საერთაშორისო მიმოხილვა. 3 სექტემბერი. 2024 წელი
NATO-მ განაცხადა (EuropaPress აქვეყნებს ამ განცხადებას), რომ ალიანსი რუსულ რაკეტებს არ ჩამოაგდებს უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის საჰაერო სივრცეში.
მანამდე არა მხოლოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ („ხომ ჩამოაგდეთ ისრაელისკენ მიმართული ირანული რაკეტები მესამე ქვეყნების ტერიტორიაზეო“), არამედ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდისლავ სიკორსკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა „რუსული რაკეტები ჩამოაგდოს უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუკი ისინი მიუახლოვდებიან პოლონეთის საჰაერო სივრცეს“.
არადა ხშირად უახლოვდებიან რუსული რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეს, როდესაც დასავლეთ უკრაინას, მათ შორის ლვოვს უტევს მოსკოვი.
სიკორსკის ამ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა პოლონეთის (!) თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც თავისივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხა, რომ „მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე ამგვარ ნაბიჯს პოლონეთის არმია არ გადადგამს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
Bloomberg იტყობინება, რომ მიმდინარე კვირას ირანი დაიწყებს ბალისტიკური რაკეტების გადაცემას რუსეთისთვის - უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
ლაპარაკია როგორც „მცირე სიშორის“ (120 კმ წვდომადობის) რაკეტებზე „ფათხ 360“ ასევე რაკეტებზე „საჯილ“, რომლის შორსმწვდომობა 2 500 კილომეტრია.
რუსეთისთვის ირანული რაკეტები ორი სხვადასხვა მიზეზითაა მნიშვნელოვანი:
„ფათხ 360“ რაღაც პარამეტრებით რუსული „ისკანდერის“ (SS-26) გარკვეული ანალოგია, მაგრამ Iskander ბევრად უფრო მაღალტექნოლოგიური ნაკეთობაა, ძვირი ჯდება და ამიტომ, როგორც ჩანს, რუსულმა გენერალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ყოველთვის და ყველა სამიზნეზე არ ღირს ესოდენ ძვირი რაკეტის გამოყენება.
„ფათხ 360“ უფრო მეტად ჰგავს საბჭოთა-რუსულ „Точка-У“, თუმცა ეს რაკეტები მოსკოვს ცოტა დარჩა ახლა უკვე. ირანი კი „კონვეირული წესით“ უშვებს და უშვებს.
რაც შეეხება „საჯილ“-ს, იგი საშუალო სიშორის რაკეტების კლასს განეკუთვნება (500კმ-5000კმ), რომელიც აიკრძალა ისტორიული შეთანხმებით (1980-იან წლებში) სსრკ-სა და აშშ-ს შორის. იმ ხელშეკრულებას ეწოდებოდა „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“. (1987წ)
რუსეთი (პუტინი) მცირე ხნის წინ გავიდა ამ შეთანხმებიდან და განაახლა საშუალო სიშორის რაკეტების წარმოება, თუმცა ჯერ კონვეირზე ვერ დააყენა.
აქედან გამომდინარე, ირანული „საშუალო სიშორის“ რაკეტები მისთვის გამოსადეგია უკრაინული ქალაქების დასაბომბად და დასარბევად.
ბუნებრივია, ირანული რაკეტები Patriot-ის საზენიტო სისტემას „ლუკმად არ ეყოფა“, მაგრამ.....ბევრია, ბევრი!
მოსკოვი და მისი „გენშტაბი“ ცდილობენ რ ა ო დ ე ნ ო ბ ი თ დაჯაბნონ უკრაინა და მისი მოკავშირეები, რაკი ხარისხით ვერ სჯაბნიან.
რუსეთი იყენებს იმავე მიზნით ჩრდ.კორეულ რაკეტას KN-23.
ამრიგად, კლასიფიკაცია რომ დავაფიქსიროთ, არსებობს
ა) ბალისტიკური, საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასი
ბ) საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების კლასი და
გ) მცირე სიშორის რაკეტების კლასი - 500 კილომეტრამდე.
სწორედ „გ“ კლასის ძალიან ძლიერი იარაღია SS-26 Iskander, რომელიც რუსეთმა პირველად გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა ესროლა გორს დაღესტნიდან.
ათეულობით ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ნიდერლანდელი ოპერატორი.
ამერიკის პრეზიდენტი მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა ღიად გაფრთხილა ირანი, რომ თუ რუსეთს მიაწვდის ბალისტიკურ რაკეტებს, „ამერიკა მიიღებს საპასუხო ზომებს“.
ოღონდაც ამერიკულმა მეინსტრიმულმა მედიამ სულ მალე დაადგინა, რომ სალივანის განცხადებით იგულისხმებოდა არა ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის (ვაითუ მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი დაბომბონო) არამედ სანქციების შემოღება ირანული ავიაკომპანია Iran Air-ის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ორგანიზაცია Nuclear Threat Initiative კოსმოსური ფოტოგადაღების მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვოლოგოდას ოლქში, მოსკოვის ჩრდილოეთით (500კმ) მზადდება სარაკეტო დანადგარის პლაცდარმი.
პლაცდარმი კოლოსალურია ისევე, როგორც თვით რაკეტა:
ძალიან მაღალი ალბათობით, ესაა პუტინის „სიამაყე“ - რაკეტა Буревестник, რომელიც, თუ პუტინს დავუჯერებთ, ბირთვულ ძრავიანია.
ანუ მისი ძრავა მცირე ბირთვული რეაქტორია.
პირველი ამ კლასის რაკეტა გამოდის ისტორიაში!
შესაბამისად, Буревестник-ს უნდა შეეძლოს განუსაზღვრელი დროით იფრინოს დედამიწის გარშემო, მთელს პლანეტაზე და განსაზღვრულ მომენტში „დაეცეს“ სამზინეს.
ოღონდ ეს თეორიულად: Nuclear Threat Initiative ცნობით, მას შემდეგ, რაც პუტინმა დიდი სიამაყით განაცხადა ამ რაკეტის შექმნის შესახებ (2018წ) Буревестник-ის რამდენიმე გამოცდა ჩატარდა. ყველა წარუმატებელი იყო და რაც მთავარია, ერთ-ერთი გამოცდის შედეგად ექვსი თუ შვიდი ადამიანი დაიღუპა.
სასაცილო იქნებოდა ვინმეს ეთქვა, რომ აი „რუსეთს აქვს ტექნოლოგია ამგვარი რაკეტა აწარმოოს და ამერიკას კი არა აქვს საშუალება“.
სინამდვილეში მიზეზი ისაა, რომ ამერიკელები აცნობიერებენ უდიდეს რისკებს რაც „ატომურ ძრავიანი“ (!) აპარატის ფრენასთან არის დაკავშირებული - მას „მფრინავ ჩერნობილს“ უწოდებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო განცხადება გააკეთა ტაივანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლაი ცინდემ: თუ პეკინს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს მართლა“, მაშინ რატომ არ მოითხოვს რუსეთისგან იმ მიწების ჩინეთისთვის დაბრუნებას, რაც რუსეთის იმპერიამ ჩინეთს XIX საუკუნეში, აიგუნის ძალდატანებითი ხელშეკრულებით წაართვაო.
პრეზიდენტმა ცინდემ დაამატა: „ეს ფაქტი მეტყველებს, რომ ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას სინამდვილეში„ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა“ კი არ აღელვებს, არამედ წყნარი ოკეანის აუზში დომინირებაო“.
ისტორიული სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ 1858 წლის აიგუნის ხელშეკრულებით, რომელიც რუსეთის იმპერიასა და ცინთა იმპერიას შორის გაფორმდა სანკტ-პეტერბურგის მუქარის შედეგად, რუსეთმა მიიტაცა უზარმაზარი ტერიტორიები მდინარე ამურის ჩრდილოეთით, ხოლო 1860 წლის პეკინის ხელშეკრულებით - რუსეთს გადაეცა თელი დღევანდელი „პრიმორსკი კრაი“.
ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას არც მაო ძედუნის ეპოქაში, არც დენ სიაოპინის ეპოქაში, არც სი ძინპინის ეპოქაში „ამურის ჩრდილოეთით ჩინეთზე“ კრინტი არ დაუძრავს.
ამის მიუხედავად ტაივანის ლიდერის განცხადება მაინც ძალიან საინტერესოა თუნდაც „შიდაჩინურ დისკურსში“.
შეგახსენებთ, რომ ტაივანის ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის რესპუბლიკა“ და არა „ტაივანის რესპუბლიკა“.
„ნამდვილი ჩინეთი ჩვენ ვართო“ - ამ ნარატივით ტაივანს ჩინეთისგან დამოუკიდებლობა არასდროს გამოუცხადებია.
ამერიკას არასდროს უცნია ტაივანის დამოუკიდებლობა ჩინეთისგან, თუმცა მასთან ყველა სფეროში (მათ შორის სამხედრო სფეროშიც) თანამშრომლობს ისე, როგორც სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
. . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული „დაბალანსების“ ნიმუში: დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ისრაელისთვის 30 დასახელების იარაღის მიწოდება 350 სახეობიდან, რომლის ისრაელისთვის მიწოდების ლიცენზია ლონდონმა უკვე გასცა.
ანუ 30 – 350-დან.
ამით ლონდონი ცდილობს არაბული სამყაროს გული მოიგოს თუნდაც ნაწილობრივ.
დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი, ლეიბორისტული მთავრობა აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, თუმცა მოუწოდებს იერუსალიმს, გაითვალისწინოს ჰუმანიტარული მომენტები.
7 ოქტომბერს არაბული (პალესტინური) ექსტრემისტული დაჯგუფების „ჰამას“ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეებზე და მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის შედეგად 1200 ისრაელელი თუ ისრაელში ტურისტად ჩასული ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის საპასუხო ქმედების შედეგად კი - 40 000 ადამიანი დაიღუპა უკვე ღაზაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელდება „ომი“ ილონ მასკსა და ბრაზილიას შორის. როგორც ვწერდით, ბრაზილიის სასამართლომ დაბლოკა ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელი X, რომლითაც 40 მილიონი ადამიანი სარგებლობდა 200 მილიონიან ქვეყანაში (უფრო მეტი ვიდრე ამერიკაში) და იმავე ბრაზილიურმა სასამართლომ ჯარიმებზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა მხოლოდ X-ს, არამედ ილონ მასკისვე SpaceX-ს.
ესე იგი რეალურად Starlink-ის ნავიგატორის მომხმარებლებს, რამაც ილონი ისე გააბრაზა, ბრაზილიის სახელმწიფოს დაემუქრა: არ დაგავიწყდეთ, რომ სახელმწიფო ფინანსები ამერიკის იურისდიქციაში და ამერიკულ ბანკებში, ამერიკულ ფასიან ქაღალდებში გაქვთ განთავსებული და მივაღწევ იმას, ამერიკაში თქვენს აქტივებს ყადაღა დაედოსო. (როგორც პუტინის აქტივებს დაედო ყადაღა).
საინტერესოა, ამას ილონ მასკი როგორ მიაღწევს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, თუკი აქტიურად უჭერს მხარს ტრამპს?
ალბათ იმ არგუმენტით, რომ გენიალური ამერიკული ინდუსტრიების მხარდაჭერა (სოციალური ქსელიც, რაღაც აზრით, „ინდუსტრიაა“, მით უმეტეს Starlink) ამერიკაში „ორპარტიული“ ანუ „ზეპარტიული“ თემა უნდა იყოს.
ბრაზილიაში X-ის დაბლოკვის მიზეზი გახდა კონტენტის მოდერირებაზე უარი.
ოღონდ დუროვისა და Телеграм-ისგან განსხვავებით X-ისგან პოლიტიკური კონტენტის შეზღუდვას მოითხოვდნენ და არა ტრეფიკინგის, ნარკოდილერობის, პედოფილიის თუ ტერორიზმისა.