საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ივლისი. 2023 წელი

დღეს დილით, უკრაინამ კვლავ შეუტია უპილოტო აპარატებით მოსკოვის საქმიან ცენტრს Moscow-City.

ერთ-ერთი ცათამბჯენი ისევ ალშია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ზელენსკიმ ძალიან ზუსტი სიტყვები იპოვა ამ შეტევათა დასახასიათებლად: `ომი ბრუნდება იქ, სადაც დაიწყო`

Moscow-City-ს ოფისებმა  მუშაობა შეწყვიტეს. თანამშრომლები `დისტანციურზე` არიან გადაყვანილნი, როგორც კოვიდ-პანდემიის დროს.

დასტურდება, რომ საოცრად სუსტია რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.

თავი რომ დავანებოთ ნაქებ საზენიტო სისტემებს С-300, С-400, С-500...... უბრალოდ საოცრებაა, რომ რუსული სარადარო სისტემებიც კი ვერ ახერხებენ უკრაინული თვითმფრინავის ტიპის (!) დრონების აღმოჩენას, რათა ისინი თუნდაც არა ნაკლებ ნაქებმა რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდონ. ეს СУ-ები და МИГ-ები ხომ მუდმივად ბარაჟირებენ მოსკოვის თავზე?!

მოსკოვის ცა თითქოს ისე უნდა ყოფილიყო დაცული, როგორც არც ერთი ქვეყნის დედაქალაქისა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც 1970-იან წლებში (1972 წელს) ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა გააფორმეს ხელშეკრულება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის (!) შესახებ, არჩევანი ჰქონდათ: ერთი ობიექტი უნდა შეერჩიათ, რომელსაც ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო  თავდაცვა შეუნარჩუნდებოდათ.

ამერიკელებმა მაშინ აირჩიეს სტრატეგიული რაკეტების საკომანდო პუნქტები, ხოლო რუსებმა - მოსკოვი.

ხომ ნათელია, რამდენად არის იმ პერიოდიდან თითქოს დაცული მოსკოვი?

რაც შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეზღუდვის ხელშეკრულებას, ამ დოკუმენტის უცნაური `ფილოსოფია` 1972 წელს ის იყო, რომ თუ ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს არ ექნებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, მაშინ ბირთვული ომისა შეეშინდებოდათ და მეორე მხარეს თავს არ დაესმებოდნენ ბირთვული რაკეტებით. რაკი `პირველი დარტყმის` მერე თვითონ საპასუხო დარტყმისგან თავს ვერ დაიცავდნენ.

მართლა `უცნაური` ფილოსოფია კი იყო.

პუტინი ამ ხელშეკრულებიდანაც გავიდა. დღეს იგი აღარ მოქმედებს. მაგრამ მოსკოვი მაშინაც იყო და ახლაც ხომ უნდა ყოფილიყო თითქოს დაცული არა?

აქვე მივაქციოთ ყურადღება, რამდენად ოსტატურად მოქმედებს უკრაინა: თანდათან `მიაჩვია` დასავლეთი, რომ მოსკოვს ბომბავს; არადა დასავლეთი ეხვეწებოდა - მოსკოვი და პეტერბურგი არ დაბომბოო.

მალე დაბომბავს არა 2-3 არამედ ასეულობით დრონით ერთდროულად. გუშინ უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინაში `დრონების წარმოების ბუმია`

. . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთის პროკურატურამ დააპატიმრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კავკასიური წარმომავლობის უკრაინელი ბიზნეს-მაგნატის, რინატ ახმეტოვის აქტივები;

იგულისხმება მისი უამრავი საწარმო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა

ბუნებრივად ისმის კითხვა: დღემდე რატომ არ დააპატიმრეს? იმიტომ, რომ პუტინს იმედი ჰქონდა, ახმეტოვს  `ხელზე შემოიჩვევდა`. ასეთ შემთხვევაში მას საწარმოებსაც დაუტოვებდა. მაგრამ ახმეტოვს სულაც არ ეპიტნავებოდა დასავლური სანქციების ქვეშ მოყოლა.

მით უმეტეს, რომ მისი ქარხნებისგან არც არაფერი დარჩა. მარიუპოლის ლეგენდარული (უკრაინელი მეომრების წყალობით ლეგენდარული) `აზოვსტალი`თითქმის მთლიანად დანგრეულია.

 

 

 

 . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით, 5 აგვისტოს საუდის არაბეთში იხსნება ძალზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის, დასავლეთის და არაბული სამყაროს მონაწილეობით. პირველ რიგში ნავთობმწარმოებელი ქვეყნებისა. ამ კონფერენციაზე (და ეს სენსაციაა) არ მიიწვიეს რუსეთი!

თვითონ კი არ თქვა უარი მონაწილეობაზე, არამედ არ მიიწვია საერთოდ საუდის არაბეთის მეფემ და მთავრობამ.

ამან კრემლის ისეთი გაცოფება გამოიწვია (თან შეეშინდათ საუდები ნავთობზე ფასის დაგდებას ხომ არ გეგმავენო), რომ პუტინის ბრძანებით მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყველა ბერკეტი აამუშავა: გუშინ მექსიკამ განაცხადა, რომ  კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს მანამ, სანამ რუსეთი() არ იქნება იქ წარმოდგენილი.

თუმცა, საეჭვოა, ლავროვმა და პუტინმა ეს კონფერენცია ჩაშალონ და  იგი არ გაიმართოს. მოსკოვს (ვიმეორებ) ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ საუდებმა და სხვა ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა არ მიიღონ გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის და/ანუ რუსული ნავთობის თვითღირებულებაზე მეტად გაიაფების შესახებ.

ეს კატასტროფა იქნება რუსული ბიუჯეტისთვის.

მივაქციოთ ყურადღება, რომ რუსული რუბლი სწრაფად უფასურდება რაც უფრო ახლოვდება საუდის კონფერენცია: 1 დოლარში უკვე 92 რუბლს იხდიან.

ასეთი გაუფასურება არ მომხდარა შარშან, როცა დასავლეთმა უკრაინის ომის გამო შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ანუ პუტინის `სული` ახლა არაბებს უჭირავთ ხელში.

შეგახსენებთ კვლავ იმასაც, რომ  წინა `გამოცემის` რუსული სახელმწიფო (ე.წ. სსრკ) დაიშალა მას შემდეგ, რაც 1985 წელს აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მოელაპარაკა საუდის არაბეთის მეფეს და  1 ბარელი ნავთობის ფასი 8 დოლარამდე გააიაფა.

მაშინვე ჩამოიშალა `საბჭოთა კავშირად` წოდებული რუსული სახელმწიფო.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 აფრიკაში მწიფდება კატასტროფა: საერთო-აფრიკული ომი.

მას შემდეგ, რაც უზარმაზარ სახელმწიფო ნიგერში (210 მილიონია!) მოხდა სამხედრო გადატრიალება და გენერალიტეტმა შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ არმიას შეიყვანს ნიგერში, რათა დაეხმაროს ნიგერიელებს აღადგინონო საკონსტიტუციო წესრიგი.

ამის პასუხად აფრიკულ სახელმწიფოთა მეორე ჯგუფმა განაცხადა, რომ ნიგერში ჯარების შეყვანას აღიქვამს, როგორც მათთვის ომის გამოცხადებას!

თუ საქმე ახლა დიდ აფრიკულ ომამდე მივიდა, ამით მხოლოდ პუტინი ისარგებლებს, რადგან დასავლეთს უკრაინისთვის  შესაძლოა ნაკლებად ეცალოს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი (თავმჯდომარე თვითონ პუტინია)  აგრძელებს გამაოგნებელი განცხადებების კეთებას.

როგორც ვწერდი, გუშინ თქვა: დასავლეთმა ილოცეთ, რომ რუსებმა ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა ვერ გადაჭრან (კონტრშეტევის შედეგად) თორემ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო. თეთრმა სახლმა ამ განცხადებას უკვე უწოდა `უპასუხისმგებლო`.

 დღეს დილით კი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ - არხზე გამოაქვეყნა განცხადება უკრაინელი მოფარიკავის, ოლგა ხარლამის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მოფარიკავე დაამარცხა, თუმცა უარი განაცხადა მისთვის ხელი ჩამოერთმია გასაგები მიზეზების გამო.

მედვედევი წერს, რომ  ხარლანი იმსახურებს სიკვდილით დასჯას ძველი რუსული წესით: ე.წ. `შაყის კვრით`, როდესაც სიკვდილმისჯილს ჯერ ხელ-ფეხს კვეთდნენ და მერე თავს.

პუტინი თავად არანორმალურია და მისი `მოადგილე/ადგილშემნახველი` მედვედევი რომ გიჟი იყოს რა გასაკვირია?

გულდასაწყვეტი ისაა, ამ ნაძირალას 2008 წლის მერე ხელზე რომ ჰკოცნიდნენ ობამაც, ბერლუსკონიც და მერკელიც.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და ხარლანი ამის გამო შეჯიბრიდან მოხსნა - ხელი რატომ არ ჩამოართვა რუს სპორტ-ქალსო.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ყოფილი ტელე-პროპაგანდისტი და ახლა უკვე მმართველი პარტიიდან დეპუტატი, პეტრე ტოლსტოი აცხადებს, რომ  მას შემდეგ რაც რუსეთი `მოუმთავრებს უკრაინას`, დადგება ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის ჯერი: ბოსფორი და დარდანელი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეთო.....ამბობს მმართველი პარტია `ედინაია როსიას`ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ პარტიის `სახე`, `ხმა` და ა.შ.

ძალიან კარგია ეს განცხადება: ერდოღანმაც დაინახოს ვისთან აქვს საქმე.

ტოლსტოიმ ეს განცხადებები რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე გააკეთა. იქვე თქვა, რომ უკრაინის მერე რუსეთი ბულგარეთსაც დაბომბავს მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე ათასობით სახლი რუსებმა იყიდესო.

ამ ტირადის საპასუხოდ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გაოგნებული  თანამემამულენი ასე დაამშვიდა: `ბულგარეთი ხომ NATO-ს წევრია და ალიანსი დაგვიცავსო`.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

ალიევი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტთა ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადით `მოშთობის` მცდელობას.

მაგრამ სამხედრო მეთოდებს არ იყენებს.

 ჩაკეტილი აქვს ლაჩინის დერეფანი, ულტიმატუმს-ულტიმატუმებზე აჟღერებს, თუმცა არმიას ბრძანებას არ აძლევს - შეიჭრას ყარაბაღში.

რატომ?

საეჭვოა ამის მიზეზი მხოლოდ (!) რუსული არმია იყოს, რომელსაც ყარაბაღში ე.წ. `მშვიდობისმყოფელის` სტატუსი აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ განახლდება საომარი მოქმედებები უშუალოდ ყარაბაღში, აზერბაიჯანს დასავლეთიც (! - და არა მხოლოდ რუსეთი) დასდებს ბრალს ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და არ არის გამორიცხული შემოიღოს სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ: სომხეთს ხომ უძლიერესი დიასპორა ჰყავს ამერიკაშიც და ევროპაშიც.

რატომ დღემდე არ შემოიღეს?

იმიტომ, რომ ერთია, როდესაც  აზერბაიჯანი იბრძოდა იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც არც ოდესმე შედიოდნენ ყარაბაღის შემადგენლობაში და სულ სხვაა უშუალოდ ყარაბაღზე შეტევა.

ასეთ შემთხვევაში დასავლეთმა (და არა რუსეთმა) შეიძლება მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და გამოიტანოს აზერბაიჯანის სანქცირების საკითხი.

რუსეთი, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს, ოღონდ ისე გამოვა, თითქოს თვითონ არაფერ შუაშია - დასავლეთმა მოითხოვა და......

ერთი სიტყვით, ამ ჩვენს სამეზობლოშიც რთული თამაში მიმდინარეობს.