საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივნისი. 2024 წელი
გუშინ, საფრანგეთში, ზღვის სანაპიროზე, გაიმართა D-Day-ს მორიგი იუბილე ანუ ნორმანდიაში ანგლო-ამერიკელი მოკავშირეების დესანტირებისა 1944 წლის 6 ივნისს.
80 წლისთავია უკვე.
ამ დესანტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჰიტლერზე საბოლოო გამარჯვებისთვის. გარკვეული აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობაც.
სწორედ ამ დესანტმა (2 მილიონი ამერიკელი და ინგლისელი, ავსტრალიელი, ზელანდიელი მეომრის მონაწილეობით) მისცა საშუალება სტალინის არმიას, რომელიც მანამდე ბელორუსიასთან აწარმოებდა ბრძოლებს, განეხორციელებინა ოპერაცია „ბაგრატიონი“ (პეტრე ბაგრატიონის სახელობისა) ანუ შეჭრილიყო ჯერ ბელორუსეთში, შემდეგ პოლონეთში და გერმანიაში, საბოლოოდ კი აეღო ბერლინი.
„მოკავშირეები“ ბევრად ნელა მოძრაობდნენ, რაკი ჯარისკაცებს უფრთხილდებოდნენ. მარშალი ჟუკოვი კი დანაღმულ ველებზე „პეხოტას“ უშვებდა, - ასე ახორციელებდა „განაღმვას“ და მერე აგრძელებდა შეტევას.
D-Day-ს აღნიშვნისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს 40 წელია იცნობს (?) და იგი დიქტატორად მიაჩნია.
ცოტა არ იყოს უცნაური განცხადებაა, რადგან 40 წლის წინ (ანუ 1980-იან წლებში) პუტინი ერთი საშუალო რანგის КГБ-შნიკი იყო და ბაიდენს, რომელიც იმ დროს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მასთან რა ნაცნობობა უნდა ჰქონოდა?
თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარი ისაა, რომ ბაიდენის განცხადებას კვლავ გამოეხმაურა რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, გენერალი (!) ანტონოვი და განაწყო ძველი ნარატივი: ამერიკა რუსეთის (სსრკ) როლს აკნინებს ჰიტლერზე გამარჯვებაშიო...... აი ჩვენ კი სხვების როლი არასდროს დაგვიკნინებია და პრეზიდენტ პუტინს არასდროს მსგავსი არაფერი უთქვამსო.....
სინამდვილეში როგორ არ უთქვამს: „ჩვენ, რუსები გამარჯვების ერი ვართ - Народ победитель - და ჰიტლერს მარტოც დავამარცხებდით არავის დახმარება არ დაგვჭირდებოდაო“.
ისემც „დაუმშვენდა პუტინს ცხვირი“, სსრკ ამერიკული „ლენდ-ლიზის“ გარეშე ჰიტლერს მოიგერიებდა 1941 წლიდან და მერე D-Day-ს გარეშე ბერლინს აიღებდა.
ზოგადად, როგორც ერთხელ უკვე აღვწერეთ, რუსებს ახასიათებთ იმ ისტორიული გარემოების იგნორი, რომ მართალია აშშ ევროპის საომარ მოქმედებებში 1944 წლიდან ჩაერთო, მაგრამ ჯერ ერთი, მანამდე უდიდეს ომს აწარმოებდა ჩრდილო აფრიკაში ჰიტლერის არმიასთან და რაც მთავარია, 1941 წლის დეკემბრიდან წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე იაპონიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში იყო ჩართული.
იმავე ინტერვიუში ABC-news-თან ბაიდენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა ნამდვილად ოფიციალურად დართო ნება უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ (ციტატა) „არა მოსკოვისა და კრემლის დასაბომბად, არამედ მეზობელ რეგიონებში“ (ციტატის დასასრული)
ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა „თავს ისაწყლებს ამერიკის პრეზიდენტიო“ ანუ ქარაგმულად მიანიშნა, რომ ამერიკული იარაღით კრემლის დაბომბვის ალბათობა არსებობს და, გარდა ამისა, კრემლი უკვე იბომბება ამერიკის დახმარებით: უკრაინული დრონებით, რომელთა „მიზანმიმართულებას“ ამერიკელები ახორციელებენ კოსმოსური თანამგზავრებით და მონაცემების დრონთა კომპიუტერებში შეყვანით.
. . . . . . . . . . . . . . . .
D-Day ღონისძიებებს დიდი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინტრიგაც ახლდა ინგლისისთვის. „ომაჰა ბიჩ“-ზე მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა არა დიდი ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ III (თუმცაღა ის იმყოფებოდა საფრანგეთში რასაკვირველია) არამედ ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი უილიამი.
ჩარლზი მძიმედ არის ავად; შესაძლოა პრინც უილიამის ამ დონეზე გამოჩენა იმას ნიშნავდეს, რომ მონარქი გადადგება და ტახტს 41 წლის მემკვიდრეს დაუთმობს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ D-Day anniversary ღონისძიებისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი მზადაა უკრაინას მიაწოდოს Mirage 2000−5 ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავები.
დიპლომატიური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს განცხადება ზუსტადაც იმას ნიშნავს, რომ მაკრონი და მისი ქვეყანა პუტინს „ახალი დროის ჰიტლერად“ განიხილავს უდავოდ.
მაკრონმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სამშვიდობო მოლაპარაკების თემატიკაზეც. მისი თქმით, მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა ანუ შესაძლებელია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკრაინას პოლიტიკური და სამხედრო უპირატესობა ექნება. „დაზავება უკრაინის კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდესო“ - თქვა მაკრონმა.
ყველაფერთან ერთად, მაკრონმა ამით დაადასტურა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი შვეიცარიის (ლოზანაში) მომავალი გლობალური სამიტის მიმართ უკრაინის თემატიკაზე.
თუმცა მაკრონი იმ სამიტში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას.
აი არგენტინის პრეზიდენტი კი მოსკოვის შანტაჟს, ასევე „ქრთამს“ დაჰყვა და მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ განცხადებებმა მოსკოვი გააცოფა: „საგარეომ“ განაცხადა, მაკრონი ყველაზე დესტრუქციულ როლს ასრულებს ახლა ომის გამწვავების თვალსაზრისითო.
ფრანგული Mirage 2000−5 ბევრით არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ F-16, მაგრამ მის პილოტებს ხანგრძლივი მომზადება სჭირდებათ.
თუმცა.....მაკრონმა ადრე არაერთხელ თქვა, რომ განიხილავს უკრაინის მხარდასაჭერად ფრანგული არმიის ქვედანაყოფთა გაგზავნის შესაძლებლობას და აქ პირველ რიგში სწორედ ფრანგი მფრინავები იგულისხმება.
აი მათ კი ნამდვილად არ სჭირდებათ დამატებითი მომზადება Mirage-ის სამართავად.
აქვე შევნიშნოთ, რომ ისტერიული განცხადება მაკრონის წინააღმდეგ რუსმა „სენატორმა“ პუშკოვმაც გააკეთა. ეს პუშკოვი ახლო წარსულში ჟურნალისტი და ტელე-პოლიტმიმომხილველი (პროპაგანდისტული გადაცემა постскриптум-ის წამყვანი) იყო.
ესეც ილუსტრირებს, როგორ „უყურებს“ და რად „განიხილავს“ პუტინი თავის ე.წ. „პარლამენტს“, სადაც მხოლოდ „მოლაპარაკე თავები“ სჭირდება და არა პოლიტიკოსები ან თუნდაც კანონმდებლები
. . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი გამოაქვეყნებს აშშ ახალ სტრატეგიას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში „უფრო მკაცრი და აგრესიული პოლიტიკის განხორციელების შესახებ“
იგულისხმება, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია პუტინის სწავლებებით „არასტარტეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების იმიტირებით“ და დაზვერვის მონაცემებით, რომ მოსკოვმა, დასავლეთზე შურისძიების სახით, შესაძლოა გაააქტიუროს თანამშრომლობა ირანთან, რომელიც აქტიურად ავითარებს ბირთვულ პროგრამას.
ასეთი სახიფათო სიტუაცია ბირთვულ სფეროში პლანეტაზე „ცივი ომის“ შემდეგ არ ყოფილა.
არადა, იმ შორეულ ეპოქაში (1980-იან წლებში) ბირთვული იარაღი არ ჰქონდა არც პაკისტანს, არც ინდოეთს, არც ჩრდილო კორეას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.
ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს კი ჰქონდათ ბირთვული მუხტები, თუმცა სულ ჯამში ალბათ 100 ერთეული მაშინ, როცა ამერიკას და სსრკ-ს - 6 000 ერთეული.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო მოვლენაა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი.
ყოველ შემთხვევაში, რუსულ ეკონომიკაში შექმნილი ვითარების დასაზუსტებლად.
ვიცე-პრემიერმა ნოვაკმა ფორუმზე განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში შექმნილ მოდელს არ შეიძლება ეწოდოს „ნეოკეინსიანობა“ რადგან ჯონ მეინარდ კეინსის 1936 წლის თეორიის თანახმად, „კეინსიანობად“ ითვლება სახელმწიფო ინვესტიციები ეკონომიკაში, რითაც პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა საბოლოოდ გამოიყვანა ამერიკის ეკონომიკა „დიდი დეპრესიიდან“.
„რომელ კეინსიანობაზე მელაპარაკებით, როდესაც რუსეთში შიდა და გარე კერძო ინვესტიციების ბუმიაო“ - აცხადებს ვიცე-პრემიერი ნოვაკი და ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები ამჟამად მიზერია.
ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: იმ ქვეყანაში, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მრეწველობა სამხედრო რელსებზე აქვს ფაქტობრივად გადაყვანილი და მთელს დასავლეთთან გეოპოლიტიკურ, მათ შორის სამხედრო „კლინჩშია“ შესული, რის ხარჯზე შეიძლება იზრდებოდეს ინვესტიციები?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა.
ეკონომისტები და ექსპერტები ამჟამად მართლა საგონებელში არიან ჩავარდნილნი და ერთ პარადოქსულ დასკვნამდე მიდიან: დასავლურმა სანქციებმა და რუსეთში ექსპორტის აკრძალვამ დააპროვოცირა შიდა-რუსული კერძო ინვესტიციების ბუმი ეკონომიკის რეალურ მწარმოებელ სექტორში სასურსათო წარმოებიდან - მანუფაქტურულ წარმოებამდე.
ანუ რუსებს გაუჩნდათ შანსი „ჩაანაცვლონ“ ნებისმიერი სახის დასავლური ნაწარმი საკუთარი თუნდაც ნაკლებხარისხიანი ნაწარმით, შესაბამისად გაჩნდა „ნიშა“ შიდა-ინვესტიციებისათვის და უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენება ჩინური წარმოების მაკომპლექტებლები ან თუნდაც იგივე დასავლური მაკომპლექტებლები, რომლებიც ჩინეთის გავლით შედის რუსეთში.
ვიმეორებ: სასურსათო წარმოებიდან - ნებისმიერი დონის სამრეწველო ინდუსტრიამდე.
დასკვნა: სანამ ჩინეთის ფაქტორი არ მოიხსნება, პუტინის რეჟიმის „ბლოკადა“ გამორიცხულია. ვერ განხორციელდება უბრალოდ.