საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ნოემბერი. 2023 წელი

აშშ კონგრესის წარმომადგენლობითმა (ქვედა) პალატამ დაამტკიცა ფინანსური დახმარება ისრაელისთვის $14,3 მილიარდის ოდენობით. მაგრამ უარი თქვა გამოეყო უკრაინისთვის $61,4 მილიარდი, რასაც მოითხოვდა პრეზიდენტი ბაიდენი.

ეს ძალიან ცუდი და ანტიუკრაინული გადაწყვეტილებაა; იგი მეტყველებს, რომ დასავლეთში იგრძნობა `გადაღლა` უკრაინით და იმედგაცრუება უკრაინული კონტრშეტევის ნაკლები წარმატებულობის გამო.

ასევე დასტურდება, რომ ისრაელი ამერიკისთვის არის აბსოლუტურად შეუვალი, შეუდარებელი პრიორიტეტი.

კონგრესმენებისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაციას ძალიან კარგად ესმის: უკრაინა, სინამდვილეში, დასავლური ცივილიზაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ისრაელი და რომ დასავლეთის კატასტროფული ცივილიზაციური (!) მარცხი იქნება, თუ პუტინმა მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში.

სწორედ ამიტომ, ბაიდენი მოითხოვდა ამ დახმარებას `პაკეტში`: ერთდროულად უკრაინისთვის და ისრაელისთვის; სულ $105 მილიარდის ოდენობით.

`პაკეტის  გაყოფის` წინააღმდეგ (ანუ იმას, რომ დახმარება მხოლოდ ისრაელს მიეღო და არ მიეღო უკრაინას) ხმა მისცა 196-მა `დემოკრატმა`, თუმცა 225 `გაყოფის` მომხრე აღმოჩნდა. მათ შორის 12 `დემოკრატი`. ეს კი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.

ამრიგად, აშშ კონგრესმა ისრაელს გამოუყო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, უკრაინას კი - არა.

ამის შემდეგ კანონი უნდა წავიდეს სენატში. თუ სენატიც დაამტკიცებს მხოლოდ (!) ისრაელისთვის დახმარებას, მერე უკვე პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

აქ აღსანიშნავია, რომ კონგრესის ქვედა პალატაში კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჯო ბაიდენმა უპრეცედენტო, თანაც ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა: მან განაცხადა, რომ `დაავეტოვებს` (ვეტოს დაადებს) კანონს, თუ ეს კანონი `გაიყოფა` ანუ გაითვალისწინებს დახმარებას მხოლოდ ისრაელისთვის მაგრამ არა უკრაინისთვის.

ბუნებრივია, ასეთი `მიბმა` ისრაელს არ მოეწონებოდა. ისევე როგორც არ მოეწონებოდა ამერიკის ზემძლავრ ებრაულ ლობის, მაგრამ ბაიდენის ულტიმატუმმა დაადასტურა, რამდენად ღრმად აქვს შეგნებული აშშ პრეზიდენტს უკრაინის მნიშვნელობა.

უახლოეს დღეებში ნათელი გახდება, ნამდვილად დაავეტოვებს  თუ არა პრეზიდენტი ფინანსური დახმარების `გაყოფილ` პაკეტს.

თუმცა არ არის გამორიცხული კომპრომისიც: პრეზიდენტმა არ დადოს ვეტო კანონს ისრაელის დახმარების შესახებ იმ პირობით, თუ უახლოეს მომავალში კონგრესი ცალკე დაამტკიცებს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, თუნდაც ნაკლები ოდენობით.

ამის შესახებ ახლა ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის.

სხვათა შორის ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელია ის, რაც არ არის დამახასიათებელი ევროპული პარლამენტარიზმისთვის: კონგრესის ქვედა და ზედა პალატის სპიკერები ხშირად არიან ``ოვალურ კაბინეტში` და ეთათბირებიან პრეზიდენტს.

წარმოუდგენელია, მაგალითად,  საფრანგეთის `ეროვნული ასამბლეის` სპიკერი კვირაში ორჯერ პრეზიდენტის კაბინეტში იჯდეს.

ეს ამერიკული ტრადიცია უცვლელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპიკერები რესპუბლიკელები არიან, ხოლო პრეზიდენტი - დემოკრატია.

რაც ნამდვილად ადასტურებს აშშ პრეზიდენტის განსაკუთრებულ ინსტიტუციურ როლს სახელმწიფო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ პრეზიდენტს კონგრესის დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება არ გააჩნია კონსტიტუციით.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 ლიბანში მოქმედ ტერორისტული ორგანიზაცია `ჰესბოლლას` ლიდერმა შეიჰ ნასრალლამ  ულტიმატუმით მიმართა ისრაელს და პარასკევს 15 00 ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

ასევე მოითხოვა ისრაელის ჯარების გამოყვანა ღაზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში `მეორე ფრონტის` გახსნით იმუქრება.

ჯერ არავინ იცის, რამდენად `აღსრულებადია` ეს მუქარა, თუმცა ფაქტია, რომ ნასრალლა ულტიმატუმით გამოვიდა მას შემდეგ, რაც (ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით) მიიღო რუსული წარმოების საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. მათ შორის Панцирь.

ამერიკული დაზვერვის (CIA) ცნობით, საზენიტო სისტემები `ჰესბოლლას` გადასცა რუსულმა `ვაგნერმა`, რომელიც მოქმედებს სირიაში.

ახლა ნათელი ხდება, რატომ არ დაშალა პუტინმა `ვაგნერი` ბოლომდე: მისი ხელით ახორციელებს პროვოკაციებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.

საეჭვოა ამ საზენიტო სისტემებმა დიდად შეაფერხონ ისრაელის ავიაციის მოქმედება, თუმცა თავისთავად ფაქტი ნიშანდობლივია: კრემლი მოქმედებს თავისი `პროქსი` პარამილიტარისტული დაჯგუფებების მეშვეობით ზუსტად იმავე ტექნოლოგიით, როგორც ირანი: თეირანიც `პროქსი` დაჯგუფებებს, - `ჰესბოლლას` და იემენელ `ჰუსიტებს` ეყრდნობა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვლავ ეწვევა ახლო აღმოსავლეთს, რათა სცადოს სიტუაციას შერბილება მაინც. უპირველესად ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ისრაელის არმიამ ალყა შემოარტყა ქალაქ ღაზას, სადაც განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლებია მოსალოდნელი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

CIA-ს ცნობებით, რომელიც სამხრეთ კორეული და სხვა წყაროებიდან მომდინარეობს, ჩრდილო კორეამ რუსეთს გადასცა ათასი (!!!) ვაგონი საარტილერიო ჭურვები; ასევე მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები.

საოცარი ისტორიული ფაქტია, რომ მოსკოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამარაგებდა იარაღით ათასი ჯურის რეპრესიულ რეჟიმს მთელს მსოფლიოში, -  აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთში....ახლა მათგან იღებს იარაღს.

ეს იმას ნიშნავს, რომ `სახელგანთქმული` SS-26 Iskander (პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოუენებული 2008 წელს) და სხვა რაკეტები რუსეთს იმ რაოდენობით არ აქვს, რაც რეალურად სჭირდება.

და ეს იმის მიუხედავად, რომ ამჟამად რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ლამის სტალინისდროინდელ რეჟიმში მუშაობს: სამ ცვლად დღე-ღამის განმავლობაში.

რუსეთიც და ჩრდილო კორეაც კატეგორიულად უარყოფენ, რომ ფხენიანმა მოსკოვს იარაღი გაუგზავნა და სანაცვლოდ სურსათი მიიღო დამშეული მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ ეს გაეროს სანქციათა დარღვევაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუმცირა 450 მილიონი რუბლით (დაახლოებით $4 500 000), რაც სასჯელია იმის გამო, რომ სოხუმი არ იღებს მოსკოვისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს.

ამჯერად უკმაყოფილებას იწვევს არა ბინების (ქართველ ლტოლვილთა ბინების) თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის საკითხი, არამედ სატრანზიტო მოძრაობის აღდგენა აფხაზეთის გავლით.

2011 წელს საქართველომ და რუსეთმა, ამერიკის შუამავლობით გააფორმეს შეთანხმება (რუსეთის WTO-ში გაწევრებისას), რომ ამოქმედდებოდა სატრანსპორტო დერეფნები, რომლებსაც გააკონტროლებდა ნეიტრალური მხარე - შვეიცარიული კომპანია.

მაგრამ აფხაზი და ოსი სეპარატისტები მოითხოვენ, რომ საქართველომ ჯერ ცნოს მათი ე.წ. `დამოუკიდებლობა` და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან ტრანზიტს.

ხაზგასასმელია: იგულისხმება არა ყბადაღებული სარკინიგზო ტრანზიტი, არამედ საავტომობილო ტრანზიტი, რასაც ბევრი არაფერი ესაჭიროება: განსხვავებით რკინიგზისგან, საავტომობილო გზები მოქმედია.

არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა შესაბამისი შეთანხმება გაფორმდეს დეკემბერში, `ჟენევის მოლაპარაკებათა` მორიგი რაუნდის დროს; ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია `გაკრთა` აფხაზურ და ოსურ `ფაბლიკებში`, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. მაგრამ  სოხუმი და მოსკოვი კვლავინდებურად წინააღმდეგნი არიან - სანამ საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, არავითარი ტრანზიტი არ იქნებაო.

ბუნებრივია, სეპარატისტები დიდხანს ვერ შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვს, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიისა და სომხეთისკენ ახალი საავტომობილო კომუნიკაციები ჰქონდეს.  

შესაბამისად, კრემლი იწყებს დაფინანსების შეკვეცას. თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ: 3,6 მილიარდ რუბლს ანუ $36 მილიონს სეპარატისტები მაინც მიიღებენ მოსკოვისგან ხელფასების და პენსიების გასასტუმრებლად, ოღონდ.....ბოლო წლებში აფხაზმა სეპარატისტებმა ასეულ მილიონობით დოლარი `წამოიღეს` ენგურჰესიდან კრიპტოვალუტის მაინინგით. შესაბამისად, ენგურჰესში წყლის დონე იმდენად დაბალია, რომ აფხაზები იძულებულნი არიან ელექტროენერგია რუსეთისგან იყიდონ. მოსკოვი აწვდის ელექტროენერგიას, მაგრამ საფასურს იღებს სწორედ იმ ფინანსებიდან, რაც ხელფასების და პენსიების გასასტუმრებლად ურიცხავდა, ანუ ეს თანხა ($36 მლნ.) შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინს არასდროს ავიწყდება მისი მთავარი მტერი - ალექსეი ნავალნი, რომელსაც 20 წელი აქვს მისჯილი.....არაფრისთვის!

`ექსტრემიზმს` აბრალებდნენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ცნება (`ექსტრემიზმი`) პუტინის ინიციატივით გაჩნდა რუსულ სისხლის სამართლის კოდექსში.

არსებობდა ცნება  `ტერორიზმი`, თუმცა `ექსტრემიზმი` სულ სხვაა - ნებისმიერ ქმედებას შეიძლება მიუსადაგონ, რომელიც არ მოეწონებათ.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ კი პუტინი ბოლო დროს რიტუალურ აქციებს ახორციელებს: მის წერილებს რკინის თეფშზე წვავენ (!) კოლონიაში, სადაც ნავალნი იხდის სასჯელს.  

გამოჰყავთ პატიმრები და ამ რიტუალს აყურებინებენ.

პარანოია!