საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მაისი. 2024 წელი

15 ივნისს (სავარაუდოდ) შვეიცარიაში გაიმართება „მშვიდობის გლობალური სამიტი“, რომელიც უკრაინის კრიზისს მიეძღვნება.

მსოფლიო დიპლომატია და პოლიტიკა გაფაციცებით ელის ამ სამიტს. ოღონდ ჯერ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა: რუსეთს მიიწვევენ ამ კონფერენციაზე? თუ არ მიიწვევენ ერთი პრობლემაა, თუ მიიწვევენ - მეორე პრობლემაა: ამით მოსკოვის და კრემლის „ლეგიტიმაცია“ ხდება.

ჩინეთს მიიწვევენ? ეს რუსეთის მიწვევაზე არანაკლებ რთული საკითხია.

გარდა ამისა, თემატიკაც განსასაზღვრია.

ჯერ ჯერობით ცნობილი ის არის, რომ მსჯელობას დაედება საფუძვლად ე.წ. „ზელენსკის მშვიდობის ფორმულა“

ეს ფორმულა (პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელი) ცნობილია უკვე წელიწადზე მეტია და გულისხმობს შემდეგს:

 

ა) უკრაინის რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება. პირდაპირი მინიშნებაა ნატიფი დიპლომატიური ქარაგმით 1994 წლის  „ბუდაპეშტის“ მემორანდუმზე, რომელიც დასავლეთმა დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება: ბირთვული იარაღი გადასცა რუსეთს და სტრატეგიული რაკეტებიც გადასცა მოსკოვს.  

 

ბ) სასურსათო უსაფრთხოება, ანუ რუსეთის ყოველგვარი ბლოკადის მოხსნა შავ ზღვაზე; თუმცა ეს მოთხოვნა ნაკლებ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა ან/და სხვადასხვა სოროში შერეკა. - ოჩამჩირის ჩათვლით

 

გ) ენერგეტიკული უსაფრთხოება. აქ რასაკვირველია იგულისხმება უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება და მათი (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) ურანით მომარაგება, რაკი უკრაინის  ატომური ენერგეტიკა ადრე თითქმის მთლიანად მოსკოვზე იყო მიბმული, არადა უკრაინული ენერგეტიკის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს

 

დ) ყველა ტყვეს გათავისუფლება პრინციპით ყველა-ყველაზე. უკრაინელი ბავშვების დაბრუნება უკრაინაში. არამზადა რამზან კადიროვის ბანდამ რომ გაიტაცა.

 

ე) გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში

 

ვ) რუსეთის ჯარების გაყვანა. მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს პუნქტი პირდაპირ არ არის „დაპარალელებული“ „ე“ პუნქტთან ანუ გულისხმობს ეტაპობრიობას

 

ზ) სამართლიანობის აღდგენა ანუ იმათი დასჯა, ვინც ჩაიდინა დანაშაულობანი კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ (იგულისხმება ბუჩა)

 

თ) ეკოციდის დაუშვებლობა

 

ი) ახალი ესკალაციის დაუშვებლობა (ანუ ომის განახლების დაუშვებლობა ესე იგი  რაღაც ფორმით სამშვიდობო გარანტიები)

 

კ) ომის დამთავრების ფიქსაცია - ეს ძალიან ღრმა პუნქტია, რომელიც გულისხმობს უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის  საერთაშორისო გარანტიათა შექმნას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთში უდიდესი ინტერესი გამოიწვია (ათეულობით მილიონი „ნახვა“ აქვს უკვე) აწ განსვენებული ალექსეი ნავალნის გუნდის სამსერიანმა დოკუმენტურმა ფილმმა (ჟურნალისტურმა გამოძიებამ) „Предатели“ ანუ მოღალატეები.

არის YouTube -ზე.

ფილმი ეძღვნება 1990-იან წლებში, რუსეთში ე.წ. „პრივატიზაციას“ და ბორის ელცინის ხელისუფლების კორუმპირებულობას.

ავტორები რეზონულად ამტკიცებენ, რომ ისეთ კორუმპირებულ ტიპს, როგორიც ელცინი იყო, თავის შემდეგ ხელისუფლებაში შეეძლო დაეტოვებინა მხოლოდ (!) იმგვარი ტიპი, როგორიც პუტინია რაკი მხოლოდ მას, მისი „ჩეკისტურ-გბშნიკური გამოცდილებით“ შეეძლო ელცინისა და მისი „ოჯახის“ ხელშეუხებლობის გარანტირება. ასევე მათი მილიარდებისა.

რუსმა ოლიგარქებმა (პოტანინმა, ბერეზოვსკიმ, ხოდორკოვსკიმ, აბრამოვიჩმა, კოხმა, სმოლენსკიმ, გუსინსკიმ  და ა.შ) „შექმნეს“ ელცინი, მოაგებინეს მას 1996 წლის საბედისწერო არჩევნები და სანაცვლოდ ხელში ჩაიგდეს უდიდესი, მრავალმილიარდიანი ქონება Залоговый аукцион-ების მეშვეობით. ასევე თაღლითური „ვაუჩერული პრივატიზაციით“  რომლის რაღაც მსგავსი საქართველოშიც ჩატარდა 1992 წელს.

ე.წ. „რეფორმატორთა გუნდის“ ლიდერი, ანატოლი ჩუბაისი, რომელიც 1990-იანი წლების ცენტრალური ფიგურა იყო, უკრაინის ომის დაწყებისთანავე ისრაელში გაიქცა და იქ......კომიკურია.....„რუსეთის მომავლის კვლევათა ცენტრი“ შექმნა.

გაიქცა არა იმიტომ, რომ პუტინი რამეს ერჩოდა სინამდვილეში (ბოლო დრომდე საკმაოდ მსუყე და გემრიელი პოზიციები თუ თანამდებობები ჰქონდა მის გარემოცვაში) არამედ შეეშინდა: პუტინი ამ ომს წააგებს და კრემლის ქონგურზე ჩამომკიდებს გაცოფებული რუსული ბრბოო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, ბრიტანული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

სენსაციური განცხადებაა.

მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ATACMS შორსმწვდომ რაკეტებს აწვდის იმ დათქმით, იმ ურყევი პირობით, რომ უკრაინა მათ არ გამოიყენებს მოსკოვზე, პეტერბურგზე და სხვა რუსულ რეგიონებზე დარტყმებისთვის.

ყირიმი და დონბასი - სხვა საქმეა.

ხოლო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დღემდე უარს ამბობს მიაწოდოს უკრაინას TAURUS რაკეტები იმის შიშით, რომ უკრაინის არმია მათ არათუ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, არამედ ყირიმში გამოიყენებს.

მაგალითად ყირიმის ხიდის დასანგრევად.

ამ დროს კი,  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაქტობრივად „მწვანე შუქს“ უნთებს უკრაინას დაბომბოს რუსეთი ბრიტანული რაკეტებით Storm Shadow.

დღემდე არც ერთხელ უკრაინელებს ეს არ გაუკეთებიათ: კურსკს, ბელგოროდს, როსტოვს და თვით მოსკოვს ისინი ბომბავდნენ მხოლოდ უკრაინული წარმოების დრონებით და რაკეტებით.

კემერონის განცხადება, გადაჭარბების გარეშე ახალი ეტაპის დასაწყისია. ამიტომაც გამოიწვია უბრალოდ ცოფიანი რეაქცია მოსკოვში: რუსული „საგარეოს“ სფოუქსპერსონი, მარია ზახაროვა გამოვარდა და ბრიტანეთს დაემუქრა: ფრთხილად იყავით, თორემ „ალ ყაიდა“ დაარტყამს ბრიტანეთსო.

ანუ, ფაქტობრივად, ღიად  დაემუქრა, რომ რუსეთი მისცემს ამ ტერორისტულ ორგანიზაციას იარაღს, რათა ბრიტანეთში ტერაქტები მოაწყონ!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსული არმია აგრძელებს ტაქტიკური წარმატების განვითარებას დონბასზე: უტევს ჩასოვ იარს, რომელიც უკრაინელთა თავდაცვითი ზღუდის ერთ-ერთი საყრდენია ჯერ კიდევ 2014 წლიდან.

ამ პუნქტის აღება რუსების დიდი წარმატება იქნება, რაკი გზა გაეხსნებათ მსხვილი დასახლებული პუნქტებისკენ: Константиновка, Славянск და Краматорск.

და ეს ყოველივე არის ტრაგიკული შედეგი იმისა, რომ აშშ კონგრესი 6 თვის განმავლობაში „აჯანჯლებდა“ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ანუ იარაღის გადაცემას.

შედეგად, რუსეთმა მოიპოვა სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე.

ეს იგივეა, ორი მაღალი კლასის რაგბის გუნდი რომ თამაშობს; ერთი შეცდომას დაუშვებს და მოწინააღმდეგე „ტემპს“, ასევე სივრცეს მოიგებს. შემდეგ უკვე ამ „სტრატეგიული უპირატესობის“ შებრუნება ძალიან ძნელია.

ცუდი ამბავია რასაკვირველია

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტია: რუსეთმა მხოლოდ ახლა, რამდენიმე დღის წინ, დაუშვა საკუთარ ტერიტორიაზე სრულად ჩინური აპლიკაცია TikTok.

მანამდე შეზღუდულად მოქმედებდა.

მიზეზი იოლი გასაგებია: ეს ზე-პოპულარული კომუნიკატორი შეიძლებოდა ოპოზიციას გამოეყენებინა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ

ოღონდ ამგვარი  მოცემულობა რუსეთის „უფროსი ძმის“, ჩინეთისთვის მიუღებელი იყო და არაოფიციალურ, ასევე დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებისას, ჩინელი „უფროსი ძმები“ მკაცრად საყვედურობდნენ რუს „უმცროს ძმებს“: თქვენ თუ ჩვენი ძმები ხართ და მოკავშირეები, ამდენს გეხმარებით სანქციების გადალახვაში, რატომ იქცევით ზუსტად ისე, როგორც იქცევიან TikTok-ის მიმართ ამერიკაში, ევროკავშირში და ა.შ.

USA და EU ამ კომუნიკატორის აკრძალვას აპირებენ, რაკი მეტისმეტად პროვოკაციულია ხშირად მისი კონტენტი.

ზუსტად ამავე მიზეზით არ აწყობდა ამ აპლიკაციის არსებობა რუსეთის ხელისუფლებასაც, თუმცა საბოლოოდ „უფროსი ძმის“ მოთხოვნას დაჰყვა.

ბუნებრივია პეკინს სჭირდება რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი: TikTok ვითომ დამოუკიდებელია, თუმცა სინამდვილეში, ჩინეთის რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, სრულად ექვემდებარება ჩინური სპეცსამსახურების კონტროლს და „მიზანმიმართულებაც“ ზოგჯერ იოლად შესამჩნევია.

არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი ქვეყნის რეჟიმი არ იტყვის უარს ამგვარ„ ბერკეტზე“ თუნდაც „მოყმე“ ქვეყანაში.

ხოლო რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა, მით უმეტეს დღეს, ანტიუკრაინული აგრესიისა და ჩინეთზე რუსეთის ტოტალური დამოკიდებულების ფონზე....„პატრონყმური ხასიათისაა“ და არა „დედმამიშვილური“.

სხვათა შორის ყაზახეთმაც დაიწყო მოძრაობები TikTok-ის ასაკრძალად და პეკინისგან მრისხანე ღრენა მიიღო პასუხად.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს ევგენი პრიგოჟინის დანატოვარი პროვოკაციების განვითარებას აფრიკაში: რუსული ჯარები ნიგერში (არ აგვერიოს ნიგერიაში) განლაგდნენ ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად. პირდაპირ მის მეზობლადაც კი. ლამის ამ ბაზაზევე.

პენტაგონმა გააფრთხილა რუსეთი, რომ პროვოკაციებს არ დაუშვებს, თუმცა დაადასტურა, რომ  აპირებს ნიგერიდან ჯარები საერთოდ გაიყვანოს, რაკი ამერიკელი სამხედროების იქ ყოფნა სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული მაშინ, როცა ხელისუფლება არალოიალურია აშშ მიმართ.

ნიგერის ხელისუფლება კი ნამდვილად უფრო რუსეთისკენ იხრება

აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ დასტურდება უარესზე-უარესი პროგნოზი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის „ისე და იმგვარად“ წასვლის შემდეგ: ვაშინგტონი უდიდესი სიფრთხილით მოეკიდება ამიერიდან ნებისმიერ ქვეყანაში „სამხედრო ყოფნის“ ინსტალაციას, რათა ისევე ცუდად არ დამთავრდეს, როგორც ავღანეთში დასრულდა.