიონი უნდა დაემზადებინათ.
ამისთვის რესურსების კონცენტრაცია არ ჰყოფნიდათ: ათეულობით ათასი ტანკის დასამზადებლად კი - ჰყოფნიდათ.
ახლაც ჰყოფნით: ასამდე Aurus-ს ააშენებენ, მაგრამ „მასობრივი რუსული ავტომობილი“ კვლავაც „ნაგავი“ იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პუტინის ე.წ. „არჩევნებს“ ამერიკა არც პატიოსნად თვლის და არც სამართლიანად, თუმცა მაინც ცნობს პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ანუ ცნობს ფაქტს. „ვცნობთ მას პრეზიდენტად“ გულისხმობს „ვცნობთ მას მმართველად“.
დე-ფაქტო ნამდვილად არის და......
თუმცა State department სფოუქსპერსონმა მეტ მილერმა ისიც თქვა, რომ აშშ საელჩოს არც ერთი წარმომადგენელი, მიწვევის მიუხედავად, პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება.
რუსული ოფიციოზი პანიკაშია: დღეს, ინაუგურაციის დროს, უკრაინა რუსეთზე რაკეტებით და დრონებით შეტევას გეგმავს, რათა ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაგვაშხამოსო.
განსაკუთრებული ზომები აქვთ მიღებული ფრონტის და საზღვრის მთელს პერიმეტრზე, განსაკუთრებით ყირიმში და ყირიმის ხიდის მიმართულებით.
ზოგადად, ეს ინაუგურაცია უკვე იქცა პოლიტიკური დემარშების წყაროდ: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება.
თანაც ერევანმა ლიდერის „ავადმყოფობა“ ან თუნდაც „დაძაბული სამუშაო გრაფიკი“ კი არ მოიმიზეზა, როგორც ეს ხდება ხოლმე დიპლომატიაში და დიპლომატიურ „ენაზე“, არამედ პირდაპირ თქვა, რომ მიზეზია „ურთიერთგაგების არარსებობა ერევანსა და მოსკოვს შორის“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის თემატიკაზე.
არ დაესწრებიან არც ევროკავშირის წარმომადგენლები.
სამაგიეროდ საფრანგეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მიავლენს ელჩს ამ ცერემონიაზე.
ფრანგები თავისი სტილის ერთგულნი არიან მუდამ.
ზუსტად ინაუგურაციის წინა დღეებში, პუტინმა უბრძანა არმიას ჩაატაროს ტაქტიკური (არასტრატეგიული) ბირთვული იარაღის გამოყენების სწავლებები.
არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოცდა (ეს სხვაა და აფეთქებას გულისხმობს) არამედ მისი გამოყენების იმიტირება, რათა ქვედანაყოფები „მზად იყონ“
კრემლში აცხადებენ, რომ მიზეზი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნის შესახებ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „სწავლებები“ შესაძლოა ნიშნავდეს მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო ნაწილის მულაჟის დამაგრებას მაგალითად რუსულ მცირე სიშორის ბალისტიკურ რაკეტაზე SS-26 Iskander და შემდეგ ამ რაკეტის დემონსტრაციულ სროლას.
მულაჟი შეიძლება იყოს ზუსტად ბირთვული მოწყობილობის ზომის, წონის და ასე შემდეგ.
არავინ იცის გაბედავს თუ არა პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამერიკამ ამ სწავლებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
სხვათა შორის NATO-ს არათუ ბალტიის ქვეყნებში არამედ არც პოლონეთში განუთავსებია ჯერ ტაქტიკური ბირთვული იარაღი. რუსეთმა კი შარშან ბელორუსში განათავსა.
სპეციალისტთა უმრავლესობა იმ დასკვნისკენ იხრება, რომ უკრაინელები თუ ააფეთქებენ კიდეც ყირიმის ხიდს, ეს არ იქცევა ბირთვული იარაღის გამოყენების მოტივად, რაკი პუტინს უკვე აქვს სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე, მაგრამ......თუ უკრაინელები ყირიმს სახმელეთო ჯარებით წარმატებით შეუტევენ და იქ რუსულ მოსახლეობაში პანიკა ატყდება, რუსი ლტოლვილები გაჩნდებიან, ნახევარკუნძულზე რუსულ ჯარებს ალყას შემოარტყამს უკრაინა, მაშინ...... შესაძლოა პუტინი გაგიჟდეს და კიდეც გამოიყენოს: არა კიევს (პირველ ეტაპზე) არამედ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაარტყას ამ იარაღით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსებს არ ასვენებთ გლობალურ-ცივილიზატორული მისიის განცდა და ამბიცია. ამაზე მეტყველებს სწორედ მტკივნეული რეაქცია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) განცხადებაზე, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც შეასრულა მართვადი (!) კოსმოსური ფრენა იყო ამერიკელი ალან შეპარდი 1961 წლის 5 მაისს.
ამერიკელებმა ახლახან იზეიმეს შეპარდის ფრენის მორიგი იუბილე.
ამაზე გაბრაზებულმა რუსულმა საელჩომ ვაშინგტონში გამოაქვეყნა პირველი კოსმონავტის, იური გაგარინის ფერადი ფოტო წარწერით; „პირველი კოსმონავტი ალან შეპარდი“.
ეს დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელდება. მოსკოვი სულ „იწელება“, რომ სწორედ იური გაგარინი იყო პირველი კოსმონავტი, რომელმაც დედამიწას კოსმოსურ ორბიტაზე შემოუფრინა 1961 წლის 12 აპრილს.
ამერიკელები ამას კი არ აყენებენ ეჭვქვეშ, რომ გაგარინი იყო პირველი, არამედ ამბობენ, რომ შეპარდი იყო პირველი ვინც მართვადი (!) ანუ პილოტირებული ფრენა განახორციელა მაშინ, როცა გაგარინი უბრალოდ იჯდა მფრინავ აპარატში.
ამაზე რუსები ტრადიციულად პასუხობენ, რომ გაგარინსაც ჰქონდა საშუალება ემართა ეს აპარატი, თუმცა არ დასჭირვებია, რაკი დედამიწიდან იმართებოდაო.
ობიექტურობისთვის შეგახსენებთ, რომ მართალია ალან შეპარდი ნამდვილად თავად მართავდა კოსმოსურ ხომალდს, მაგრამ მისი ფრენა კოსმოსურ სიმაღლემდე გაგრძელდა სულ 15 წუთსა და 22 წამს. რაკეტა ავიდა კოსმოსურ ორბიტამდე და შემდეგ უკან დაეშვა.
გაგარინმა კი დედამიწას კოსმოსურ ორბიტაზე შემოუფრინა და მისი ფრენა გაგრძელდა 108 წუთს.
ანუ (ისევ და ისევ ობიექტურად თუ ვიტყვით) იმ მომენტში რუსებმა აჯობეს ამერიკელებს და ეს შესანიშნავად ესმოდა აშშ დიდ პრეზიდენტს, ჯონ ფიცჯერალდ კენედის.
სწორედ იური გაგარინის ორბიტალური ფრენის შემდეგ მან გამოაცხადა „მთვარის პროგრამა“ ესე იგი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის გაგზავნა. „არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან რთულიაო“ - თქვა პრეზიდენტმა კენედიმ.
1969 წლის 21 ივლისს ამერიკელმა ნილ არმსტრონგმა „დადგა ფეხი“ და „გადადგა პირველი ნაბიჯი“ მთვარეზე. „პატარა ნაბიჯი ერთი ადამიანისა და უდიდესი ნაბიჯი მთელი კაცობრიობისთვის“ - თქვა არმსტრონგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ სისტემური მიზეზების გამო, ამერიკელებმა მსოფლიოში ვერ გააPRეს ეს გამარჯვება ისე, როგორც რუსებმა - გაგარინის ფრენა.
წლების განმავლობაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ამერიკელები (რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო არმსტრონგის შემდეგ) „თურმე“ მთვარეზე არც ერთხელ არ ყოფილან და სცენები დადგმულიაო. ამ პროპაგანდისთვის იყენებდნენ კადრებს, სადაც „ჩრდილი არასწორადაა“, „ხელოვნური განათება შეიმჩნევა“ და ასე შემდეგ
მერე სპეციალისტებთან მიჰქონდა ეს კადრები და ისინიც „მხრებს იჩეჩდნენ“: „ჰოოოოოოო......არადა მართლა შეიმჩნევა ხელოვნური განათება......ჰოლივუდის პავილიონში გადაღებულს ჰგავს მართლა....და ასე შემდეგ“
რასაკვირველია არავინ უხსნიდა (დღემდე არ უხსნის) საცოდავ რუსებს ამგვარი „ტვინის რეცხვის“ დროს, რომ არმსტრონგის გმირობის შემდეგ NASA-მ მართლაც შეუკვეთა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება დიდ ამერიკელ რეჟისორს („კოსმოსური ოდისეას“ ავტორს) სტენლი კუბრიკს ფილმის გადაღება.
შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, კადრების ნაწილი (!) ნამდვილად ჰოლივუდის პავილიონშია გადაღებული მთვარეზე გადაღებულ დოკუმენტურ კადრებთან ერთად, რომლებიც ბუნებრივი მიზეზების გამო „ჩაბნელებული“ აღმოჩნდა.
რუსები დღესაც „იქაჩებიან“ „მაინც ვაჯობებთ ამერიკელებს და......მთვარეზე კი არა მთლად მარსზე გავფრინდებითო“, მაგრამ.....რომელ „მარსზეა“ ლაპარაკი? - უკრაინის ომში არიან ჩაფლულნი და მსოფლიო „მიუკარებლებად“ იქცნენ.