საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აგვისტო. 2023 წელი
როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრმა იწინასწარმეტყველა, `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` ბანდიტებმა, გუშინ ღამით მოაწყვეს პროვოკაცია პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე. პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
ვარშავა განიხილავს ბელორუსის საზღვრის სრული დაკეტვის ოფციას და ახალ საჯარისო ფორმირებებსაც აგზავნის საზღვართან.
ირკვევა, რომ ბელორუსმა, პუტინთან შეთანხმებით, სულ 100-200 `ვაგნერელი` შემოუშვა ქვეყანაში. ანუ ძალიან ცოტაა რათა თვით ლუკაშენკოს რამე პრობლემა შეუქმნან (ლუკაშენკო არც პუტინს ენდობა ბოლომდე) თუმცა საკმარისია `ჰიბრიდული ომის` წარმოებისთვის პოლონეთის და NATO-ს წინააღმდეგ.
დავაკვირდეთ: პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო (და არა თავდაცვის სამინისტრო) კი ამბობს, რომ `ვაგნერელებმა` სცადეს საზღვრის გადალახვა, მაგრამ......განა საკმარისია ეს ინიდენტი თუნდაც თვით პოლონეთის, მით უმეტეს პოლონეთში განლაგებული ალიანსის წევრი სახელმწიფოების (USA, UK) ჯარების მზადყოფნაში მოსაყვანად?
არა, საკმარისი ამისთვის არ არის, სამაგიეროდ.....საინფორმაციო დივერსია ხმაურიანი და ეფექტურია. ეს გახლავთ სწორედ `ჰიბრიდული ომის` ტექნოლოგია - `საკმარისობა-არასაკმარისობის` ზღვარზე რომ ხორციელდება.
განა შემთხვევითია, რომ იმავე ევგენი პრიგოჟინს, ამ `ვაგნერის` პარალელურად, ჰქონდა აგრეთვე `საინფორმაციო ვაგნერი` პეტერბურგში, რომელიც 24 საათის მანძილზე იმით იყო დაკავებული, საინფორმაციო დივერსიებს ახორციელებდა დასავლურ სოციალურ ქსელებში თუ მედია-რესურსებზე.
რეალურად `საინფორმაციო ვაგნერი` ექვემდებარებოდა `რუსეთის შეიარაღებულ ძალთა `საინფორმაციო ჯარებს` (Информационные войска), რომელიც პუტინმა ჯერ კიდევ 2006 წელს შექმნა საიდუმლო განკარგულებით და სამხედრო საზღვაო ფლოტთან, სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სტრატეგიულ სარაკეტო ჯარებთან, ასევე სახმელეთო ჯარებთან ერთად, შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობად ითვლება!
როგორც ვივარაუდეთ აფრიკულ სახელმწიფოში Niger (Nigeria სხვა აფრიკული სახელმწიფოა) სამხედრო გადატრიალების მოთავეებმა `ვაგნერის` მეთაურ პრიგოჟინს ოფიციალურად სთხოვეს დაეხმაროს ძალაუფლების შენარჩუნებაში. ანუ გაუგზავნოს `ვაგნერელები`, რომლებიც, სინამდვილეში, იქ ისედაც არიან.
მაგრამ ჯერ არ ჩანან ღიად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჰიროშიმასა და ნაგასაკის ბირთვული ბომბარდირების 78 წლისთავთან დაკავშირებით (1945 წლის 6 აგვისტო და 9 აგვისტო) გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტტერეშმა განაცხადა, რომ ატომური ომის საფრთხე დღეს რეალურია. მან კვლავ მოუწოდა მსოფლიოს, აკრძალოს ატომური იარაღი, რაკი `სანამ ეს იარაღი არსებობს მისი გამოყენებაც რეალისტურად რჩებაო`.
აბსოლუტურად ფუჭი მოწოდებაა: `ცივი ომის დროს` მართებულად ითვლებოდა, რომ დიდი სახელმწიფოები არ ომობენ, რაკი იციან, რომ ომის დროს საქმე აუცილებლად მივა ბირთვული იარაღის გამოყენებამდე (ასეთია ომის ლოგიკა), შესაბამისად, ატომური ომიც დაიწყება და ყველა განადგურდება.
გარდა ამისა, განა მაგალითად ისრაელი, ეს პატარა სახელმწიფო, რომელიც მტრულ `ზღვაში` ცხოვრობს - ოდესმე უარს იტყვის ატომურ იარაღზე, რომელიც ნამდვილად აქვს?
აქვე შეგახსენებთ: ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგიაა: არ დაადასტუროს, თუმცა არც უარყოს, რომ აქვს ატომური ჭურვები. როცა ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკითხებიან ჟურნალისტები: `ბოლოს და ბოლოს გაქვთ თუ არ გაქვთ`. ყველანი პასუხობენ: არ ვადასტურებთ, თუმცა არც უარვყოფთ.
რა თქმა უნდა აქვს ისრაელს ატომური იარაღი. 1973 წლის ომის დროს, როცა გაუჭირდა, კინაღამ გამოიყენა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეერმა, თუმცა აღარ დასჭირდათ.
ბევრი არა აქვს. თუმცა ისრაელის მტრებს`ეყოფათ` მათი დედაქალაქების გასანადგურებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საინფორმაციო სივრცეში ვრცელდება ცნობები, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა ჩინეთის ელჩით ჩჟან ჰანჰუა-თი და მოითხოვს პეკინისგან მის გაწვევას.
ინფორმაციამ გაჟონა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ჩინეთის საელჩომ გააკეთა მკაცრი განცხადება: რუსი მესაზღვრეები მეტისმეტად უხეშად ექცევიან ჩინელებს, რომლებიც ყაზახეთიდან (!) რუსეთში შესვლას ლამობენო.
ბუნებრივია, ახლა, როცა რუსეთი მარაზმატულ, სისხლიან და ქანცგამწყვეტ ომშია ჩართული, ჩინეთი ყველაფერს იღონებს, რათა `აითვისოს` ჩინელების გადაცხოვრებით ციმბირი. და პეკინი ბრაზდება, რომ მოსკოვი ამას ხვდება და ცდილობს ხელი შეუშალოს.
ხოლო თუ მეტად გაბრაზდა ამის გამო პეკინი, მას ყმა პუტინის დასჯის ფართო ინსტრუმენტული აქვს: შეუძლია მაგალითად უბრძანოს ჩრდილო კორეას (100%-ით ჩინეთზე დამოკიდებულ ქვეყანას) არ გადასცეს რუსეთს 2 მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლის `წამოსაღებადაც` იყო ჩასული ფხენიანში ამას წინათ რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ.
სხვა კიდევ ბევრი რამ შეუძლია ჩინეთს `ყმა პუტინი` თუ არ შეურიგდება ყმობას, არ `მოდუნდება და არ მიიღებს სიამოვნებას`.
ჩინეთი ევროპა არ არის. ჩინეთთან არ გაუვა `ეგეთები`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჯიდაში (საუდის არაბეთი) გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხთა სახელმწიფო კურატორები ათეულობით ქვეყნიდან, მათ შორის დასავლეთიდან და არაბული სახელმწიფოებიდან.
რუსეთი დემონსტრაციულად არ მიიწვიეს ამ კონფერენციაზე.
ანუ მიიწვიეს და უარი თქვა კი არა, უბრალოდ არ მიიწვიეს!
საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება პრეზიდენტ ზელენსკის `მშვიდობის ფორმულა`, რომელიც გულისხმობს პუტინის `კაპუტს`!
მოულოდნელად ესწრება ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს კიდევ ერთი `ყვითელი ბარათია` პუტინისთვის პეკინიდან.
კონფერენცია შეიძლება ჩაითვალოს `მოსამზადებლად` უფრო წარმომადგენლობითი კონფერენციისთვის, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება ოღონდ იმჯერად უკვე პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. თუ მანამდე პუტინმა ჯარი არ გაიყვანა,მ წაუყენებენ ულტიმატუმს და თუ არ შეასრულა პუტინმა ეს ულტიმატუმი, მაშინ საუდის არაბეთი გაზრდის ნავთობის წარმოებას, გააიაფებს რუსულ ნავთობს თვითღირებულებაზე მეტად და აი მაშინ კი ნამდვილად დადგება პუტინის `კაპუტი`.
ავტორიტეტული იტალიური რესურსის Corriere della Sera ცნობით, პირველივე დღეს ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ უკრაინის კონფლიქტის ნებისმიერი ფორმულით მოგვარებას და ნებისმიერ კომპრომისს საფუძვლად უნდა დაედოს `უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში`(წერტილი)
გუშინ რუსეთმა დაბომბა უკრაინული ქარხანა `მოტორ სიჩი`, ასევე აეროდრომი, სადაც უკრაინელები მალავენ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს СУ24М.
ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ ბრიტანული Storm Shadow შორსმწვდომი რაკეტების ტარება და ჰაერიდან გაშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვამდეც მიაღწევენ და პეტერბურგამდეც.
ამიტომ ეშინიათ რუსებს და სწორად ეშინიათ.
ყველა რაკეტა `კალიბრი` უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინამ სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა რუსეთის 6 საზღვაო პორტი შავ ზღვაზე: ანაპა, გელენჯიკი, ნოვოროსიისკი, ტუაფსე, სოჭი და ტამანი.
ნოვოროსიისკის აკვატორიაში უკრაინულმა წყალზედა დრონმა რუსული ნავთობტანკერი გამოიყვანა მწყობრიდან.
აქ არის მნიშვნელოვანი ინტერესთა კონფლიქტი: ნოვოროსიისკის პორტიდან ტანკერებით ყაზახეთი ყოველწლიურად დაახლოებით 60-80 მილიონ ტონა ნავთობს აგზავნის დასავლეთში. \ანუ ჯერ ნავთობსადენით ნავთობი მიდის რუსეთის გავლით ნოვოროსიისკში, იქ იტვირთება უზარმაზარ ნავთობტანკერებზე და ბოსფორ/დარდანელის გავლით მიდის მსოფლიო ოკეანეში: ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.
ბუნებრივია, ყაზახეთს არ მოეწონება, თუ უკრაინული შეტევების გამო ტანკერები მისი ნავთობით ვეღარ დაიტვირთება, მაგრამ....უკრაინელები უახლოვდებიან პოზიციას: `არ მოეწონება და ნუ მოეწონება`
აქვე ვიტყვი, რომ ამ კოლოსალური ოდენობის ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთში რაიმე ალტერნატიული გზით, მაგალითად კასპია-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ხაზით მთლიანობაში შეუძლებელია: ყაზახეთს კი შეუძლია ნაწილობრივ დატვირთოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ან ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენები, მაგრამ ეს ნავთობსადენები აზერბაიჯანული ნავთობის გადასატვირთად გამოიყენება და დიდწილად დაკავებულია.
დონალდ ტრამპის ქეისი კვლავ იქცევს ყურადღებას და ეს ყურადღება აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ამ საქმეზე მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ბედიც არის დამოკიდებული დიდწილად.
უკვე არის სიმპტომები, რა მიმართულებით განვითარდება პროცესი: გუშინ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატთა პროცედურული ინვექტივები და სარჩელები, რომელთა მიზანი პროცესის გაწელვაა. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ტრამპს აეკრძალოს საჯარო განცხადებების გაკეთება პროცესთან დაკავშირებით. მათ შორის სოციალურ ქსელებსა და მიტინგებზე.
იმიტომ, რომ ამერიკაში ცნება `ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედება ბრალდებულის მხრიდან` მოსამართლეს ფართო ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს. მაგრამ თუ ტრამპს საჯარო განცხადებებს აუკრძალავენ და ის ამ აკრძალვას დააიგნორებს, მაშინ.....მოსამართლეს თეორიულად შეუძლია მისი აღკვეთის ღონისძიებაც კი შეცვალოს პატიმრობით......ეს თეორიულად.
ამერიკელი სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ `გადაუწყვეტელი` ამომრჩეველი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარწმუნდება ტრამპის ბრალეულობაში და მიიღებს მის მიმართ გამოტანილ სასჯელს, თუ ექნება საშუალება თვალი ადევნოს სასამართლო პროცესს.
როგორც ცნობილია, ამერიკული კანონმდებლობით, სასამართლო პროცესის გადაღება ნებადართულია მხოლოდ მოსამართლის საგანგებო გადაწყვეტილებით. სხვა შემთხვევაში ჟურნალისტებს მხოლოდ ნახატების გავრცელების უფლება აქვთ.