საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მარტი 2023 წელი
უმნიშვნელოვანესი პროცესი ღრმავდება ამერიკაში: იუსტიციის დეპარტამენტმა (სამინისტრომ) გაავრცელა განცხადება, რომ აშშ 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არა აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი იმ განცხადებებისთვის, რაც მან გააკეთა 2021 წლის 6 იანვარს, რამაც კონგრესის შენობაზე შტურმი გამოიწვია. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა უშუალოდ მიტინგში მონაწილეობა არ მიუღია.
ეს განცხადება აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა გააკეთა პასუხად ტრამპის ადვოკატთა მტკიცებისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ შეიძლება სისხლის სამართლებრივად აგებდეს პასუხს არჩევნების `გაყალბების` თაობაზე მისი იმდროინდელი განცხადებებისათვის იმის მიუხედავადაც კი, რომ მის განცხადებებს მოჰყვა კონგრესის შტურმი.
ამგვარი `გაცვლა` იუსტიციის დეპარტამენტსა და ტრამპის ადვოკატებს შორის უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ტრამპოის დაპატიმრების თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და თუ `რესპუბლიკურმა` პარტიამ დონალდ ტრამპი კვლავ დაასახელა აშშ პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკაში.....ერთი ძირძველი გამოთქმის არ იყოს. `ისეთი ამბავი დატრიალდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში`.
რაც საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდია: ამ გრანდიოზულ ქვეყანას ბევრი არაფრისთვის აღარ ეცლება გარდა სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების ეგზისტენციური ამოცანისა.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ასკაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი შეიჭრა ოკუპანტი-სახელმწიფოს ბრიანსკის ოლქში და იქ გაანადგურა რამდენიმე ოკუპანტი.
ეს პირველი შემთხვევაა, რომ უკრაინის შეიარაღებუილი ძალები ასეთი ფორმით ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს თვით რუსეთის ტერიტორიაზე.
პუტინმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინელთა ქმედება თურმე `ტერაქტი` ყოფილა.
რეალურად ეს არის გაფრთხილება, რომ თუ უკრაინის განადგურებას განაგრძობს რუსული სახელმწიფო, რუსეთის მოქალაქეები ვერ იცხოვრებენ მშვიდად - ისე, თითქოს არც არაფერი ხდება. ბრიანსკს კი არა, მოსკოვსაც მისწვდებიან უკრაინელები.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთ-უკრაინის ომს ახლა მთელს მსოფლიოში იკვლევენ და აანალიზებენ საუკეთესო სამხედრო სპეციალისტები.
არც არის გასაკვირი, რაკი ყველაზე მასშტაბური საომარი კონფლიქტია მსოფლიოში (და არა მხოლოდ ევროპაში) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ მხრივ ვერც ვიეტნამის ომი შეედრება და ვერც ინდოეთ-პაკისტანის ან ერაყ-ირანის ომი.
ერთ-ერთი დასკვნა, რაც უკვე ცხადია, ის არის, რომ საომარი მოქმედებების დროს რაკეტებით სტრატეგიული გარდატეხის მიღწევა გამორიცხულია: რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, ასევე სარკინიგზო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სახმელეთო და საჰაერო თუ საზღვაო ბაზირების საშუალო სიშორის რაკეტებით, მაგრამ სტრატეგიული `სარგო` აქვს ნული: ინფრასტრუქტურის აღდგენა ხდება უმოკლეს ვადებში.
თანაც 100 რაკეტიდან 80 რაკეტას უკრაინული საზენიტო სისტემები აგდებენ (დასავლეთმა შესანიშნავი საზენიტო დანადგარები მიაწოდათ) და კიდევ ათი მიზანს უბრალოდ ცდება.
ანუ, აღმოჩნდა, რომ ამ გზით, ესე იგი ინფრასტრუქტურის სარაკეტო დაბომბვებით სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწევ.
ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 2 მეთოდით:
ა) ბომბდამშენების მასიური გამოყენებით, ინფრასტრუქტურის `ნოხისებრი` დაბომბვით ანუ ბომბარდირებით და არა სარაკეტო დარტყმებით
ბ) რაკეტებზე ბირთვული საბრძოლო ნაწილის დაყენებით, რაც ატომურ ომს ნიშნავს.
რუსეთს ბომბდამშენების მეტი რა აქვს, მაგრამ უკრაინის ცა მტრის თვითმფრინავებისთვის უკვე საიმედოდ არის ჩაკეტილი საზენიტო სისტემებით და თუ 100 რაკეტიდან 80-ს აგდებენ, ასი ბომბდამშენიდან ასივეს ჩამოაგდებენ უკრაინელები.
პუტინმა და მისმა გენერალიტეტმა ეს იცის. ამიტომაც არ იყენებენ სტრატეგიულ ბომდამშენებს უშუალოდ უკრაინის ცაზე. რუსეთის სტრატეგიული ავიაცია (ТУ-160) კასპიის ზღვიდან (!) ესვრის უკრაინის ინფრასტრუქტურას რაკეტებს. ან ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან.
ეს რეალობა, რაც უკრაინის ომმა დაადასტურა, `გვამისამართებს` გასული საუკუნის დისკუსიასთან რაკეტების სამხედრო როლის შესახებ.
მაშინაც იყვნენ სპეციალისტები, ვინც ამბობდა, რომ რაკეტების როლი კონვენციურ ომში (!) გადაჭარბებულია და რომ ჰიტლერმა მისი `ფაუ-1` და `ფაუ-2` რაკეტებით ბევრს ვერაფერს მიაღწია ინგლისის წინააღმდეგ. მშვიდობიანი ლონდონელები გაამწარა მხოლოდ. როგორც ახლა პუტინი ამწარებს საბრალო მშვიდობიან კიეველებს და ხარკოველებს.’მაგრამ ეს მხოლოდ ზრდის პუტინისადმი სიძულვილს. სხვა არანაირი შედეგი არ მოაქვს.
ჰიტლერიც იყენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს `ფაუ-1` და `ფაუ-2` რაკეტებს ლონდონის დასაბომბად, თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწია.
ხოლო ინგლის-ამერიკის მასირებულმა ბომბარდირებამ გერმანია წელში გაწყვიტა!
. . . . . . . . . . . . . . .
აშშ ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ლარი სამერსმა, რომელიც ახლა ჰარვარდის პროფესორია და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა უკრაინის ომთან და ანტიპუტინურ სანქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ მოჰყვა ის ეფექტი, რასაც დასავლეთი მოელოდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ინდოეთი, ჩინეთი და...თურქეთი (!) ამ სანქციებს არ იცავენ.
საქმე ეხება არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობას, არამედ ყველა იმ პროდუქციის მიწოდებას რუსეთისთვის, რაც მას დააკლდა სანქციების გამო და ახლა ამ ქვეყნებიდან ეზიდება სხვადასხვა `ნაცრისფერი` სქემებით თუ ე.წ. `მეორადი იმპორტით`.
სამერსს საქართველო არ უხსენებია. არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, მაგრამ რაკი მან ასე გამოკვეთილად ახსენა თურქეთი, ეს იმას ნიშანვს, რომ სწორედ თურქეთია ევროპული ქვეყნებიდან აკრძალული ექსპორტის `გამტარი` რუსეთისკენ სხვადასხვა მარშრუტით.
მათ შორის საქართველოს კომუნიკაციათა მეშვეობით.
ისიც ნიშანდობლივია, რომ თურქეთი NATO-ს წევრია. თითქოსდა უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომ ამერიკამ და ამ უდიდესმა სამხედრო ალიანსმა აიძულოს ერდოღანი, დაიცვას ერთობლივი, კოლეგიური გადაწყვეტილება და იყოს სოლიდარული. მაგრამ პუტინის აგრესიამ ცხადყო, რომ სამწუხაროდ, ასეთი მექანიზმები ალიანსს არა აქვს.
უფრო ზუსტად აქვს, მაგრამ მაშინ თურქეთის წინააღდმეგ უნდა დააწესოს ძლიერი, არასიმბოლური სანქციები, ხოლო ეს სახიფათოა: ასე შეიძლება ალიანსმა საერთოდ დაკარგოს თურქეთი, დაკარგოს `ინჯირლიყის` სამხედრო ბაზა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახლო აღმსაოვლეთში ამერიკისა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესთა განხორციელებისათვის.
ერდოღანმა ეს იცის და ამით დიდოსტატურად სარგებლობს.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა კიდევ ერთი თავხედური ნაბიჯი გადადგა ამერიკისა და მთელი დასავლეთის შანტაჟისა და მუქარის გზაზე: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოცემაში გამოქვეყნდა რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების Ракетные войска стратегического назначения (РВСН) სარდლის მოადგილის, გენერალ იგორ ფაზლეტდინოვის სტატია, რომელშიც იგი იუწყება, რომ, თურმე, რუსულმა РВСН და თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს ახალი დოქტრინა, რომელიც ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წინმსწრებად განადგურებას ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოუენებით, რათა ამ სისტემებმა ვეღარ შეძლონ რუსული სტრატეგიული საკონტთაშორისი რაკეტების ჩამოგდება.
ასეთი თავხედური მუქარა საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა, როცა `ცივი ომი` მიმდინარეობდა.
თუმცა ის, რაც ხდება, რაღაც აზრით `მაშინდელ `ცივ ომზე` უარესიცაა.
რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას `სტრატეგიული იარაღის შემცირების` თაობაზე ხელშეკრულებაში.
ეს ხელშეკრულება გულისხმობდა, რომ ამერიკა და რუსეთი აღარ გაზრდიდნენ ატომური მუხტებისა და მათი მატარებლების (პირველ რიგში სტრატეგიული რაკეტების) რაოდენობას და იქნებოდნენ მზად შემოწმება/კონტროლისათვის.
. . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ავტორიტარი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო აგრძელებს გაიძვერობას და ერთდროულად რამდენიმე `დაფაზე` თამაშს, თუმცა მისი მთავარი `დაფა` მაინც რუსულია.
პუტინის დავალებით და პუტინთან შეთანხმებით, ლუკაშენკო ამჟამად ჩინეთში იმყოფება, სადაც უმაღლეს დონეზე მიიღეს: თვით ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა უკრაინასთან დაკავშირებით.
ამ ვიზიტს წინ უძღოდა აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება, ხომ არ მიაწვდის ჩინეთი იარაღს რუსეთს.
რუსული მარაგები იწურება და პუტინს ახლა ძალიან სჭირდება ჩინური იარაღი. საბრძოლო მასალები მათ შორის. ანუ ჭურვები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული (საბჭოთა) და ჩინური წარმოების იარაღი აბსოლუტურად თავსებადია ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან დაწყებული, ჩინეთის იარაღის საწყობები შესაძლოა ამოუწურავი მარაგი აღმოჩნდეს პუტინისთვის.
ბუნებრივია, ამერიკელებმა ამის შესახებ ბევრი რამ იციან, აკვირდებიან და ჩინეთს აფრთხილებენ.
თუმცა, ბოლომდე გულწრფელნი თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ თუკი აშშ და NATO ვერ ახერხებენ `მოარჯულონ` ალიანსის წევრი თურქეთიც კი და მისი თავგასული ლიდერი ერდოღანი, ჩინეთს როგორ მოუვლიან?
ალბათ იმ `სუსტ წერტილზე` დაჭერით, რაც აქვს ჩინეთს.
ესაა ტაივანი, რომელიც სი ძინპინს ჩინეთის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკა ტაივანს F-16 ავიაგამანადგურებლების მოდერნიზებულ რაკეტათა უდიდეს პარტიას მიაწვდის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლო ომი ჩინეთსა და ტაივანს შორის ძირითადად ზღვაზე და ჰაერში გაიმართება გასაგები მიზეზების გამო (ჩინეთს და ტაივანს სრუტე ჰყოფთ) ეს ძალიან დიდი დახმარებაა და `მესიჯი` პეკინს - არეაფერი შეეშალოს.
მოსკოვსა და მინსკში კი ცდილობენ ბელორუს-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა ისე `შეფუთონ`, ვითომდაც ჩინეთი იარაღს ბელორუსს აწვდის, რომელიც პირდაპირ თითქოს არ მონაწილეობს ამ ომში.
ლუკაშენკოს ეკონომიკური გათვლებიც აქვს რასაკვირველია, რადგან დასავლურმა სანქციებმა ბელორუსის ეკონომიკასაც დაარტყა. ოღონდ აქ მისი სირთულე ისაა, რომ რაც უფრო აქტიურად შემოდის ჩინეთი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში (ყაზახეთი იქნება ეს თუ ბელორუსი) მით უფრო ნერვიულობს პუტინი.
ეს ქვეყნები ხომ მას რუსეთის `უკანა ეზოდ` მიაჩნია.